თარიღი: 04 ივნისი, 2018
რა უნდა იყოს კატეგორიულად აკრძალული, შეზღუდული და რა პროდუქტების მიღებაა აუცილებელი ორსულთა რაციონში, რა გავლენას ახდენს მშობიარობის შესაძლო გართულებაზე მომატებული კილოგრამები, რა იწვევს გლუკოზის დონის მატებას ორსულებში და რატომ შეიძლება ამან ავნოს დედას და ნაყოფს, რა არის პრეკლამსია, რა სიმპტომებით ვლინდება ის და უსაფრთხოა თუ არა გაუტკივარება – ამ და სხვა საინტერესო თემებზე მეან-გინეკოლოგმა ირაკლი ვეერულაშვილმა ისაუბრა.
ახლა გარდამავალი სეზონია, ბევრი ახალი პროდუქტი შემოდის. რა უნდა მიირთვას ორსულმა და რას უნდა მოერიდოს?
კვებას ადამიანისთვის და მითუმეტეს ორსული ქალისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ ორსულობა კარგად წარიმართოს და ჯანმრთელი ბავშვი დაიბადოს, კვებას დიდი როლი ენიჭება. საკვები შედგება ცილებისგან, ცხიმებისგან და ნახშირწყლებისგან. როგორც იცით, ნახშირწყლები ენერგიის მთავარი წყაროა და ის აუცილებელია ორგანიზმისთვის. თუმცა, დიდი ოდენობით ცომეულის მიღება იწვევს წონაში მატებას. რაც შეეხება ცილებს, ის საშენი მასალაა ორგანიზმისთვის, ცხიმებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუმცა, საუბარია სასარგებლო ცხიმებზე, მაგალითად ავოკადო, ნიგოზი. არ უნდა დაგვავიწყდეს ვიტამინები, რაც მრავლად არის ხილსა და ბოსტნეულში. მაგალითად, როდესაც ორსული ვეგეტარიანელია და არ იღებს თევზსა და ხორცს, რაც დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, მეორე ტრიმესტრში რკინაზე ორგანიზმის მოთხოვნილება გაზრდილია, ამან კი შესაძლოა რკინადეფიციტური ანემია გამოიწვიოს, ამ დროს ვიტამინებს ვამატებთ ხოლმე. ტოქსიკოზის დროს, როდესაც ქალს უჭირს საკვების მიღება, ძირითადად გადასხმებითა და ვიტამენით ხდება ორგანიზმის შევსება.
რას გულისხმობს ორსულობისას ჭარბი წონა, საშიშია თუ არა და რამდენი კილოგრამი შეიძლება მოიმატოს ქალმა ორსულობისას?
შეცდომაა ის, რომ ორი ადამიანის ნაცვლად არ უნდა იკვებოთ. თუ ქალი ჩვეულებრივ 1800-2000 კალორიამდე იღებს, კალორაჟი ორსულობისას შეიძლება 2 000-დან 4 000 კალორიამდე შეიძლება გაიზარდოს. წონის ნამატი კი 12-18 კილოგრამი შეიძლება ვივარაუდოთ. თუ დროულ ვადაზე იბადება ბავშვი, ოთხ კილომდე ნაყოფზე მოდის, დანარჩენი კი დედის ცხიმია. ორსულად ვარ და ჩემთვის ყველაფერი შეიძლება არასწორია. წონის მატებისას საფრთხე ექმნება ნაყოფსაც, ქალს უჭირს წონის კლება, ჩნდება სტრიები, შესაძლოა სახსრებს, გულ–სისხლ ძარღვთა სისტემას შეექმნას ზედმეტი წონისგან პრობლემა, შესაძლოა დიაბეტიც ჩამოყალიბდეს.
გლუკოზის დონის მატება სისხლში – კვლევა, რომელიც ყველა ორსულს უტარდება. რატომ არის ამ კვლევის ჩატარება აუცილებელი?
ზოგადად გლუკოზა არის შაქარი, რომელიც გარემოდან ხვდება ქალის ორგანიზმში. არაორსულ მდგომარეობაში გლუკოზას მილიმოლებში საზღვრავენ და ნორმა 3-დან 5 მილიმოლამდეა. თუ ზღვარი მომატებულია, ეჭვი მიგვაქვს ენდოკრინულ დარღვევაზე, პანკრეატიტზე, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებაზე და ა.შ. გესტაციური დიაბეტი არის შეძენილი დიაბეტი და ის უშუალოდ ორსულობის დროს იწყება და ორსულობის დასრულებისთანავე ქრება. საფრთხე, რაც გესტაციურმა დიაბეტმა შეიძლება ნაყოფზე განაპირობოს, ეს არის ნაყოფის გესტაციასთან შედარებით დიდი წონა. დიდი ზომის ნაყოფმა შესაძლოა მშობიარობის დროს ქალის სამშობიარო გზები ვეღარ გამოიაროს და მენჯთან შეუსაბამო იყოს მისი წონა. დიდი ბავშვი ყოველთვის არ ნიშნავს ჯანმრთელ ბავშვს. ამიტომ უკეთდება ყველა ოსრულს შაქრის ანალიზი მეორე ტრიმესტრში. იმ შემთხევაში, თუ ორსულს ჩივილები აქვს: ხშირი დაღლა, ხშირი შარდვა, მომატებული წყურვილის შეგრძნება, ამ დროს აღარ ველოდებით რუტინულ კვლევებს და უფრო ადრეულ ვადაზე ვაკეთებთ ტესტს.
პრეეკლამსია – რომ აგვიხსნათ ეს ტერმინი და საშიშია თუ არა ეს მდგომარეობა?
პრეეკლამსია მეანობაში ერთ-ერთი სერიოზული დაავადება და გართულებაა. ეს უშუალოდ ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზიაა და გესტაციის 20 კვირის შემდეგ ხდება მისი აღმოჩენა. პრეეკლამსიით სიკვდილიანობა მოწინავე ადგილზეა, წელიწადში 100 000-მდე ქალი იღუპება. პრეეკლამსია იყოფა მარტივ და რთულ მდგომარეობად. გაიდლაინით არის გაწერილი, როგორ უნდა ვმართოთ ის. როდესაც ქალი აღწერს, რომ აქვს არტერიული წნევის მატება, აღენიშნება მომატებული შეშუპება და შარდში პროტეინურიაა, ეჭვი პრეეკლამსიაზე უნდა მივიტანოთ. მარტივი მდგომარეობა შესაძლოა რთულში გადავიდეს. ქალი რომელიც აღნიშნავს, რომ არტერიური წნევა 140/100-ზე აქვს, ეს მსუბუქი პრეეკლამსიაა, აქ მნიშვნელოვანია შარდის ანალიზის შედეგიც. ხოლო თუკი წნევა 160/100-ზე მაღალია, ეჭვი მძიმე პრეეკლამსიაზე უნდა მივიტანოთ. გამოსავალი ორივე შემთხვევაში არსებობს, მთავარია დროული მიმართვიანობა. როდესაც დავადგენთ, რომ მსუბუქი პრეეკლამსიაა, უმჯობესია 24 საათიანი მონიტორინგი კლინიკაში. თუ გამოირიცხება, რომ მძიმე პრეეკლამსია არ არის, უნდა მოხდეს დასტაბილურება. თუ ვერ დასტაბილურდა, უნდა გადაიხედოს ბავშვისა და დედის მდგომარეობა და გადაწყდეს მშობიარობის ტაქტიკა. პრეეკლამსიის გამოსავალი არის მშობიარობის დასრულება, უპირატესობა ფიზოლოგიურ მშობიარობას ენიჭება. თუ ნაყოფი 32 კვირაზე პატარაა, უმჯობესია საკეისრო კვეთა.
ფიზოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა – თემა, რომელზეც არ სრულდება საუბარი და კამათი…
საკეისრო კვეთა მშობიარობის ერთ-ერთი სახეა. მე ყველა ორსულს ვურჩევ, რომ იმშობიაროს ფიზიოლოგიურად. თუ რაიმე გართულებაა უშუალოდ მშობიარობის დროს, ამ შემთხვევაში, ორსულს უნდა თუ არა, მას საკეისრო კვეთა უკეთდება. რაც შეეხება უპირატესობებს – კვლევებიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობისას, ნაყოფი გარემოსთან უფრო შეგუებული იბადება. რაც შეეხება საკეისრო კვეთას, აქ გართულებები უფრო მეტია. ეს არის ოპერაცია, თუმცა, ქალები სერიოზულად არ უყურებენ ამას. არის შიშის ფაქტორიც და ბევრი ქალი საკეისრო კვეთას შიშის გამო ირჩევს. არ არსებობს ორსული, ვისაც ერთხელ მაინც არ უთქვამს, რომ უნდა საკეისრო. ორსული შესაძლოა არ დადიოდეს მშობელთა სკოლაში, მაგრამ ის ექიმმა უნდა მოამზადოს ფსოქოლოგიურად და აუხსნას, რომელი სჯობს. თუ ქალი დაჟინებით ითხოვს საკეისრო კვეთას, ჩვენ არ გვაქვს უფლება უარი ვუთხრათ. თუმცა, დადებით და უარყოფით მხარეებს განვიხილავთ და ამის შემდეგ იღებს ის გადაწყვეტილებას.
ამბობენ, რომ ოჯახის წევრები ეხმარებიან ქალს მშობიარობის პროცესში, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
ჩვენს კლინიკაში დიდი ხანია თავდგომის პრაქტიკა დადგენილია. თუმცა, ესეც სწორად უნდა იყოს შერჩეული ვინ დაესწრება, ზოგჯერ მშობიარეს დედა მისახედი გვიხდება ხოლმე.
გაუტკივარება – რამდენად უსაფრთხოა და იწევს თუ არა გართულებებს?
გაუტკივარება ქალის არჩევანია. არსებობს ფსიქოლოგიური გაუტკივარება, მართალია ტკივილი არ იხსნება, მაგრამ ფსიქოლოგიურ დოენზე ხდება ქალის მომზადება, რომ ტკივილი უკეთ აიტანოს. არის სხვადასხვა პოზები, რაც ტკივილს ამცირებს. არის ეპიდურალური გაუტკივარება, რომელიც ტკივილის შეგრძნებას ფაქტიურად აქრობს. მას თავისი ჩვენებები აქვს. ანესთეზია უნდა გააკეთოს გამოცდილმა ანესთეზიოლოგმა და შიში იმისა, რომ ქალი ვერ გაივლის, ეს არასწორია. რისკები ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჩარევისას, არის რა თქმა უნდა. შესაძლოა ნაჩხვლეტი დაჩიქრდეს, შესაძლოა გამოიწვიოს თავისა და წელის ტკივილი, რაც 1-2 კვირაში ალაგდება. ნაყოფისთვის გაუტკივარება უსაფრთხოა, რადგან არ გადის პლაცენტარულ ბარიერს.
ასაკი და ორსულობა/მშობიარობა – არის თუ არა მეტი რისკი გვიანი მშობიარობისას?
ოქროს შუალედად მიიჩნეოდა 18-35 წლამდე, თუმცა ეს ასაკი გაიზარდა. ასაკთან ერთად გასანაყოფიერებელი კვერცხუჯრედების რაოდენობა იკლებს და დაორსულება რთულდება. ასაკში სხვადასხვა პათოლოგიების რისკები ჩნდება. კეთდება ორმაგი და სამმაგი გენეტიკური ტესტები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების აღმოჩენას უწყობს ხელს. არის არაინვაზიური, ექსოკოპიური კვლევა და ხდება კისრის ნაოჭის გაზომვა. აღსანიშნავია ფოლიუმის მჟავა, რომელიც ყველა ორსულისთვის არის რეკომენდირებული და სწორედ ეს უწყობს ხელს ნერვული ღეროს ჩამოყალიბებას და სწორ განვითარებას. კეთდება ინვაზიური კვლევებიც, 12-20 კვირის ვადაზე ამიოცენტეზის საშუალებით ზუსტად ხდება ამა თუ იმ დაავადების გამოვლენა. მესამე და მეოთხე ორსულობა უფრო სარისკოა, რადგან სისხლდენის რისკი უფრო მეტია. ყველაზე უსაფრთხო პირველი მშობიარობაა, მაგრამ ის უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს.
წყარო: Fortuna.ge