Plasmon
რატომ არის აუცილებელი ბავშვებისთვის D ვიტამინის დღიური დოზის მიცემა

თარიღი: 27 ოქტომბერი, 2023

ბავშვებისთვის D ვიტამინის დღიური დოზის მიცემის თემაზე #პინეოს პედიატრი მაკა ჭიღლაძე გვესაუბრება.

 

ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე ჯანმრთელობა და სხეულის გამართული ფუნქციონირება უპირველესი პრიორიტეტია. ჯანმრთელობა ზოგადად კომპლექსური ცნებაა, რომლის შენარჩუნებასაც ასევე კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ამ მიდგომებს შორის უმნიშვნელოვანესია ადამიანის კვებითი ჩვევები და ცხოვრების სტილი.

 

ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებით საყურადღებოა ორი ეტაპი, ადრეული და მოხუცებულობის ასაკი.

 

ბავშვის ადრეული წლები და სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი მომავალი ცხოვრების ხარისხს. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია დიდი ყურადღება მივაქციოთ ბავშვის ჩამოყალიბების პროცესს.

 

ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია ბავშვმა მიიღოს ყველა საჭირო და აუცილებელი მიკრო და მაკრო ნუტრიენტი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კი სწორედ ვიტამინებისა და მინერალების მიწოდებაა.

 

ამ ბლოგში მოგიყვებით რა არის D ვიტამინი და რატომ არის იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინი ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის.

 

D ვიტამინი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი და მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. იგი უზრუნველყოფს კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფატის ეფექტურ შეწოვას და მონაწილეობს მრავალ ბიოლოგიურ პროცესში.

 

 ვიტამინი D3 და ვიტამინი D2 ძირითადად სინთეზირდება კანის ქვედა ფენებში ეპიდერმისის ქიმიური რეაქციის შედეგად, რომელიც დამოკიდებულია მზის ზემოქმედებაზე. D ვიტამინის მიღება ასევე შესაძლებელია საკვებიდანაც (ზღვის თევზი, ზღვის კომბოსტო, რძის პროდუქტები, თევზის ქონი, სარდინები, ქაშაყი, ორაგული, თინუსი), თუმცა არც ისე ბევრი სახეობის საკვები შეიცავს ამ ჯგუფის ვიტამინს.

 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი იღებს საკმარის D ვიტამინს მხოლოდ რძის დალევით, თქვენ ალბათ ცდებით

2014 წლის ოქტომბერში, პედიატრიის ამერიკულმა აკადემიამ წარმოადგინა დასკვნა, რომლის თანახმად, ძვალ-სახსროვანი სისტემის გაძლიერებისთვის, 12 თვემდე ჩვილებს სჭირდებათ 400 საერთაშორისო ერთეული (IU) დღეში, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში 600 IU დღეში.

 

ხშირად პროდუქტებში კომპლექსურად გვხვდება D ვიტამინი და კალციუმი. ბავშვობისა და თინეიჯერობის ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმის საკმარისი რაოდენობის მიწოდება. კალციუმი საჭიროა ჩვენი გულის, კუნთების და ნერვების ნორმალური ფუნქციონირებისათვის და სისხლის შედედებისთვის.

 

არასაკმარისი კალციუმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რაქიტისა და ოსტეოპოროზის განვითარებას. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ კალციუმის დაბალი დონე მთელი ცხოვრების განმავლობაში უკავშირდება ძვლის მასის დაბალ და მოტეხილობის მაღალ მაჩვენებლებს. სხეულს სჭირდება ვიტამინი D კალციუმის ათვისებისთვის.

 

საკმარისი D ვიტამინის გარეშე არ შეიძლება ჩამოყალიბდეს საკმარისი რაოდენობით ჰორმონი კალციტრიოლი, რაც თავის მხრივ იწვევს კალციუმის არასაკმარის შეწოვას.

 

ვიტამინი D მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძლიერი ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებისთვის და შენარჩუნებისთვის. ის ასევე ხელს უწყობს ნერვული სისტემის ჯანმრთელობას, აძლიერებს ინფექციებისგან თავდაცვას და ასევე შეუძლია გააუმჯობესოს ფილტვისა და გულის ჯანმრთელობა. თუმცა მაინც D ვიტამინის ყველაზე დიდი დამსახურება ძვლების გამაგრება და რაქიტის პროფილაქტიკაა.

 

კვლევებმა აჩვენა, რომ სანამ თქვენი ბავშვი იღებს საკმარის D ვიტამინს, იგი დაცულია სხვადასხვა დაავადებებისა და ვირუსებისგან - ექიმი, პედიატრი მაკა ჭიღლაძე.

 

წყარო: პინეო სამედიცინო ეკოსისტემა