თარიღი: 09 მარტი, 2020
რა არის ბრონქიტი, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მკურნალობა.
იცით რომელია ზამთრის პერიოდში ერთ–ერთი ყველაზე ხშირი დაავადება? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი თერაპევტი ნინო ქუხილავა.
– რა არის ბრონქიტი?
ბრონქიტი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა. გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს. ბრონქიტის მარტივი ფორმის პარალელურად არსებობს:
- ჩირქოვანი ბრონქიტი (ხასიათდება ჩირქოვანი ნახველით)
- ობსტრუქციული ბრონქიტი (თან ახლავს ბრონქების სპაზმი).
თუ დაავადების ნიშნების გამოვლენის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს, საუბარია მწვავე ბრონქიტზე, ხოლო თუ სიმპტომები უფრო მეტ ხანს გრძელდება (თვეობით, წლობით ) პაციენტს აქვს ქრონიკული ბრონქიტი.
მწვავე ბრონქიტი ინფექციური ფაქტორებით, უპირატესად ვირუსებით, იშვიათად ბაქტერიებით, სოკოებით ან ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკებით (მტვერი, ალერგენები) არის გამოწვეული.
დაავადების განვითარებაზე და გამწვავებაზე მოქმედებს:
- მოწევა
- გაციება
- ცხვირით სუნთქვის დარღვევა
- ქრონიკული დაავადებები (მაგ: რაქიტი, ყივანახველა).
– რა სიმპტომებით ხასიათდება ბრონქიტი?
ბრონქიტის მთავარი ნიშანია ხველა. თავდაპირველად მშრალი, მოგვიანებით თეთრი, მოყვითალო ან ყვითელი ფერის ნახველის გამოყოფით. ზოგადი სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე, მოსმენით ხიხინი (სტვენისმაგვარი ხმიანობა სუნთქვისას).
– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
დიაგნოსტიკა ხდება ჩივილებისა და ფილტვების მოსმენის საფუძველზე. ტარდება ნახველის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ასევე გულ – მკერდის რენტგენოგრაფია პნევმონიის გამოსარიცხად, სისხლის საერთო ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში სპირომეტრია ქრონიკული ასთმისა და ემფიზემის გამოსარიცხად.
ბრონქიტის დროს ხშირია პაციენტების ზერელე დამოკიდებულება, რაც გაუმართლებელია. ეს დაავადება შეიძლება გართულდეს პნევმონიით, ბრონქიოლიტით, სუნთქვისა და გულის უკმარისობით.
– როგორია მკურნალობა?
ბრონქიტის მკურნალობისას მნიშვნელოვანია სითხეების მიღება და სიგარეტის მოწევისგან თავის შეკავება. ანტიპირეტული და ხველის დამთრგუნველი საშუალებები ხშირად ინიშნება შემაწუხებელი ხველით მიმდინარე ბრონქიტის დროს. ამოსახველებელი საშუალებების რუტინულად გამოყენება არ არის რეკომენდებული. ნახველის გამათხიერებელი საშუალებების დანიშვნა შესაძლებელია წებოვანი, ძნელად გამოსაყოფი ნახველის დროს. ანტიბიოტიკები ინიშნება თუ:
- საეჭვოა ბაქტერიული ინფექცია
- უარესდება ზოგადი მდგომარეობა
- ცხელება გრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს ან აღენიშნება ცხელების მეორე ტალღა
- პაციენტს აქვს ჩირქოვანი ნახველი
- ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ეჭვია მიკოპლაზმურ, ქლამიდიურ ინფექციაზე ან ყივანახველაზე
- დაავადება მიმდინარეობს იმ ფაქტორების ფონზე, რომელთაც შეუძლიათ გაზარდონ პნევმონიის განვითარების რისკი (იმუნიტეტი, ალკოჰოლიზმი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული პათოლოგია).
ანტიჰისტამინური საშუალებები არ არის რეკომენდებული, რადგან იწვევენ ნახველის გამოშრობას. პროგნოზი პაციენტთა უმრავლესობაში კეთილსაიმედოა.