Plasmon
კუჭის და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი და მეტეორიზმი - გიორგი გვილიას რეკომენდაციები

თარიღი: 03 მარტი, 2020

რა სიმპტიმებით ვლინდება კუჭის წყლული და გასტრიტი, რა უნდა ვიცოდეთ კუჭ-ნაწლავის სისტემის მწვავედ მიმდინარე დაავადებების, მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ, როგორ დავიცვათ თავი შესაძლო გართულებებისგან და ვიკვებოთ სწორად – ამ თემაზე ,,ინტერკლინიკის” გასტროენტოროლოგმა, თერაპევტმა გიორგი გვილიამ ისაუბრა.

 

ბატონო გიორგი, დავიწყოთ საუბარი კუჭის წყლულით, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და ახასიათებს თუ არა მას სეზონურობა?

დავაზუსტოთ – კუჭის და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება, რადგან მხოლოდ კუჭის წყლული ცოტა განსხვავებული დაავადებაა, რომელიც არა მხოლოდ საკვებმა, არამედ უამრავმა ფაქტორმა, სხვადასხვა გამღიზიანებელმა შეიძლება გამოიწვიოს. თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება კი ქრონიკული პათოლოგიაა, მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში არის  ბაქტერია ჰელიკო ბაქტერ პილორი. ასევე შეიძლება იყოს აქტუალური მჟავის აგრესიული ფაქტორი, სხვადახვა მედიკამენტით თუ საკვებით კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება და დასუსტება. არსებობს ასეთი თეორიაც, რომ სტრესის დროს ჩნდება წყლულოვანი დაავადება.

კუჭის და თორმეტგოჯას წყლულოვან დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, მაგრამ როგორც ყველა დაავადებამ, ამანაც იცვალა სახე და მკაფიო სეზონურობა აღარ ფიქსირდება. თუ წლების წინ ვიცოდით, რომ გაზაფხულზე აქტიურდებოდა ეს პრობლემა, ახლა უკვე მთელი წლის განმავლობაში შესაძლოა იყოს.

 

შესაძლებელია თუ არა წყლულისგან საბოლოოდ განკურნება?

თუ წყლული რაიმე მიზეზით არის გაჩენილი, მაგალითად სტრესის, მედიკამენტის, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, მიუხედავად მწვავე მიმდინარეობისა, ეს მალე განიკურნება. ქრონიკული წყლულის განკურნებაც შესაძლებელია, წყლული შეხორცდება და ნაწიბური გაჩნდება, შესაძლოა აღარც განმეორდეს, მაგრამ ფაქტორები, რამაც წყლული გამოიწვია, მთელი ცხოვრება რჩება და ადამიანი, რომელსაც თორმეტგოჯას წყლული შეუხორცდა, მუდმივად უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ, მიაქციოს ყურადღება კვებას, რადგან დაავადების რეციდივის შანსი ძალიან დიდია.

 

რა უნდა ვიცოდეთ გასტრიტის შესახებ და როგორ ვლინდება ის მწვავე ფორმით?

გასტრიტის ანუ კუჭის ლორწოვანის ანთების  გამომწვევი მიზეზი ხშირად ჰელიკო ბაქტერ პილორის ბაქტერიაა.  გასტრიტი მულტიფაქტორული დაავადებაა, ის შეიძლება გამოიწვიოს ურეჟიმო ცხოვრებამ, სტრესმა, ძილის დეფიციტმა, დატვირთულმა გრაფიკმა, ნერვიულობამ, თამბაქოს და ალკოლოლის მოხმარებამ, ცხიმიანი და სანელებლებიანი საკვების მოხმარებამ. გასტრიტის დროს კუჭის ლორწოვანი გარსი შეიძლება არ იყოს შეცვლილი და გაგვეპაროს ვიზუალური დათვალიერებისას. გასტრიტი არის ქრონიკული დაავადებაა, მას მუდმივად ესაჭიროება მიხედვა და ყურადღება.  მწვავე გასტრიტი უმეტეს შემთხვევაში ქიმიური გამღიზიანებლებით არის გამოწვეული, არსებობს ძალიან მწვავე შემთხვევები, როდესაც ადამიანი რეანიმაციაში და ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაშიც კი ხვდება, მაგრამ ეს მაინც ისეთი მდგომარეობაა, რომელიც მალე მთავრდება ვიდრე ქრონიკული გასტრიტი.

 

რა დროს სჭირდება ადამიანს გასტროსკოპია და რამდენად სრულფასოვან ინფორმაციას გვაძლევს ის?

გასტროსკოპია პირველ ადგილზეა კუჭის იმ დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, რომლისთვისაც აუცილებელია მორფოლოგიური საფუძვლის განსაზღვრა. გასტროსკოპია სწრაფად ჩასატარებელი პროცედურა არ არის, თუ დეტალურად გვინდა საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება, აუცილებელია პაციენტის სედაცია, ეს არის ხანმოკლე ვენური ნარკოზი, პაციენტი ვერაფერს გრძნობს ექიმს კი ეძლევა საშუალება ყურადღებით დათვალიეროს ყველა ნაწილი და აიღოს რამდენიმე ნიმუში ბიოფსიისთვის. პაციენტები ცუდად რეაგირებენ ბიობსიის ხსენებაზე, ის საშიში არ არის, არამედ ნიშნავს, რომ წესების დაცვით ვაკეთებთ გასტროსკოპიას.

 

რა ინფორმაციას გვაძლებს მუცლის ღრუს ექოსკოპია და რა დროს ხდება საჭირო დამატებითი კვლევების ჩატარება?

ულტრაბგერითი კვლევით, კუჭის ლორწოვანის დათვალიერების დროს, იმ ინფორმაციის მეათედსაც ვერ მივიღებთ, რასაც გასტროსკოპიულიკვლევით ვიღებთ. ულტრაბგერითი კვლევით მიმდინარე ორგანოები დათვალიერდება, ასევე კუჭის კედლის სისქის, გამონაჟონის და ლიმფურის ჯირკვლების შეფასება შეიძლება. კუჭის მოტორიკაზე გვიქმნის წარმოდგენას, ანუ რამდენად კარგად იკუმშება და როგორ გადაედინება სითხე თორმეტგოჯაში.

 

ნაღვლის ბუშტის ანთება, რა ფორმით ვლინდება ის და რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს პაციენტებმა?

ქართველებს ძალიან გვიყვარს ნაღვლის ბუშტის ანთება და ყველაფერში ნაღვლის ბუშტია ხოლმე დამნაშავე. ხანდახან ისეთ არა ნაღვლისბუშტურ სიმპტომებსაც კი, როგორიც არის ხველა, ბეჭებს შორის ტკივილი, ხერხემლის ტკივილი ნაღვლის ბუშტს აწერენ. თუ რაიმე ტკივათ მუცლის ღრუში, მის გარეთ ან გულ-მკერდის ღრუში, რა თქმა უნდა ნაღვლის ბუშტზე მიაქვთ ეჭვი, რაც სწორი არ არის.

ნაღვლის ბუშტის ანთება, კენჭოვანი თუ არა კენჭოვანი ქოლეცისტიტი ასეთი ხშირი დაავადება არ არის. როდესაც ულტრაბგერითი კვლევით ნაღვლის ბუშტის კედლის შესქელება აღინიშნება, ესეც ყველა შემთხვევაში არ არის ქოლეცისტიტი, უნდა დავაკვირდეთ კლინიკურ სიმპტომებს. ნაღვლის ბუშტის ანთებას თავისი ლაბორატორიული მაჩვენებლები და კლინიკური ნიშნები ახასიათებს. 

 

მწვავე ქოლეცისტიტი ნამდვილად მწვავე დაავადებაა, მწვავე ტკივილით მიმდინაროებს, ახასიათებს ყველა ის სიმპტომი, რაც მუცლის ღრუს მწვავე პათოლოგიებს – გულისრევა, ტემპერატურის მატება. უნდა ითქვას, რომ დიფერენცირება ქოლეცისტიტსა და პანკრეატიტს  შორის საკმაოდ რთულია და სერიოზულ კვლევას საჭიროებს, მხოლოდ ფიზიკალური გასინჯვა არ შველის და ასევე ხშირად მკურნალობაც დიდად არ განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისგან. ნებისმიერი გულისრევის შეგრძნება, ბოყინი, გულძმარვა, სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში კვების შემდეგ, ეს არ არის ნაღვლის ბუშტის სიმპტომატიკა, თუმცა შესაძლებელის ნაღვლის ბუშტის ცუდმა კუშამ, ნაღვლის დაგვიანებულმა გადმოსროლამ ეს გამოიწვიოს და აქ ნამდვილად საჭიროა პროფესიონალის ჩარევა და ამ მდგომარეობების გამიჯვნა ერთმანეთისგან.

 

რა არის მეტეორიზმის გამომწვევი მიზეზი, გენეტიკური ფაქტორი თუ არასწორი კვება?

მეტეორიზმი ძალიან გავრცელებული სიმპტომია, ყოველი მეორე ადამიანი უჩივის მუცლის შებერილობას, ეს ზოგჯერ ობიექტურია, ზოგჯერ სუბიექტური, რადგან შესაძლოა ყოველთვის ნაწლავებში აირების დაგროვებას არ ქონდეს ადგილი და ადამიანი ნაწლავის ფიზიოლოგიურ გაჭიმვას მეტეორიზმად აღიქვამდეს. უფრო ხშირად მეტეორიზმი რეალური და ობიექტურია.

 

რაც შეეხება გენეტიკურ ფაქტორებს, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გარკვეული ფერმენტების თანდაყოლილი ნაკლოვანება გვაქვს. ეს ფერმენტები უმეტეს წილად ორმოლეკულიანი ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტებია და თუ თანდაყოლილად ნაკლები გვაქვს, როგორიც არის რძის შაქრის აუტანლობა, მაშინ მთელი ცხოვრება რძის პროდუქტებზე იქნება მეტეორიზმი, შესაძლოა ფაღარათი და მთელი რიგი სხვა სიმპტომები, რომელთაგან თავის დაღწევა მხოლოდ ამ პროდუქტებზე უარის თქმით იქნება შესაძლებელი და არანაირი მკურნალობა ამას არ შველის.

 

ცხოვრების განმავლობაში ადამიანები იძენენ ამ ნაკლოვანებას, ამ ფერმენტების განახლების და წარმოშობის სიმრავლე და სიჩქარე განსხვავებულია ადამიანების ორგანიზმში, მათზე უამრავი რამ ახდენს გავლენას. ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ ფაღარათი რომ ემართებათ, ეს მხოლოდ ნაწლავური ფლორის შემცირებით არ არის გამოწვეული, ანტიბიოტიკი პირველ რიგში აზიანებს წვრილ ნაწლავში ფერმენტების რაოდენობას და მათ აღდგენას გარკვეული დრო ჭირდება. თუ ასეთი რამ განვითარდა, ამას მოჰყვება შაქრების აუტანლობა, რაც არის ბოსტნეულში, ხილში,  ტკბილეულობაში, ამ პროდუქტებისგან თავს ვერ შევიკავებთ, ამიტომ მეტეორიზმი საკმაოდ ხშირია. ამ პროცესს მოყვება ნაწლავებში ბაქტერიების გამრავლება, მსხვილი ნაწლავის  ზედა და წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილში, ამას მეორე სინდრომი ქვია, ბაქტერიები ნახშირწყლებს საკვებად იყენებს, გაზებად გარდაქმნის და მიიღება ის ჩაკეტილი წრე, რომლისგანაც გამოსვლა საკმაოდ ძნელია. პაციენტებს გონიათ რომ ეს არის ნაღვლის ბუშტის დაავადება, კუჭი, ნაწლავის ანთებითი დაავადება, პანკრეასი…

 

როგორ მოვახდინოთ მუცლის ტკივილის დიფერენციაცია და როგორ ამოვიცნოთ დაავადება სიმპტომების მიხედვით?

ამ კითხვაზე 20 წლის წინ ძალიან თამამ პასუხს გაგცემდით, 25 წლის წინ კიდევ უფრო თამამს, ჩემი კარიერის დასაწყისში, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. წიგნზე და მასში ამოკითხულ სიმპტომებზე და მკაფიო კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით. ახალბედა ექიმს ჰგონია, რომ დიაგნოზამდე ზუსტად მივა, მაგრამ ეს ასე არ არის,  რადგან ყველა ეს დაავადება ერთმანეთს ჰგავს, სხვათა შორის გულის შეტევაც კი შეიძლება ჰგავდეს ამ დაავადებებს. გარჩევისთვის არა მხოლოდ ექიმის ხელოვნება, ანამნეზი და სრულყოფილი ფიზიკალური გასინჯვა,  არამედ ლაბორატორიულ ინსტრუმენტული გამოკვლევების მოშველიებაც ხდება საჭირო. რაც უფრო გამოცდილია ექიმი, მით უფრო უჭირს თავიდანვე თამამად დიაგნოზის დასმა. პაციენტს არ უნდა გაუკვირდეს, თუ ერთი ექიმი ბევრ გამოკვლევას ატარებს, მეორე ექიმმა კი შეიძლება მარტივად დასვას დიაგნოზი და დაემთხვეს სიმართლეს, ეს შეიძლება გამართლების ამბავიც იყოს, ამიტომ მაინც ვურჩევ პაციენტებსაც და კოლეგებსაც მოთმინებით აღიჭურვონ და ჩაატარონ ყველა ის ძირითადი გამოკვლევა, რაც ამ კარდინალურ პათოლოგიებს ერთმანეთისგან განარჩევს.

 

კუჭისა და გულის ტკივილი, როგორ გავმიჯნოთ, რომელი ორგანო გვაწუხებს?

გულის იშემიურ ტკივილს და კუჭის ან ნაღვლის ბუშტის თუ პანკრეასის ტკივილს ხანგრძლივობა განასხვავებს ერთმანეთისგან. სტენოკარდია, ანუ გულის იშემიური ტკივილი ხანმოკლეა, უმეტეს შემთხვევაში ფიზიკურ დატვირთვაზე და ემოციაზე დამოკიდებული,   საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა სართულის ტკივილი კი ასოცირებულია კვებასთან და გაცილებით ხანგრძლივია, თან ახლავს ხოლმე განმასხვავებელი ნიშნები, როგორიცაა გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ტემპერატურის მომატება. გულის მწვავე დაავადების ტკივილი გულ-მკერდში ლოკალიზდება, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა სართულის ტკივილი კი – მუცლის ღრუში.

ასევე მინდა აღვნიშნო, მე მოვესწარი იმ დროს, როდესაც კარდიოგრამაზე თუ ცვლილება არ ჩანდა, ამბობდნენ რომ გული ჯანმრთელია, რაც თანამედროვეობაში სიმართლე არ აღმოჩნდა, კარდიოგრამაზე შეიძლება არ დაფიქსირდეს ცვლილება, მაგრამ ადგილი ჰქონდეს გულის იშემიურ დაავადებას. ნებისმიერი მწვავე ტკივილი ექიმს, განსაკუთრებით სასწრაფოს ექიმებს, ავალდებულებს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოითხოვოს.

 

შეიძლება თუ არა გამოვყოთ პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად ვნებს კუჭნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანებს?

ყოველთვის გაცილებით ნაკლებად მაწყინარია მოხარშული საკვები, ცხელ წყალში ხარშვა გაცილებით ფიზიოლოგიურია, ვიდრე შეწვა.

შემწვარი საკვები არ არის ისე კარგად თერმულად დამუშავებული როგორც მოხარშული.

სანელებლებით ძალიან შეზავებული საკვები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გემრიელია, მაინც იწვევს რაღაც ტიპის დისკომფორტს.

დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი საკვები კუჭნაწლავის არც ერთ დაავადებას არ უხდება, ცხიმის გადამუშავება საკმაოდ ძნელია.

კონსერვანტებით გაჯერებული, ძველი საკვები, რომელიც დიდი ხანია შენახულია და შემდეგ საკვებად ვიყენებთ.

ალკოჰოლი და სპირტიანი სასმელები უარყოფითად მოქმდებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

 

ყველა შემთხვევაში ადამიანს დაკვირვება ჭირდება საკუთარ თავზე. ასევე უნდა ითქვას, რომ ადამიანს რომელსაც არ აწუხებს საჭმლის მომნელებელი სისტემა, მსგავსი არაჯანსაღი საკვები რაღაც დროის შემდეგ, მაინც გამოიწვევს გარკვეულ ზიანს.

 

რამდენად საშიშია სალმონელას შემცველი პროდუქტი?

სალმონელა ნაწლავური ინფექციის გამომწვევი ბაქტერიაა. საკვებში არსებობის შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ ყველა შემთხვევაში დაავადების გამომწვევია, რადგან თუ თერმულად კარგად დამუშავდება პროდუქტი, შეიძლება არ გამოიწვიოს ადამიანის დაავადება. თუ განვითარდა სალმონელოზი, თავისი მწვავე კლინიკური ნიშნებით, ის შესაძლოა გადაიზარდოს გულის კუნთის, ძვლების და ზოგადად კუნთების ტკივილში, მაგრამ ასეთი მწვავე სალმონელოზი პრაქტიკულად აღარ გვხვდება. იმდენად დიდი მგრძნობელობა აქვს გავრცელებული ანტიბიოტიკების მიმართ, რომ მკუნალობა მალევე იძლევა დადებით შედეგს და დიდ საშიშროებას ეს დაავადება არ წამოადგენს, ეს არ არის სასიკვდილო.

 

რა სახის რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, იქნენა ეს ცხოვრების წესი თუ კვება, რომ ავირიდოთ თავიდან კუჭ ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დაავადებები?

ცხოვრების წესი და კვება არის ძირითადი. დავიწყოთ მარტივად, გავრცელებული შეხედულებების თანახმად  სტრესი, უძილობა, თამბაქოს მოხმარება აზიანებს გულსისხლძარღვთა სისტემას, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არანაკლებ აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ დასვენების და მუშაობის რეჟიმის განაწილება. ადამიანს უნდა ეძინოს 7-8 საათი, საჭმლის მომნელებელმა სისტემამ კარგად რომ იმუშაოს სრულფასოვანი ძილი აუცილებელია.

 

რაც შეეხება საკვებს, თავი რომ დავანებოთ საკვების ხასიათს, სახეობას და მომზადების წესს, უმნიშვნელოვანესია რაოდენობა. ჩვენ ყველა ვამტკიცებთ, რომ სწორად ვიკვებებით და ცოტას ვჭამთ, ვამბობთ რომ ცოტა მივირთვით, მაგრამ მაინც გვაწყინა… ეს არ არის სწორი. ჩვენ გაცილებით იმაზე მეტ საკვებს მოვიხმართ, ვიდრე საჭიროა. ე.წ. მაწყინარი საკვები, მცირე რაოდენობით გაცილებით ნაკლებ დაავადებას იწვევს, ვიდრე დიდი რაოდენობით. ქართველებმა ამ საქმეში ზომა წონა არ ვიცით, მართალია თავი მოგვაქვს ჩვენი სუფრით, მაგრამ ეს ყველაფერი ჯანმრთელობისთვის ძალიან დამაზიანებელია.  თავიდანვე 7, 8,10 სახეობის საკვები ალაგია სუფრაზე და სუფრის წევრმა სულ რომ თითო კოვზი და მცირე ულუფებით გასიჯოს ყველა მათგანი, მაინც ვერ ადგება ამ სუფრიდან ჯანმრთელი, აუცილებლად ექნება დისკომფორტი.

 

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ჭამა მარტივი ღონისძიებაა, საკვების ჩასხმასავით, რაც არ არის სწორი, უნდა დავსხდეთ, მივირთვათ ნელა და დავღეჭოთ კარგად.  მავნე ჩვევა-ყველა ლუკმას წყალს რომ ვაყოლებთ ეს ძალიან ცუდად მოქმედებს კუჭზე, მის გაჭიმვაზე, მოტორიკაზე და მონელებაზე, უნდა ვიკვებოთ წესების დაცვით და ერთიდაიგივე დროს.

 

წესი იმის შესახებ, რომ საჭიროა ხშირად და პატარა ულუფებით ჭამა ეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ტრაქტის რაღაც დაავადებებზე მოქმედებს დადებითად, ძირითადად კუჭის. არის დაავადებები, რომლის დროსაც არ არის აუცილებელი ასე ხშირად კვება, შესაძლოა დიდი შუალედებიც გავაკეთოთ, მაგრამ აუცილებლად, რასაც მივირთმევთ, კარგად დაღეჭილი უნდა იყოს.

 

ყველა ჯერზე ექიმისგან დიეტის რეკომენდაციების მიღება, თუ რა უნდა მიიღოთ, მთლად მართალიც არ არის.  კონკრეტული პაციენტი უნდა დააკვირდეს თავის ორგანიზმს, არსებობს საკვები, რომელიც ერთიდაიგივე დაავადების შემთხვევაში ერთზე ცუდად მოქმედებს მეორზე კი არა, ასე რომ პაციენტმა თავად უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი და მიეხმაროს ექიმს, ამის მზა წესები მიუხედავად უამრავი რეკომენდაციისა არ არსებობს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ძირითადი წესების გარდა არსებობს გამონაკლისები, როდესაც პაციენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს ამ გამონაკლისებთან ცხოვრება.

 

წყარო: https://fortuna.ge/