Plasmon
გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

თარიღი: 02 ოქტომბერი, 2023

უკან მოვიტოვეთ მცხუნვარე ზაფხული, წინ კი ჭრელი შემოდგომა და სუსხიანი ზამთარი გველის. როგორც კი ტემპერატურა კლებას იწყებს, სეზონური გრიპი ისევ აქტუალური ხდება. ძნელად მოიძებნება ოჯახი, ხანგრძლივი ზამთრის განმავლობაში ერთხელ მაინც რომ არ ეწვიოსამა თუ იმ სიმძიმით მიმდინარე “გაციება”. ჰოდა, ზამთარი ჭრიჭინასავით რომ არ მოგვივიდეს, ვირუსებთან შესახვედრად ადრევე უნდა დავიწყოთ მზადება.

 

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი გვესაუბრა.

 

– სეზონური გრიპი დაავადებათა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ყოველ წელს, განსაზღვრულ პერიოდში ეჯახება. საქრთველოში გრიპის სეზონი ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით გრძელდება, ამ პერიოდში კი გამოიყოფა 5-8 კვირა, როდესაც ვირუსის აქტივობა პიკს აღწევს.

გრიპის ვირუსს უნიკალური თვისება აქვს – წლიდან წლამდე განიცდის მცირედ, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებას, რის გამოც მეცნიერები ყოველ წელს ქმნიან ახალ ვაქცინას, რომელიც სახეცვლილ ვირუსს მიესადაგება.

 

როგორ ვრცელდება
გრიპის ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე იოლად გავრცელებადი ვირუსია. დაავადებული ადამიანი მას გამოყოფს სიმპტომების გამოვლენიდან სრულ ჩაცხრობამდე, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მცირეწლოვანი ბავშვები უფრო მეტხანს რჩებიან გრიპის ვირუსის გამავრცელებლებად. ის ვრცელდება დაავაადებულის საუბრის, ცემინებისა და ხველების დროს გამოტყორცნილი უმცირესი ნაწილაკების მეშვეობით, რომლებიც სხვა ადამიანის სხეულის ლორწოვან გარსზე (ცხვირში, პირში, თვალებში) ხვდება. იქიდან ვირუსი ორგანიზმში იჭრება და დაავადებას იწვევს.

გავრცელების მეორე არაპირდაპირი გზა ჯაჭვისებურია: გამოტყორცნილი ნაწილაკები ილექება სხვადასხვა საგნის ზედაპირზე, სადაც ვირუსი რამდენიმე საათის განმავლობაში ცოცხლობს, ჯანმრთელი ადამიანი ეხება ასეთ საგანს, მერე კი – საკუთარ ლორწოვანს და ვირუსს ორგანიზმისკენ უხსნის გზას.

ამიტომ არის, აქტიურად რომ მოვუწოდებთ მოსახლეობას, ხშირად დაიბანონ ხელები, განურჩევლად იმისა, შესამჩნევია თუ არა მათზე ჭუჭყი.

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს სეზონურ გრიპს?
გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომები: ხველა, ყელის ტკივილი, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, სისუსტე, – პაციენტებს უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, არ ასრულებენ ექიმის რეკომენდაციას და ყოველდღიურ რუტინას არ წყვეტენ. არადა, გრიპს გამწვავების შემთხვევაში შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს და საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, მით უმეტეს – თუ ის რომელიმე რისკჯგუფს მიეკუთვნება.

რისკის ჯგუფებია:
• 2 წლამდე ასაკის ბავშვები;

• ორსულები;

• 65 წელს გადაცილებულები;

• ქრონიკული დაავადებების (ასთმა, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი და სხვა) მქონე პირები.

სეზონური გრიპის სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს კი მიეკუთვნება:
• პნევმონია (ფილტვების ანთება) – როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული (ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოქსია, ციანოზი);

• დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების დაკარგვა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების მკვეთრი სისუსტე ან დამბლა);

• ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება;

• ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, გულის ან სასუნთქი სისტემის, ასთმის, დიაბეტის) გამწვავება;

• ბავშვებში – ყურის ინფექციები, სინუსიტები. ჩვილებს გრიპის დროს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვა, ცრუ კრუპის სინდრომი.

გრიპის ვაქცინა
მთელი მსოფლიოს მეცნიერები თანხმდებიან, რომ სეზონური გრიპის პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი გზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, თუმცა, ყველა სხვა ვაქცინისგან განსხვავებით, გრიპის ვაქცინა სეზონურია, მისი გაკეთება ყოველ წელს არის საჭირო, ამის მიზეზი კი გრიპის ვირუსის ყოველწლიური გენეტიკური ცვალებადობაა. გრიპის ვაქცინის შესყიდვა სახელმწიფოს მიერ საქართველოში 2012-2013 წლის სეზონიდან დაიწყო და შემოტანილი ვაქცინების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, 2019-2020 წლისთვის 100 000 მიაღწევს და აიცრებიან ის პირები, რომლებიც განსაკუთებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან:

• დიაბეტით დაავადებულები;

• ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები და მათი მომვლელები;

• C ჰეპატიტით დაავადებულები, რომლებიც მკურნალობას იტარებენ;

• აივ ინფიცირებულები;

• ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრები;

• ორსულები.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ პირთა სია, რომლებსაც ხშირად უწევთ ვირუსთან ან გრიპით დაავადებულებთან კონტაქტი და ვალდებულნი არიან, ჩაიტარონ გრიპის საწინაღნდეგო ვაქცინაცია:

• მედპერსონალი, რომელიც ნებისმიერი სახის დახმარებას უწევს პაციენტებს;

• სააღმზრდელო-სასწავლო დაწესებულების პერსონალი;

• იმ უწყებათა თანმშრომლები, რომელთა მუშაობა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა.

რაც შეეხება დანარჩენ მოსახლეობას, ვაქცინაცია ყველასთვის რეკომენდებულია, თუმცა ნებაყოფლობითი. მათი გადასაწყვეტია, აიცრან, თავი დაიცვან გრიპისა და მისი გართულებებისგან თუ მთელი სეზონი გრიპთან ბრძოლაში გაატარონ.

არსებობს თუ არა ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი?
აცრა ნებადართულია 6 თვიდან. ვაქცინაციამდე ექიმმა უნდა გადაამოწმოს ინსტრუქცია იმის თაობაზე, რა ასაკში რა დოზის გაკეთებაა შესაძლებელი, გაეცნოს ვაქცინას და სრული ინფორმაცია მიაწოდოს პაციენტს ან პაციენტის მშობელს.

როდის ავიცრათ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გრიპის ვაქცინაცია არასდროს არის დაგვიანებული. ის ხარჯეფექტიანად მიიჩნევა ნებისმიერ დროს, თუმცა, რა თქმა უნდა, აცრა მანამდე ჯობია, სანამ გრიპის ვირუსი გააქტიურდება, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება. ჩვენს სინამდვილეში საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი ითვლება.

საჭიროა თუ არა ვაქცინაცია, როდესაც გრიპის სეზონი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ გრიპი უკვე გადავიტანეთ?
გრიპისმაგვარ სიმპტომებს ორასამდე ვირუსი იწვევს. როდესაც სურდო გვაქვს და გვახველებს, დანამდვილებით ვერასოდეს ვიტყვით, გრიპია ეს თუ სხვა ვირუსით გამოწვეული გრიპისმაგვარი ინფექცია. გარდა ამისა, ყოველ სეზონზე გარემოში გრიპის ვირუსის, სულ მცირე, სამი ნაირსახეობა ცირკულირებს, ვაქცინაცია კი უკვე ოთხკომპონენტიანი გახდა, იმ დაშვებით, რომ შესაძლოა, კონკრეტულ სეზონზე სამი კი არა ოთხი ნაირსახეობა დაფიქსირდეს. ამიტომ ის ფაქტი, რომ, სავარაუდოდ, ვირუსის რომელიმე ერთი ნაირსახეობით გამოწვეული დაავადება გადაიტანეთ, ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ამავე სეზონზე არ შეგხვდებათ სხვა ნაირსახეობის ვირუსი. თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა ვაქცინაცია. ის, რა თქმა უნდა, ასი პროცენტით ვერ დაგაზღვევთ გრიპისგან, მაგრამ იძლევა გარანტიას, რომ ავადმყოფობა მსუბუქად ჩაივლის და თქვენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება.

გვეშინოდეს თუ არა ვაქცინაციის?
გრიპის ვაქცინა მთელ მსოფლიოში მიიჩნევა ერთ-ერთ უსაფრთხო ვაქცინად, რომელსაც თითქმის არ ახლავს საშიში გართულებების ალბათობა. არსებობს ვაქცინის ორი ტიპი. ერთი შეიცავს დასუსტებულ, ცოცხალ ვირუსს (აღნიშნულ ვაქცინას ახასიათებს გვერდითი ეფექტები: ცხელება, გაციებისმაგვარი სიმპტომები), ხოლო მეორე – დახოცილს (ამ უკანასკნელს გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს, რადგან ვირუსი განეიტრალებულია). ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, ეკუთვნის მეორე ჯგუფს, შესაბამისად, აცრის შემდეგ გართულებებს არ უნდა ველოდეთ. მისი ერთადერთი მინუსი ნაჩხვლეტი ადგილის მტკივნეულობაა.

ვაქცინაციის ერთადერთი უკუჩვენებაა მწვავე დაავადება ან ქრონიკული დაავადების გამწვავება. ყველა სხვა შემთხვევაში ვაქცინაცია ნებადართულია.

დაბოლოს: გასათვალისწინებელია, რომ ადამიანს, რომელსაც კვერცხის ცილაზე ალერგია აქვს, შესაძლოა განუვითარდეს მწვავე ალერგიული რეაქცია.

მითი თუ რეალობა
• გრიპის ვაქცინას თვითონვე შეუძლია, გრიპისმაგვარი სიმპტომები გამოიწვიოს.

– როგორც გითხარით, საქართველოში შემოტანილ ვაქცინებს, რომლებიც ინაქტივირებულ, დახოცილ ვირუსებს შეიცავს, ასეთი სიმპტომების გამოწვევა არ შეუძლია. ცოცხალმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი სიმპტომები, მაგრამ ვაქცინის ეს ნაირსახეობა ჩვენს ქვეყანაში არ შემოდის.

• შარშან ავიცერი, ამიტომ წელს ვაქცინაცია აღარ მჭირდება.

– ეს დიდი შეცდომაა. ზემოთ გითხარით, რომ ვირუსს აქვს უნიკალური თვისება, წლიდან წლამდე განიცადოს უმნიშვნელო გენეტიკური ცვლილებები. მისი ეს სუპერძალა თავსატეხს უჩენს მეცნიერებს, თუმცა აქაც სიცოცხლის სიყვარული იმარჯვებს: მეცნიერები ყოველ წელს ქმნიან ახალ ვაქცინას, რომელიც მორგებულია მიმდინარე სეზონზე არსებულ უკვე შეცვლილ ვირუსს. აქედან გამომდინარე, წინა წელს ჩატარებული ვაქცინაცია ამ სეზონზე არსებული ვირუსისგან ვერ დაგიცავთ. სწორედ ამიტომ უწოდებენ გრიპის ვაქცინას სეზონურს.
• გრიპის ვაქცინა შეიცავს ინგრედიენტებს, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის.

– ნებისმიერი სახის ვაქცინის შესაქმნელად საჭიროა სხვადასხვა სახის სუბსტრატები, რომლებიც, ცალკე აღებული, მეტ-ნაკლებად მართლაც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. გრიპის ვაქცინაში შემავალ შედარებით სახიფათო ელემენტად მიიჩნევა კვერცხის ცილა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ალერგიული რეაქცია კვერცხზე ალერგიის მქონე პირებში. თუმცა მეცნიერები და ექიმები თანხმდებიან, რომ ალერგიის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე გრიპისა და მისი გართულებების მკურნალობა. საბოლოო ჯამში, ვაქცინაციის თაობაზე ექიმმა და პაციენტმა გადაწყვეტილება ერთად უნდა მიიღონ.

ზიანი თუ სარგებელი
ვაქცინაცია კაცობრიობისთვის უდიდესი საჩუქარია. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სარგებელი ყოველთვის გადაწონის ზიანს, რადგან ვაქცინა იქმნება მხოლოდ ისეთი დაავადებებისთვის, რომლებიც მოიცავს მოსახლეობის დიდ ნაწილს და მაღალი ლეტალობა (სიკვდილიანობა) ახასიათებს. გრიპი ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა, ამიტომ მისი პრევენცია მნიშვნელოვანია.

 

პრევენცია
– მოახლოვდა თბილი წინდების სეზონი და ვირუსები თავდასხმისთვის იწყებენ მზადებას. რას გვირჩევთ, როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან?

– გრიპისგან თავის დაცვის ერთადერთი პირდაპირი გზა ვაქცინაციაა, თუმცა არსებობს სხვა რეკომენდაციებიც, რომელთა შესრულება შეამცირებს როგორც გრიპის, ისე გრიპისმაგვარი დაავადებების ალბათობას.

• ერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა. გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.

• როგორც ჯანმრთელებმა, ისე გრიპით დაავადებულებმა შეძლებისდაგვარად ხშირად იბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა; რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით.

• გაქვთ მაღალი ტემპერატურა, გტკივათ თავი, კუნთები, სახსრები, ყელი, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს.

თუ მაინცდამანიც გარდაუვალია დაავადებულის მოხვედრა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, სასურველია, გამოიყენოს ნიღაბი. ამ შემთხვევაში გრიპის გავრცელების ალბათობა შემცირდება.

• ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა – მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (გარდა ასპირინისა), ტკივილგამაყუჩებლები და სხვ.

• თუ გიჭირთ სუნთქვა, ქოშინებთ, იღებთ მოვარდისფრო სისხლიან ნახველს, ცხვირ-ტუჩის გარშემო ციანოზური, მოლურჯო ელფერი გადევთ და ძილად ხართ მივარდნილი, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს – შესაძლოა, ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა გჭირდევბოდეთ. ჩვილებთან საგანგაშო ნიშნებია ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოება, ყიფლიბანდის დაძაბულობა.

წყარო: "ჟურნალი ავერსი"