Plasmon
ძილის პრობლემები ბავშვებში

თარიღი: 22 მაისი, 2020

“ჩემი პაწია სულ ერთი თვისაა, მაგრამ ზრდასრული ადამიანივით იქცევა: მიირთმევს ერთსა და იმავე დროს, მშვიდი და ხალისიანია და, რაც მთავარია, საღამოს 10 საათზე თვალებს რომ დახუჭავს, დილის ცხრამდე მშვიდად სძინავს”.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მშობლის ოცნება უფროა, ვიდრე სინამდვილე. ჩვილის უძილობით გატანჯული დედიკო და მამიკო ღამეებს თეთრად ათენებენ და იმ ჯადოსნურ საშუალებაზე ოცნებობენ, პაწიას დიდხანს და მშვიდად რომ დააძინებს. დიდხანს თუ არა, 2-3 საათით მაინც, ოღონდ გადაბმულად...

 

ყველა მშობელს აინტერესებს, რამდენი უნდა ეძინოს მის პატარას: ჰყოფნის თუ არა ძილი? ეგებ მეტისმეტად ძილისგუდაა? რომელ საათზე ჯობს მისი დაძინება? როგორც გაირკვა, ძილის მკაცრად დაწესებული ლიმიტი არ არსებობს, ვერც იმას იტყვის ვინმე, ვისაც კი ხუთი წელი შეუსრულდება, უთუოდ საღამოს ცხრაზე უნდა მიაშუროს საწოლს და დილის ცხრამდე თვალი აღარ გაახილოსო, თუმცა ზოგადი კანონზომიერება, რომლისგანაც პატარ-პატარა გადახრა შესაძლებელია, ნამდვილად არსებობს.

 

დაბადებიდან 6 თვემდე

ახალშობილისთვის ძილის რეჟიმის დაწესება არავის უცდია. ეს შეუძლებელია, რადგან პაწია თავნება სურვილისამებრ იძინებს და იღვიძებს. ჩვეულებრივ, ახალშობილებს დღე-ღამეში 16-20 საათი სძინავთ, მაგრამ სხვადასხვა დროს. ზოგიერთი ღამით უფრო მეტხანს ფხიზლობს, ზოგიერთი კი დღისით.

ახალშობილი ყოველ 3-4 საათში ერთხელ უნდა იღვიძებდეს და ჭამდეს. თუ პაწიამ ოთხ საათს გადააცილა, ნუ გააღვიძებთ, მაგრამ როცა თავად გაახელს თვალს, ეცადეთ, ჩვეულებრივზე მეტი აჭამოთ.

სამი თვის ბავშვს დღისით 5, ხოლო ღამით 10 საათი უნდა ეძინოს, თანაც ერთხელ ან ორჯერ უნდა გაიღვიძოს. ამ ასაკის ბავშვების 90%-ს ღამით გადაბმულად 6-8 საათი სძინავს.

გაითვალისწინეთ: თუ ბავშვმა ღამით წამოიტირა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოიღვიძა და მშობელს უხმობს – შესაძლოა, პაწია ძილში ტირის. არც ის არის გამორიცხული, ჩვილმა რამდენიმე წუთით გამოიღვიძოს და ვიდრე სულმთლად გამოფხიზლდებოდეს, ისევ ჩაიძინოს. ასე რომ, გაღვიძებისთანავე საკვებს ნუ შესთავაზებთ და, საზოგადოდ, ნუ ეცდებით გამოაფხიზლოთ – ხშირად პაწიები ძილს თავადვე იბრუნებენ. 

გამოაფხიზლეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე წუთია, გულამოსკვნილი ტირის ან საწოლში წრიალებს – შესაძლოა, შია, მუცელი სტკივა ან სულაც დასვრილი საფენი აწუხებს.

 

6 თვიდან წლამდე

ეს პერიოდი მშობლებისთვის ნამდვილი გამოცდაა. სწორედ ამ ასაკში ითხოვენ პაწიები ღამით გართობას, ხელში აყვანას და რწევას. ამერიკელი პედიატრები ერთხმად აცხადებენ, რომ ბავშვის ასე განებივრება არამც და არამც არ შეიძლება. ლიმიტიც კი დააწესეს: პატარას შეუძლია, ხუთი იტიროს, შემდეგ ან გაჩუმდება, ან მიხვდება, რომ ჩაძინება ჯობიაო. თუ ბავშვს ღამით გაეღვიძა და მშვიდად არის ან იტირა და დამშვიდდა, ნუ ამოიყვანთ საწოლიდან, ნუ აანთებთ შუქს და ნუ მისცემთ საკვებს. საწოლშივე მოეფერეთ, ჩუმად უთხარით რამდენიმე სიტყვა და ამის შემდეგ ცოტა ხნით დატოვეთ – ეგებ თავისთავად ჩაეძინოს.

საზოგადოდ, ამ ასაკის ბავშვს ღამით 11, ხოლო დღისით 3 საათი უნდა ეძინოს. რა თქმა უნდა, სასურველია, გადაბმულად, მაგრამ თუ 1-2-ჯერ გამოეღვიძა და ძილი ისევ შეიბრუნა, ნუ ინერვიულებთ.

 

წლიდან 3 წლამდე

ამ ასაკის ბავშვების უმრავლესობას 10-13 საათი სძინავს. სწორედ ამ პერიოდში უნდა მიაჩვიოთ პაწია რეჟიმით ძილს. უმჯობესია, საღამოს 9-10 საათს არ გადააცილოთ, ძილის წინ კი 15 წუთი მაინც დაუთმეთ პაწიას: აბაზანა მიაღებინეთ, ზღაპარს მოუყევით, სასიამოვნო მელოდია მოასმენინეთ... თუ ბავშვს ერთსა და იმავე დროს დააწვენთ, უძილობის პრობლემა თავს არასოდეს იჩენს.

მშობლებს რატომღაც ჰგონიათ, რომ თუკი პატარას გვიან დააძინებენ, უფრო უკეთ ჩაეძინება. სინამდვილეში კი ასე არ ხდება, რადგანაც გადაღლილი ნამცეცას დაძინება გაცილებით რთულია.

ისიც იცოდეთ, რომ 2-3 წლის ბავშვის დღისით დაძინება, მით უმეტეს, ძალით, სასურველი არ არის. თუ პატარა შუადღის ძილს თავს არიდებს, საღამოს შედარებით ადრე გაამწესეთ საწოლისკენ.

ამ ასაკის ბავშვებს ღამით წამოყვირება, ძილში ტირილი ახასიათებთ, რაც “მძაფრსიუჟეტიანი” სიზმრების ბრალია. ეცადეთ, დაძინებამდე პაწაწინა დაამშვიდოთ, ნუ აყურებინებთ ტრილერსა და ფენტეზის, განსაკუთრებით – ძილის წინ.

უძილობა სხვადასხვა ასაკის ბავშვებში სხვადასხვანაირად იჩენს თავს. თუ გამოუძინებელი პატარებს აღგზნებულები არიან და ვერ ისვენებენ, მოზარდებს, პირიქით, უხალისობა, მოთენთილობა ეუფლებათ.

 

სკოლამდელი და სასკოლო ასაკი

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის 10-12-საათიანი ძილია მიზანშეწონილი, ისიც ღამით. შუადღისას ონავარს შეუძლია საერთოდ არ დაიძინოს. როგორც ჩანს, საბავშვო ბაღების უმრავლესობაც ამიტომ არ ითვალისწინებს შუადღის ძილს.

უმცროსი სასკოლო ასაკის (6-9 წლის) ბავშვებისთვის ათსაათიანი ძილი აუცილებელია, ოდნავ უფრო მოზრდილებს – 10-12 წლისებს კი 9 საათიც ეყოფათ.

სასკოლო ასაკის ბავშვებში ძილის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ჰიპერაქტივობის სინდრომი იყოს, რომელიც უპირატესად სწორედ ამ ასაკში იჩენს თავს. ამ შემთხვევაში კონსულტაციისთვის უთუოდ სპეციალისტს მიმართეთ.

მოზარდებისთვის ძილის სავალდებულო ლიმიტი 9 საათია მცირდება, თუმცა მათ უმრავლესობას კიდევ უფრო ნაკლები სძინავს: გვიანობამდე კომპიუტერთან თამაში, მეგობრებთან გართობა... შედეგად კი ძილის დეფიციტი იჩენს თავს, რაც უყურადღებობით, მეხსიერების დაქვეითებით გამოიხატება.

მოზარდი ორგანიზმისთვის ჯანსაღ ძილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სასურველია, თინეიჯერი ერთსა და იმავე დროს დაწვეს დასაძინებლად და კარგად გამოიძინოს.

 

მშვიდი ძილისთვის

როცა ბავშვს არ სძინავს, წესისამებრ, მშობელიც ფხიზლობს. ასე რომ, პაწიას მშვიდი ძილი ოჯახისთვის (თუ მთელი სამეზობლოსთვის არაა) ძალიან მნიშვნელოვანია. ინსომნიის დასაძლევად ასე მოიქეცით:

. ეცადეთ, ბავშვმა ერთსა და იმავე დროს მიაშუროს საწოლს და დილაობითაც ერთსა და იმავე დროს გამოაღვიძეთ

. პატარა კომფორტულ გარემოში დააძინეთ. ოთახში უნდა ბნელოდეს. არამც და არამც არ ეცადოთ ბავშვის განათებულ ოთახში დაძინებას. თუ სიბნელისა ეშინია, შეიძინეთ მქრქალად მანათობელი ნათურა და მხოლოდ ის აანთეთ. ყურადღება მიაქციეთ ოთახის ტემპერატურასაც: როგორ ჩახუთულ, ცხელ, ასევე ცივ ოთახში ბავშვს დაძინება გაუჭირდება.

. ნუ მიაჩვევთ პატარას შინაურ ცხოველებთან ერთად ძილს.

. ბავშვი ძილის წინ ტელევიზორსა და კომპიუტერს მოარიდეთ.

. არ არის მიზანშეწონილი ძილის წინ ბავშვის ფიზიკურად დატვირთვა.

. ძილის წინ პატარა მსუბუქად ავახშმეთ – მძიმე საკვები დაძინებაში ხელს შეუშლის და ისე შეაწუხებს, რომ ძილსაც კი დაუფრთხობს. საღამო ხანს ნურც კოფეინის შემცველ ტკბილეულს მისცემთ – ის ნერვულ სისტემაზე მასტიმულირებელ გავლენას მოახდენს და მოუსვენარ ბავშვს უფრო მეტად ააფორიაქებს.

. თუ ბავშვი უკვე იმხელაა, რომ ასამდე თვლა იცის, ურჩიეთ, 100-იდან პირუკუ დაითვალოს. ამბობენ, ჭრისო :)

წყარო: ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)

https://www.aversi.ge/