თარიღი: 21 აგვისტო, 2017
ციტომეგალოვირუსული ინფექცია საშვილოსნოსშიდა ინფექციების ყველაზე გავრცელებული გამომწვევია და შეადგენს დაახლოებით 0,2-2,2 % ყოველ ცოცხლადშობილზე .
არსებობს ციტომეგალოვირუსული ინფექციის ორი განსხვავებული ტიპი: პირველადი ციტომეგალოვირუსული ინფექცია და რეკურენტული ანუ შებრუნებითი CMV.
ცნობილია, რომ 40 წ-მდე ასაკის მოზრდილი ადამიანების 50% ინფიცირებულია ციტომეგალოვირუსული ინფექციით.
აღნიშნული ვირუსით ადამიანი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დაინფიცირდეს. შემთხვევათა უმეტესობაში ესაა ე.წ. „ჩუმი“ ინფექცია, რის გამოც ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობა, რომლებიც დაბადების შემდეგ ინფიცირდებიან ციტომეგალოვირუსით ვერც კი ამჩნევენ აღნიშნული ინფექციის არსებობას, მაშინ როცა, მათ ნაწილს ინფიცირებიდან 3-12 კვირის განმავლობაში გამოუვლინდება ინფექციური მონონუკლეოზის მაგვარი სიმპტომები , როგორიცაა პერსისტული ცხელება, მიალგია, ცერვიკალური ლიმფადენოპათია, შედარებით იშვიათად კი - პნევმონია და ჰეპატიტი. პირველადი ინფიცირების შემდეგ, რაც განისაზღვრება, როგორც ციტომეგალოვირუსით დაინფიცირება პირველადად სერონეგატიური პირისა, ვირუსი გადადის მთვლემარე მდგომარეობაში , დგება ლატენტური ფაზა, შესაბამისი პირობების დადგომისთანავე კი ვირუსს შესაძლებლობა აქვს განიცადოს რეაქტივაცია, რაც ცნობილია მეორადი ანუ რეკურენტული ინფექციის სახელით. მეორადი ინფექცია შესაძლოა იყოს შედეგი როგორც ორგანიზმში მანამდე არსებული ენდოგენური ინფექციის გააქტივებისა, ასევე ეგზოგენური ინფექციით ხელახლა დასნებოვნებისა, რასაც ძირითადად იმუნიტეტის ცვალებადობა იწვევს ხოლმე. განსხვავების აღმოჩენა მეორადი ინფექციის ამ ორ სახეს შორის არ არის შესაძლებელი გამოკვლევის სეროლოგიური მეთოდის გამოყენებით, თუმცა მოლეკულური ანალიზით საშუალებს გვაქვს გამოვყოთ იგი. გამოკვლევებით დადგენილია, რომ სეროპოზიტიურია ორსულთა 1-4% და ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე რეგიონებში, ასევე ცუდი პერსონალური ჰიგიენის მქონე ქალებში.
ციტომეგალოვირუსის გადაცემის გზებია:
- კონტაქტური - კოცნა, სქესობრივი კონტაქტი, ნერწყვი, შარდი, სისხლი, ცრემლი, დედის რძე, სისხლის ტრანსფუზია ან ორგანოს ტრანსპლანტაცია და
- ვერტიკალური ტრანსმისია ინფიცირებული ორსულიდან ნაყოფზე.
თანდაყოლილი ინფექცია ციტომეგალოვირუსის ტრანსპლაცენტური გზით გავრცელების შეგედია. ტრანსმისიას ნაყოფზე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დედის როგორც პირველადად, ასევე მეორადად დაინფიცირების შედეგად. ორსულობის დროს ქალის პირველადად დაინფიცირების შემთხვევაში ინფექციის საშვილოსნოს შიდა გავრცელების ალბათობა 30-40 %-ია. მეორადი ინფექციის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1 %-ს შეადგენს. თანდაყოლილი ინფექციის მქონე ახალშობილების 10-15 %-ს დაბადებისთანავე უვლინდებათ სხვადასხვა სახის სიმპტომები, როგორიცაა საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება, მიკროცეფალია, ჰეპატოსპლენომეგალია, პეტექიები, სიყვითლე, ქორიორეტინიტი, თრომბოციტოპენია, ანემია . შემთხვევათა 20-30 %-ში კი დგება სიკვდილი, რაც ძირითადად გამოწვეულია დისემინირებული სისხლაძარღვთაშიდა შედედების სინდრომის (DVS) , ღვიძლის დისფუნქციის ან ბაქერიული სუპერინფექციის განვითარებით. თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექციის მქონე ახალშობილთა უმეტესობას ( 85-90%-ს) დაბადებისას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, მაგრამ ამ შემთხვევათა 5-15 %-ში, მოგვიანებით შესაძლოა განვითარდეს სენსორო-ნევრალური სმენის დაკარგვა, ჩამორჩენა ფსიქომოტორულ განვითარებაში და მხედველობის დაქვეითება.
პრენატალური დიაგნოსტიკა:
პირველი საფეხური პრენატალურ დიაგნოსტიკაში სეროლოგიური ტესტირების მეთოდის გამოყენებაა, რითაც მოხდება განსხვავება დედის ციტომეგალოვირუსული ინფექცია პირველადია თუ მეორადი.
ქალში, რომელსაც დაუდასტურდა ციტომეგალოვირუსული ინფექცია, მეორე საფეხურს წარმოადგენს ნაყოფის ინფიცირების იდენტიფიკაცია, როგორც არაინვაზიური (ულტრაბგერითი გამოკვლევა), ასევე ინვაზიური მეთოდებით (ამნიოცენტეზი).
დედისმიერი ინფექციის დიაგნოსტიკა:
ორგანიზმში მოხვედრისას ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგოდ წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც სისხლში მთელი სიცოცხლის მანძილზე რჩება. სისხლის მარტივ ანალიზს შეუძლია გამოავლინოს აღნიშნული ანტისხეულები. მიკრობით ინფიცირების გამოვლენის სხვა მეთოდებია: შარდის კულტივირება, მასალის მორფოლოგიური შესწავლა და ა.შ.
პირველადი ციტომეგალოვირუსული ინფექციის დიაგნოზი ისმევა მაშინ, როცა სეროპოზიტიურობა ვლინდება და ორსულის სისხლის შრატში აღმოჩნდება ვირუს-სპეციფიკური IgG-ს მაღალი დონე, იმ შემთხვევაში, თუ თავდაპირველი გამოკვლევების მიხედვით ეს ადამიანი იყო სერონეგატიური.
როდესაც ორსულის იმუნური სტატუსი უცნობია, პირველადი ციტომეგალოვირუსული ინფექციის აღმოჩენა შესაძლოა დაფუძნებული იყოს სპეციფიკური IgM კლასის ანტისხეულების აღმოჩენაზე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ IgM შესაძლოა აღმოჩნდეს რეკურენტული ინფექციის შემთხვევაშიც 10%-ში და პირველადი ინფექციის შემთხვევაში მისი მაღალი დონე შესაძლოა თვეების განმავლობაში შენარჩუნდეს. ამრიგად სისხლის შრატში მხოლოდ IgM-ის დონის განსაზღვრით ვერ დავსვამთ სწორ დიაგნოზს-ესაა პირველადი თუ რეკურენტული ინფექცია.
დიაგნოსტიკა დაფუძნებულია ვირუს-სპეციფიკური IgG კლასის ანტისხეულების აღმოჩენაზე. პირველადად ინფიცირების პირველი თვეების განმავლობაში IgG მცირე რაოდენობით წარმოიქმნება, მაშინ, როცა შემდგომში , პროცესის მიმდინარეობის დასრულებისას, IgG კლასის ანტისხეულების დონე შესამჩნევად იზრდება და მათი უმაღლესი მაჩვენებელი ფიქსირდება. სისხლის შრატში IgG კლასის ანტისხეულების მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც გვაქვს წარსულში გადატანილი ან რეკურენტული ციტომეგალოვირუსული ინფექცია.
ქალი, რომელსაც ორსულობამდე აღმოაჩნდება სპეციფიკური IgG კლასის ანტისხეულები IgM კლასის ანტისხეულების გარეშე და IgG კლასის ანტისხეულების ტიტრის სიგნიფიკანტური რაოდენობა გამოხატული სპეციფიკური IgM კლასის ანტისხეულებით ან მათ გარეშე, და მაღალი IgG-ს მაჩვენებელი, შესაძლოა იყოს კლასიფიცირებული როგორც რეკურენტული ინფექცია.
ნაყოფის ინფიცირების დიაგნოსტიკა:
დედის როგორც პირველადი, ასევე მეორადი ინფექციის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ნაყოფის ინფიცირების დადგენა. აღნიშნული შესაძლებელია ულტრასონოგრაფიული კვლევებით, რითაც დგინდება სონოგრაფიული ცვლილებები გამოწვეული ციტომეგალოვირუსული ინფექციით: ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა, ცერებრალური ვენტრიკულომეგალია, ასციტი, ინტრაკრანიალური კალციფიკატები, სანაყოფე სითხის ცვლილებები ( ჩვეულებრივ, ოლიგოჰიდრამნიონი), მიკროცეფალია, ჰიპერექოგენური ნაწლავები, სითხე პლევრის ღრუში, ღვიძლის კალციფიკატები.
მაღალი სენსიტიურობისა და სპეციფიკურობის გამო ციტომეგალოვირუსის გამოყოფა ამნიონური სითხიდან ითვლება ციტომეგალოვირუსული ინფექციის პრენატალური დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად. რომ მივიღოთ უმაღლესი სენსიტიურობა ამნიოცენტეზი უნდა ჩავატაროთ დედის პირველადი ინფიცირებიდან 7 კვირის შემდეგ და გესტაციის 21 კვირის შემდეგ , იმიტომ, რომ ვირუსის აღმოჩენა ამნიონურ სითხეში ვერ მოხდება ნაყოფის ინფიცირებიდან 5-7 კვირის განმავლობაში, მანამ სანამ არ მოხდება ვირუსის რეპლიკაცია თირკმელში. ეს ვადები გასათვალისწინებელია, რომ არ მივიღოთ ცრუ-უარყოფითი შედეგი.
ნაყოფის ციტომეგალოვირუსული ინფექციის დიაგნოზი დაფუძნებულია ამნიონური სითხის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით გამოკვლევაზე.
ახალშობილის დაბადების შემდეგ კი ინფიცირების ტესტირება შესაძლებელია მისი ნერწყვის, შარდის ან სისხლის გამოკვლევის გზით.
პრევენცია:
ორსულმა ქალმა უნდა გაიაროს საფეხურების მთელი წყება, რომ აღმოფხვრაას რისკი ციტომეგალოვირუსით ინფიცირებისა როგორც თავად, ასევე შეამციროს რისკი მისი ნაყოფის ინფიცირების ალბათობაც.
ქვემოთ მოცემულია მატივი საფეხურები, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან ცმვ-ით დაინფიცირება:
დაიბანეთ ხელები ხშირად საპნით და წყლით 15-20 წმ-ის განმავლობაში განსაკუთრებით:
- ბავშვისთვის საფენის გამოცვლის შემდეგ
- ბავშვის კვების შემდეგ
- ბავშვისთვის ცხვირის მოწმენდის შემდეგ
- ბავშვის სათამაშოებთან შეხებისას
არ ჭამოთ საკვები, არ დალიოთ სასმელი, რომელსაც მოიხმარდა პატარა ბავშვი
არ ჩაიდოთ ბავშვის საწოვარა პირში
არ მოიხმაროთ ბავშვის ღრუბელი
აარიდეთ ნერწყვით კონტაქტი ბავშვის კოცნისას
გაასუფთავეთ სათამაშოები და სხვა ზედაპირები, რომელზეც ხვდება ბავშვის ნერწყვი და შარდი.
ყურადღება გამახვილებულია იმის გამო, რომ კვლევებით დადგენილია, ორსულებში ცმვ ინფექციის გამომწვევი ძირითადი მექანიზმი სწორედ ბავშვის ნერწყვთან და შარდთან კონტაქტია!!
ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით გამოყოფილია ცმვ-ით ინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფები.
ესენია:
ბაღებში და სხვა საბავშვო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი
ნაყოფი საშვილოსნოსში
ადამიანები იმუნოსუპრესიულ მდგომარეობაში მაგ: ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდგომ და აივ-ინფიცირებულები
სკრინინგი:
რუტინული სკრინიგი ორსულებში არ არის მოწოდებული. სკრინინგი თუ ჩატარდება, უმჯობესია ჩატარდეს დაორსულებამდე ან ორსულობის ადრეულ ვადებზევე. მაგრამ თუ ქალს სკრინინგით შესაძლებლობა აქვს მაგ: წითურის ან ვარიცელა ზოსტერის აღმოჩენის შემთხვევაში ჩაიტაროს პროფილაქტიკური ვაქცინაცია, მას ციტომეგალოვირუსის შემთხვევაში ეს შესაძლებლობა არ აქვს. რადგან არ არსებობს ეფექტური პრენატალური მკურნალობა და არც ვაქცინაა შექმნილი.
P.S. იყავით მეტად ინფორმირებული! დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა!
სტატიის ავტორები:
თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი
რეზიდენტი: მარიამ ანდღულაძე