თარიღი: 08 ივნისი, 2018
ნაადრევი სქესობრივი მომწიფება
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ტერმინში იგულისხმება პერიოდი, როდესაც იწყება ბავშვის სხეულის ისეთი სახის ცვლილებების განვითარება, რომლებიც მიგვანიშნებს ახლო მომავალში მის შესვლას ზრდასრულობის ასაკში ანუ დგება პუბერტატული, იგივე გარდატეხის პერიოდი.
პუბერტატული პერიოდის დაწყება 8 წლამდე ასაკის გოგონებში და 9 წლამდე ასაკის ბიჭებში მიჩნეულია ნაადრევ სქესობრივ მომწიფებად და საჭიროებს შესაბამის მეთვალყურეობას, ზოგიერთ შემთხვევაში კი ადექვატური ჩარევების განხორციელებას.
გარდატეხის პერიოდი გულისხმობს ძვლების და კუნთოვანი მასის სწრაფ ზრდას, იცვლება სხეულის ფორმები და ზომები და ვითარდება სხეულის რეპროდუქციული უნარები.
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. იშვიათად, გარკვეული მდგომარეობები, როგორიცაა მაგ: ინფექციური პროცესები, ჰორმონალური დისბალანსი, სიმსივნეები, თავის ტვინის განვითარების ანომალიები ან ტრავმა შესაძლოა მივიჩნიოთ ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გამომწვევ ფაქტორებად.
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მკურნალობა ტიპიურად გულისხმობს მედიკამენტოზურ თერაპიას იმისთვის, რომ გადავავადოთ შემდგომი მომწიფების პროცესების სწრაფი პროგრესირება.
სიმპტომები:
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები და სიმპტომები გულისხმობს გარკვეული სახის ცვლილებების განვითარებას 8 წლამდე ასაკის გოგონებში და 9 წლამდე ასაკის ბიჭებში.
ნიშნები და სიმპტომები გოგონებში მოიცავს:
- სარძევე ჯირკვლების ზრდას
- პირველი მენსტრუალური პერიოდის დაწყებას - მენარხეს
ნიშნები და სიმპტომები ბიჭებში კი გულისხმობს:
- სათესლე ჯირკვლების და პენისის ზრდას
- სახის თმიანობის გაჩენას (როგორც წესი პირველადად თმის ზრდა იწყება ზედა ტუჩის მიდამოში)
- ხმის ტემბრის ცვლილებას
ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ვითარდება როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში:
- თმის ზრდა ბოქვენის და იღლიიის მიდამოში
- სწრაფი ზრდა
- აკნე
- ზრდასრულისთვის დამახასიათებელი სხეულის სუნის გაჩენა
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
იმ შემთხვევაში თუ თქვენს შვილს მითითებულ ასაკობრივ ჯგუფში აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც, აუცილებელია განხორციელდეს მისი სქესობრივი განვითარების მიმდინარეობის ადექვატური შეფასება სპეციალისტის მიერ.
გამომწვევი მიზეზზები:
იმისთვის, რომ გავიგოთ რა იწვევს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას ზოგიერთ ბავშვში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის ფაქტორები, რომელთა გავლენითაც იწყება სქესობრივი მომწიფება დროულ პერიოდში.
ეს პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
პროცესებს იწყებს თავის ტვინი. თავის ტვინის გარკვეულ ნაწილში იწყება გონადოტროპინ-რილიიზინგ ჰორმონის გამომუშავება.
ჰიპოფიზის ჯირკვალი ასრულებს მნიშვნელოვან როლს. გონადოტროპინ-რილიიზინგ ჰორმონის გავლენით ჰიპოფიზიდან იწყება ორი ჰორმონის: მალუთეინიზებელი ჰორმონის და ფოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეცია.
გამომუშავდება სასქესო ჰორმონები. ფოლიკულ-მასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონების ზეგავლენით საკვერცხეებში იწყება სასქესო ჰორმონების პროდუქცია, იმ ჰორმონების, რომლებიც პასუხისმგებელია და განაპირობებს ერთ შემთხვევაში ქალის მეორადი სასქესო ნიშნების ზრდასა და განვითარებას - ესაა ჰორმონი ესტროგენი, მეორე შემთხვევაში კი სათესლე ჯირკვლებში იწყება მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების ზრდასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი ჰორმონის - ტესტოსტერონის სეკრეცია.
მიმდინარეობს ფიზიკური ცვლილებები. ესტროგენის და ტესტოსტერონის პროდუქციის დაწყება იწვევს გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი ფიზიკური ცვლილებების განვითრების დაწყებას. აღნიშნული ფიზიკური მაჩვენებლები როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის, ჩვენ უკვე განვიხილეთ ზემოთ.
ზემოთ აღწერილი პროცესების დაწყება ადრეულ პერიოდში ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში დამოკიდებულია როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული რგოლების მდგომარეობაზე. შესაბამისად განასხვავებენ ცენტრალური გენეზის ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას და პერიფერიული გენეზის ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფება
შემთხვევათა უმეტესობაში არ არსებობს ამ ტიპის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გამოვლენილი გამომწვევი მიზეზი.
ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების დადგომისას გარდატეხის ასაკი იწყება საკმაოდ ადრეულ პერიოდში, სხვა ყველა მახასიათებელი ნორმის ფარგლებშია. ამ მდგომარეობის მქონე ბავშვების უმეტესობას არ აქვს გამოვლენილი რაიმე სახის სამედიცინო პრობლემა, ასევე მიზეზები, რომელთა არსებობასაც მივიჩნევდით ადრეული მომწიფების გამომწვევ ფაქტორებად.
იშვიათ შემთხვევებში ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გამომწვევ ფაქტორებად გვევლინება:
თავის ტვინის ან ზურგის ტვინის სიმსივნეები
ჰიდროცეფალია ან თავის ტვინის არაკანცეროგენული სიმსივნეები, მაგ: ჰემარტომა
თავის ტვინის ან ზურგის ტვინის რადიაციული დასხივება
თავის ან ზურგის ტვინის ტრავმა
მაქ ქიუნ-ოლბრაითის სინდრომი - იშვიათი გენეტიკური პათოლოგია, რომელიც გამოვლინდება ძვლების პრობლემებით, გავლენას ახდენს კანის ფერზე და იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს.
თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია - გენეტიკური დაავადებების ჯგუფი, რომელიც იწვევს ჰორმონების აბნორმულ პროდუქციას თირკმელზედა ჯირკვლების მიერ.
ჰიპოთიროიდიზმი - მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს ჰორმონებს საკმარისი ოდენობით.
პერიფერიული გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფება
ამ ტიპის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გამომწვევებად, უხშირეს შემთხვევებში, ჰორმონები - ესტროგენი და ტესტოსტერონი გვევლინება.
შედარებით იშვიათად პერიფერიული გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფება ვითარდება პროცესში თავის ტვინში გამომუშავებული ჰორმონის - გონადოროპინ-რილიიზინგ ჰორმონის ჩართვის გარეშე, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში გარდატეხის პერიოდის დაწყების ტრიგერად გვევლინება.
ამგვარ შემთხვევებში ესტროგენის ან ტესტოსტერონის წარმოქმნის დაწყება ბავშვის ორგანიზმში გარკვეული სახის ადგილობრივი პრობლემების შედეგია და მიზეზი უნდა ვეძიოთ საკვერცხეებში, სათესლე ჯირკვლებში, თირკმელზედა ჯირკვლებში ან ჰიპოფიზში.
ორივე სქესში, როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში პერიფერიული გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფება შეიძლება გამოიწვიოს:
თირკმელზედა ჯირკვლების ან ჰიპოფიზის სიმსივნემ
მაქ ქიუნ-ოლბრაითის სინდრომმა, რომელიც ზემოთ განვიხილეთ
გარეგანი მიზეზებით ექსპოზიციამ, როგორიცაა მაგ: ესტროგენების ან ტესტოსტერონის შემცველი კრემების ან მალამოების მოხმარება
გოგონებში პერიფერიული გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების მიზეზი შესაძლოა გახდეს:
საკვერცხის ცისტები და
საკვერცხის კიბო
ბიჭებში იგივე მდგომარეობებს იწვევს:
გერმინაციული უჯრედების სიმსივნე - ესაა ის სასქესო უჯრედები, რომლებშიც ხდება სპერმის წარმოქმნა ან იმ უჯრედების სიმსივნეები, რომლებიც გამოიმუშავებს ტესტოსტერონს - ესენია ლეიდიგის უჯრედები.
გენური მუტაციები - იშვიათი დარღვევა, რომელიც ცნობილია გონადტროპინ-დამოკიდებული ფამილიარული ნაადრევი სქესობრივი მომწიფების სახელით, რისი გამომწვევიც არის დეფექტის არსებობა იმ გენში, რომელიც პასუხისმგებელია ტესტოსტერონის პროდუქციაზე, აღნიშნული დეფექტის მქონე ვაჟებში ნაადრევად იწყება ჰორმონის წარმოქმნა და მეორადი სქესობრივი ნიშნები ჩნდება ჯერ კიდევ 1-4 წლის ასაკში.
რისკ-ფაქტორები:
მდედრობითი სქესი
აფრო-ამერიკული რასა
ჭარბი წონა/სიმსუქნე
სასქესო ჰორმონებით ექსპოზიცია, რაც გულისხმობს კონტაქტს ესტროგენების ან ტესტოსტერონის შემცველ კრემებთან და მალამოებთან ან სხვა სუბსტანციებთან, რომლებიც შეიცავს იმავე ჰორმონებს, მაგ: მოზრდილებისთვის განკუთვნილი პრეპარატები ან დიეტური დანამატები.
სხვა სახის სამედიცინო მდგომარეობების არსებობა: მაქ ქიუნ-ოლბრაითის სინდრომი, თირკმელზედა კირკვლების ჰიპერპლაზია - მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ მამაკაცური ჰორმონების - ანდროგენების აბნორმულ პროდუქციას. შედარებით იშვიათად იგივე მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთიროიდიზმმაც.
რადიაციული თერაპია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. რადიაცია, რომელიც გამოიყენება სიმსივნეების, ლეიკემიის ან სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ ზრდის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების განვითარების რისკს.
გართულებები:
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გართულებები მოიცავს შემდეგს:
დაბალი სიმაღლე. ბავშვები, რომელთაც აღენიშნებათ ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშნები იზრდებიან სწრაფად სხვა ბავშვებთან შედარებით, მაგრამ როგორც წესი ისინი წყვეტენ ზრდას უფრო მალე, ვიდრე ჩვეულებრივ, რის გამოც რჩებიან დაბალი სიმაღლის მოზრდილობის პერიოდში. ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ადრეული მკურნალობა , განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის იწყება ადრეული ბავშვობის პერიოდში, შესაძლოა დაგვეხმაროს იმაში, რომ ბავშვი გაიზარდოს უფრო მაღალი იმასთან შედარებით, ვიდრე მიაღწევდა ამას მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში.
სოციალური და ემოციური პრობლემები. როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში ხშირად ვითარდება დეპრესია და სხვა სახის ემოციური პრობლემები, როდესაც მათი სხეულის ცვლილებები არ თანხვდება მათი თანატოლების განვითარებას.
პრევენცია:
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გამომწვევ ზოგიერთ რისკ-ფაქტორს, როგორცაა სქესი და რასა, ვერ ავიცილებთ თავიდან, მაგრამ არსებობს გარკვეული რისკ-ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია და დაიცავს თქვენს შვილს არასასურველი ცვლილებების განვითარებისაგან.
ჩვენი რეკომენდაციები მოიცავს შემდეგს:
მოარიდეთ ბავშვი ჰორმონების: ესტროგენის და ტესტოსტერონის შემცველლი გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებას, როგორიცაა კრემები, მალამოები, მედიკამენტები ან დიეტური დანამატები, რომლებიც შეიცავენ აღნიშნულ ჰორმონებს.
აკონტროლეთ თქვენი შვილი, რომ შეინარჩუნოს სხეულის ჯანსაღი წონა.
დიაგნოსტიკა:
იმისთვის, რომ დასვას ნაადრევი სქესობრივი მომწიფების დიაგნოზი, ექიმი:
მიმოიხილავს ბავშვის და ოჯახის სამედიცინო ისტორიას
ატარებს ფიზიკალურ გამოკლვევას
იღებს სისხლის ანალიზს შესაბამისი ჰორმონების გამოსაკვლევად
ბავშვის ხელის და მაჯის რენდგენოლოგიური კვლევა ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრია დიაგნოზის დასასმელად. აღნიშნული კვლევა ეხმარება ექიმს განსაზღვროს თქვენი შვილის ძვლოვანი ასაკი, რაც გვიჩვენებს იზრდება ძვლები ასაკობრივი ნორმის ფარგლებში, თუ უფრო სწრაფად.
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ტიპის განსაზღვრა:
ექიმმა აუცილებელია გამოიკვლიოს ყველა ის ფაქტორი, რომელიც დაეხმარება სწორად განსაზღვროს ნაადრევი სქესობრივი მოწიფება არის ცენტრალური, თუ პერიფერიული გენეზის. ამისთვის ის ატარებს გონადტროპინ-რილიიზინგ ჰორმონის სიმულაციურ ტესტს და შემდეგ იღებს სისხლს გამოსაკლევად. ბავშვში ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფებით, აღნიშნული ჰორმონი გამოიწვევს სხვა ჰორმონების დონის მომატებას, პერიფერიული ტიპის შემთხვევაში კი ჰორმონების დონე უცვლელი დარჩება.
დამატებითი კვლევები ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გამოსარიცხად მოიცავს:
მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიულ კვლევას - თავის ტვინის აბნორმალიების და სხვადასხვა სახის წარმონაქმნების აღმოსაჩენად და
ფარისებრი ჯირკვლის ტესტირებას - ჰიპოთიროიდიზმის დიაგნოსტიკა.
დამატებითი კვლევები პერიფერიული გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გამოსარიცხად მოიცავს:
ჰორმონალური კვლევები შესაბამისი ჰორმონების დონის განსაზღვრით გოგონებში და ბიჭებში
ულტრაბგერითი კვლევა გოოგნებში საკვერცხის ცისტების ან საკვერცხის კიბოს გამოსარიცხად.
მკურნალობა:
მკურნალობის მეთოდის არჩევა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. მკურნალობის მიზანი უნდა იყოს ბავშვის ზრდის ნორმალური მაჩვენებლების მიღწევა.
როდესაც სახეზეა ცენტრალური გენეზის ნაადრევი სქესობრივი მომწიფება და არ გვაქვს გამოვლენილი რაიმე სახის სხვა სამედიცინო მდგომარეობა, როგორც წესი, მედიკამენტოზური მკურნალობა გვაძლევს საკმაოდ კარგ შედეგს. აღნიშნული მკურნალობა მოიცავს სათანადო მედიკამენტის ყოველთვიურ ინექციებს, რომელიც გრძლედება გარდატეხის ნორმალურ ასაკამდე. მედიკამენტის ინექციების შეწყვეტიდან 16 თვის შემდეგ როგორც გოგონა, ასევე ვაჟი აგრძელებს გარდატეხის პერიოდის მიმდინარეობის პროგრესირებას.
სხვა სახის სამედიცინო მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. მაგალითად, ჰორმონ-მაპროდუცირებელი სიმსივნის არსებობისას, მისი ამოკვეთა გვაძლევს დადებით შედეგს სასურველი მიმართულებით.
სტატიის ავტორები:
თსსუ პროფესორი: გიორგი თევდორაშვილი
რეზიდენტი მეან-გინეკოლოგი: მარიამ ანდღულაძე