თარიღი: 03 მაისი, 2017
ბავშვობის ასაკში მეტყველების დარღვევების გამოვლინებები საკმაოდ მრავაფეროვანია. შესაბამისად, იმის მიხედვით თუ რა დარღვევასთან გვაქვს საქმე, გამომწვევი მიზეზიც განსხვავებული იქნება. განასხვავებენ მეტყველების განვითარების სპეციფიკურ დარღვევებს, არტიკულაციის სპეციფიკურ დარღვევებს, სოციალურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული მეტყველების პრობლემებს, როგორიცაა მაგ. ელექტიური მუტიზმი, ენაბორძიკი. ასევე აღსანიშნავია მეტყველების შეძენილი დარღვევები, აფაზიები. ამ და სხვა საინტერესოი თემებზე გვესაუბრება ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგი, მაია მაჭავარიანია.
რა იწვევს მეტყველების პრობლემებს?
ფსიქოლოგი ამბობს, რომ მეტყველების დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, შეშინება, მშობლების მხრიდან ზეწოლა – "სამაგალითო" ბავშვის აღზრდა, უმცროსი ასაკის ბავშვის სამეტყველო მასალით გადატვირთვა, თუმცა უფრო ხშირად ეს ნევროლოგიური ბუნების მიზეზებია, კერძოდ, თავის ტვინის ორგანული დაზიანებები, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით, ინტოქსიკაციით ან სხვა დაავადების შედეგად.
რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი?
პირველი სიტყვების წარმოთქმას ბავშვები იწყებენ 1 წლის ასაკიდან, 1 წლის და 6 თვის ბავშის სიტყვათა მარაგი უნდა აღემატებოდეს 15 სიტყვას, ეს არის ძირითადად მარტივი სიტყვები, როგორიცაა ,,მომე“, ,,ბურთი“ ,"კოვზი და ა.შ ხოლო 2 წლის ასაკის ბავშვი უკვე უნდა ახერხებდეს ორსიტყვიანი წინადადების აწყობას "წყალი მინდა", "მომე პური"… თუ ბავშვს 1 წლის და 6 თვის ასაკში არ აქვს აქტიურ მარაგში არც ერთი სიტყვა, არ რეაგირებს სახელზე და არ ესმის ძალაინ მარტივი, მოკლე ინსტრუქციები, მაგალითად კითხვაზე ,,სად არის დედა?“ არ უყურებს დედას, ან თხოვნაზე მომეცი ბურთი მოაქვს სხვა საგანი, ასევე თუ 2 წლის ასაკში ბავშვის სიტყვათა მარაგი არის რამდენიმე სიტყვა, არ შეუძლია 2 სიტყვის გადაბმა , ან მეტყველებს სხვა ადამიანებისათვის გაუგებარ "საკუთარ" ენაზე, რომელიც ესმის მხოლოდ მშობელს, სასურველია კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან.
რა ზომებს უნდა მიმართოს მშობელმა, რომ მეტყველების პრობლემა არ გართულდეს?
პირველ რიგში, არ უნდა დაელოდოს, რომ ეს პრობლემა თავისით გადაივლის. მეტყველება არის ძალიან სპეციფიკური ფსიქიკური ფუნქცია, რომელზეც შემდგომ ხდება ბევრი სხვა უნარების დაშენება, ამდენად, მეტყველების განვითარების შეფერხება გამოიწვევს ამ ფუნქციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების განვითარების შეფერხებასაც, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის როგორიცაა აზროვნება. ხშირად, მშობლები არ აკავშირებენ ერთმანეთთან, მაგრამ იმ ბავშვებს, რომლების გვიან იწყებენ მეტყველებას, შემდგომ აღენიშნებათ პრობლემები სასკოლო ასაკში. კერძოდ, ასეთ ბავშვებს ხშირად უჭირთ წერა-კითხვის ათვისება, რადგან წერაც და კითხვაც ის უნარებია, რომლებიც გაშუალებული არის მეტყველებით.
„რაც შეეხება მოზრდილებს, მეტყველების შეძენილი დარღვევები, გამოწვეული ქალა-ტვინის ტრავმით, ინსულტით ან თავის ტვინის სხვა მიზეზით დაზიანების შედეგად ასევე მოგვარებადი პრობლემებია და დროული ჩარევის შემთხვევაში ნაწილობრივ ან სრულად აღდგენადია“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.
7 რჩევა მაია მაჭავარიანისგან:
1. პირველ რიგში სასურველია ბავშვის მეტყველების განვითარების სტიმულირება, რაც აუცილებლად გულისხმობს ბავშვთან პირდაპირ სოციალურ ინტერაქციას – თამაშს. მნიშვნელოვანია ჩვილობის ასაკში დედა ესაუბრებოდეს პატარას, უმღეროდეს და ეთამაშებოდეს ინტერაქციულ თამაშებს, როგორიცაა ,,ჭი-ტა“ და.ა.შ
2. მინიმუმ 3 წლამდე მოარიდეთ ბავშვები გაჯეტებს, ნუ ჩაანაცვლებთ ზღაპრის მოყოლას ტელეფონში ჩართული მულტფილმით. ბავშვის განვითარების საუკეთესო მეთოდია მულტისენსორული სწავლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციას ვაწვდით სხვადასხვა შეგრძნებების საშუალებით, მაგალითად, ბავშვმა აიღო ფანქარი, დედა უხსნის ,,ეს ფანქარია, ამით ვხატავთ ფურცელზე, აი ასე“..აჩვენებს, აძლევს ბავშვს საშუალებას მოსინჯოს თავად.
3. მეტყველების სტიმულირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ყველა მოქმედების გახმოვანება. ნებისმიერ სიტუაციაში გარეთ იქნებით თუ შინ გაახმოვანეთ თქვენი და თქვენი შვილის მოქმედებები.
4. არ ესაუბროთ ბავშვს ენამოჩლექით, იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი შეცდომით ან არასწორად წარმოთქვამს რაიმე სიტყვას, მაშინვე გაიმეორეთ იგივე სიტყვა სწორად, მაგრამ არ მოსთხოვოთ ბავშვს გაიმეოროს. ეს არის ოქროს წესი ნებისმიერი ბავშის შემთხვევაში, არ ვეუბნებით ,,გაიმეორე“.
5. აუცილებელია პრობლემის დროული ამოცნობა და ინტერვენციის დაწყება. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს სმენის დაქვეითება. შემდგომ ეტაპზე უნდა შეფასდეს ბავშის განვითარება და უნდა განისაზღვროს მეტყველების თუ რა სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე. სხვადასხვა დარღვევის შემთხვევაში, განვითარების სტიმულირება იქნება განსხვავებული.
6. თუკი თქვენი დაკვირვებით ბავშვის მეტყველება არ შეესაბამება ასაკს, ნუ დაელოდებით წინასასკოლო პერიოდს, აუცილებელია ბავშის მეტყველება სრულფასოვნად შეფასდეს და დაიგეგმოს მეტყველების სტიმულირების პროგრამა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევაში, მშობლები საკმაოდ კარგად ახერხებენ დამოუკიდებლად გაუწიონ დახმარება თავიანთ შვილებს შესაბამისი ინდივიდური სარეაბილიტაციო პროგრამის მეშვეობით. თუმცა, ძალიან გამოხატული დარღვევების შემთხვევაში, გირჩევთ ბავშვის აბილიტაცია სპეციალისტს მიანდოთ.
7. თუ ბავშვს აღენიშნება ენაბორძიკი, ან აღელვების მომენტში უჭირს აზრის ჩამოყალიბება, არ უთხრათ ,,ეხლა დაწყნარდი და თავიდან დალაგებულად მითხარი, რა გინდა“, შეეცადეთ არ გაამახვილოთ ყურადღება მეტყველების გაძნელებაზე, არ დაასრულოთ აზრი ბავშვის ნაცვლად, ნუ ჰკითხავთ ,,ამის თქმა გინდოდა?“. შეეცადეთ აუღელველად აცადოთ დაასრულოს ან გამოთქვას აზრი დამოუკიდებლად, არ მოსთხოვოთ გაიმეოროს იგივე კიდევ ერთხელ. მზად იყავით, რომ სტრესულ სიტუაციაში ან ემოციური ფონის, თუნდაც ძლიერი სიხარულის შემთხვევაში, ენაბორძიკი უფრო გამოხატული იქნება. ენაბორძიკის შემთხვევაში მეტყველების თერაპევტის გარდა, ზოგჯერ ფსიქოთერაპევტის დახმარებაც არის საჭირო.
წყარო:www. fortuna.ge