თარიღი: 16 აგვისტო, 2017
რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ინ ვინტრო განაყოფიერების კლინიკის „ინოვა ინ ვინტროს“ რეპროდუქტოლოგი და მეან-გინეკოლოგი ქეთი ოსიძე, რომელმაც ქალთა ჯანმრთელობისა და ინ ვინტრო განაყოფიერებაზე ისაუბრა.
– ქალბატონო ქეთი, რა შემთხვევაში და რა ტიპის პაციენტებისთვისაა ინ ვინტრო განაყოფიერება მისაღები?
– სინჯარის ანუ ინ ვინტრო განაყოფიერება – პანაცეაა თითქმის ყველა ტიპის უშვილობის დროს. უშვილობის მკურნალობა პირველ რიგში სწორ დიაგნოსტიკას გულისხმობს.
არის უშვილობის ფორმები, რომელთა პრობლემების დაძლევა სინჯარის განაყოფიერების გარეშე სამწუხაროდ შეუძლებელია. პირველ რიგში, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალს ქირურგიული ჩარევის ან გადატანილი ავადმყოფობების შემდეგ საერთოდ არ აქვს საშვილოსნო მილები ან ახასიათებს მათი ფუნქციური უკმარისობა და მამაკაცის შემთხვევაში, მძიმე ოლიგოსპერმიის დროს, როდესაც სპერმატოგენეზი იმდენად ნაკლულია, რომ რაოდენობისა და მოძრაობის პრობლემების გამო შეუძლებელია სხვა მეთოდებით დაეხმარო სპრემატოზოიდებს, რომ მიაღწიონ კვერცხუჯრედამდე და განაყოფიერება მოხდეს.
შესაძლოა თანდაყოლილად არ იყოს საშვილოსნო და აბსოლუტურად ნორმალური იყოს საკვერცხე – ეს სუროგაციის ჩვენებაა. იმ შემთხვევაში კი, როცა საკვერცხე არ ფუნქცინირებს ან არის გენეტიკური პათოლოგია, საშვილოსნო კი, ექვემდებარება ჰორმონალურ მკურნალობას – ეს უკვე დონაციის საჭიროებაა. თუმცა, არის შეფარდებითი ჩვენებებიც, როცა მილი არის, მაგრამ ცუდად მუშაობს ან პერმოგრამაა საშუალო მონაცემების. ასეთ დროს ინ ვინტროს საჭიროებას უკვე ასაკი განსაზღვრავს, როცა ამ მეთოდის გამოყენება აუცილებელია, რაც უფრო ადრე მივმართავთ მას, მით უკეთესია, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ნაკლებია შანსი, რომ ერთჯერადი ცდა წარმატებული აღმოჩნდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ღირებულებაც, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად და რაც მთავარია, დროულად მოგვამრთავენ ახალგაზრდა წყვილები და შესაბამისად, დადებითი შედეგიც უფრო სწრაფად დგება.
– როდის უნდა მიხვდეს წყვილი, რომ მას უშვილობის პრობლემა აქვს?
– უშვილობის დასადგენად საჭიროა გარკვეული კვლევების ჩატარება. თუ ახალგაზრდა წყვილი არ მიმართავს კონტრაცეფციას და ორწლიანი სქესობრივი თანაცხოვრების შემდეგ არ არის შედეგი, უხეში პათოლოგიის არ არსებობის შემთხვევაშიც კი ითვლება, რომ ეს უკვე უშვილობაა. თუ ცნობილია მიზეზი, მაგალითად ქალს გადატანილი აქვს მილების ანთება, რამაც გამოიწვია დაზიანება ან სხვა დაავადება, მაშინ მან სინჯარის განაყოფიერებას უნდა მიმართოს. შედარებით მსუბუქი, მაგალითად ჰორმონალური დარღვევების შემთხვევაში, ჯერ მისი მკურნალობა ხდება, პაციენტს გარკვეული დრო ეძლევა, 6-8 თვის დაკვირვების შემდეგ კი, დგინდება, აქვს თუ არა მას უფრო სერიოზული პრობლემები.
– არსებობს თუ არა ოპტიმალური ასაკი ხელოვნური განაყოფიერებისთვის?
– იდეალური შედეგი 35 წლამდეა. 35 წლიდან კი სტატისტიკა ნელდება, მაგრამ ასეა ბუნებრივი ჩასახვის შემთხვევაშიც. სინჯარის განაყოფიერება არ არის რეკომენდებული ძალიან ახალგაზრად ასაკში –20 წლის ქვევით, რადგან ამ დროს ჰიპერსტიმულაციის დიდი რისკია.საინტერესოა, საზღვარგარეთ გავრცელებულია ე.წ სოციალური ჩვენებით გაყინვა, როდესაც კარიერის გამო ახალგაზრდა ქალი არ არის მზად შვიის გაჩენისთვის, ის ყინავს კვერცხუჯრედს რომ მოგვიანებით შეძლოს უპრობლემოდ დაორსულება. მაგალითად კომპანია “Apple”-მ თავის თანამშრომლებს ეს უფასოდ გაუკეთა. ამ მეთოდგმა ჩვენთანაც მიიპყრო საზოგადოების ინტერესი.
– რა იცვლება ქალის ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად?
– არსებობს ოვარიული რეზერვის მცნება, რაც იმ მარკების ერთობლიობას გულისხმობს, რომლითაც ქალის რეპროდუქციული ასაკი ფასდება. ეს კი, პირველ რიგში საკვერცხის ფუნქციას ანუ მასში არსებულ კვერცხუჯრედების მარაგს უკავშირდება, რომელიც მხოლოდ მუცლად ყოფნის დროსაა პიკში. მერე კი, ყოველთვიურად იხარჯება გარკვეული რაოდენობით. იხარჯება არ ნიშნავს მომწიფებას, უბრალოდ იმ სტადიაში გადადის, როცა აპოპტოზამდე მიდის და ქრება, მერე კი, ფოლიკულთა შემდეგი ჯგუფი იწყებს მომწიფებას. 35 წლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა ქალთან ეს ცვლილებები ხელშესახები ხდება და შეგვიძლია ციფრობრივად დავადგინოთ ანტიმიულერული ჰორმონით.
ანტიმიულერის ჰორმონი კლიმაქსის დაწყებამდე, დაახლოებით 8 წლით ადრე იცვლება. მართალია, კლიმაქსის დროს ოვულატორული ციკლები ანუ ერთეულ ფოლიკულთა მომწიფება კიდევ ხდება, მაგრამ რაოდენობასთან ერთად იცვლება მათი ხარისხიც. 35-40 წლამდე კვერცხუჯრედთა ხარისხი კარგია, მაგრამ უკვე კლებულობს რაოდენობა. ხარისხი კვერცხუჯრედის ქრომოსომული შემადგენლობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია ასაკი, პროპორცია ნორმალურ და პათოლოგიურ კვერცხუჯრედებს, ემბრიონებს შორის ირღვევა. 44 წლის შემდეგ ესაა 10-დან 1 ან 2. სანამ პაციენტს აქვს ოვულაცია და კვერცხუჯრედი, არც ერთ ექიმს არა აქვს უფლება უთხრას მას, რომ ვერ დაორსულდება. თუმცა, ამგვარ შემთხვევაში ორსულობის შანსი ძალიან მცირე – სულ რაღაც 3-5%-ია. გარდა ამისა, შედარებით გვიან, მაგრამ იცვლება საშვილოსნოს ფიზიოლოგია, ამიტომ დონაციის ანუ ახალგაზრდა კვერცუჯრედის საშვილოსნოში ორსულობის მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელი,თუმცა ძალიან დიდ ასაკში მიღებული ორსულობა მაინც არ არის სასურველი.
– რამდენად სწორია, მოსაზრება თითქოს მეორე ორსულობა გვიან ასაკში უფრო მარტივად დგება, ვიდრე პირველი?
– პირველი ორსულობის დროს ძალიან დიდი ცვლილებები ხდება ორგანიზმში, რადგან სხვა აღნაგობას იძენენ სისხლძარღვოვანი ტოტები. ბევრად რთული ხდება პირველი პლაცენტის წარმოქმნა, ინპლანტაცია, ინვაზია, რაც მოშლის საშიშროებასთანაცაა დაკავშირებული. სწორედ ამაშია სუროგაციის ფენომენი და სწორედ იმიტომ აქვს სუროგატს თუნდაც ოდნავ მეტი შანსი, რადგან მას ნამშობიარები საშვილოსნო აქვს და სამეანო გართულებების რისკიც ბევრად ნაკლებია.
– რა ეტაპები უნდა გაიაროს მან, ვისაც ხელოვნური განაყოფიერება ჭირდება?
– ყველაფერი სწორი დიაგნოსტიკით იწყება. აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს ყველა წვრილმანი, მათ შორის რამდენადაა პაციენტი მზად მორალურად. მოგვიანებით იწყება სტიმულატორების გამოყენება. როცა განისაზღვრება, რომ ფოლიკულები საკმაო რაოდენობით დასაკმაო დიამეტრის არის, ვენური ანესთეზიით ხდება მათი ამოღება.
მთავარია, გვქონდეს კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი, მათ შეერთებაზე კი, ემბრიოლოგი ზრუნავს სპეციალური მიკრომანიპულატორის ქვეშ. 2-5 დღე ემბრიონი ინკუბატორში კულტივირდება და ყოველდღიურად ფასდება მისი დაყოფის სისწრაფის მიხედვით, რამდენად მაღალია მიმაგრების შანსი, ჩვენ უკვე გადატანამდე ვიცით.
ჩვეულებრივ, ვცდილობთ ორ ემბრიონზე მეტი არ გადავიტანოთ, ბევრი ემბრიონის გადატანისას ასე ორსულობის ალბათობა იზრდება, მაგრამ პარალელურად იზრდება ტყუპის და სამნაყოფიანის ალბათობაც, რაც არც ჩვენ გვიყვარს, არც ჩვენს მეგობარ მეანებს. გადატანიდან 13-14 დღეში ორსულობის დასადგები სისხლის ანალიზის პასუხი გვაქვს, რომელიც თითქმის ყოველთვის ერთმნიშვნელოვანია და ძალიან იშვიათად ითხოვს გამეორებას, 3 კვირაში ჩანს სანაყოფე პარკი, 5 კვირაში კი – გულისცემა.
– როგორია ორსულობის მართვა და რით განსხვავდევდება ჩვეულებრივი ორსულობისგან?
– ხელოვნური გზით განაყოფიერებით დამდგარი ორსულობის მართვა მართლაც განსხვავდება ფიზიოლოგიურისგან და განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრში, რაც სხვათაშორის, ასაკსა და პროცედურაზეცაა დამოკიდებული. ამიტომ პაციენტი სულ მცირე 12 კვირას ჩვენთან ატარებს. რა თქმა უნდა, ის აღრიცხვაზეცაა გინეკოლოგთან, კონსულტაციას მეანისგან ზედამხედველობით იღებს.
– რამდენად იდენტურია საქართველოში და საზღვარგარეთ განხორციელებული ინ ვინტრო პროცედურები?
– ჩვენი სფეროს განვითარება პირველ რიგში დიდი რაოდენობით უცხოელი პაციენტების სხვადასხვა მიზეზით ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლამ განაპირობა. გამომდინარე აქედან, აუცილებელი გახდა მაღალი ხარისხის და სტანდარტების დაცვა. მეამაყება, რომ საქართველოს კლინიკებში ხშირად მომსახურების უფრო მაღალი დონეა, ვიდრე საზღვარგარეთ. ევროპის ქვეყნებში ექიმები შეზღუდულები არიან ე.წ. გაიდლაინით, რომელიც მათ გარკვეული წესების თუ პროტოკოლის დაცვას ავალდებულებს. ვთვლი, რომ ჩვენი სფერო საქართველოში ბევრად უკეთეს პირობებშია.
– ინსემინაციის თემას რომ შევეხოთ. გინეკოლოგთა ნაწილი თვლის, რომ ამ პროცედურამ დაკარგა ეფექტურობა. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?
– გაიდლაინის მიხედვით არსებობს პათოლოგიები, როცა ზოგადად ყველაფერი წესრიგშია ან მხოლოდ მცირედაა ნორმიდან გადახრა და ისე ვერ ჩაატარებ ინ ვინტრო განაყოფიერებას თუ გარკვეული ეტაპები არ გაიარე, რადგან ითვლება, რომ ინსემინაცია ისეთივე ეფექტურია, როგორც სინჯარის განაყოფიერება.
წყარო: Fortuna.ge