Plasmon
იწვევს თუ არა ვაქცინაცია დამბლას

თარიღი: 20 სექტემბერი, 2022

დაავადების უცხოენოვან სახელწოდებას ლამის მაგიური ძალა აქვს. როგორც კი რაიმე ასეთს გავიგონებთ, ძარღვებში სისხლი გვეყინება და ისევ ნაცნობ ჭირს ვამჯობინებთ... გრიპი, თუნდაც ღორისა, რაც არ უნდა იყოს, მაინც გრიპია, თუმცა ავმა დიდებამ H1N1-ის ვაქცინას ნამდვილად ჩამოუსწრო...

ალბათ გახსოვთ, ამ რამდენიმე ხნის წინ ჩვენი მედია აჭრელებული იყო “საიდუმლო” მასალებით, ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯილიან-ბარეს სინდრომს იწვევსო. ჯანდაცვის სპეციალისტები და ექიმები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან სატელეფონო საუბრისას ვერც კი მიხვდნენ, რომელ დაავადებაზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა, აზრად არავის მოსვლია დაეზუსტებინა, რამდენად ზუსტი იყო ტრანსკრიფცია და რა სახელით იხსენიებდა ქართული სამედიცინო ლიტერატურა ამ პათოლოგიას...

სინდრომსა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან მის შესაძლო კავშირზე გვესაუბრება “ავერსის” კლინიკის ნევროლოგი დავით ბათიაშვილი.

ამ დაავადების სახელი Guillain-Barre Syndrome, ფრანგული ენის ტრანსკრიფციიდან გამომდინარე, ამგვარად გამოითქმის: გილენ-ბარეს სინდრომი, მაგრამ სხვა (მაგალითად რუსულ) ენოვან სამედიცინო ლიტერატურაში, ზოგჯერ ჟღერს როგორც გიიენ-ბარეს ან გილიენ-ბარეს სინდრომი. ჟორჟ გილენი და ჟან-ალექსანდრ ბარე ფრანგი ნევროლოგები იყვნენ, რომლებმაც ანდრე სტროლთან ერთად 1916 წელს ამ დაავადებით შეპყრობილი ორი ჯარისკაცი აღწერეს და დამახასიათებელი სიმპტომები გამოყვეს. სხვათა შორის, 60 წლით ადრე პათოლოგია ასევე ფრანგმა ნევროლოგმა ჟან ბატისტ ლანდრიმ აღწერა.  ამიტომაც ევროპელები დიდხანს ლანდრის აღმავალი დამბლას უწოდებდნენ. დაავადებათა თანამედროვე საერთაშორისო კლასიფიკაციაში ეს დაავადება გილენ-ბარეს სინდრომის სახელით შედის. თანაც თუ გავითვალისწინებთ მედიცინაში, თუნდაც მხოლოდ ნევროლოგიაში არსებული სინდრომებისა და დაავადებების სიმრავლეს, ექიმთა დაბნევა სავსებით გასაგებია.

რამდენად ხშირია ეს პათოლოგია და რა სიმპტომები ახასიათებს?
სინდრომი საკმაოდ იშვიათია. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, 100 000 კაცზე ყოველწლიურად დაავადების 1,2-2 შემთხვევა გვხვდება. ამასთანავე, გილენ-ბარეს სინდრომის რამდენიმე ვარიანტს გამოყოფენ. შესაბამისად, კლინიკური სურათიც განსხვავებულია. მთავარი ნიშანი კიდურების პროგრესირებადი სისუსტეა, რომელიც რიგ შემთხვევაში სრული დამბლის განვითარებით სრულდება. კლასიკურად დაავადება ქვედა კიდურებიდან იწყება და ზედა კიდურებზე ვრცელდება, დიაფრაგმისა და სასუნთქი კუნთების დამბლის გამო ხშირად იწვევს სუნთქვის უკმარისობას, რაც შესაძლოა სიკვდილის მიზეზად იქცეს.

გილენ-ბარეს სინდრომი უმეტესად კეთილთვისებიანია და ხშირად ნევროლოგიური სიმპტომების სრული აღდგენით სრულდება. ნარჩენი მოვლენები მხოლოდ ზოგიერთ ფორმას ახასიათებს.

სიკვდილიანობა, სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, განსხვავებულია – 1-დან 16%-მდე. მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვის გამო ბოლო წლებში სიკვდილიანობამ საგრძნობლად იკლო.

რა უდევს საფუძვლად დაავადების განვითარებას? ცნობილია თუ არა მისი მიზეზები?
დაავადების უშუალო მიზეზი ამჟამად უცნობია. ათიდან შვიდ შემთხვევაში სინდრომის განვითარებას 1-3 კვირით უსწრებს ზედა სასუნთქი გზების ესა თუ ის ინფექცია, დიარეა. გარდა ამისა, შესაძლოა ფიგურირებდეს გადატანილი ჰეპატიტი, წითელი ქარი, ტრავმა ან ჩატარებული ვაქცინაცია. დანარჩენ შემთხვევებში მიზეზი დაუდგენელი რჩება.

თანამედროვე მონაცემებით, გილენ-ბარეს სინდრომის განვითარება უკავშირდება შემდეგ ინფექციურ აგენტებს: ციტომეგალოვირუსს, ებშტეინ-ბარის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსებს, მიკოპლაზმას, campylobacter jejuni-ს. დაავადების განვითარების მექანიზმები ბოლომდე არ არის ცნობილი. გილენ-ბარეს სინდრომი მიჩნეულია აუტოიმუნურ დაავადებად – იმუნური სისტემა საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებს (ამ შემთხვევაში – პერიფერიული ნერვების გარსს ე.წ მიელინს ან თვით ნერვული უჯრედების გრძელი მორჩებს ე.წ. აქსონებს) უტევს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ინფექციური ფაქტორები ნერვების გარსს ისე ცვლიან, რომ დამცავი სისტემა მათ ვეღარ ცნობს. არ გამორიცხავენ, რომ ინფექციური ფაქტორები პერიფერიული ნერვების გარსის მსგავს ბიოქიმიურ სტრუქტურებს შეიცავდნენ, ამიტომ გამომუშავებული ანტისხეულები ერთსაც ებრძვიან და მეორესაც.

არსებობს თუ არა კავშირი გილენ-ბარეს სინდრომსა და ვაქცინაციას შორის? მართლა მოსალოდნელია H1N1 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად ამ სინდრომის განვითარება?
გილენ-ბარეს სინდრომის მაგვარი მდგომარეობა ნებისმიერი ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს, თუმცა ეს სინდრომი ხშირია მხოლოდ ანტიტეტანური ვაქცინაციის შემდეგ. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ კი მხოლოდ ორჯერ, 1976-1977 და 1993-1994 წლებში, დაფიქსირდა აშშ-ში გილენ-ბარეს სინდრომის მაღალი სიხშირე ზოგად პოპულაციასთან შედარებით. სხვა წლებში, მიუხედავად ინტენსიური კვლევისა, მსგავსი კავშირი არ გამოვლენილა. ამასთანავე, გილენ-ბარეს სინდრომის განვითარების ალბათობა თავად გრიპის შემდეგ გაცილებით მეტია: სტატისტიკის თანახმად, გრიპის ნებისმიერი ფორმის გადატანიდან დაახლოებით 30 დღეში გილენ-ბარეს სინდრომის გამოვლენის სიხშირე 100 000 კაცზე 16,6 შემთხვევას უტოლდება (შეადარეთ ვაქცინირებულებში გამოვლენის სიხშირეს – ეს უკანასკნელი საშუალო სტატისტიკურზე გაცილებით ნაკლებია, 100 000-დან სულ 0,76 შემთხვევას შეადგენს). ამრიგად, სხვა გართულებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ გილენ-ბარეს სინდრომის ალბათობის შესამცირებლადაც კი რეკომენდებულია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება.

როიტერი გვამცნობს
თუ მთელი მსოფლიოს ნიუსებს გადახედავთ, თითქოსდა ყველა შეშფოთებულია ღორის გრიპის ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტებით და მათ შიშს უსაფუძვლოსაც ვერ დავარქმევთ. რატომ არავინ ცდილობს მათ გაბათილებას, რატომ არ ისმის სპეციალისტთა ხმა? როგორ არ ისმის, მაგრამ სენსაციების მაძიებელ ჟურნალისტებსა და კონსპირაციის თეორიის მხარდამჭერ მკითხველებს ნაკლებად აინტერესებთ.

ასე, მაგალითად: “როიტერმა” ჯერ კიდევ სამი თვის წინ გაახმაურა “ლანცეტში” გამოქვეყნებული კვლევის შედეგები და მოარულ შიშებს მშრალი სტატისტიკა დაუპირისპირა. საქმე ის არის, რომ ცხოვრებაში უბედურებები ხდება და არც ის არის გამორიცხული სპონტანური აბორტი, გილენ-ბარეს სინდრომი ან თუნდაც სიკვდილი ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაემთხვეს. ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმებს გამოუთვლით, რომ დიდ ბრიტანეთში ყოველ 10 მილიონ აცრილზე აცრიდან 6 კვირის განმავლობაში გილენ-ბარეს სინდრომის 21,5 და უეცარი სიკვდილის 5,75 შემთხვევაა მოსალოდნელი, ხოლო მილიონი ორსულიდან 397-ს აცრიდან 24 საათის განმავლობაში მუცელი მოეშლება.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უბრალო შემთხვევითობისა და ალბათობის თეორიის წყალობით.

მიუხედავად იმისა, რომ ამქვეყნად ცუდთან ერთად კარგი ამბებიც ხდება, “აცრის შემდეგ მოგებული ლატარიის” მსგავს ჰედლაინს ვერსად იპოვით.

იმავე სააგენტომ 18 ნოემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება გამოაქვეყნა.

იმ დროისთვის მსოფლიოს 16 ქვეყანაში 65 მილიონი ადამიანი იყო აცრილი. გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, ნანემსარის შეშუპებას, შეწითლებას და ტკივილით შემოიფარგლებოდა და ყველა სიმპტომი საშუალოდ 48 საათში ქრებოდა.

6 ქვეყანაში ვაქცინაციის შემდგომი სიკვდილის 41 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა ექიმების საბოლოო დასკვნით, არც ერთ მათგანს აცრასთან რაიმე კავშირი არ ჰქონია.

ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელთა მონაცემებით, 11 მილიონი აიცრა, აცრის შემდეგ 2 დაიღუპა, ხოლო 15 ადამიანს მძიმე გვერდითი მოვლენა განუვითარდა. გარდაცვალების ორივე შემთხვევის დაწვრილებითი გამოძიებით, რაც აუტოფსიის (გვამების გაკვეთის) შედეგების განხილვასაც ითვალისწინებდა, ორივე შემთხვევა ფარულ სამედიცინო პრობლემებთან იყო დაკავშირებული და ვაქცინაციას უბრალოდ დაემთხვა. გილენ-ბარეს სინდრომის 12-მდე შემთხვევა აღირიცხა, რომელთა მხოლოდ უმცირეს ნაწილს შეიძლება ჰქონდეს რამე კავშირი პანდემიურ ვაქცინასთან და, რაც მთავარია, თორმეტივე პაციენტი სავსებით გამოჯანმრთელდა.

ჯანმომ ვაქცინების ვითომდა ნაჩქარევ წარმოებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, უსაფრთხოების პროფილით ეს ვაქცინა სხვებისგან არ განსხვავდება. საერთოდ, სეზონური გრიპის ვაქცინაზე მუშაობა ყოველ წელს მარტში იწყება და აგვისტომდე გასტანს. ამჯერად ვირუსი მაისში გამოყვეს, ვაქცინაცია კი ოქტომბერში დაიწყო.

ჯანმომ კვლავ შეახსენა მოსახლეობას, რომ ვაქცინა გაცილებით ნაკლებსაშიშია, ვიდრე თავად ღორის გრიპი, რომელმაც იმ დროისთვის მთელ მსოფლიოში 6250 ადამიანი იმსხვერპლა.

წყარო: ჟურნალი "ავერსი"