Plasmon
კონტაქტური დერმატიტი

თარიღი: 25 თებერვალი, 2020

რა არის კონტაქტური დერმატიტი, სიმპტომები და დიაგნოსტირება.

იცოდით რომ სამკაული, ტუჩსაცხი,სუნამო ან ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება შესაძლოა გახდეს უსიამოვნო დაავადების მიზეზი? ამ დაავადებას კონტაქტური დერმატიტი ჰქვია. თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ და რა ინფორმაციას ვფლობდეთ მის შესახებ, ამაზე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი დერმატოლოგი რუსუდან კახიძე გვესაუბრება.

– რა არის კონტაქტური დერმატიტი?
კონტაქტური დერმატიტი არის კანის რეაქცია გამაღიზიანებლებზე. კანის რეაქციის ხარისხი დამოკიდებულია სხვა და სხვა ფაქტორებზე:
- გამაღიზიანებლების ძალაზე
- ზემოქმედების ხანგრძლივობაზე
- კანის ბარიერულ ფუნქციაზე და ა.შ.

კანის გაღიზიანებას იწვევს, როგორც ქიმიური ( მჟავები, ტუტები და სხვა), ასევე ფიზიკური ფაქტორები (დაბალი და მაღალი ტემპერატურა, სხივები, მექანიკური ზემოქმედება და სხვა).

– რა სიმპტომებით ვლინდება კონტაქტური დერმატიტი?
გამაღიზიანებლების ზემოქმედების ადგილას ვითარდება კანის ანთებითი რეაქცია. პაციენტი გრძნობს წვას, ჩხვლეტას, ზოგჯერ ტკივილს და ქავილს. ობიექტურად აღინიშნება სიწითლე, ბუშტუკები, ბუშტები, მძიმე შემთხვევებში ნეკროზი. კანის რეაქცია ვითარდება კონკრეტულად გამაღიზიანებლის ზემოქმედების ზონაზე და მკვეთრად შემოსაზღვრულია.

– რა ტიპის კონტაქტური დერმატიტი არსებობს?
არსებობს კონტაქტური დერმატიტის მწვავე ფორმა, რომელიც ვითარდება რამდენიმე წუთში გამაღიზიანებელთან კონტაქტის შემდეგ და მისი კლინიკური სურათი, როგორც უკვე აღვნიშნეთ დამოკიდებულია გამაღიზიანებლის და კანის თვისებებზე.

კონტაქტური დერმატიტის ყველაზე ხშირი ფორმა არის ქრონიკული დერმატიტი, რომელიც ვითარდება ნელა, ხშირი კონტაქტით სუსტად მოქმედ გამაღიზიანებელთან (წყალი, საპონი, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები), ამ დროს მეტად ზიანდება ხელის მტევნები. პაციენტს აწუხებს ქავილი, წვა, კანის სიმშრალე. ობიექტურად ვლინდება კანის სიმშრალე, აქერცვლა, სიწითლე, გაუხეშება, ნახეთქები და ქერქები. დაზიანების საზღვარი თანდათან იშლება და არ არის მკვეთრი. ასეთი ტიპის კონტაქტური დერმატიტი ემართებათ დიასახლისებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სხვადასხვა ქიმიკატებთან ( მეტალები, ქიმიური ნაერთები, მცენარეები და სხვა).

არსებობს აგრეთვე ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, რომელიც წარმოადგენს კლასიკურ დაყოვნებულ ალერგიულ რეაქციას. სენსიბილიზაცია ძლიერი ალერგენების მიმართ ვითარდება დაახლოებით 48 საათის ან ერთი კვირის შემდეგ. სუსტი ალერგენების მიმართ რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ. ამ ტიპის დერმატიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა მეტალები, პარფიუმერული და კოსმეტიკური საშუალებები, გარეგანად გამოსაყენებელი წამლები, სადეზინფექციო საშუალებები, ცემენტი, საწვავი და მანქანის ზეთები, მცენარეები და სხვა).

– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ სურათს და ანამნეზს. რთულ შემთხვევებში კანის ბიოფსიაც კი ხდება საჭირო. ალერგენის დასადგენად რიგ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს სპეციფიკური ალერგიული სინჯები.

– როგორი ხდება მკურნალობა?
მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ალერგენის დადგენას.

– რას ურჩევთ მკითხველს?
დიასახლისებისთვის, საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების გამოყენების დროს, პირველ რიგში საჭიროა ხელების დაცვა ხელთათმანებით. ალერგიის მიზეზის დადგენის შემთხვევაში ხმარებიდან უნდა ამოიღონ ესა თუ ის გამაღიზიანებელი ფაქტორი, იქნება ეს სამკაული, კოსმეტიკური თუ ჰიგიენური საშუალება. თუ ალერგიული დერმატიტი ადამიანის საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტორია, ხშირად ასეთ პაციენტებს პროფესიის შეცვლაც კი უწევთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

წყარო: https://aladashvili.ge/