Plasmon
რჩევები გოგირდის საცობის შესახებ ოტორინოლარინგოლოგ ნოდარ ჭიჭიბოშვილისგან

თარიღი: 29 მაისი, 2018

 

ოტორინოლარინგოლოგის რჩევები

გოგირდის საცობის გამო სმენის დაქვეითება და ამასთან დაკავშირებული დისკომფორტი ბევრისთვის არის ნაცნობი.

რატომ ყალიბდება ყურში გოგირდის საცობი?

გოგირდის საცობის ჩამოყალიბებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. გარეთა სასმენ მილში განლაგებულია გოგირდის ჯირკვლები, რომელთა მოვალეობაა გოგირდის გამომუშავება. გამომუშავებული გოგირდი, ( ქვედა ყბის მოძრაობისას ) თვითონვე გადაინაცვლებს გარეთა სასმენი მილის გასასვლელისკენ და გამოდის ყურიდან. ასევე ხშირად ხდება ისეც რომ გოგირდი ჭარბად წარმოიქმნება რაც ინდივიდუალურია და ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ხშირად ვაღიზიანებთ გოგირდის ჯირკვლებს (ყურის ჩხირებით). მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარეთა სასმენი მილის ანატომიური ფაქტორიც - ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებით ვიწრო სასმენი მილი აქვს. ყურის ღრმად გაწმენდისას გოგირდის მასები სიღრმეში შეგვაქვს, რის გამოც გოგირდის გარეთ გამოსვლა ვეღარ ხერხდება, რაც საცობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 

 

რამ შეიძლება გვაეჭვებინოს ყურში გოგირდის საცობის არსებობა?

-ძირითადი სიმპტომებია ყურის დაგუბება და სმენის დაქვეითება, რასაც პაციენტი ხშირად უკავშირებს ყურში წყლის ჩასვლას - ამ დროს გოგირდის საცობი ფუვდება და მთლიანად ახშობს სასმენ მილს. 

გარდა ყურის დაგუბებისა, სმენის დაქვეითებასთან ერთად ხშირია შუილი, ხმაური. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი თავბრუსხვევას უჩივის, ვინაიდან ზოგიერთს მეტად მგრძნობიარე ვესტიბულური აპარატი აქვს. 

 

უპირატესად რა ასაკში ჩნდება გოგირდის საცობი?

-საცობის წარმოქმნა ინდივიდუალურია და ასაკზე არ არის დამოკიდებული. 

არსებობს მოსაზრება , რომ ყურის გოგირდისგან მთლიანად გაწმენდა არ არის მიზანშეწონილი.რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

-გოგირდს აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, ამიტომ ის ყურში მუდამ უნდა იყოს, თუმცა არც ჭარბი დაგროვებაა სასურველი.

რამდენად ხშირია ამორეცხვის შემდეგ რეციდივი?

-ესეც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გოგირდის საცობის ამორეცხვის შემდგომ თუ როგორ მოუვლის პაციენტი ყურებს. შესაძლებელია რეციდივი იყოს 6 თვის, 1-2-3 წლის შემდეგ, ან საერთოდ აღარ შეაწუხოს ამ პრობლემამ. 

 

ამბობენ რომ არც ხშირი გამორეცხვაა სასურველი?

-თუ საცობი არსებობს და ადამიანს დისკომფორტს უქმნის, ის აუცილებლად უნდა ამოირეცხოს, თუმცა უმიზეზოდ მანიპულაცია და ყურის გაღიზიანება არ არის მიზანშეწონილი. 

როგორ მოვუაროთ ყურებს, რათა საცობი არ ჩამოყალიბდეს?

-საშუალოდ ყოველ 6 თვეში გავიაროთ კონსულტაცია ექიმ ოტორინოლარინგოლოგთან.

-სასურველია ყურების გამოწმენდა მხოლოდ გარედან და არა ღრმად.

-საკმარისია ყურების გამოწმენდა კვირაში ერთხელ.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას.

კახეთი-იონის ოტორინოლარინგოლოგი

ექ. ნოდარ ჭიჭიბოშვილი