Plasmon
რა აძნელებს ცხვირით სუნთქვას - ანატომიური მიზეზები

თარიღი: 14 აპრილი, 2022

თავისუფალი სუნთქვა ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. ცხვირში ჰაერის მოძრაობას ზოგჯერ ისეთი ბანალური მიზეზი აფერხებს, როგორიცაა გაციება და გრიპი. გავრცელებულ მიზეზებს მიეკუთვნება აგრეთვე სინუსებისა და ადენოიდების ინფექციები, ალერგიული და არაალერგიული რინიტები, ჰორმონული ცვლილებები, ზოგიერთი მედიკამენტით მკურნალობა... ამ დროს ცხვირით სუნთქვის აღდგენა არაქირურგიული გზებითაც შესაძლებელია, მაგრამ როცა ცხვირის დახშობა ანატომიური მიზეზით არის გამოწვეული, ოპერაციის გარეშე ვერაფერს გავხდებით.

სუნთქვის შემაფერხებელ მიზეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე “ავერსის კლინიკის” ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ნიკოლოზ ცეცხლაშვილი გვესაუბრა.

ადამიანი აუცილებლად ცხვირით უნდა სუნთქავდეს და არა პირით. ცხვირში ჰაერის ნაკადი თბება, ტენიანდება, მტვრის ნაწილაკებისა და მიკრობებისგან იწმინდება. ცხვირის ძგიდე და ნიჟარები ჰაერის ტურბულენტურ მოძრაობას უწყობს ხელს, ტურბულენტობის წყალობით კი ჰაერი სწორად ნაწილდება სასუნთქ გზებში.

ცხვირით თავისუფალი სუნთქვა აუცილებელია შუა ყურისა და ცხვირის დანამატი წიაღების ნორმალური ფუნქციობისთვის.

ცხვირით სუნთქვის გაძნელება ორგანიზმში ბევრ პათოლოგიურ ცვლილებას იწვევს.


რომელი ანატომიური ცვლილებები უშლის ხელს ცხვირში ჰაერის თავისუფალ მოძრაობას?
ცხვირში ჰაერის მოძრაობის შემაფერხებელი გავრცელებული მიზეზებია:

ცხვირის ძგიდის გამრუდება. ცხვირის ძგიდე ხრტილოვანი და ძვლოვანი ნაწილებისგან შემდგარი სტრუქტურაა, რომელიც საყრდენს უქმნის ცხვირს და მის მარჯენა ნახევარს მარცხენა ნახევრისგან გამოყოფს. ძგიდის მფარავი ლორწოვანი კი ყნოსვაში მონაწილეობს. ადამიანთა ნახევარზე მეტს ცხვირის ძგიდე გამრუდებული აქვს (იდეალურად სწორი ძგიდე ბუნებაში არც არსებობს), მაგრამ ქირურგიული ჩარევა ყველას არ სჭირდება. გადამწყვეტია გამრუდების ტიპი და პაციენტის ანამნეზი.

განასხვავებენ ცხვირის ძგიდის ორი ტიპის გამრუდებას: ფიზიოლოგიურს და პათოლოგიურს. მნიშვნელოვანია მათი ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან ფიზიოლოგიური გამრუდების შემთხვევაში, პათოლოგიური გამრუდებისგან განსხვავებით, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის.

შესაძლოა, ადამიანს ცხვირის ძგიდე გამრუდებული ჰქონდეს, მაგრამ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებდეს. პირიქითაც ხდება – ცხვირის ძგიდის მცირედი გამრუდებაც კი სუნთქის გაძნელებას იწვევს.

ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია – მათი ძვლის ან ლორწოვანის გადიდება. ის ხშირად გვხვდება ცხვირის ძგიდის გამრუდებასთან ერთად. ამ შემთხვევაში ორივე პრობლემის აღმოფხვრაა საჭირო. ცხვირში სამი წყვილი ნიჟარაა (სამი – ერთ ნესტოში, სამი – მეორეში; ზოგჯერ დამატებითი, მეოთხე ნიჟარაც ვითარდება). ნიჟარები გრძელი, ვიწრო ძვლოვანი ფირფიტებია, რომლებიც ღრუბლისებრი ლორწოვანი გარსითაა დაფარული. მათი დამსახურებით თითოეულ ნესტოში წარმოიქმნება ჰაერგამტარი გზები, რომლებშიც იხსნება ცხვირ-საცრემლე არხი, ცხვირის დანამატი წიაღები, ქვედა ნიჟარის უკანა ბოლოში – ევსტაქის მილი (რომელიც ცხვირს ყურთან აკავშირებს). ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია ამ ბუნებრივი სავალების დახშობას და პათოლოგიური პროცესების განვითარებას იწვევს.

ნიჟარის ჰიპერტროფია შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტროფიულმა რინიტმა, ალერგიულმა რინიტმა, ვაზომოტორულმა რინიტმა. ნიჟარის ჰიპერტროფიას მკურნალობენ როგორც ქირურგიულად, ისე კონსერვატიულადაც, ცხვირის შესასხურებლებით.

- ცხვირის პოლიპოზი – კეთილთვისებიანი, უმტკივნეულო წარმონაქმნები ცხვირის ღრუსა და მისი წიაღების ლორწოვან გარსზე. ესეც საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და ხშირად ალერგიას უკავშირდება. უმეტესად შუახნის ადამიანებს ემართებათ. მცირე ზომის პოლიპები თითქმის არაფერს აშავებს, მაგრამ წარმონაქმნები, როგორც წესი, იზრდება და მთელ ნესტოს ახშობს. ძნელდება სუნთქვა, ჩნდება მუდმივი გამონადენი ცხვირიდან, სუსტდება ან ქრება ყნოსვა, იწყება თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, ხშირდება ინფექცია. მცირე ზომის პოლიპების მკურნალობა ზოგჯერ წამლებითაც შესაძლებელია, თუმცა უმეტესად მაინც ამოკვეთაა საჭირო.

ცხვირ-ხახის ადენოიდები, ხალხში პოლიპებს რომ ეძახიან. ადენოიდი წარმოადგენს ცხვირ-ხახის ლიმფოიდურ ქსოვილს, მდებარეობს ხახის თაღის ხახის უკანა კედელში გადასვლის ადგილას.

ის ხახის ლიმფოიდური რგოლის ნაწილია და ორგანიზმის დამცავი ფუნქცია აკისრია.

გადიდებული ადენოიდები, გარდა იმისა რომ ცხვირით სუნთქვას აფერხებს, ზოგჯერ ბაქტერიების კერადაც იქცევა.

განასხვავებენ ადენოიდების ჰიპერტროფიის რამდენიმე ხარისხს. დიფერენცირება რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე ხდება.

ჩივილებიდან აღსანიშნავია პირღია, ხმაურიანი სუნთქვა, ხვრინვა, ღამის აპნოე, ცხვირიდან ხშირი ჩამონადენი, ცხვირში ლაპარაკი, სმენის დაქვეითება, თანკბილვის დარღვევა, სუნთქვის დარღვევის გამო არასწორად ვითარდება გულმკერდი. ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფიის დროს ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ ანგინით, ლარინგიტით, ბრონქიტით, პნევმონიით.

- ქოანების ატრეზია. ეს არის თანდაყოლილი ანატომიური დეფექტი, რომლის დროსაც ცხვირის ღრუს უკანა ნაწილი, სადაც ღრუ ხახას უკავშირდება, დახშულია. შესაბამისად, ცხვირით სუნთქვა შეუძლებელია. ქოანებს ახშობს ძვლოვანი ან შემაერთებელი ქსოვილი. ატრეზია ცალმხრივიც შეიძლება იყოს და ორმხრივიც, ნაწილობრივიც და სრულიც. ცალმხრივი ატრეზია, ცხვირით სუნთქვის გაძნელებასთან ერთად, იწვევს ლორწოს დაგროვებას და შესაბამისი ნესტოს გამოწმენდის შეუძლებლობას. განსაკუთრებით საყურადღებოა ორმხრივი ატრეზია, რადგან ჩვილებს ხორხსარქველი შედარებით ზემოთ, თითქმის ნაქის დონეზე აქვთ, რის გამოც პირით სუნთქვა ძალიან უჭირთ. გარდა ამისა, ცხვირით სუნთქვის შეუძლებლობა არღვევს წოვის ფუნქციას, რასაც ორგანიზმის დისტროფია მოჰყვება.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ორმხრივი სრული ატრეზია სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

რა იწვევს და როგორ მკურნალობენ ამ პათოლოგიებს?

ძგიდის გამრუდება
ცხვირის ძგიდის გამრუდების მთავარი მიზეზი მექანიკური ტრავმაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება მიიღოს დაბადებისას (სამშობიარო გზებში გავლისას), ბავშვობაში ან მოზარდ ასაკში. ბავშვობაში დაზიანებული ძგიდე სხეულის ზრდასთან ერთად იზრდება, არასწორად ხორცდება და ძვალდება.

ცხვირის ძგიდის გამრუდების თანმხლები მთავარი ჩივილი ცხვირით სუნთქვის გაძნელებაა. ხშირად ცხვირის გარეგნული ფორმაც შეცვლილია. ზოგჯერ სუნთქვის დარღვევას სწორედ ცხვირის დეფორმაცია განაპირობებს. ამ შემთხვევაში ძგიდის ოპერაციასთან ერთად ცხვირის პლასტიკაც უნდა ჩატარდეს.

გარდატეხის ასაკამდე ძგიდის გამრუდება, როგორც წესი, პრობლემებს არ იწვევს. ჩივილები ასაკის მატებასთან ერთად იწყება. მათ მიეკუთვნება:

- ხვრინვა, თუმცა მას აქვს ბევრი სხვა მიზეზიც (ზედმეტი წონა, ხახის პათოლოგია);

- პირის სიმშრალე, რადგან ადამიანს პირღიას სძინავს;

- ხშირი განმეორებადი სინუსიტი – ცხვირის დანამატი წიაღების ანთება. ჰაერსავალი გზების დახშობის გამო სინუსებში ატმოსფერული ჰაერი ვეღარ მოძრაობს და მათში უარყოფითი წნევა წარმოიქმნება, რაც ანთების განვითარების ხელსაყრელ პირობას ქმნის;

- ცხვირიდან სისხლდენა. ადამიანები, რომლებსაც სუნთქვა უჭირთ, ხშირად ხმარობენ ცხვირის წვეთებს ან სპრეის. ეს მედიკამენტები აცხრობს შეშუპებულ ლორწოვანს და აპატარავებს ცხვირის ნიჟარებს, რის შედეგადაც ცხვირით სუნთქვა დროებით უმჯობესდება, თუმცა მათი მუდმივი გამოყენება იწვევს ცხვირის ლორწოვანის გამოშრობას, მასზე ნახეთქებისა და ქერქების წარმოქმნას, შედეგად – სისხლდენას;

- თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, რაც ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდების დარღვევის ბრალია.

გამრუდებული ცხვირის ძგიდე მხოლოდ ოპერაციით სწორდება. წინათ მიაჩნდათ, რომ გარდატეხის ასაკამდე ძგიდეზე ქირურგიული ოპერაციის ჩატარება არ შეიძლებოდა, მაგრამ ბოლო დროს ევროპასა და ამერიკაში ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არც შედეგისთვის, არც ოპერაციის შემდგომი გართულებებისთვის ასაკს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, დღეს ცხვირის ძგიდის ოპერაცია 16 წლამდეც შესაძლებლად მიიჩნევა, მაგრამ თუ არ არსებობს ოპერაციის აბსოლუტური ჩვენება: გონებრივი ჩამორჩენა, სახის ჩონჩხის დეფორმაცია და სხვა, – მაინც თავს ვიკავებთ, რადგან ითვლება, რომ 16 წლამდე სახის ჩონჩხი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული.

ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც ენდოსკოპიური ტექნიკით, ისე მის გარეშეც. წინათ თუ ცხვირის ძგიდეს მთლიანად კვეთდნენ, დღესდღეობით ოპერაცია შემდეგნაირად ტარდება: ცხვირის ძგიდის გამრუდებული ნაწილები ამოიკვეთება, სპეციალური ინსტრუმენტით მუშავდება, სწორდება, თხელდება და უკანვე, ცხვირის ლორწოვანის ფურცლებს შორის ჩაბრუნდება.

ნიჟარების ჰიპერტროფია
ნიჟარების ჰიპერტროფია სინუსების ქრონიკული ანთების, ალერგიის, სხვადასხვა გარეგანი გამღიზიანებლების ზემოქმედების შედეგია. ჰიპერტროფიის დროს, ცხვირით სუნთქვის გაძნელებასთან ერთად, ხშირია ცხვირიდან გამონადენი და ცხვირ-ხახაში ჩანადენი.

მკურნალობა შეიძლება როგორც ქირურგიულად, ისე კონსერვატიულადაც. უპირველეს ყოვლისა, უნდა შემცირდეს ალერგენთან კონტაქტი, დაინიშნოს ალერგიის საწინააღმდეგო და შეშუპების მოსახსნელი, სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათი ხანგრძლივი გამოყენება არ შეიძლება. თუ ასეთი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, ტარდება ოპერაცია.

ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა გარდატეხის ასაკამდე ქირურგიული ჩარევისგან თავს ვიკავებთ. ოპერაციას ხშირად ენდოსკოპიურად ვატარებთ. საუკეთესო მეთოდია ლაზერული მკურნალობა – ნიჟარების შეჭმუხვნა და დაპატარავება ლაზერის სხივის საშუალებით. ასე სუნთქვაც უმჯობესდება და, იმავდროულად, ნიჟარაც ინარჩუნებს თავის ფუნქციას, განსხვავებით კონხოტომიისგან, რომლის დროსაც ცხვირის ნიჟარა იკვეთება.

ნიჟარის სრული ამოკვეთის შემდეგ ხშირად ყალიბდება ე.წ. ცარიელი ცხვირის სინდრომი – ცხვირში კი შედის საკმარისი რაოდენობის ჰაერი, მაგრამ ვეღარც თბება, ვეღარც ტენიანდება და ჰაერის ტურბულენტური მოძრაობაც ირღვევა, ეს კი ცხვირით სუნთქვას აძნელებს, იწვევს ატროფიულ რინიტს, ცხვირის სიმშრალეს და სუნთქვისას უსიამოვნო შეგრძნებებს. ზოგჯერ შეიძლება ნიჟარის ნაწილობრივი ამოკვეთა. ამ შემთხვევაში ზემოთ აღწერილი სიმპტომები მკვეთრად აღარ ვითარდება.


პოლიპოზი
პოლიპექტომიის – ცხვირის ღრუს პოლიპების ამოკვეთის – დროს ქირურგიული ჩარევის მასშტაბი ცხვირის ღრუში პოლიპის გავრცელების არეალზეა დამოკიდებული. ამის დასადგენად კი ტარდება ცხვირის დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია. შესაძლოა, პოლიპი მხოლოდ ცხვირის ღრუში იყოს, თუმცა, როგორც წესი, პოლიპოზურად არის შეცვლილი ცხვირის დანამატი წიაღებიც. ამ შემთხვევაში ოპერაცია ტარდება ენდოსკოპიური ტექნიკის გამოყენებით. ჯერ ცხვირის ღრუ სუფთავდება პოლიპოზური მასებისგან, შემდეგ ცხვირის დანამატი წიაღების ბუნებრივი შესასვლელები ფართოვდება და ბოლოს პოლიპოზური მასებისგან სუფთავდება ცხვირის წიაღებიც.

არის შემთხვევები, როდესაც ცხვირის პოლიპოზთან ერთად პაციენტს აქვს ძგიდის გამრუდება და ნიჟარების ჰიპერტროფიაც. ამ შემთხვევაში ტარდება ერთობლივი ოპერაცია ცხვირის ძგიდეზე, პოლიპებსა და ნიჟარებზე.

ცხვირ-ხახის ადენოიდები
12-16 წლისთვის ცხვირ-ხახის ადენოიდები უკუგანვითარებას იწყებს, ამიტომ ადენოტომია უმეტესად ბავშვებს უტარდებათ, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადენოიდებს უკუგანვითარება არ მომხდარა და ოპერაცია ზრდასრული პაციენტისთვისაც ჩაგვიტარებია. შესაბამისი ჩივილების არსებობისას ადენოტომია შეიძლება ჩატარდეს ძგიდისა და ნიჟარების ოპერაციასთან ერთად.

ოპერაციის საკითხი წყდება ადენოიდების ჰიპერტროფიის ხარისხის მიხედვით, რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე, იმის მიხედვით, რამდენადაა შევიწროებული საჰაერო გზები.

ადენოტომია ხშირად ტარდება ტონზილექტომიასთან ერთად.

ადენოტომიის ჩვენება, გარდა ცხვირით სუნთქვის გაძნელებისა, არის შუა ყურში სითხის არსებობა და ამით გამოწვეული სმენის დაქვეითება, ასევე – ქრონიკული ოტიტი. ოპერაცია ტარდება პირის ღრუდან. ინსტრუმენტი შეგვაქვს ხახის უკანა კედელსა და რბილ სასას შორის, აგვაქვს ზევით, ხახის თაღზე და ადენოიდის ქსოვილს ვკვეთთ.

წინათ ოპერაცია ადენოტომით ტარდებოდა. დღეს მის ნაცვლად ვიყენებთ შეივერს, რომელიც ნაკლებტრავმულია, ეს კი ამცირებს ოპერაციის გართულების რისკს და ოპერაციის შემდგომ გაცილებით ამარტივებს რეაბილიტაციას.

უნდა ითქვას, რომ ადენოტომიის შემდეგ არსებობს რეციდივის ალბათობა, განსაკუთრებით – ალერგიულ პირებთან.


გაუტკივარება
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ოპერაცია უმთავრესად ზოგადი ნარკოზით ტარდება, თუ, რა თქმა უნდა, ანესთეზიის უკუჩვენება არ არსებობს, მაგრამ თუ პაციენტს სურს, შეიძლება, ადგილობრივი ანესთეზიითაც ჩატარდეს.

სულ რაღაც ათი წლის წინ სიტყვა "ნარკოზი" ბევრს აშინებდა, დღეს კი პაციენტების 98% თვითონვეა მოტივირებული, ოპერაცია ნარკოზით გაიკეთოს.


რეაბილიტაცია
როგორია და რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაციის პერიოდი ოპერაციის შემდეგ?
ინიშნება რამდენიმედღიანი ანტიბიოტიკოთერაპია, რომ ბაქტერიული გართულება თავიდან ავიცილოთ. პაციენტი უნდა ერიდოს ცხელ საჭმელს, ცხელ სასმელს, მაგარ საჭმელს, გაზიან სასმელს, მზეს, ფიზიკურ დატვირთვას.

ბევრს აშინებს ტკივილი ოპერაციის შემდეგ. ტკივილის აღქმა ინდივიდუალურია. ძლიერი ტკივილები ძალიან იშვიათია. თანაც შესაძლებელია მათი მართვა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით.

ადენოტომიის შემდგომ პერიოდში ტკივილები უმნიშვნელოა. ტონზილექტომიისგან განსხვავებით, შეზღუდვები მინიმალურია. რეაბილიტაციას 7-10 დღე სჭირდება.

ცხვირის ძგიდეზე, ნიჟარებსა და პოლიპებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში ყველაზე შემაწუხებელი ტამპონების ტარებაა, ამიტომ სილიკონის ტამპონებს ვამჯობინებთ, თუმცა ზოგჯერ, ოპერაციული ჩარევის მასშტაბიდან გამომდინარე, დოლბანდის ტამპონების გამოყენებაც გვიწევს.

ოპერაციის დროს ცხვირის ძგიდის ორივე მხარეს მაგრდება სილიკონის ფირფიტები, რომელთა საშუალებითაც თავიდან ვიცილებთ ოპერაციის შემდგომ შეხორცებებს.

ტამპონები ცხვირის ღრუში რჩება 3-5 დღე, ხოლო ფირფიტები – 2-3 კვირა. პაციენტის სამუშაო დატვირთვისა და ქირურგიული ჩარევის მასშტაბის შესაბამისად, რეაბილიტაციის პერიოდი 7-დან 21 დღემდე მერყეობს.