თარიღი: 08 სექტემბერი, 2021
პირველი დღე სამშობიაროდან შინ დაბრუნების შემდეგ
ეს დღეც დადგა - უკან დარჩა მშობლების, მეგობრების დარიგებები, თეთრხალათიანთა არმია, უსიამოვნო, მაგრამ საჭირო სამედიცინო ჩარევები, სამშობიარო ტკივილი ან საკეისრო კვეთისშემდგომი პრობლემები.
შენ დედა გახდი! არ ვიცი, აცნობიერებ თუ არა ბოლომდე, მაგრამ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა!
დგახარ სამშობიარო სახლის კარის ზღურბლთან საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და პირველი, რაც გეფიქრება, ალბათ, არის შემდეგი - შინ ბევრი პრობლემაა, იქ არც ექიმია, არც მედდა, სამაგიეროდ, არიან ყველაფრის მცოდნე მშობლები, მეგობრები და ცოტა შენსავით დაბნეული მეუღლე.
მოდი, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ იმ პირველი მთავარი 24 საათისათვის, როცა შინ ოჯახის ახალი წევრით დაბრუნდები.
სხეულის ფორმები
თუ შენ ფიქრობდი, რომ მშობიარობის შემდეგ შენი სხეული და წონა ჩვეულ ფორმებს დაუბრუნდებოდა, იმედი უნდა გაგიცრუო. ეს ასე არ მოხდება. ჩვეული წონის დაბრუნებას რამდენიმე თვე დასჭირდება, ხოლო მშობიარობისშემდგომი მუცლის ზომები ისევ დაგამსაგავსებს ორსულ ქალს, თუმცა დროებით. ამიტომ სამშობიაროდან გამოწერის დღისათვის ნუ შეიგულებ ძველ სამოსს, ჩვეული ამბავია ორსულობის დროინდელი ტანსაცმლით დაბრუნება სამშობიაროდან შინ.
პატარას სამოსი
აქ რჩევა-დარიგებების კასკადი და სიფრთხილის გადაჭარბებული დოზები გელის. ახალშობილების თბორეგულაცია მომწიფებული არ არის. ამიტომ ჩახურებისას ისინი ადვილად გადახურდებიან, ხოლო სიცივეში გადაცივდებიან. მოიმარაგე ნატურალური მასალისაგან დამზადებული მოსახერეხებელი სამოსი და პლედები სეზონის შესაბამისად.
საკვები
- იდეალური საკვები პატარასთვის დედის რძეა, ამიტომ ეცადე, სამშობიაროშივე ისწავლო ძუძუთი სწორად კვება. ამაში მედდა დაგეხმარება.
- არ მისცე პატარას თვითნებურად რაიმე სახის ხელოვნური საკვები იმ მოტივით, რომ მას რძე არ ყოფნის.
- გახსოვდეს, ახალშობილი მუდმივად ითხოვს ძუძუს, რადგან მას არამარტო შიმშილი აწუხებს, არამედ შენთან კონტაქტი, შეხება, შენი ხმის და სუნის შეგრძნება სურს. ეს ყველაფერი მისთვის უსაფრთოებას ნიშნავს! ✅რაც შეეხება ხსენის და რძის მცირე მოცულობას დაბადების პირველ დღეებში, ახალშობილის პატრა მოცულობის კუჭისათვის ის სრულიად საკმარისია, მე-3-4 დღიდან კი „რძის მოწოლა“ დაიწყება და რძის რაოდენობაც გაიზრდება.
გაითვალისწინე, რომ შიმშილის ნიშნები გარდა ტირილისა, არის ტუჩებს ცმაცუნი, ლოკვა, მოუსვენრობა. თუ ამ ნიშნებს ყურადღებას დროულად არ მიაქცევ, ცოტა ხანში პატარა მაღალი და მომთხოვნი ხმით დასჭექს.
როცა შინ სხვა პატარებიც გელიან...
თუ უკვე გყავს სხვა შვილიც, გაითვალისწინე, რომ ის მოუთმენლდ ელის შენს დაბრუნებას და ხშირად სულაც არ უნდა შენთან ერთად იმ არსების ნახვა, რომელმაც დედიკო უნდა გაუყოს.
ასე, რომ სამშობიაროში წასვლამდე უფროს და-ძმას აუხსენი, რომ სულ მალე ოჯახში მატება იქნება. შინ დაბრუნებისას წარუდგინე მათ პატარა, გააცანი, მიეცი უფლება შეეხონ. დაასაქმე უფროსი და-ძმა, დააჭერინე ხელში ახალშობილი (რა თქმა უნდა, სიფრთხილით), დაიხმარე და მოატანინე პაწაწინასთვის განკუთვნილი ნივთები - საფენები, მოვლის საშუალებები.
თუ სახლში შინაური ცხოველიც გელის...
ახალი ოჯახის წევრის წარდგენა მისთვის მანამდე სჯობს დაიწყო, ვიდრე პირადად გააცნობ. გაუგზავნე სამშობიაროდან ახალშობილის რაიმე ნივთი დასაყნოსად, ვთქვათ, სამოსი, რომელიც მას უკვე ეცვა.
პირადად გაცნობა უმტკივნეულოდ ჩაივლის, თუმცა ჯერ-ჯერობით არ მისცე საყვარელ ცხოველს უფლება, შევიდეს იმ ოთახში, სადაც ახალშობილს სძინავს.
სტუმრები
სერიოზული ამბავია. შენ ხომ ახლა ყველაზე პოპულარული ქალი ხარ სანათესაო-სამეგობროში - დედა გახდი. ამიტომ ყველას სურს გინახულოს შენც და შენი პაწაწინა შვილიკოც.
სულაც არა მოსარიდებელი, ახლა, პანდემიის დროს ახლობლებს ვიზიტისგან დროებით თავშეკავება სთხოვო. და თუ ვინმე გესტუმრათ, ის უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით უნდა მიიღო.
‼️გახსოვდეს, შენი პატარა უმწიფარი იმუნური სისტემით დაიბადა და მისთვის მიკრობები განსაკუთრებით საშიშია.
ექიმი
სულ ბოლოს გამახსენდა - შენს პატარას ექიმი სჭირდება და ის საგულდაგულოდ უნდა აირჩიო.
შემდგომი წლების მანძილზე სწორედ ის გახდება თქვენი ოჯახის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარიც და მრჩეველიც. ამიტომ ის ადამიანი უნდა მოძებნო, რომელთან ვიზიტი კი არ დაგრთგუნავს და შეგაშინებს, პირიქით, ბევრ დადებით ემოციას და სიმშვიდეს მოგიტანს.
რა კითხვები უნდა დაუსვა ექიმს პირველ შეხვედრაზე გარდა შენთვის საინტერესო სამედიცინო საკითხებისა?
1. როგორია თქვენი სამუშაო განრიგი?
2. რა არის ექიმთან გადაუდებელი ვიზიტის მიზეზი?
3. ვის და რა ნომერზე შეიძლება დავუკავშირდე გადაუდებელი შემთხვევებისას?
4. როგორი სიხშირით უნდა მოვიყვანო პატარა ჯანმრთელობის და განვითარების შესაფასებლად?
5. როცა პატარა ტირის, ნიშნავს თუ არა, რომ ის ავადაა?
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე