Plasmon
ლეპტოსპიროზი

თარიღი: 16 აგვისტო, 2016

ლეპტოსპიროზი მწვავე  ინფექციური დავადებაა, რომელსაც ლეპტოსპირების გვარის ბაქტერია ლეპტოსპირა იწვევს. ლეპტოსპიროზის ბუნებრივი კერები რეგისტრირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, შემთხვევვები აღრიცხულია საქართველოშიც. დაავადების შემთხვევები წელიწადის ყველა დროში გვხვდება, მაგრამ სეზონად მიჩნეულია ზაფხული–შემოდგომის პერიოდი. დაავადების ეპიდაფეთქება უმეტესად დაკავშირებულია ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებში ბანაობასთან. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ან დაავადებაგადატანილი გარეული და შინაური ცხოველები
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 
ღორები
ცხენები 
ძაღლები 
მღრღნელები 
გარეული ცხოველები 
ლეპტოსპიროზი ცხოველებში ზოგჯერ მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ასეთი ცხოველი ლეპტოსპირას გამოყოფს გარემოში შარდთან ერთად უწყვეტად ან ხანგამოშვებით, რამდენიმე თვის და  წლის განმავლობაში.

როდის ხდება ადამიანი ავად ლეპტოსპიროზით
- დაავადებული ცხოველის შარდთან და ბიოლოგიურ სითხეებთან უშუალო კონტაქტისას (ნერწყვის ჩათვლით)
- ავადმყოფი ცხოველის შარდით დაბინძურებულ წყალთან,  ნიადაგთან და საკვებ პროდუქტებთან კონტაქტის შედეგად. 

Leptospira   ადამიანის ორგანიზმში ლორწოვანი გარსის (თვალის, ცხვირის, პირის), დაზიანებული კანის, დაბინძურებული წყლის და საკვები პროდუქტების მიღების  საშუალებით იჭრება. დაავადებისადმი მგრძნობიარეა ყველა ასაკი. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათად ხდება. ლეპტოსპიროზზე შეიძლება მივიტანოთ ეჭვი თუ ადამიანს დაავადება დაეწყო ბანაობის, თევზაობის, ნადირობის, წყლის სპორტში მონაწილეობის, სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შესრულების, ცხოველებთან კონტაქტის, მღრღნელების არსებობის ფაქტის დადგენის შემდეგ.  ლეპტოსპიროზზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ვირუსული ჰეპატიტი, გრიპი, სეფსისი, სხვა ჰემორაგიული ცხელებები. დიაგნოზის დაზუსტებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას.

ლეპტოსპიროზი პროფესიული ხასიათის დაავადებაა და რისკის ჯგუფში შედიან შემდეგი პროფესიის ადამიანები

ფერმერი
სან–ტექნიკოსი
ცხოველთა სასაკლაოს მუშაკი
ვეტერინარი
თევზსაშენი მეურნეობის მუშაკი
მწველავი
სამხედრო პერსონალი 

ლეპტოსპიროზის სიმპტომები
ლეპტოსპიროზი ადამიანებში შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად, საშუალოდ და მძიმედ, შესაბამისად სიმპტომები ვარირებს მრავალი სიმპტომიდან – უსიმპტომო ფორმებამდე.  ახასიათებს სიმპტომების ფართო სპექტრი 

თავის ტკივილი
შემცივნება
ცხელება
კუნთების ტკივილი
პირღებინება
სიყვითლე (ყვითელი კანი და თვალი)
წითელი თვალი
მუცლის ტკივილი
გამონაყარი

ლეპტოსპიროზის ორი კლინიკური ფორმა არსებობს: სიყვითლით მიმდინარე და უსიყვითლო. გამომწვევის შეჭრიდან პირველ კლინიკურ ნიშნების გამოვლენამდე პერიოდი (ინკუბაციური პერიოდი) 3–28 დღეა. დაავადების პათოგენეზში გამოყოფენ 2 ფაზას:
- პირველი ფაზაში ავადმყოფს გამოხატული აქვს: ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, პირღებინება, დიარეა.
- მეორე ფაზაში ხდება ინფექციის გენერალიზაცია და ტოქსემია, ავადმყოფს უვითარდება ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება– ჰემორაგიული სინდრომი,  მენინგეალური მოვლენები (ლეპტოსპიროზული მენინგიტი), პნევმონია, ფილტვის ჰემორაგია, მიოკარდიტი, ბრადიკარდია, სისხლის წნევის დაქვეითება,  მესამე დღიდან სხვადასხვა ტიპის გამონაყარი მთელ ტანზე და სისხლჩაქცევები. დაავადება გრძელდება რამდენიმე დღიდან სამ კვირამდე და ზოგჯერ უფრო მეტიც. 

მკურნალობა
ლეპტოსპიროზზე საეჭვო სიმპტომების მქონე პირმა საჭიროა მიმართოს ექიმს. აუცილებელია დაავადებულის ჰოსპიტალიზაცია და წოლითი რეჟიმი. ინიშნება სათანადო დიეტა. მკურნალობა ეტიოტროპული (ანტიბიოტიკთერაპია დოქსიციკლინით და პენიცილინით) და პათოგენეზური – სამკურნალო ღონისძიებები ინიშნება სიმპტომების მიხედვით.

პრევენცია
წყლისა და საკვები პროდუქტების დაცვა დაბინძურებისაგან (ნუ დალევთ წყალს ღია წყალსატევებიდან)
ვეტერინარული ღონისძიებების გატარება შინაური ცხოველების მიმართ (იზრუნეთ ავადმყოფი ცხოველის იზოლაციასა და მკურნალობაზე)
პირადი პროფილაქტიკის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები)

დერატიზაცია
ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა (200 მგ დოქსიციკლინი ერთი კვირის განმავლობაში), შესაძლო ექსპოზიციის შემთხვევაში