თარიღი: 15 ნოემბერი, 2022
რა არის ფილტვის კიბო?
ფილტვის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა. მწეველი ადამიანები ფილტვის კიბოს განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. თუმცა, ფილტვის კიბო შესაძლოა აღმოაჩნდეთ ისეთ ადამიანებსაც, ვისაც არასდროს მოუხმარია თამბაქო. ფილტვის კიბოს რისკი იზრდება თამბაქოს მოხმარების ხანგრძლივობისა და სიხშირის ზრდასთან ერთად - რაც უფრო დიდ ხანს და მეტს ეწევა ადამიანი, მით უფრო მაღალია შესაძლებლობა, რომ მას ფილტვის კიბო განუვითარდეს. შესაბამისად, ფილტვის კიბოს რისკების შემცირება, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტით არის შესაძლებელი, მიუხედავად თამბაქოს მოხმარების მრავალწლიანი გამოცდილებისა.
რა სიმპტომები აქვს ფილტვის კიბოს?
ფილტვის კიბოს, როგორც წესი რაიმე ნიშნები ან სიმპტომები ადრეულ სტადიაზე არ გააჩნია. ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდება მაშინ, როდესაც დაავადება უკვე შორსაა წასული.
ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს: ხველას, სისხლიან ნახველს, სუნთქვის უკმარისობას, ტკივილს გულმკერდის არეში, ხმის ჩახლეჩას, წონის უეცარ კლებას, ძვლების ტკივილს, თავის ტკივილს.
როდის არის საჭირო სკრინინგი?
ფილტვის კიბოს სკრინინგი და ექიმთან კონსულტაცია საჭიროა თუ:
• გაქვთ გამოხატული სიმპტომები, რაც დისკომფორტს გიქმნით.
• ხართ 50+ წლის
• ხართ თამბაქოს მომხმარებელი
• ამჟამად აღარ მოიხმართ თამბაქოს, მაგრამ შეწყვიტეთ მოხმარება უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში
ფილტვის კიბო - გამომწვევი მიზეზები
ფილტვის კიბოს შემთხვევების უმეტესობა, თითქმის 90%, გამოწვეულია თამბაქოს მოხმარების შედეგად. თუმცა, ფილტვის კიბო შესაძლოა დაემართოთ იმ ადამიანებსაც, ვისაც არასდროს მოუწევია თამბაქო. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა უცნობი იყოს ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზი.
თამბაქოს მოხმარების შედეგად, ზიანდება ფილტვის უჯრედები. კერძოდ, კარცინოგენური ნივთიერებებით სავსე თამბაქოს კვამლი, შესუნთქვისას აზიანებს და ცვლის ფილტვის ქსოვილს. პირველ ეტაპზე, ადამიანის ორგანიზმი უმკლავდება ამ ზიანს, თუმცა განმეორებით ზემოქმედების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ზიანდება ფილტვის მრავალი ჯანმრთელი უჯრედი, რაც დროთა განმავლობაში იწვევს უჯრედების გადაგვარებას და კიბოს განვითარებას.
რა რისკ-ფაქტორები ახლავს ფილტვის კიბოს?
ფილტვის კიბოს რამდენიმე რისკ-ფაქტორი ახლავს, რომელთა შორის ზოგიერთის გაკონტროლება შესაძლებელია, მაგალითად თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა. თუმცა, არსებობს რისკ-ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია, მაგალითად გენეტიკური დატვირთვა.
ფილტვის კიბის რისკ-ფაქტორებია:
• თამბაქოს მოწევა
ფილტვის კიბოს რისკი ყოველდღიურად იზრდება თამბაქოს ღერების მოხმარებული რაოდენობის და თამბაქოს მოხმარების პერიოდის ზრდასთან ერთად. თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვნად ამცირებს ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.
• მეორადი მოწევა
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შესაძლოა არ იყოს თამბაქოს მომხმარებელი, ფილტვის კიბოს განვითარების რისკი იზრდება, თუ მას აქვს შეხება თამბაქოს მეორად კვამლთან - ჩაისუნთქავს თამბაქოს გამონაბოლქვს.
• რადონის გაზით, აზბესტით და სხვა კარცინოგენებით მოწამლვა
რადონი რადიოაქტიური ქიმიური ელემენტია, რომელიც ურანის დაშლის შედეგად წარმოიქმნება და გვხვდება მიწის ქერქსა და წყალში. რადონი შესაძლოა დაგროვდეს შენობებში, სახლებში, სასმელ წყალში და შესაბამისად მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. ასევე, ორგანიზმში მოხვედრილი აზბესტი ან სხვა კარცინოგენები, როგორიცაა დარიშხანი, ქრომი და ნიკელი, ასევე ზრდის ფილტვის კიბოს განვითარების რისკს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ ადამიანი თამბაქოს მწეველია.
• გენეტიკური დატვირთვა
ადამიანებს, რომელთა მშობლები, და-ძმები ან შვილები არიან დაავადებულნი ფილტვის კიბოთი, აქვთ ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკი.
გართულებები
ფილტვის კიბომ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიც არის:
• სუნთქვის უკმარისობა
ფილტვის კიბოთი დაავადებულ ადამიანებს აწუხებთ სუნთქვის უკმარისობა, რადგან სიმსივნის ზრდასთან ერთად იბლოკება სასუნთქი გზები. ფილტვის კიბოს დროს შესაძლებელია ფილტვების გარშემო დაგროვდეს სითხეც, რაც ართულებს ფილტვის გაფართოებას ჰაერის ჩასუნთქვის დროს.
• სისხლიანი ნახველი
ფილტვის კიბოს შეუძლია გამოიწვიოს სისხლდენა სასუნთქ გზებში, რაც გამოიხატება სისხლიანი ნახველით. რიგ შემთხვევებში შესაძლოა სისხლდენა გაძლიერდეს, თუმცა არსებობს სისხლდენის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები.
• ტკივილი
შორს წასული ფილტვის კიბო ვრცელდება ორგანიზმში და იწვევს ტკივილს. ტკივილის არსებობის შემთხვევაში, არსებული საშუალებებით შესაძლებელია მისი კონტროლი და გაყუჩება.
• სითხე გულმკერდის არეში
ფილტვის კიბოს შეუძლია გამოიწვიოს სითხის დაგროვება გულმკერდის არეში - პლევრის ღრუში. სითხის დაგროვების შედეგად იწყება სუნთქვის უკმარისობა, თუმცა არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელიც გამოიყენება პლევრის ღრუდან სითხის გამოსადევნად და განმეორებითი სითხის დაგროვების თავიდან ასაცილებლად.
• მეტასტაზები - კიბოს გავრცელება ორგანიზმში
ფილტვის კიბო მეტასტაზების სახით ხშირად ვრცელდება ორგანიზმში, მაგალითად ტვინსა და ძვლებში. მეტასტაზები იწვევს ტკივილს, გულისრევას, თავის ტკივილს, სხვ. იმ შემთხვევაში თუ ფილტვის კიბო გავრცელებულია ორგანიზმში, მისგან განკურნება უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია. არსებობს მკურნალობის საშუალებები, რაც გამოიყენება კიბოს ნიშნების და სიმპტომების შესამცირებლად; ასევე სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.
პრევენცია
არ არსებობს უტყუარი მეთოდი, რომელიც ფილტვის კიბოს პრევენციას მოახდენს, მაგრამ შესაძლებელია მისი გამოვლინების რისკის შემცირება:
- თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა
- მეორადი მოწევის თავიდან აცილება
- საცხოვრებელ სახლსა და სამუშაო ადგილზე რადონის, აზბესტის და სხვა კარცინოგენების დონის შემოწმება
- ჯანსაღი კვება - ხილის და ბოსტნეულის მიღება
- სისტემატიური ვარჯიში
- დიაგნოსტირება
- ჯანმრთელი ადამიანების სკრინინგი
ადამიანებმა, ვისაც გააჩნიათ ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკი, უნდა ჩაიტარონ ფილტვის კიბოს დაბალ-დოზიანი CT სკანირება. ამ ტიპის სკრინინგი სჭირდებათ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ რაიმე ტიპის ჩივილები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა არიან 50+ წლის და აქვთ თამბაქოს მოხმარების მრავალწლიანი გამოცდილება.
ფილტვის კიბოს დიაგნოსტირება
იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს ფილტვის კიბოს დიაგნოზის დადგენის რაიმე საფუძველი, ტარდება სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ტესტები, რომლის საშუალებითაც ხდება კიბოს უჯრედებზე დაკვირვება და მათი მდგომარეობის შესწავლა. ასეთი ტესტი შესაძლოა იყოს:
- რადიოლოგიური კვლევები
- ნახველის ციტოლოგია
- ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღება)
ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისა და მისი სტადიის შესწავლის შემდეგ, ექიმმა უნდა შეიმუშაოს მკურნალობის ყველაზე შესაფერისი და ეფექტური საშუალება.
სასურველია გაიაროთ ფილტვის კიბოს სკრინინგი თუ:
• ხართ 50+ ასაკის
• ხართ თამბაქოს მომხმარებელი
• ამჟამად აღარ მოიხმართ თამბაქოს, მაგრამ შეწყვიტეთ მოხმარება უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში
• ამჟამად არ გაქვთ ფილტვის კიბოს რაიმე ნიშნები ან არ გაწუხებთ ფილტვის კიბოს სიმპტომები
მკურნალობა
ფილტვის კიბოს ქირურგიული მკურნალობა მკურნალობის მეთოდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პაციენტების ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, სიმსივნის სტადიისა და პაციენტის პრეფერენციებიდან გამომდინარე.
ქირურგიული მკურნალობის დროს, მნიშნველოვანია მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობა, რათა თითოეული მიმართულებით პროცესში ჩართული იყოს სფეროს ექსპერტი. გუნდი შეიძლება მოიცავდეს ონკოლოგებს, პათოლოგებს, პულმუნოლოგებს, რადიოლოგებს, გულმკერდის ქირურგებს და სხვა სპეციალისტებს, რომელთა ჩართულობაც მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ფილტვის კიბოს ქირურგიული მკურნალობის დროს, ქირურგი მოაშორებს კიბოს და ჯანსაღი ქსოვილის ნაწილს. ამ დროს ხდება ლიმფური კვანძების მოცილება, რათა ისინიც შემოწმდეს კიბოს ნიშნების არსებობის შესახებ.
ქირურგიულ პროცედურასთან ერთად, შესაძლებელია, პაციენტს დასჭირდეს ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია. თერაპიული პროცედურები შესაძლოა საჭირო იყოს ოპერაციის ჩატარებამდე, კიბოს შემცირების მიზნით. ასევე, შესაძლებელია საჭირო იყოს ოპერაციის შემდეგ, კიბოს განმეორების თავიდან ასაცილებლად.