Plasmon
გულის თანდაყოლილი მანკი

თარიღი: 24 ნოემბერი, 2022

გულის თანდაყოლილი მანკი - შეფასება, სიმპტომები, მკურნალობა, კავშირი სპორტთან და  ნორმალური ცხოვრება დიაგნოზის მიუხედავად

 

რას ნიშნავს გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზი, რა სიმპტომებს უნდა მიქციოს ყურადღება მშობელმა, რა კვლევებია საჭირო, როგორია ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მომავალი და ურთიერთობა პაციენტის მშობლებთან, - ამ და სხვა საკითხებზე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა კარდიოლოგი ნონა გრძელიშვილი საუბრობს.

 

როდესაც  ბავშვთან ისმევა გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზი, ბუნებრივია, მშობელს უჩნდება კითხვა: რა იქნება ახლა? რას უნდა ველოდოთ?

გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ზოგიერთი მსუბუქი ფორმა, როგორიცაა მცირე ზომის დეფექტები (ხვრელები), ასევე სხვადასხვა სარქვლის მსუბუქი ხარისხის სტენოზი, საჭიროებს დინამიკაში დაკვირვებას, ზოგჯერ წელიწადში ერთხელ. დაკვირვება ხდება კვლევის მარტივი მეთოდის დახმარებით - ექოკარდიოსკოპიით. გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფორმები საჭიროებს ჩარევას. ჩარევა შეიძლება იყოს როგორც ქირურგიული, ასევე კათეტერიზაციის ლაბორატორიაში სხვადასხვა მოწყობილობისა და  მეთოდის გამოყენებით.  არსებობს იშვიათი,  რთული შემთხვევები, როცა პაციენტს ესაჭიროება გულის ტრანსპლანტაცია.

 

რა სიმპტომებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

სპეციფიური სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა, გამოვლინდეს გულის თანდაყოლილი მანკის დროს, მჭიდრო კავშირშია ბავშვის ასაკთან. მაგალითად, ჩვილები ყველაზე მეტ ენერგიას ხარჯავენ კვების დროს. შესაბამისად გულის უკმარისობის სიმპტომების უმეტესობა რეალურად ჩნდება  კვების დროს.  ეს შეიძლება იყოს ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ოფლიანობა კვების დროს.

 

მცირეწლოვან ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ სიმპტომები, რომლიც კავშირშია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან. ეს შესაძლოა, იყოს გულისრევა, ღებინება კვების დროს. ეს სიმპტომები ხშირია ფიზიკური დატვირთვის  შემთხვევაშიც.

 

მოზარდებში სიმპტომები უფრო მრავალფეროვანია: ტკივილი გულმკერდში, სისუსტე და გულისფრიალის შეგრძნება. როცა ეს სიმპტომები უკავშირდება ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტივობას,  ეს არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო  ნიშანი კარდიოლოგისათვის.  თუ მოზარდს აქვს ტკივილი გულმკერდში ფიზიკური აქტივობის დროს, ან ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი, რაც ასევე ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება,  აუცილებელია კარდიოლოგთან მიმართვა, რათა   ჩაუტარდეს შესაბამისი კარდიოლოგიური კვლევები.

 

როგორ შეიძლება ახალშობილთან ან ჩვილ ბავშვთან ეჭვი მივიტანოთ გულის თანდაყოლილ პათოლოგიაზე?

როგორც წესი, პაციენტთან პირველი შეხება აქვს პედიატრს. პაციენტის ზრდის შეფერხება, ტუჩების, ენის ან ფრჩხილების  ფერის შეცვლა, გულის მოსმენით დაფიქსირებული შუილი -  არის ის  მნიშვნელოვანი  სიმპტომები, რომლის გამოც პედიატრი ბავშვს აგზავნის კარდიოლოგთან.  შუილის უმრავლესობა არის ფუნქციური (არაპათოლოგიური), რაც არაა კავშირში გულის პათოლოგიის არსებობასთან.

 

რომელია ის  ძირითადი  კვლევები, რომელიც გამოიყენება გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დიაგნოსტირებისათვის?

 

პულსოქსიმეტრია: თითზე განთავსებული სენსორი  გვიჩვენებს სისხლში ჟანგბადის პროცენტულ რაოდენობას. ნორმაზე დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა, მიუთითებდეს გულის ან ფილტვების პათოლოგიაზე.

ელექტროკარდიოგრაფია: ესაა კვლევის არაინვაზიური მეთოდი, რომლითაც ხდება გულის ელექტრული აქტივობის ჩაწერა. ამ კვლევის საშუალებით, შესაძლოა, შევაფასოთ რითმისა და გამტარებლობის დარღვევები, გულის  იშემიური პათოლოგიები.

ექოკარდიოსკოპია: ესაა კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებითად ხდება გულის აგებულებისა და ფუნქციის შესწავლა. ის არის ერთ-ერთი ძირითადი არაინვაზიური კვლევის მეთოდი, რომელსაც ვიყენებთ გულის თანდაყოლილი პათოლოგიის დიაგნოსტიკაში.

გულმკერდის რენტგენი: აჩვენებს გულისა და ფილტვების მდგომარეობას, მისი დახმარებით ვაფასებთ, არის თუ არა გულის გადიდებული, ფილტვის მფარავი გარსი შეიცავს თუ არა სხვა დამატებით სითხეს, ფილტვების სისხლძარღვოვანი ქსელი არის თუ არა გაძლიერებული, რაც შესაძლოა, გულის უკმარისობაზე მიუთითებდეს.

გულის კათეტერიზაცია: ამ პროცედურის დროს წვრილი მილი (კათეტერი) შეჰყავთ სისხლძარღვში, ჩვეულებრივ საზარდულის არეში და მიემართება გულში.  კათეტერიზაციას შეუძლია, მოგვაწოდოს დეტალური ინფორმაცია გულის კამერებსა და სისხლძარღვებში  არსებული წნევის, ჟანგბადის შემცველობის  შესახებ.  გარკვეული ტიპის სამკურნალო პროცედურები შესაძლოა, ჩატარდეს კათეტერიზაციის ლაბორატორიაში.

გულის მაგნიტურ რეზონანსული  ტომოგრაფია (MRI): ძირითადად ტარდება მოზარდებში და მოზრდილებში. იძლევა 3D გამოსახულებას, რაც იძლება გულის სტრუქტურების ზუსტი შეფასების საშუალებას.

 

ხშირად მშობელი სვამს კითხვას: როგორია ჩემი შვილის მომავალი გულის თანდაყოლილი მანკით?

ხშირად, როცა მშობელი პირველად იგებს, რომ მის შვილს დაუსვეს გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზი, ძალიან დაბნეულია. ძნელია, გაიხსენო ყველაფერი, რაც გითხრეს პირველი ვიზიტის დროს. აქედან გამომდინარე, შემდგომ ვიზიტებზე მნიშვნელოვანია ამ ტიპის კითხვების დასმა:

როგორი იქნება მომდევნო ხუთი წელი?

დასჭირდება თუ არა რაიმე ტიპის პროცედურა ამ ხუთი წლის განმავლობაში? რაიმე ოპერაცია?

რა ტიპის კვლევები, რა სიხშირის დაკვირვება იქნება საჭირო?

დასჭირდება თუ არა სხვა სპეციალისტის ჩართვა?

რას ნიშნავს ეს ბავშვის ცხოვრების წესისთვის? რა შეზღუდვებია სპორტში და ჩვეულ ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობაში?

და რაც მთავარია, როგორ ვიმუშავოთ მშობელთან ერთად, რომ ბავშვს ჰქონდეს ნორმალური ცხოვრება, მიუხედავად გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზისა.

 

რა ტიპის პროცედურები შეიძლება დასჭირდეს ბავშვს გულის თანდაყოლილი მანკით?

გულის თანდაყოლილი მანკის სხვადასხვა ფორმას შესაძლოა, სამომავლოდ სხვადასხვა პროცედურა დასჭირდეს. ეს შეიძლება იყოს როგორც კარდიოქირურგიული ჩარევა ღია წესით, ასევე პროცედურები კათეტერიზაციის ლაბორატორიაში.  კარდიოქირურგიული ჩარევისათვის მნიშვნელოვანია ოპერაციული ჩარევის ვადების განსაზღვრა. გულის თანდაყოლილი პათოლოგიის სხვადასხვა ფორმას ჩარევის განსხვავებული დრო აქვს. აღნიშნულს ვითვალისწინებით პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

შეუძლია, თუ არა გულის თანდაყოლილი მანკის  მქონე პაციენტს დაკავდეს სპორტით?

ეს არის ყველაზე გავრცელებული შეკითხვა, რაც ისმევა მშობლებისგან და ბავშვებისგან, როდესაც იგებენ დიაგნოზის შესახებ. სპორტს  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბავშვების უმრავლესობის ცხოვრების წესში. გულის თანდაყოლილი მანკების უმეტეს ნაწილში, მაქსიმალურად  ვცდილობთ, დავეხმაროთ, რათა   არ შეეზღუდოთ  ფიზიკური აქტივობა. თუმცა არსებობს გულის თანდაყოლილი მანკების გარკვეული სახეობები, როცა სპორტის ზოგიერთი სახეობა არაა რეკომენდებული. ზოგიერთ ჩვენს პაციენტს შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული გენეტიკური სინდრომი, რაც  მათ არტერიებს ძალიან სუსტს ხდის. ამ პაციენტებისათვის არაა ნებადართული ძალოსნობა, კონტაქტური სპორტის სახეობები (როცა ხშირი შეჯახებების რისკია), ვინაიდან არსებობს სისხლძარღვების  დილატაციისა და მათი რუპტურის (გასკდომის) რისკი.

 

გადაეცემა თუ არა გულის თანდაყოლილი პათოლოგია მშობლიდან შვილს?

ჩვენს პაციენტებს, რომელთაც აქვს გულის თანდაყოლილი მანკი, მოზრდილ ასაკში ვუხსნით, რომ გარკვეული პათოლოგიები გადაეცემა მემკვიდრეობით.  ეს ნიშნავს, რომ თუ  მშობელს აქვს გულის თანდაყოლილი მანკის გარკვეული სახეობა, არსებობს მცირე რისკი, რომ მათ შვილსაც ჰქონდეს გულის თანდაყოლილი დაავადება. ეს შესაძლოა, იყოს დაავადების იგივე ფორმა, ასევე განსხვავებულიც.  თუ პაციენტი  გულის თანდაყოლილი მანკით დაორსულდა, აუცილებელია როგორც დედის გეგმიური მეთვალყურეობა, ასევე უნდა ჩატარდეს ფეტალური ექოკარდიოსკოპია (ნაყოფის გულის ექოსკოპია). საბედნიეროდ, ჩვენი პაციენტების უმრავლესობას არ აქვთ ორსულობის უკუჩვენება. თუმცა არსებობს გარკვეული სპეციფიური მდგომარეობები, როცა ორსულობა წარმოადგენს დედისა და ნაყოფის სიცოცხლისათვის მაღალ რისკს. აღნიშნულის  გათვალისწინებით,  თუ გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტი გეგმავს ორსულობას, აუცილებელია  გაიაროს კონსულტაცია კარდიოლოგთან.

 

როგორ შეიძლება, კარდიოლოგი იყოს სამედიცინო გუნდის საუკეთესო პარტნიორი?

პაციენტს, მის ოჯახსა და კარდიოლოგს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანიაჩვენ ხშირად  ვმეთვალყურეობთ პაციენტებს წლების განმავლობაში როგორ იზრდებიან ჩვილობიდან მოზრდილობამდე. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტისა და მისი ოჯახისათვის არსებობს გაურკვეველი  საკითხებიაუცილებელია მკურნალ ექიმს დაუსვან კითხები. საჭიროების შემთხვევაში კარდიოლოგის მიერ მიწოდებული ინფორმაციის განხილვა ხდება გუნდში.