თარიღი: 03 მაისი, 2018
რა არის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია?
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია საშვილოსნოს შიდა შრის - ენდომეტრიუმის გასქელებაა, რაც გამოწვეულია აღნიშნული შრის უჯრედების არარეგულარული ზრდით და წარმოადგენს კიბოსწინარე მდგომარეობას.
რა იწვევს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას?
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პათოგენეზში წამყვანი ჰორმონული დისბალანსია.
ესტროგენი და პროგესტერონი ის ჰორმონებია, რომლებიც სეკრეტირდებიან საკვერცხეში და აკონტროლებენ ენდომეტრიუმის ზრდას და მის ჩამოშლას ციკლურად ყოველი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.
ესტროგენი პასუხისმგებელია ენდომეტრიუმის ზრდაზე, პროგესტერონი კი თავისი მოქმედებით ეწინააღმდება ესტროგენის ამ ფუნქციას.
ამ ორ ჰორმონს შორის ბალანსის დარღვევა და ხანგრძლივად ჰორმონ ესტროგენის ჭარბი პროდუქცია იწვევს საშვილოსნოს შიდა შრის უჯრედების უხვი და არარეგულარული ზრდის სტიმულაციას და შედეგად ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის განვითარებას.
რა არის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის გამომწვევი რისკ-ფაქტორები?
- ასაკი > 35 წელზე
- კავკასიური რასა
- მომატებული სხეულის მასის ინდექსი (BMI)
- ანოვულაცია: პერიმენოპაუზალური პერიოდი ან პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი
- ესტროგენებით ჩანაცვლებითი თერაპია პროგესტერონის გარეშე
- ესტროგენ-მაპროდუცირებელი საკვერცხის სიმსივნეები
- იმუნოსუპრესია
- ინფექციური პროცესები/ქალის სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები
- ადრეული მენარხე და გვიანი მენოპაუზა
- ანამნეზში ორსულობის და მშობიარობის არარსებობა
- ქრონიკული დაავადებების არსებობა. მაგ: შაქრიანი დიაბეტი ან ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია
- საშვილოსნოს, საკვერცხის ან სწორი ნაწლავის კიბოს ოჯახური ანამნეზი
- თამბაქოს მოხმარება
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის რა ტიპები არსებობს?
დღესათვის გამოიყენება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია იყოფა ორ ჯგუფად ციტოლოგიური ატიპიის გამოვლენის ხარისხის მიხედვით.
ეს ჯგუფებია:
- ჰიპერპლაზია ატიპიის გარეშე და
- ატიპიური ჰიპერპლაზია
რისკი იმისა, რომ ენდომეტრიუმის არაატიპიური ჰიპერპლაზია პროგრესირდეს ენდომეტრიუმის კობოდ 5%-ია 20 წლის განმავლობაში, მაგრამ შემთხვევათა 20%-ში ენდომეტრიუმის არაატიპიური ჰიპერპლაზია პროგრესირებს ატიპიურ ჰიპერპლაზიად. ატიპიური ჰიპერპლაზია კი, თავის მხრივ, 25%-ზე მეტ შემთხვევაში პროგრესირებს ენდომეტრიუმის კობოდ!
სიმპტომები:
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის ყველაზე ხშირი კლინიკური გამოვლინება აბნორმული სისხლდენებია საშვილოსნოდან, რაც მოიცავს შემდეგს:
- ჭარბი და/ან გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა
- მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა
- არაგეგმიური სისხლდენა ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიის ფონზე
- პოსტმენოპაუზალური ასაკის სისხლდენა
როგორ უნდა დაისვას ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის დიაგნოზი?
- ქალს აბნორმული სისხლდენით საშვილოსნოდან პირველ ეტაპზე უნდა ჩაუტარდეს მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა. ამისთვის უპირატესობა ენიჭება ტრანსვაგინალურ ულტრაბგერით სკანირებას.
რეპროდუქციული ასაკის ქალებში ნორმაში ენდომეტრიუმის სისქე ცვალებადია, დაკავშირებულია მენსტრუალური ციკლის ფაზებთან და სწორედ აღნიშნული ფაზების მიხედვით მერყეობს 2-4 მმ-დან 7-16 მმ-ის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, როცა ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ენდომეტრიუმის სისქე აჭარბებს მენსტრუალური ციკლის არსებული ფაზის ნორმულ მაჩვენებლებს, ექიმს ეჭვი მიაქვს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის არსებობაზე და ატარებს დამატებით კვლევებს დიაგნოზის დასადასტურებლად.
პოსტმენოპაუზალური ასაკის ქალებში კი ულტრაბგერითი კვლევით გამოვლენილი ენდომეტრიუმი სისქით მეტი 4 მმ-ზე უკვე ითვლება ჰიპერპლაზიად და აუცილებელს ხდის კვლევების გაგრძელებას მისი ავთვისებიანობის გამოსარიცხად.
- ენდომეტრიუმის ქსოვილების ჰისტოლოგიური გამოკვლევა ენდომეტრიუმის ბიოფსიის ჩატარების გზით კვლევის შემდეგი ეტაპია. ბიოფსიის პროცედურა შესაძლოა შესრულდეს როგორც საოფისე პირობებში ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით ან ანესთეზიის გარეშე (პაიპელ ბიოფსია), ასევე ზოგიერთ შემთხვევაში საოპერაციო ბლოკში - ზოგადი ანესთეზიის გამოყენებით.
- დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია ასევე გამოიყენება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის სადიაგნოსტიკოდ.
- დილატაციის და კიურეტაჟის გამოყენებას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება და თანამედროვე პირობებში პრაქტიკულად აღარ გამოიყენება.
მკურნალობა:
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ გამოიყენება როგორც მედიკამენტოზური, ასევე ქირურგიული მეთოდები.
მკურნალობის მეთოდის არჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია
- ჰიპერპლაზიის ტიპზე,
- პაციენტის ასაკზე,
- ჯანმრთელობის ზოგად მგომარეობაზე და
- პაციენტის სურვილზე მომავალში ფერტილობის ფუნქციის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
მკურნალობის მედიკამენტოზური მეთოდებიდან ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ გამოიყენება ჰორმონალური თერაპია, ქირურგიული მეთოდებიდან კი ვიყენებთ როგორც მინიმალურ ინვაზიურ მეთოდებს - მაგ: ჰისტეროსრეზექტოსკოპიას, ასევე რადიკალურ ჩარევას დიაგნოზის და ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით.
ჰისტერექტომია რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის ვინც უკვე არის პოსტმენოპაუზალურ ასაკში ან აღარ გეგმავს დაორსულებას მომავალში.
რა სახის არაქირურგიული მკურნალობის მეთოდები გამოიყენება ენდომეტრიუმის არაატიპიური ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ?
ჰორმონული თერაპია გამოიყენება ენდომეტრიუმის არაატიპიური ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ . ორალური პროგესტერონი, დეპო-პროვერა ან ჰორმონშემცველი საშვილოსნოს შიდა საშუალებები არჩევის მეთოდებია ამ შემთხვევაში. მკურნალობის დასრულების შემდეგ რეკომენდებულია ენდომეტრიუმის ბიოფსიის განმეორებით წარმოება შედეგების შესაფასებლად. თუ ჰიპერპლაზია კვლავ პროგრესირებს მკურნალობის ფონზე ან ვითარდება ატიპიური ცვლილებები ენდომეტრიუმში, რეკომენდებულია მკურნალობის შემდგომ საფეხურზე წარმოებული იქნას ჰისტერექტომია.
როგორია მკურნალობის არა-ქირურგიული მეთოდები ატიპიური ჰიპერპლაზიის არსებობის შემთხვევაში?
ამ შემთხვევაში შესაძლებელია მაღალი დოზებით პროგესტერონის გამოყენება. მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში მოწოდებულია ჰისტერექტომიის წარმოება.
პრევენცია:
არ არსებობს დადასტურებული ქმედებები, რომლებიც თავიდან აგვაცილებდა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის განვითარებას, თუმცა არის რამოდენიმე ფაქტორი, რაზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება:
1. პოსტმენოპაუზალურ ასაკში თუ თქვენ ღებულობთ ესტროგენებს, აუცილებელია პარალელურად პროგესტერონის პრეპარატების მიღებაც.
2. ჰორმონული დისბალანსით გამოწვეული არარეგულაური პერიოდების არსებობის შემთხვევაში ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებამ შესაძლოა შეამციროს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის განვითარების რისკი.
3. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ჭარბი წონა ან სიმსუქნე, რეკომენდებულია დაიკლოთ წონაში, ამით ასევე შეამცირებთ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის განვითარების რისკსაც.
4. ვარჯიში, ჯანსაღი საკვების გამოყენება და თამბაქოს მოხმარებისაგან ტავის არიდება ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტებია.
აუცილებელია გახსოვდეთ ისიც, რომ გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები საუკეთესო გზაა სხვადასხვა სახის პრობლემის საწყის ეტაპზევე აღმოსაჩენად, დიაგნოზის დროულად დასასმელად და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ჩარევის განსახორციელებლად.
სტატიის ავტორები:
თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი
რეზიდენტი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე