თარიღი: 14 მაისი, 2024
რა არის ფარისებრი ჯირკვლის კიბო?
ფარისებრი ჯირკვლის კიბო ვითარდება ფარისებრ ჯირკვალში, რომელიც მოთავსებულია სასულისა და ხორხის საზღვრზე. ეს ჯირკვალი აწარმოებს ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ მეტაბოლიზმს (თუ როგორ იყენებს თქვენი სხეული ენერგიას). ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ასევე არეგულირებენ სხეულის ტემპერატურას, არტერიულ წნევასა და გულისცემის კონტროლს. ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ენდოკრინული კიბოს ერთ-ერთი სახეობაა და გამოირჩევა განკურნების მაღალი მაჩვენებლით.
რამდენად ხშირია ფარისებრი ჯირკვლის კიბო?
ყოველწლიურად საშუალოდ 586 202-მდე ადამიანს უსვამენ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზს. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის მკურნალობა ძალიან წარმატებულია. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად დაახლოებით 2 000 ადამიანი იღუპება ამ დაავადებით. ქალებში სამჯერ უფრო ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ვიდრე მამაკაცებში. დაავადება ასევე შეიძლება განვითარდეს პედიატრიულ ასაკშიც.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რომელი ტიპები არსებობს?
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს კლასიფიცირება ხდება უჯრედების ტიპის მიხედვით, საიდანაც კიბო ვითარდება. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ტიპებია:
პაპილარული: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 80%-მდე პაპილარულია. კიბოს ეს ტიპი ნელა მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ პაპილარული კიბო ხშირად ვრცელდება კისრის ლიმფურ კვანძებში, დაავადება ძალიან კარგად რეაგირებს მკურნალობაზე. ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბო ხშირად განკურნებადია და იშვიათადაა ფატალური;
ფოლიკულური: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების 15%-მდე ფოლიკულური კიბოა. ეს კიბო უფრო მეტად ვრცელდება ძვლებსა და ორგანოებზე, მაგალითად ფილტვებზე. მეტასტაზური კიბოს მკურნალობა შესაძლოა უფრო რთული აღმოჩნდეს;
მედულარული: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დაახლოებით 2% მედულარულია. ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს მქონე ადამიანების მეოთხედს აქვს ამ დაავადების ოჯახური ისტორია. შესაძლოა მის განვითარებაში გენეტიკური მუტაცია იყოს მიზეზი;
ანაპლასტიკური: ფარისებრი ჯირკვლის ეს აგრესიული კიბო ურთულესი სახეობაა სამკურნალოდ. ის შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და ხშირად ვრცელდება მიმდებარე ქსოვილებსა და სხეულის სხვა ნაწილებში. კიბოს ეს იშვიათი ტიპი ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზის დაახლოებით 2%-ს შეადგენს.
რა არის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სტადიები?
ზოგადად, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უჯრედები მეტასტაზირებენ, ისინი თავდაპირველად ვრცელდებიან ახლომდებარე სტრუქტურებსა და ლიმფურ კვანძებში. ამის შემდეგ კიბო შეიძლება გავრცელდეს შორეულ ლიმფურ კვანძებში, ორგანოებსა და ძვლებში. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სტადიები მერყეობს 1-დან 4-მდე. მარტივი სიტყვებით, რაც უფრო მაღალია ეს რიცხვი, მით უფრო მეტად გავრცელებულია კიბო.
სიმპტომები და მიზეზები
რა სიმპტომები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს?
შესაძლოა იგრძნოთ წარმონაქმნის არსებობა ყელში, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ეწოდება. ნუ შეგეშინდებათ, თუ ფარისებრი ჯირკვლის კვანძი გაქვთ. კვანძების უმეტესობა კეთილთვისებიანია. როგორც წესი, ფარისებრი ჯირკვლის 20 კვანძიდან მხოლოდ 3 აღმოჩნდება ხოლმე ავთვისებიანი.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სხვა სიმპტომებია:
• სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;
• ხმის დაკარგვა (ხმის ჩახლეჩა);
• გადიდებული ლიმფური კვანძები კისერში.
რა არის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გავრცელების ნიშნები?
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის კიბო, რომელიც გავრცელდა (მეტასტაზირებულია) თქვენი სხეულის სხვა უბნებზე, შესაძლებელია გქონდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
• დაღლილობა;
• მადის კარგვა;
• გულისრევა და ღებინება;
• წონის მოულოდნელი კლება.
რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს?
ექსპერტები არ არიან დარწმუნებულნი, რატომ ხდება ზოგიერთი უჯრედი სიმსივნური (ავთვისებიანი) და თავს ესხმის ფარისებრ ჯირკვალს. ზოგიერთმა ფაქტორმა, როგორიცაა რადიაციული ზემოქმედება, იოდის ნაკლებობა და გენური მუტაციები, შეიძლება გაზარდონ რისკი.
სხვა რისკფაქტორებია:
• გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი (ჩიყვი);
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოჯახური ისტორიის არსებობა;
• თირეოიდიტი (ფარისებრი ჯირკვლის ანთება);
• გენური მუტაციები, რომლებიც იწვევენ ენდოკრინულ დაავადებებს, როგორიცაა მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია ტიპი 2A (MEN2A) ან ტიპი 2B (MEN2B) სინდრომი;
• იოდის არასრულყოფილი რაოდენობით მიღება;
• სიმსუქნე (სხეულის მასის მაღალი ინდექსი);
• თავისა და კისრის კიბოს რადიაციული თერაპია, განსაკუთრებით ბავშვობაში;
• ბირთვული იარაღის ან ელექტროსადგურის ავარიის შედეგად რადიოაქტიური ზემოქმედება.
დიაგნოსტიკა და ტესტები
როგორ სვამენ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზს?
თუ გაქვთ გადიდებული ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სხვა ნიშნები, თქვენმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს შემდეგი ტესტები:
სისხლის ტესტები: ფარისებრი ჯირკვლის სისხლში განსაზღვრული ტესტები ამოწმებენ ჰორმონების დონეს და აფასებენ რამდენად სწორად მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი;
ბიოფსია: წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის დროს ხდება ფარისებრი ჯირკვლიდან უჯრედების აღება და მათი შემოწმება ავთვისებიანობაზე. ბიოფსიისას ასევე გამოიყენება ულტრაბგერითი ტექნოლოგია პროცედურების წარმართვისთვის;
რადიოიოდის სკანირება: ამ ტესტს შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენა და კიბოს გავრცელების დადგენა. პაციენტი ყლაპავს აბს, რომელიც შეიცავს რადიოაქტიური იოდის (რადიოიოდის) უსაფრთხო რაოდენობას. რამდენიმე საათის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვალი შთანთქავს იოდს. ექიმი იყენებს სპეციალურ მოწყობილობას ჯირკვალში გამოსხივების რაოდენობის გასაზომად. ნაკლები რადიოაქტიურობის მქონე უბნებს მეტი ტესტირება სჭირდება კიბოს არსებობის დასადასტურებლად;
გამოსახულების სკანირება: რადიოაქტიური იოდის სკანირებას, კომპიუტერული ტომოგრაფიასა (CT) და პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიას (PET) შეუძლიათ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტირება და მისი ზუსტი გავრცელების გამოვლენა.
მენეჯმენტი და მკურნალობა
როგორ მიმდინარეობს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა და მკურნალობა?
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის ზომასა და გავრცელებაზე. მკურნალობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ქირურგია: ქირურგია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე გავრცელებული მკურნალობის სახეა. სიმსივნის ზომისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, ქირურგს შეუძლია ამოკვეთოს ფარისებრი ჯირკვლის ნაწილი (ლობექტომია) ან მთელი ჯირკვალი (თირეოიდექტომია). ქირურგი ასევე ამოკვეთს ახლომდებარე ლიმფურ კვანძებს, რომლებზეც კიბოს უჯრედები გავრცელდა;
რადიოიოდით თერაპია: რადიოიოდით თერაპიის დროს მიიღება აბი ან სითხე, რომელიც შეიცავს რადიოაქტიური იოდის უფრო მაღალ დოზას, ვიდრე გამოიყენება რადიოიოდის დიაგნოსტიკური სკანირებისას. რადიოიოდი ანადგურებს დაავადებულ ფარისებრ ჯირკვალს კიბოს უჯრედებთან ერთად. ეს მკურნალობა ძალიან უსაფრთხოა. თქვენი ფარისებრი ჯირკვალი შთანთქავს თითქმის მთელ რადიოიოდს და თქვენი სხეულის დანარჩენ ნაწილს აქვს მინიმალური რადიაციული ექსპოზიცია;
რადიაციული თერაპია: რადიაცია კლავს კიბოს უჯრედებს და აჩერებს მათ ზრდას. გარე რადიაციული თერაპია იყენებს აპარატს, რომელიც აწვდის ენერგიის ძლიერ სხივებს პირდაპირ სიმსივნის ადგილს. შიდა სხივური თერაპია (ბრაქითერაპია) გულისხმობს რადიოაქტიური წყაროს განთავსებას სიმსივნეში ან მის გარშემო;
ქიმიოთერაპია: ინტრავენური ან პერორალური ქიმიოთერაპიული საშუალებები კლავს კიბოს უჯრედებს და აჩერებს კიბოს ზრდას. როგორც წესი, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზით ძალიან ცოტა ადამიანს ესაჭიროება ქიმიოთერაპია;
ჰორმონოთერაპია: ეს მკურნალობა ბლოკავს ჰორმონების გამოყოფას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიბოს გავრცელება ან თავიდან გაზრდა.
რა გართულებები ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს?
ფარისებრი ჯირკვლის კიბო შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა ღვიძლი, ფილტვები ან ძვლები. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და მკურნალობა ამცირებს მეტასტაზირების რისკს. ფარისებრი ჯირკვლის კიბო შეიძლება დაბრუნდეს მკურნალობის შემდეგაც კი. იმის გამო, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბო ნელა იზრდება, მის დაბრუნებას შეიძლება 20 წლამდე დასჭირდეს. რეციდივი ხდება შემთხვევების 30%-მდე. საერთო ჯამში, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პროგნოზი (პერსპექტივა) დადებითია. მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის ან მკურნალობის შემდეგ, ორგანიზმს ჯერ კიდევ ესაჭიროება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ფუნქციონირებისთვის, ამიტომ დაგჭირდებათ ფარისებრი ჯირკვლის ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია ჯანმრთელობისთვის. ფარისებრი ჯირკვლის სინთეზური ჰორმონები ასრულებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფუნქციას, რომლებსაც სხეული ბუნებრივად აღარ გამოიმუშავებს.
როგორ მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის კიბო ორსულობაზე?
ფარისებრი ჯირკვლის კიბო არის მეორე ყველაზე გავრცელებული კიბო, რომელიც დიაგნოზირებულია ორსულებში (პირველ ადგილზეა სარძევე ჯირკვლის კიბო). ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების დაახლოებით 10% ვითარდება ორსულობის დროს ან მშობიარობიდან პირველი წლის განმავლობაში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ორსულობის დროს ჰორმონების დონის მერყეობა შეიძლება იყოს. კიბოს ტიპისა და სიმძიმის მიხედვით, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მკურნალობის გადადება ბავშვის გაჩენამდე. თუ მკურნალობა ვერ მოითმენს, შესაძლებელია ოპერაციის ჩატარება სიმსივნური ჯირკვლის მოსაშორებლად, თუმცა ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია რადიოაქტიური დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება ან მკურნალობა რადიოაქტიური ნივთიერებებით.
რამდენი დრო სჭირდება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელებას?
გამოჯანმრთელება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:
• პაციენტის ასაკზე;
• ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ზომაზე;
• სტადიაზე;
• მკურნალობის ტიპზე.
პრევენცია
შემიძლია თუ არა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრევენცია?
ბევრ ადამიანს უვითარდება ფარისებრი ჯირკვლის კიბო უცნობი მიზეზის გამო, მაგრამ თუ იცით, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკის ქვეშ ხართ, შეგიძლიათ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
პროფილაქტიკური ქირურგია: გენეტიკურ ტესტებს შეუძლიათ განსაზღვრონ გაქვთ თუ არა მუტაციური გენი, რომელიც ზრდის ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს ან მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის რისკს. თუ გენის მტარებელი ხართ, შეგიძლიათ აირჩიოთ პრევენციული (პროფილაქტიკური) ოპერაცია ფარისებრი ჯირკვლის ამოსაღებად კიბოს განვითარებამდე;
კალიუმის იოდიდი: თუ თქვენ გქონდათ რადიაციული ზემოქმედება ბირთვული კატასტროფის დროს, კალიუმის იოდიდის მიღებამ ექსპოზიციიდან 24 საათის განმავლობაში შეიძლება შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი. კალიუმის იოდიდი ხელს უშლის ფარისებრ ჯირკვალს რადიოიოდის დიდი რაოდენობით შთანთქმაში. შედეგად, ჯირკვალი ჯანმრთელი რჩება.
პერსპექტივა / პროგნოზი
რა არის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გადარჩენის მაჩვენებელი?
ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი დაავადებული ათი ადამიანიდან რვას უვითარდება პაპილარული ტიპი. ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბოს ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი თითქმის 100%-ია, როდესაც კიბო ჯირკვალშია ლოკალიზებული და მას არ სცდება. მაშინაც კი, როდესაც კიბო მეტასტაზირებს, გადარჩენის მაჩვენებელი 80%-ს უახლოვდება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სხვა ტიპების ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებლები მოიცავს:
• ფოლიკულური: 100%-მდე ლოკალიზებული; დაახლოებით 63% მეტასტაზირებული;
• მედულარული: 100%-მდე ლოკალიზებული; დაახლოებით 40% მეტასტაზირებული;
• ანაპლასტიკური: ლოკალიზებული 31%-მდე; 4% მეტასტაზირებული.
ფარისებრი ჯირკვლის კიბო განკურნებადია?
დიახ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უმეტესობა განკურნებადია, განსაკუთრებით თუ კიბოს უჯრედები არ გავრცელებულა სხეულის შორეულ ნაწილებში. თუ მკურნალობა სრულად არ განკურნავს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, თქვენს ექიმს შეუძლია შეიმუშაოს მკურნალობის გეგმა, რათა გაანადგუროს რაც შეიძლება მეტი სიმსივნური უჯრედი და თავიდან აიცილოს მისი ზრდა ან გავრცელება.
როდის უნდა მივმართო ექიმს?
ექიმს უნდა მიმართოთ თუ გაქვთ:
• სიმსივნური წარმონაქმნი კისერში;
• სწრაფი გულისცემა;
• წონის აუხსნელი კლება ან მატება;
• უკიდურესი დაღლილობა.
კიბოს დიაგნოზის მიღება შემაშფოთებელია, მიუხედავად მისი ტიპისა. საბედნიეროდ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს უმეტესობა ძალიან კარგად რეაგირებს მკურნალობაზე. თქვენს ექიმს შეუძლია განიხილოს საუკეთესო, თქვენზე მორგებული მკურნალობის ალტერნატივა. მკურნალობის შემდეგ შეიძლება დაგჭირდეთ ფარისებრი ჯირკვლის სინთეზური ჰორმონების მიღება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს ჰორმონები ხელს უწყობენ ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს. დროულად გამოვლენილი ფარისებრი ჯირკვლის კიბო განკურნებადია.
წყარო: ჟურნალი "ავერსი"