თარიღი: 15 სექტემბერი, 2017
გადანერგილი ორგანო – გადარჩენილი სიცოცხლე
რატომ არის, რომ ორგანო, რომელიც მთელი სიცოცხლე ერთგულად უნდა გვემსახუროს, მუშაობაზე უარს ამბობს? რა ვიღონოთ, თუ თირკმელმა, ღვიძლმა ან გულმა გვიმტყუნა? ორგანოების სიმუხთლით შეძრწუნებულმა ადამიანებმა მწყობრიდან გამოსულ ორგანოთა შეცვლა გადაწყვიტეს და მოახერხეს კიდეც. უცნობია, რამდენი ცდის შემდეგ მიაღწიეს სასურველ შედეგს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს განვითარებულ ქვეყნებში ორგანოთა გადანერგვა წარმატებით ხორციელდება.
ორგანოთა გადანერგვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვესაუბრება საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გია თომაძე.
ტრანსპლანტაცია პარენქიმული ორგანოების (გულის, თირკმლის, ღვიძლის) და ქსოვილების (კანის, ძვლის ტვინის, რქოვანას) გადანერგვაა. ორგანოთა გადანერგვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება, რასაც შემდეგი რიცხვებიც მოწმობს: მსოფლიოში ყოველწლიურად 100 000-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება. ყველაზე ხშირად თირკმლის გადანერგვა ხდება. მას მოსდევს ღვიძლის, გულის, პანკრეასისა და ნაწლავის ტრანსპლანტაცია.
საქართველოში პირველად თირკმელი გადაინერგა (ეს მოხდა 1977 წელს, რუს კოლეგებთან ერთად პროფესორ ლ. მანაგაძის უშუალო მონაწილეობით). რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 1995 წელს, უროლოგიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ორგანოთა გადანერგვა განახლდა. ამჟამად ტრანსპლანტაციას უროლოგიის ცენტრი და ქირურგიის ეროვნული ცენტრი აწარმოებენ.
საქართველოში 1997 წელს დაარსდა ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია, რომლის მიზანიც მედიცინის ამ დარგის განვითარების ხელშეწყობაა.
ჩვენს ქვეყანაში ამჟამად ორგანოებიდან თირკმლის, სათესლე ჯირკვლის, ხოლო ქსოვილებიდან – რქოვანასა და ძვლის გადანერგვა წარმოებს. იმ პირებთან ერთად, რომლებსაც ზემოხსენებული ოპერაციები ჩაუტარდათ, ასოციაციის საინფორმაციო ბანკში აღრიცხულნი არიან ღვიძლგადანერგილი პაციენტები, რომლებსაც ორგანოს ტრანსპლანტაცია საზღვარგარეთ ჩაუტარდათ, ხოლო მედიკამენტებით უზრუნველყოფა და მეთვალყურეობა საქართველოში გაგრძელდა.
სახელმწიფო პროგრამა ყოველწლიურად თირკმლის 9-10 გადანერგვას აფინანსებს. გამონაკლისი იყო 1995 წელი, როდესაც დამატებითი დაფინანსების მეოხებით თოთხმეტი ტრანსპლანტაცია განხორციელდა. 2007 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ასოციაციის საინფორმაციო ბანკში აღრიცხვაზეა პაციენტთა 3 კატეგორია: თირკმელგადანერგილები, ღვიძლგადანერგილები და რქოვანაგადანერგილები. ათი წლის განმავლობაში გადანერგილ პირთა რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა.
საქართველოში ორგანოთა გადანერგვის თვალსაზრისით პრობლემა უმთავრესად ორია. პირველი ფინანსებს უკავშირდება: ორგანოთა გადანერგვისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა არ არის საკმარისი, რომ ოპერაცია ყველას გაუკეთდეს. ამჟამად 700-ზე მეტ ადამიანს უკეთდება ჰემოდიალიზი, უხეშად რომ ვთქვათ, შეერთებულია ხელოვნურ თირკმელთან. ჰემოდიალიზი მკურნალობის მეთოდია, რომელსაც თირკმლის უკმარისობის შორს წასულ, ტერმინალურ სტადიაზე იყენებენ. ხელოვნური თირკმლის ანუ სადიალიზო აპარატის საშუალებით სისხლი იფილტრება. ამ პროცედურას ადამიანი კვირაში 2-3-ჯერ, 3-4 საათის განმავლობაში იტარებს.
ყველა, ვისაც კი ჰემოდიალიზით მკურნალობენ, თირკმლის პოტენციური რეციპიენტია, თუმცა ამ ორგანოს ტრანსპლანტაცია გაცილებით მეტს სჭირდება, ვინაიდან თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში მყოფი ყველა მსურველი არ არის ჰემოდიალიზზე.
მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ ჩვენთან არ მუშაობს გვამური ორგანოების გადანერგვის მეთოდი, თუმცა 2000 წელს მიღებული კანონის მიხედვით, საქართველოში ასეთი ორგანოების გამოყენება დაშვებულია. მიზეზი გარდაცვლილის ოჯახის წევრების პროტესტი და, საზოგადოდ, გვამური ორგანოების დონაციის მიმართ მოსახლეობის ნეგატიური განწყობა გახლავთ, ეს კი იმის ბრალია, რომ ჩვენი მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული იმის თაობაზე, რაოდენ მნიშვნელოვანია ტრანსპლანტაცია ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
ტრანსპლანტაცია საჭიროა ორგანოს ფუნქციის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში. თირკმლის გადანერგვა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს ორივე თირკმლის უკმარისობა უვითარდება. ცალი თირკმლით სრულფასოვანი ცხოვრება ჯერ კიდევ შეიძლება.
თირკმლის ტრანსპლანტაცია დიალიზის ალტერნატივას წარმოადგენს. ეს მეთოდი, გარდა იმისა, რომ ჯამში უფრო იაფია, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.
ოპერაციის ტექნიკა წლების განმავლობაში იხვეწებოდა. შესაბამისად, მცირდებოდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. თუ 1995-1999 წლებში საქართველოში ლეტალურად დასრულებული ოპერაციების წილად 27% მოდიოდა, 2000-2007 წლებში მათი პროცენტული ოდენობა 5-მდე შემცირდა. რაც შეეხება გადანერგილი ორგანოს სიცოცხლისუნარიანობას, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, გადანერგილი თირკმლის ფუნქციონირების მაქსიმალური ხანგრძლივობა 20-30 წელია.
უნდა ითქვას, რომ ოპერაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გადანერგვის შემდგომი პერიოდის მართვა და ნაოპერაციევი ადამიანის მეთვალყურეობა.
ჯერ ერთი, ოპერაციის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში პაციენტს იმუნოსუპრესიული თერაპიისთვის ერთი ოპერაციისოდენი თანხა კიდევ ეხარჯება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ორგანოგადანერგილი ადამიანები სიცოცხლის ბოლომდე იღებენ იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს, რათა ორგანოს მწვავე მოცილების რეაქცია არ განვითარდეს.
მწვავე მოცილების რეაქცია ძალიან აგრესიული პროცესია: რეციპიენტის იმუნიტეტი ებრძვის ახალ ორგანოს ისევე, როგორც ვირუსს ან ბაქტერიას და მისი განადგურებისკენ მიისწრაფვის. მეტ-ნაკლებად ყველა ორგანიზმი ცდილობს, მოიცილოს “ზედმეტი”, ამიტომ ნაოპერაციევ პაციენტს იმუნოსუპრესორულ მედიკამენტებს ვაძლევთ, რათა აგრესია მინიმუმამდე დავიყვანოთ. შეიძლება, პროცესი მთლიანად ვერ ჩავახშოთ, მაგრამ მცირედი აგრესია, რომელიც ასეთ შემთხვევაში რჩება, გადანერგილ ორგანოს ვერაფერს დააკლებს, თუმცა გამორიცხული არ არის ჩამოყალიბდეს ქრონიკული მოცილების რეაქცია.
როდესაც შეუთავსებლობა ძლიერია, აგრესიულ პროცესს მედიკამენტებიც კი ვეღარ ახშობს და გადანერგილი ორგანო ფუნქციონირებას წყვეტს, თუმცა თანამედროვე იმუნოსუპრესიული თერაპია იძლევა საშუალებას, მწვავე მოცილების რეაქცია მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან. საზღვარგარეთ მისი სიხშირე 5-10%-მდე აღწევს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ჩვენთან მოცილების რეაქცია შემთხვევათა 20%-ში იჩენს თავს.
გამონაკლისია იმავე კვერცხუჯრედისგან განვითარებული ტყუპისცალის ორგანოს გადანერგვა, თუმცა ასეთი შემთხვევები ფაქტობრივად არ გვქონია. როდესაც ერთი ტყუპისცალი რამით არის დაავადებული, გარკვეული პრობლემა, როგორც წესი, მეორესაც აქვს.
იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს რიგი გვერდითი ეფექტი ახასიათებს, ამიტომ იმუნოსუპრესიული თერაპია მხოლოდ მაშინ ინიშნება, როდესაც მისი გვერდითი მოქმედებით გამოწვეული შესაძლო ზიანი ნაკლებია, ვიდრე ის საფრთხე, რომელიც ამ პრეპარატების მიუღებლობის შემთხვევაში ემუქრება ადამიანს. ორგანოგადანერგილი პაციენტების შემთხვევაში ეს არჩევანი, წესისამებრ, იმუნოსუპრესიის აუცილებლობისკენ იხრება.