თარიღი: 30 აგვისტო, 2022
დიდი, დიდი ხნის წინ, ამ გემრიელ, წვნიან სხვადასხვა ფერს ნაყოფს აცტეკებმა თავიანთ ენაზე „ტომატ“ უწოდეს. მე-16 საუკუნეში ის ესპანელთა წყლობით მთელს ევროპაში გავრცელდა.
პომიდვრის სხვადასხვა ფერის ნაყოფს საერთო სარგებელი აერთიანებს - ის მინერალების, ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების მდიდარი საბადოა.
მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი წყალია, რაც მთელი შემადგენლობის დაახლოებით 2/3-ს წარმოადგენს. პომიდვრის შემადგენლობში არსებული ნატრიუმი და კალიუმი წყალ-მარილოვან ცვლას რეგულირებს. შეიცავს იოდს, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის.
დიდი რაოდენობით კალციუმი, ფოსფორი და ფტორი ძვლებისა და კბილების ფორმირებისათვის აუცილებელი ნივთიერებები. სპილენძი, თუთია და მანგანუმი ძვლების სიმტკიცეს, იმუნური, სისხლმბადი და ნერვული სისტემის ნორმულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ქრომი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან ცვლაში.
პომიდორი შეიცავს რკინასა და ფოლატებს, რაც რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ვიტამინურ შემდგენლობას - პომიდორი C, A, B ჯგუფის ვიტამინების წყაროა. ეს ნივთიერებები პრაქტიკულად ორგანიზმში მიმდინარე ყველ სასიცოცხლო პროცესებში მონაწილეობენ.
პომიდვრის შემადგენლობაში არსებული პექტინები ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და ხელს უშლის ყაზობას. არეგულირებს არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს სისხლში.
პომიდორის კიდევ ერთი სიმდიდრე ლიკოპენია. ეს მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს - ექსპერიმენტულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ლიკოპენი წყვეტს სიმსივნური უჯრედების გამრავლების პროცესს.
გარდა ამისა, მას არაჩვეულებრივი შარდმდენი ეფექტი აქვს და ხელს უშლის ორგანიზმში სითხის დაგროვებას.
იცოდით, რომ პომიდორი ფიტონციდებასაც შეიცავს? სწორედ იმას, რითიც ხახვი და ნიორია მდიდარი. ამ ნივთიერებებს ანტიმიკრობული თვისებები აქვს.
რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ პატარას პომიდორს მივცემთ
- თუ თქვენ ჯერ კიდევ უმწიფრი პომიდორი გაქვთ, ნუ ეცდებით მის დამწიფებას მზის გულზე. პირიქით, უმწიფრი ნაყოფი ჩრდილში ყუნწებით ზემოთ დაალაგეთ.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ პომიდვრის მოყვანისას ხშირად იყენებენ სასუქებს და პესტიციდებს, ამიტომ ბავშვისთვის შეეცადეთ, ბიოპროდუქტი მოიძიოთ. თუ ზამთარში ირჩევთ პომიდორს, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა სათბურში მისი მოყვანისას მძიმე მეტალების შემცველი სასუქები იყოს გამოყენებული, ამიტომ ბიოპროდუქტის შერჩევა აუცილებელია.
- არ შესთავაზოთ პატარას პომიდვრის მარინადი - ის დიდი როდენობით მარილს და ძმარს შეიცავს.
ახლა მთავარი - როდიდან შევთავაზოთ ბავშვს ეს სასარგებლო ბოსტნეული.
კვების შესახებ რეკომენდაციები დროთა განმავლობაში იცვლება. ნუტრიციოლოგთა ნაწილი თვლის, რომ პომიდვრის მიცემა 6 თვიდან შეიძლება, თუმცა ასევე ბევრი რეკომენდაციის თანახმად, სჯობს, 8-9 თვემდე მისი მიცემისაგან თავისშეკავება. გასათვალისწინებელია ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებებიც.
გაითვალისიწინეთ, რომ პომიდორი დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებს შეიცავს, რომელთაც საყლაპავისა და კუჭის ნაზი ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შეუძლია.
პომიდვრის მიღების შემდეგ პატარას შესაძლოა ტუჩების ირგვლივ კანის სიწითლე და გამონაყარიც შენიშნოთ - ესეც ორგანული მჟავებით კანის გაღიზიანების შედეგია.
მოთუშულ-მოხარშული პამიდორი ამ მხრივ ნაკლებადაა სახიფათო, ამიტომ თავდაპირველად სჯობს სწორედ ორთქლზე მოთუშული ან გამომცხვარი კანგაცლილი სახით მისცეთ.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე