თარიღი: 02 იანვარი, 2023
ქალებს, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული მცდარი წარმოდგენები მათი სხეულის შესახებ, რაც განსაკუთრებით ვაგინალურ ჯანმრთელობას ეხება ხოლმე.
ინტერნეტის ეპოქამ, ერთის მხრივ, გაზარდა წვდომა ინფორმაციაზე და ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლადაც შეესწავლათ მათთვის საინტერესო საკითხები, მეორეს მხრივ კი, დადგა რეალობა იმავე გზით უამრავი დეზინფორმაციის გავრცელებისა, რაც მხოლოდ გარკვეული პიროვნებების პირად მოსაზრებებზეა დაფუძნებული და არ აქვს კავშირი ჭეშმარიტებასთან. შექმნილი რეალობა, ინფორმაციულ ეპოქაში კვლავაც ქმნის გარკვეული მცდარი წარმოდგენების შექმნის საფრთხეს.
თანამედროვე სამყაროში მეტად, ვიდრე როდესმე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქალებს და, მით უფრო, ახალგაზრდა გოგონებს, ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა მათი სხეულის შესახებ და შეეძლოთ, დაალაგონ და გამიჯნონ მითები - ფაქტებისგან.
მცირეოდენ სარწმუნო ინფორმაციასაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს ქალს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
სტატიაში მიმოვიხილავთ რამოდენიმე გავრცელებულ მითს ვაგინალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ჩვეულებრივ პირობებში, საშოში წარმოდგენილია მიკროორგანიზმების რთული და დელიკატური ბალანსი, რომელიც, ნორმაში, არ უნდა დაირღვეს - უნდა დარჩეს წონასწორობაში იმისთვის, რათა დაგიცვათ ინფექციისა და გაღიზიანებისაგან.
#მითია, რომ საშოს სჭირდება “გამორეცხვა”!
თანამედროვე მტკიცებულებებით და ექსპერტების მოსაზრებებით, დუშის გამოყენებით საშოს გამორეცხვა საშოში წყლის ნაკადის და გარკვეული დასაბანი საშუალებების შეტანის მიზნით, ცუდი იდეაა, რაც, დიდი ალბათობით გამოიწვევს პრობლემებს თქვენი ნორმალური ვაგინალური PH-ის შეცვლის გზით.
სპეციფიკური, ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი დასაბანი საშუალებები და საპნები ასევე ხდება საშოს PH ბალანსის შეცვლის და, შედეგად, ნორმალური მიკროფლორის დარღვევის მიზეზები, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ინფექციური პროცესის განვითარება, როგორიცაა, ბაქტერიული ვაგინოზი - BV.
გახსოვდეთ, რომ საშოს აქვს თვითგაწმენდის უნარი, ამიტომ არანაირი სხვა დამატებითი ღონისძიება არ არის საჭირო მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გარდა გარეთა სასქესო ორგანოების სწრაფი დაბანისა მხოლოდ წყლის გამოყენებით, შხაპის მიღების დროს.
#მითია, რომ საშოს ყველა შემთხვევაში სჭირდება გარკვეული სახის “გამკვრივება” ბავშვის გაჩენის შემდეგ
ექიმთან ვიზიტისას და პირად საუბრებში, უამრავი ქალი წუხს იმის შესახებ, რომ მშობიარობის შემდეგ მათი საშო შეიძლება გახდეს ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს მანამდე იყო. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანის სხეული განსხვავებულია და არ არსებობს ასეთი რამ, წარმოდგენილი ტერმინით “ძალიან დიდი”!
საშოს აქვს უნიკალური თვისება, რაც მას ანიჭებს შესაძლებლობას, მაქსიმალურად გაფართოვდეს ვაგინალური მშობიარობის დროს. მას ასევე აქვს შესაძლებლობა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ, პრაქტიკულად სრულად დაუბრუნდეს უწინდელ ფორმას.
ანამნეზში ვაგინალური მშობიარობის არსებობა, შესამჩნევი იქნება თქვენი მკურნალი ექიმისთვის ვაგინალური გამოკვლევის დროს, მაგრამ ეს ცვლილება, ნორმაში, იმდენად მცირედია, რომ გავლენას არ ახდენს სქესობრივი ცხოვრების ხარისხზე და სავარაუდოდ, პარტნიორი ვერც კი იგრძნობს რაიმე სახის განსხვავებას სქესობრივი აქტის დროს.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ მენჯის ფსკერის კუნთების ჯანმრთელობა კეგელის ვარჯიშების გამოყენებით - ეს დაგეხმარებათ, გააძლიეროთ მენჯის ფსკერის კუნთების ტონუსი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენჯის ღრუს ორგანოების უწინდელ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად და დაწევისა და პროლაფსის თავიდან ასაცილებლად მომავალში. კეგელის ვარჯიშები ასევე დაგეხმარებათ, დროთა განმავლობაში დაუბრუნოთ საშოს კედლებს უწინდელი ფორმა და ტონუსი, თუ ეს გარკვეულწილად შეიცვალა ვაგინალური გზით მშობიარობის შემდეგ.
თუმცა, თუ თქვენ გრძნობთ და გაწუხებთ გარკვეული უჩვეულო ცვლილება მშობიარობის შემდეგ, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს დაწევასა და პროლაფსში ან თუ აღნიშნავთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს ბავშვის დაბადების შემდგომ პერიოდში, რეკომენდებულია, მიმართოთ ექიმს და მასთან ერთად გაიაროთ შეფასება, ასევე დაგეგმოთ შემდგომი მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში.
#მითია, რომ გამონადენის არსებობა საშოდან, ყოველთვის ნიშნავს რაიმე სახის ინფექციის არსებობას!
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ, შეიძლება უსიამოვნო შეგრძნება იყოს გამონადენის არსებობა საშოდან, ის სინამდვილეში აუცილებელი სეკრეტია იმისთვის, რათა დაგეხმაროთ საშოს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ასევე, აქვს შესაძლბელობა, გარკვეულწილად ხელი შეუწყოს ნაყოფიერებასაც.
ვაგინალური გამონადენი მენსტრუალური ციკლის ნორმალური ნაწილია და ის იცვლება მთელი ციკლის განმავლობაში თეთრიდან - გამჭვირვალემდე და უფრო მყარიდან - შედარებით წელვად კონსისტენციამდე.
თუ შემჩნევთ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელსაც, ჩვეულებრივ ვერ გრძნობთ ხოლმე, ყოველთვის უნდა შეამოწმოთ და ჩაიტაროთ ვაგინალური გამონადენის გამოკვლევა.
#მითია, რომ “თევზის მაგვარი სუნი” ნიშნავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის (STI) არსებობას!
ერთ-ერთი დიდი გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქალების 10%-ზე ნაკლები იყო დარწმუნებული იმაში, რომ იცოდნენ, რა არის ბაქტიერული ვაგინოზი (BV), მიუხედავად იმისა, რომ, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველი მესამე ქალიდან ერთს, სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც უვითარდება ეს მდგომარეობა.
თუ თქვენ გრძნობთ თევზის უჩვეულო სუნს ან გაქვთ თხიერი კონსისტენციის, წყლისმაგვარი, მონაცრისფრო გამონადენი, ეს, სავარაუდოდ, ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომებია.
ბაქტიერიული ვაგინოზის განვითარება, როგორ წესი, ხდება მაშინ, როდესაც ირღვევა ნორმალური ვაგინალური PH. ეს შეიძლება მოხდეს სექსის შემდეგ, რადგან სპერმა ტუტეა, თქვენს საშოში კი მჟავე გარემოა. აღნიშნული გარემოება ნიშნავს შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია და თავის მხრივ, ბაქტერიული ვაგინოზი არ წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას, ზემოთ აღნიშნული გარემოების გამო, BV მეტი ალბათობით შეიძლება განვითარდეს დაუცველი სქესობირივი კონტაქტის პირობებში.
სხვა ფაქტორებს ასევე შეულიათ, გამოიწვიონ ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები.
ამიტომ გახსოვდეთ, რომ არსებობს სხვა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებები, რომლებსაც შეიძლება ახასიათებდეს მსგავსი სახის გამონადენის და დისკომფორტის განვითარება (მაგ: ტრიხომონიაზი), რის გამოც, ნებისმიერი უჩვეულო ვაგინალური გამონადენის განვითარების შემთხვევაში, აუცილებელია ვიზიტი გინეკოლოგთან და მდგომარეობის შეფასება ანამნეზის, გასინჯვის და სათანადო კვლევების საფუძველზე.
ასევე, #მითია, რომ კლინიკური სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში, თქვენ არ შეიძლება გქონდეთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (STI)!
ზოგიერთი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია შეიძლება მიმდინარეობდეს უჩვეულო და შემაწუხებელი კლინიკური სიმპტომების გამოვლენის გარეშე. სწორედ ამიტომ, რეგულარული ვიზიტები გინეკოლოგთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად!
#მითია, რომ ქავილი გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში ყოველთვის ნიშნავს სოკოვანი ინფექციის არსებობას!
გარდა სოკოვანი ინფექციისა, სასქესო ორგანოების ქავილი შეიძლება იყოს სიმპტომი ჰორმონალური ცვლილებების, ბაქტერიული ვაგინოზის, ზოგიერთი პარაზიტული დაავადებების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ან უბრალოდ, გაღიზიანების, რომელიც გამოწვეულია გარკვეული ჰიგიენური პროდუქტების მოხმარებით.
ნებისმიერი ხასიათის ქავილის გამოვლენის შემთხვევაში სასქესო ორგანოების მიდამოში, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს.
#მითია, რომ ვულვას სჭირდება დატენიანება!
ბოლოდროინდელი ე.წ. “Health craze”, რაც აქტიურად შესამჩნევია, არის გარკვეული სახის ზეთოვანი პროდუქტების პოპულარიზაცია, რომლებსაც აპრომოცირებენ, როგორც საშოს დამატენიანებელ საშუალებებს და რეკომენდაციას უწევენ მათ გამოყენებას ვაგინალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ისევე, როგორც საშოს არ სჭირდება ე.წ. გამორეცხვები, ასევე თქვენი ვულვა არ საჭიროებს დატენიანებას.
როგორც თქვენი ჰიგიენური პროცედურების რუტინული ნაწილი, ვულვის მიდამოს დაბანა ჩვეულებრივი წყლით, ერთხელ დღეში, არის სრულებით საკმარისი. საპნებმა, ზეთებმა, ასევე ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილმა დასაბანმა საშუალებებმა, შესაძლოა, დაარღვიოს მიკროორგანიზმების ფაქიზი ბუნებრივი ბალანსი, რომელიც ჩვეულ პირობებში ინარჩუნებს ვულვის მიდამოს სიჯანსაღეს, და შექმნას პირობები ისეთი მდგომარეობების განვითარებისთვის, როგორიცაა, ჩვენს მიერ ზემოთ განხილული BV.
#მითია, რომ ზოგიერთ ქალში ნორმად შეიძლება ჩაითვალოს ტკივილი სექსის დროს!
ტკივილი სქესობრივი აქტის დროს არის ნიშანი იმისა, რომ რაღაც ყურადღებამისაქცევია. სექსი არ უნდა იყოს მტკივნეული. ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს შესაძლოა იყოს სიმპტომი გარკვეული მდგომარეობებისა, როგორებიცაა, მაგ: მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება (PID) ან ენდომეტრიოზი. ტკივილს შესაძლოა იწვევევდეს ვაგინიზმის არსებობაც.
#მითია, რომ ტამპონი შეიძლება დაიკარგოს თქვენს სხეულში!
ტამპონი ვერ დაიკარგება ქალის სხეულში. საშო არის მილის მაგვარი ფორმის ორგანო, რომლის დასარულში მდებარეობს საშვილოსნოს ყელი. საშვილოსნოს ყელის არხი იმდენად ვიწროა, რომ წარმოუდგენელი და შეუძლებელია მოხდეს ტამპონის გადაადგილება საშოს მიღმა. ზოგიერთ შემთხვევაში, ტამპონი შესაძლოა მოთავსდეს უფრო ღრმად საშოში და ქალს გაუჭირდეს მისი გამოღება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტამპონი შეიძლება დაიკარგოს თქვენს სხეულში.
გახსოვდეთ, რომ თუ გამოიყენებთ ტამპონს, მაგრამ ვეღარ შეძლებთ მის უკან გამოღებას, დაუყოვნებლად მიმართეთ ექიმს. ტამპონის დიდი ხნის განმავლობაში დატოვება საშოში ქმნის ინფექციური ხასიათის გართულებების განვითარების განსაკუთრებით მაღალ რისკებს.
იცოდეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობისთვის!
გაეცანით სტატიებს და მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით!
გინეკოლოგიური ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 63 89 39
სტატიის ავტორი:
ექიმი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე