თარიღი: 05 აპრილი, 2020
რა არის დეპრესია, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მკურნალობა.
რა სიმპტომებით ვლინდება დეპრესია? როგორია მკურნალობა და რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი-ნევროლოგი მარი ხელაძე.
– რა არის დეპრესია? რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მკურნალობა?
დეპრესია არის ფსიქიკურ დაავადებებს შორის ნომერ პირველ ადგილზე მყოფი დაავადება. დეპრესია ლათინური სიტყვაა „deprimo“ და ნიშნავს დათრგუნულს. მისთვის დამახასიათებელია გუნება-განწყობის დაქვეითება, სიამოვნების განცდის დაკარგვა, თვითშეფასების დაქვეითება. ეს გახლავთ საკმაოდ საშიში მდგომარეობა იმ მხრივ, რომ ადამიანი შეიძლება თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს. არსებობს ეგზოგენური და ენდოგენური დეპრესია. ეგზოგენური დეპრესია გამოწვეულია გარეგანი ზემოქმედებით, როდესაც მუდმივი სტრესული ფაქტორი მოქმედებს ადამიანზე და იწვევს დეპრესიას. ენდოგენური დეპრესიის გამომწვევი ზუსტი მიზეზის პოვნა შეუძლებელია, ის დამოკიდებულია ბიოლოგიურ ფაქტორებზე. სიმძიმის მიხედვით დეპრესია შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის.
დეპრესიის მკურნალობაში მნიშვნელოვანია მედიკამენტოზური მკურნალობა და ფსიქოსოციალური თერაპია. მსუბუქი დეპრესიის დროს სასურველია ფსიქოთერაპიული დახმარება. საშუალო და მძიმე დეპრესიის დროს კომპლექსურად გამოიყენება ფსიქოსოციალური თერაპია მედიკამენტოზურ მკურნალობასთან, კერძოდ, ანტიდეპრესანტებთან ერთად. მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება ხანგრძლივი დროით, მინიმუმ ოთხი თვე. შედეგი თავიდანვე არ არის თვალსაჩინო, ორი–ოთხი კვირა მაინც არის საჭირო, იმისათვის რომ ანტიდეპრესანტს ჰქონდეს დადებითი შედეგი. ამ ჯგუფის პრეპარატების თვითნებურად შეწყვეტა ან დოზის შეცვლა ექიმის გარეშე არ შეიძლება. არსებობს ანტიდეპრესანტების ბევრი ჯგუფი, რომლებიც მოქმედებენ ნეირომედიატორების ცვლაზე თავის ტვინში და უზრუნველყოფენ ე.წ. სიამოვნების მომგვრელი ჰორმონების დაგროვებას.
დეპრესიას ძირითადად ახასიათებს გუნება განწყობილების მდგრადი დაქვეითება, აზროვნების შენელება, სიტყვების მარაგის შემცირება, მოტორული სფეროს შეფერხება, როდესაც ადამიანს არ აქვს განწყობა სადმე წავიდეს და მას მოტორული აქტივობა აღარ ანიჭებს სიამოვნებას.
არსებობს სეზონური დეპრესიები, რომელიც თავს იჩენს ზამთრის პერიოდში, მაშინ როდესაც მზის სხივების ნაკლებობაა. ამ დროს მიმართავენ ფოტოთერაპიას.