Plasmon
ჯანმრთელი დედა და ჯანმრთელი ნაყოფი - როგორ ავიცილოთ თავიდან პრეეკლამფსია

თარიღი: 14 მაისი, 2021

რეპროდუქტოლოგების დახმარებით უამრავი ქალი ეზიარება დედობის სიხარულს, უამრავი ოჯახი ივსება ბედნიერებით. თუმცა თანამედროვე რეპროდუქტოლოგიაში თამასამ საკმაოდ მაღლა აიწია – დღეს მიზანია არა მხოლოდ დაორსულება, არამედ ჯანმრთელი ნაყოფის მიღება და დედის ჯანმრთელობასთან ერთად ცხოვრების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაც. თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების წყალობით უკვე შესაძლებელია ისეთი საშიშროების პროგნოზირება, როგორიცაა პრეეკლამფსია, ამისთვის კი საჭირო დროს საჭირო გამოკვლევის ჩატარებაა აუცილებელი.
ამ მეტად აქტუალურ საკითხზე ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის დირექტორი, რეპროდუქტოლოგი, თსუ პროფესორი არსენ გვენეტაძე გვესაუბრა.

ბატონო არსენ, რა არის პრეეკლამფსია და რითია ის ასეთი საშიში?
პრეეკლამფსია ორსულობის ერთ-ერთი ვერაგი გართულებაა. ის თავს იჩენს ორსულობის მეოცე კვირის შემდეგ და ხასიათდება არტერიული ჰიპერტენზიით (წნევის მატებით) და პროტეინურიით (შარდში ცილის გაჩენით), რასაც ზოგჯერ შეშუპების სინდრომიც ერთვის. ამის პარალელურად ხშირად ვითარდება ღვიძლის მძიმე ფუნქციური დაზიანება, სისხლძარღვშიდა ჰემოლიზი (სისხლის დაშლა) და სისხლის შედედების მძიმე, ზოგჯერ შეუქცევადი ცვლილებები. პრეეკლამფსიის შედეგად ასევე შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, მწვავე ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი.
პრეეკლამფსია ზოგჯერ ეკლამფსიაში გადაიზრდება, თუ აღწერილ პროცესს დაერთო ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები და კრუნჩხვა.
პრეეკლამფსიით მსოფლიოში ყოველ შვიდ წუთში ერთი ქალი კვდება, რაც წელიწადში 76 000-ს აღწევს; დაბადებამდე ან დაბადების დროს იღუპება ნახევარი მილიონი ნაყოფი.

რატომ ვითარდება პრეეკლამფსია?
ამაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პლაცენტის სისხლძარღვების არასრულფასოვანი განვითარება, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს გენეტიკური მიზეზებით, სისხლძარღვების დაზიანებით, იმუნური დარღვევით...

რისკის შეფასება
შესაძლებელია თუ არა პრეეკლამფსიის თავიდან აცილება კვების რაციონის შეცვლით?
პრეეკლამფსიის რისკს არ ამცირებს მარილის შეზღუდვა, ფიზიკური აქტივობის გაზრდა, კალორიების კონტროლი, ნივრის ან თევზის ქონის მიღება და სხვა. საბედნიეროდ, დღეს უკვე შესაძლებელია, რისკი ორსულობის ადრეულ პერიოდშივე შეფასდეს. ამისთვის გამოკვლევა ორსულობის მე-11-დან მე-14 კვირამდე უნდა ჩატარდეს.
ასეთი გამოკვლევის ჩატარებას მაღალი ტექნოლოგიები და განსაკუთრებული კვალიფიკაციის სპეციალისტი სჭირდება, რაც საქართველოში იშვიათია. ჩვენმა კლინიკამ საგანგებოდ მოამზადა ასეთი კადრი. მართალია, პრეეკლამფსია სამეანო გართულებაა, მაგრამ ვინაიდან მისი პრევენცია ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდანაა შესაძლებელი, ამ საქმეში ჩვენი კლინიკის რეპროდუქტოლოგთა მთელი გუნდია ჩართული.

მაინც რას გულისხმობს ეს გამოკვლევა?
პრეეკლამფსიის პირველი ტრიმესტრის პროგნოზული ტესტი რამდენიმე მონაცემის კომბინირებულ შეფასებას გულისხმობს. ექიმი გულდასმით შეისწავლის პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას, შეაჯამებს პლაცენტის ზრდის ფაქტორის (PIGF), არტერიული წნევისა და საშვილოსნოს სისხლძარღვების დოპლეროგრაფიულ მაჩვენებლებს. ამის შედეგად გამოჩნდება, აქვს თუ არა ქალს პრეეკლამფსიის მაღალი რისკი.

გამოსავალი
იოლი მისახვედრია, რომ მოსალოდნელი საფრთხის პროგნოზირება ბევრ ხიფათს აცილებს თავიდან ორსულს და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ნაყოფისთვის. ქალს, რომელსაც აღმოაჩნდება პრეეკლამფსიის რისკი, შესაბამისი დოზით ვუნიშნავთ ასპირინს, რომელიც პლაცენტურ სისხლის მიმოქცევაზე მოქმედებს. დადგენილია, რომ ეს პრევენციული მკურნალობა, 62%-ით – ფაქტობრივად, ორჯერ და მეტად – ამცირებს პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობას.
აქვე გეტყვით, რომ ორსულმა არც ასპირინი და არც რომელიმე სხვა წამალი, არათუ წამალი – უბრალო ვიტამინიც კი, არ უნდა მიიღოს ექიმთან შეუთანხმებლად.
რისკის მქონე ორსულებისთვის დეტალურად გაიწერება სამოქმედო გეგმა. მათ რეკომენდაცია ეძლევათ, ყოველდღე იზომონ არტერიული წნევა, პერიოდულად – შარდში ცილების შემცველობა და სხვა მაჩვენებლები. ორსული სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეს ექიმს, თუ შეაწუხა თავის ძლიერმა ტკივილმა, მუცლის ტკივილმა, ქოშინმა, იგრძნო მხედველობის დაბინდვა...
როგორც ხედავთ, გამოსავალი არსებობს. როდესაც პრეეკლამფსიის რისკი ცნობილია და თავად პრეეკლამფსიის ნიშნებსაც დროულად ამოვიცნობთ, შეგვიძლია, გართულებები თავიდან ავიცილოთ, გადავარჩინოთ დედის სიცოცხლე და ხელი შევუწყოთ ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას.