თარიღი: 06 მარტი, 2020
ოსტეოპოროზი ადამიანის საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებაა, რომელიც გამოიხატება მისი ძვლოვანი ნაწილის გაფაშრებით და ოსტეოციტების შემცირებით.
ოსტეოპოროზი ხასიათდება ძვლის მასის შემცირებით, რაც ძვლის სისუსტეს განაპირობებს. მდგომარეობის გამო იზრდება მოტეხილობის რისკი, მცირედი დატვირთვის შედეგადაც კი.
ოსტეოპოროზი და მოტეხილობა
ყველაზე ხშირად ოსტეოპოროზისას გამოხატულია შემდეგი სახის მოტეხილობები:
- ხერხემლის კომპრესიული;
- წინამხრის დისტალური ნაწილი;
- მხრის პროქსიმალური ნაწილი;
- ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ ოსტეოპოროზისთვის არ არის დამახასიათებელი კონკრეტული, კლინიკური ნიშანი, მაგრამ შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ყველაზე ხშირია და არ არის სპეციფიკური ამ დაავადებისთვის:
- ქრონიკული ან პირველად აღმოცენებული ტკივილი ხერხემლის სვეტის არეში;
- სიმაღლეში დაპატარავება 2 ან მეტი სანტიმეტრით ბოლო 3 წლის განმავლობაში, ან 4 სანტიმეტრი და მეტი 25 წლის ასაკთან შედარებით, რაც ხერხემლის მალათაშორის მანძილის შემცირებაზე მეტყველებს;
- როცა სიმაღლეში გაზომვისას, მანძილი კისერსა და საზურგე საყრდენს შორის 5 სანტიმეტრზე მეტია, რაც გულმკერდის კიფოზზე (კიფოზი – მოხრა ხერხემლის, გულმკერდის არეში “კუზი“) მეტყველებს;
- მანძილი ქვედა ნეკნებსა და თეძოს ძვლის ფრთებს შორის 2 თითი (4-5სმ) ან ნაკლებია, რაც მიუთითებს ხერხემლის სვეტის დამოკლებასა და ხერხემლის მალთაშუა კომპრესიაზე (კომპრესია – შეკუმშვა).
ოსტეოპოროზის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ რევმატოლოგი ოთარ ჟვანია.
– რა ასაკის ადამიანები ავადობენ ოსტეოპოროზით და რატომ?
– ოსტეოპოროზი ძირითადად გავრცელებულია ქალებში, პოსტმენოპაუზური პერიოდის შემდეგ, როდესაც ორგანიზმში ესტროგენების რაოდენობა მცირდება. ამ დროს ძვალში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში ხდება დისბალანსი, უფრო დიდი რაოდენობით ძვლოვანი ქსოვილი შთაინთქმება, ვიდრე წარმოიქმნება, რის შედეგადაც ირღვევა ძვლოვანი არქიტექტონიკა და ძვალი ხდება უფრო სუსტი. ეს პროცესები ყველაზე მეტად გამოხატულია ძვლის ღრუბლისებრ ქსოვილში.
– რა იწვევს ოსტეოპოროზს, რას გვეტყვით რისკ–ფაქტორებზე, რა ზრდის ამ დაავადების განვითარების რისკს?
– ოსტეოპოროზის კონკრეტული გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს რისკ–ფაქტორები, რომლის გამოც ოსტეოპოროზის რისკი იზრდება. ეს რისკ–ფაქტორები შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები.
მოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები:
- ჰორმონული მედიკამენტების მიღება სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში;
- თამბაქო;
- კვების რაციონში კალციუმით მდიდარი საკვების დეფიციტი;
- D ვიტამინის დეფიციტი;
- ალკოჰოლის სისტემატიური მიღება;
- ხანგრძლივი დროის მანძილზე დაბალი ფიზიკური აქტივობა, იმობილიზება (უმოძრაობა).
არამოდიფიცირებადი რისკ–ფაქტორები:
- ასაკი 65 წელზე მეტი;
- მდედრობითი სქესი;
- ევროპული რასა;
- წარსულში მოტეხილობა;
- დაბალი ძვლოვანი მინერალური სიმკვრივე;
- გენეტიკური მიდრეკილება;
- ჰიპერგონადიზმი (დიდი რაოდენობით სასქესო ჰორმონების გამომუშავება) როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში;
- კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება;
- სხეულის მასის ინდექსი 2 ან 57კგ-ზე დაბალი წონა.
ასევე შეიძლება ამ რისკ–ფაქტორებს მივამატოთ ფაქტორები, რომელიც ზრდის დაცემის რისკს, შესაბამისად, მოტეხილობების საფრთხეს, მაგალითად:
- დაბალი ფიზიკური აქტივობა;
- თავბრუსხვევის გამომწვევი პრეპარატები;
- სისუსტე;
- მხედველობის დაქვეითება;
- ძილის დარღვევა.
- ოსტეოპოროზი ძალიან ბევრ დაავადებასთანაა შეჭიდული!
ენდოკრინული სისტემის დაავადებები:
- ენდოგენური ჰიპერკორტიციზმი „იცენკო კუშინგის სინდრომი“;
- თირეოტოქსიკოზი;
- ჰიპერგონადიზმი;
- ჰიპერპარათირეოზი;
- პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
- რევმატოიდული დაავადებები:
- რევმატოიდული ართრიტი;
- სისტემური წითელი მგლურა;
- მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი „ბეხტერევის დაავადება“;
- თირკმლის დაავადება;
- თირკმლის უკმარისობა;
- აციდოზი;
- ფანკონის სინდრომი.
- სისხლის დაავადებები:
- მიელომა;
- თალასემია;
- ლეიკოზი;
- ლიმფომა.
ეს პრეპარატები ხელს უწყობს ოსტეოპოროზის განვითარებას:
- გლუკოკორტიკოიდები;
- თირეოდული ჰორმონები;
- ანტიკონვულსანტები;
- იმუნოდეპრესანტები;
- გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის აგონისტები;
- ალუმინის შემცველი ანტაციდები;
- დიურეზული საშუალებები.
- ოსტეოპოროზი და სხვა რისკ–ფაქტორები
ასევე რისკ–ფაქტორს წარმოადგენს ისეთი დაავადებები, რომელიც დაკავშირებულია მინერალთა ცვლის დარღვევასთან, პრეპარატებთან, რომელიც დევნის ძვლისათვის საჭირო მინერალებს ორგანიზმიდან.
– როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
– ოსტეოპოროზის სკრინინგი უნდა ჩატარდეს რისკის ჯგუფებში და მოტეხილობებისას, პირველ რიგში, პოსტმენოპაუზის ქალებში, ხოლო მამაკაცებში 50 წლის ზევით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მოტეხილობები მინიმალური ტრავმით. ოსტეოპოროზის ადეკვატური მკურნალობა, დროული დიაგნოზი, ხელს შეუშლის ოსტეოპოროზისთვის დამახასიათებელ მოტეხილობათა „კასკადს“.
– რას გვეტყვით ოსტეოპოროზის დიაგნოსტირების მეთოდზე კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“?
– სტანდარტული რენტგენოლოგიური გამოკვლევა უნდა შესრულდეს პერიფერიული ჩონჩხისა და ხერხემლის მოტეხილობების დიაგნოსტირებისთვის.
ლაბორატორიული მაჩვენებლები ოსტეოპოროზის ტესტირება:
- ზოგადი კლინიკური სისხლის ტესტი;
- შრატის კალციუმი და ფოსფორი;
- კრეატინინის კლირენსი;
- ტუტე ფოსფატაზა.
– როგორ მკურნალობთ ოსტეოპოროზს?
– ოსტეოპოროზის მკურნალობა მდგომარეობს ძვლის მინერალიზების გაუმჯობესებაში, რომელიც კალციუმის, მიკროელემენტებისა და D ვიტამინის მიღებით არის შესაძლებელი, თუმცა შორსწასულ შემთხვევებში აუცილებელია სხვა მედიკამენტების დართვაც! თვითმკურნალობა დაუშვებელია. ამ დაავადების სამკურნალოდ რეკომენდებულია ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია და ანტირეზორბციული პრეპარატებითა და ძვლის წარმოქმნის სტიმულატორებით მკურნალობა.