თარიღი: 04 ივლისი, 2018
ნარკოდამოკიდებულება მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა. მნიშვნელოვანია ნარკოდამოკიდებული ადამიანის როგორც რეაბილიტაციის პროცესი, ასევე საზოგადოების მხარდაჭერა. გვესაუბრება “კამარას” ფსიქოლოგი ნინო კომახიძე.
რა ასაკში ჩნდება ნარკოტიკის მიმართ ინტერესი?
როგორც წესი, ნარკოტიკის მიმართ პირველი ინტერსი და მათთან ზიარებაც, გარდატეხის ასაკში ხდება. ადამიანისათვის ამ ურთულეს პერიოდში, ნარკოტიკი ერთგვარი ახალი და აკრძალული ხილის გასინჯვის თავგადასავალია. მოზარდებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ხშირი მომხმარებლები ხდებიან ნარკოტიკული საშუალებების, დამოკიდებულების სინდრომი უყალიბდებათ. თუმცა, ამ დაავადების ჩამოყალიბებისგან არც ერთ ასაკში დაზღვეული არავინ არის. ყველაზე ხელმისაწვდომი სააფთიაქო ნარკომანიაა, ასევე პატარა ასაკში სასმელიც ინტერესიც არანაკლებია. ახალგაზრდებს უნდა შევთავაზოთ ალტენრატივა ჯანსაღი ცხოვრების სახით და ამ პროცესში ყველა უნდა იყოს ჩართული.
რას მოიცავს ნარკოდამოკიდებული ადამიანის რეაბილიტაცია?
ზოგადად ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ის რამოდენიმე ეტაპისგან შედგება და გულისხმობს როგორც ფიზიკური აბსტინენციის (ე.წ. ‘’ლომკის’’) მოხსნას , ისე ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მართვას და რეაბილიტაციას. ყველაზე რთული სწორედ ფსიქოლოგიური ‘’ლომკის’’ მოხსნაა, როდესაც გამოფხიზლებული ადამიანი ფაქტიურად თავიდან იცნობს როგორც საკუთარ თავს, ისე გარესამყაროს.
საქართველოში ნარკოდამოიდებული პირისთვის რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროცესის გავლა საკმაოდ რთულია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მსგავსი სერვისები ჩვენთან ფაქტიურად არ არსებობს. თუმცა, თუ ადამიანს უნდა და გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა სიფხიზლის შესანარჩუნებლად, შეუძლებელი არაფერია.
ოჯახის და გარემოს მხარდაჭერა…
ოჯახის და გარემოს მხარდაჭერა ნარკოდამოკიდებულების დროს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადების დროს. მათი სწორი და გააზრებული დამოკიდებულება არსებული პრობლემის მიმართ, განაპირობებს თავად წამალდამოკიდებული პირის მეტ მოტივაციას და ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებას რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში.
7 რჩევა ნინო კომახიძისგან:
1. განსაზღვრება მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი არის ძალიან პირობითი. ნებისმიერი ‘’მსუბუქი ნარკოტიკი’’ თრობის თვალსაზრისით, სულაც არ ნიშნავს რომ ის უვნებელი, ან ნაკლები ზიანის მომტანია. უსაფრთხო ნარკოტიკი არ არსებობს.
2. შემთხვევით არაფერი ხდება, არც ნარკოდამოკიდებულება ყალიბდება ჰაერიდან. მნიშვნელოვანია გავარკვიოთ მიზეზი, რატომ დაჭირდა ადამიანს ნარკოტიკი ასე ინტენსიურად, რა ნახა მან ამ ნივთიერებაში ისეთი, რაც ვერ იპოვნა ფხიზელ ცხოვრებაში.
3. ნებისმიერ ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება – აირჩიოს ის, რაც მას სურს, შესაბამისად გაიზიაროს და მზად იყოს იმ შესაძლო შედეგებზე, რაც მოჰყვება ამ არჩევანს, როგორი ‘’არასწორი’’ და ‘’სწორიც’’ არ უნდა იყოს ის. აგრეთვე ყველა ადამიანის უფლებაა ჰქონდეს მართებული, სწორი ინფორმაცია და ცოდნა, რასაც უნდა ეყრდნობოდეს მისი არჩევანი და არა ტყუილი მტკიცებულებები, რომ მაგალითად, მარიხუანა არის უვნებელი ბალახი, ან კლუბური ნარკოტიკი არ იწვევს მიჩვევას. სწორი, მართებული ინფორმაცია არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის და პრევენციის საქმეში.
4. ნარკოდამოკიდებულ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა, პირველად რომ სინჯავდა ნარკოტიკს, დარწმუნებული იყო, რომ დამოკიდებულების სინდრომი მას არ ჩამოუყალიბდებოდა.
5. ადამიანის ფსიქიკას ძალიან უჭირს სიამოვნებაზე უარის თქმა. ამიტომ ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიური სიამოვნებების მოძებნა – არაჯანსაღი სიამოვნების ჯანსაღი სიამოვნებით ჩანაცვლება.
6. მკურნალობას და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
7. ყოფილი ნარკომომხმარებლები არსებობენ.
წყარო: Fortuna.ge