Nuk
ჰემანგიომა — რა იწვევს ამ წარმონაქმნს და რამდენად საშიშია ის?

თარიღი: 03 ივნისი, 2025

ჰემანგიომა არის გავრცელებული სისხლძარღვოვანი წარმონაქმნები, რომლებიც კანზე გვხვდება. ეს წარმონაქმნები შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, თუმცა, ყველაზე ხშირად სახეზე, მკერდსა და ზურგზე, წითელი ან მეწამული წარმონაქმნის სახით გვხვდება. ჰემანგიომა ჩვეულებრივ უვნებელია და თავისით განილევა.

მსგავსი წარმონაქმნები ახალშობილებსაც აქვთ ხოლმე. მას „დაბადების ნიშანსაც" უწოდებენ, რადგან ხშირად თანდაყოლილია. ის მუწუკს ან ბრტყელ წითელ ლაქას ჰგავს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს სისხლძარღვებს ერთ წერტილში მოუყრიათო თავი.

ჰემანგიომა ბავშვებში, უმეტესად, თავადაც გაიწოვება. დაახლოებით 10 წლის ასაკამდე მისი კვალიც კი გამქრალია ხოლმე. ჰემანგიომას ოპერაცია, როგორც წესი, არ სჭირდება, თუმცა, მკურნალობის საჭიროება შეიძლება დადგეს, როცა ის მხედველობის, სუნთქვის პრობლემებს ქმნის ან სხვა რომელიმე ორგანოს ფუნქციონირებაზე უარყოფითად მოქმედებს.

რა იწვევს წარმონაქმნს და რა სახის ჰემანგიომები არსებობს? 

ჰემანგიომა გამოწვეულია სისხლძარღვების არასწორი ჩამოყალიბებით ან ფორმირებით. მისი წარმოშობის პირდაპირი მიზეზი უცნობია. ბავშვებში გამოწვეულია იმით, რომ ორსულობის დროს სისხლძარღვები სწორად არ ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჰემანგიომა მოზრდილებში ვითარდება ტრავმის ან ავადმყოფობის შემდეგ, მკვლევარებმა ამ დრომდე ვერ დაადგინეს, კონკრეტულად რა იწვევს მათ.

როგორც წესი, გვაქვს კანქვეშა ჰემანგიომა ან ზედაპირულად გაჩენილი. თუმცა, ის შეიძლება ჩამოყალიბდეს ყველგან, სადაც სისხლძარღვები გადის. ამიტომაც, არის შემთხვევები, როცა ჰემანგიომა ღვიძლზეც ჩნდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვაქვს რამდენიმე სახეობა:
• ზედაპირული (კანზე ხილვადი ჰემანგიომა) - ხშირად მას კაპილარულ ჰემანგიომასაც უწოდებენ, რადგან კანის ზედაპირზეა. ის ერთი შეხედვით ბრტყელი წარმონაქმნია, რომელიც ნელნელა შეიძლება ოდნავ ამოიბურცოს, თუმცა, უმნიშვნელოდ. როგორც წესი, აქვს მოწითალო-მოიისფრო შეფერილობა. თავის მხრივ, ზედაპირული ჰემანგიომაც ორგვარია:
- მარწყვისებრი, ე.წ. ჩვილის ჰემანგიომა - თანდაყოლილი წარმონამქნია, რომელიც ახალშობილებში გვხვდება და მალევე უფერულდება;
- წერტილოვანი ჰემანგიომა - ე.წ. ალუბლის ჰემანგიომა უმეტესად უფროსებში წარმოიქმნება და სისხლძარღვების გამონაზარდებს წააგავს. ისინი ტანზე ყველგან შეიძლება გაჩნდნენ, მათ შორის, მსგავსი ჰემანგიომა ფეხზეც გვხვდება. როგოც წესი, ამ ტიპის წარმონაქმნები ჯგუფებად ყალიბდება და ერთ ადგილას რამდენიმე იყრის ხოლმე თავს.

• ღრმა (კანქვეშა) -  ჩნდება კანის ქვეშ, როგორც მოლურჯო-იისფერი შეშუპება გლუვი ზედაპირით. მაგალითად, როგორც უკვე ვახსენეთ, ჰემანგიომა ღვიძლიც შეიძლება წარმოიშვას. როგორც წესი, ღვიძლის ჰემანგიომის არსებობა შიდა ორგანოების გაშუქებით დგინდება, მაგალითად, ექოსკოპიით.

• კომბინირებული - აქვს როგორც გამოხატული, ზედაპირული ნაწილი, ისე უხილავი, სიღრმეში არსებული ფესვები. იმისთვის, რომ დადგინდეს, აქვს თუ არა ვიზუალურად გამოხატულ ჰემანგიომას ნაწილი კანქვეშაც, ექიმები შესაბამის კვლევებს ნიშნავენ.

ჰემანგიომა ბავშვებში — რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ჰემანგიომადან, რომელიც მდებარეობს პირის ღრუს მახლობლად - ან ახალშობილებში საფენის მიდამოში - შეიძლება მოხდეს სისხლდენაც. თუ ეს ადგილები წითლდება, იცვლის ფერს ან წყლულდება, იქცევა ღია ჭრილობად, ეს შეიძლება იყოს ინფექციის ნიშანი.

როგორც წესი, ეს წარმონაქმნები მტკივნეული არ არის. თუმცა, საფრთხილოა, რადგანაც ზედაპირულად არსებული ჰემანგიომები მარტივად შეიძლება დაზიანდეს, გაიკაწროს ან გაიფხაჭნოს. თუკი ჰემანგიომა დაგიზიანდათ, მას აუცილებლად ისევე უნდა მიხედოთ, როგორც სხვა ნებისმიერ ჭრილობას - აუცილებელია მისი ჰიგიენურად დამუშავება, ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება და კარგად შეფუთვა.

ღრმად მდებარე ჰემანგიომები შეიძლება იწვევდეს ტკივილსაც, განსაკუთრებით, თუკი ის განლაგებულია კუნთებზე ან ძვლებზე.

რაც შეეხება ჰემანგიომას ბავშვებში - ეს წარმონაქმნები, როგორც უკვე ითქვა, დაბადებისთანავე, ან პირველ თვეში ხდება ხილვადი. ჰემანგიომა ყველა ბავშვს შეიძლება ჰქონდეს, თუმცა სტატისტიკურად, უფრო ხშირად გვხვდება თეთრკანიან გოგონებში. რისკფაქტორი შეიძლება იყოს ნაადრევი მშობიარობა, ან ნაკლული წონაც.

როგორც წესი, ის სახის მიდამოშია და მშობლებს განსაკუთრებით აშინებთ კიდეც ჰემანგიომა თავზე - თუმცა, ამაში განსაკუთრებული საფრთხე მდებარეობის გამო არ არის. 

პედიატრი ჰემანგიომას გეგმიურ ვიზიტებზეც შეამოწმებს ხოლმე. თუკი ბავშვის სხეულზე არსებული ჰემანგიომა დაზიანდა, სისხლდენაა ან ბავშვი დისკომფორტს გრძნობს - აუცილებლად დაუკავშირდით პედიატრს. 

მიმართეთ პედიატრს მაშინაც, თუ ჰემანგიომა იწვევს პრობლემებს ორგანიზმის მნიშვნელოვან ფუნქციებთან დაკავშირებით, როგორიცაა თქვენი ბავშვის მხედველობა, სუნთქვა, სმენა ან სხვა.

ბავშვებს ხშირად ერთი “ნიშანი” აქვთ ხოლმე, მაგრამ არც რამდენიმე ჰემანგიომა ითვლება განსხვავებულ საფრთხედ. ბავშვის ცხოვრების პირველ წელს ეს წარმონაქმნები სწრაფად იზრდება და ღრუბლისმაგვარ წამონაზარდს ემსგავსება. გარკვეული ასაკის შემდეგ კი ის გაუფერულებასა და გაქრობას იწყებს. როგორც წესი, ჰემანგიომა 10 წლის ასაკამდე ქრება, თუმცა, შესაძლოა, 5 წლამდეც გაუფერულდეს.

როგორ მოვუაროთ წარმონაქმნს? 

გაითვალისწინეთ, რომ ვიზუალურად ხილვადი ჰემანგიომა განსაკუთრებულ მოვლას შეიძლება საჭიროებდეს, რათა არ გაღიზიანდეს. როგორც წესი, ეს წარმონაქმნები დისკომფორტს არ იწვევს, თუმცა არის გარკვეული რჩევები, რაც მის ყოველდღიურად მოვლაში დაგეხმარებათ.

პირველ რიგში, გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს განსაკუთრებით მწველი მზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება ჩვეულებრივ პირობებშიც, სწორედ ამიტომ, საჭიროა ჰემანგიომასაც მოვუფრთხილდეთ. ამისთვის, პირველ რიგში, ნაზი სტრუქტურის მზისგან დამცავი დაგჭირდებათ, რომლის SPF მინიმუმ 30-ს შეადგენს. კარგია, თუ კრემი მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილიც იქნება. ამავდროულად, მოარიდეთ ჰემანგიომა მწველი მზის პირდაპირ სხივებს - დაფარეთ ის ნაჭრით, ან თუკი წარმონამქნი სახეზეა, ატარეთ ქუდი. 

მნიშვნელოვანია, რომ ჰემანგიომა ნაზად დაიბანოს, რათა ამ შემთვევაშიც გამოვრიცხოთ გაღიზიანება ან არეალის დაზიანება. მაგალითად, დასაბანად გამოიყენეთ ნელ-თბილი წყალი, რადგან ცხელმა წყალმა შეიძლება კანის გამოშრობა და გაღიზიანება გამოიწვიოს. გამოიყენეთ ნაზი, უპარფიუმო დასაბანი საშუალებები. დაბანისას ეცადეთ, ჰემანგიომის არეალი ნაზად მოიბანოთ, არ დასრისოთ და უხეშად არ დააწვეთ. რაც მთავარია, მოერიდეთ ზედმეტად წყალთან კონტაქტს და საჭიროების არარსებობის დროს მობანას.

ჰემანგიომასა და მის გარშემო კანის დატენიანებაც მოვლის მნიშნელოვანი ნაწილია. ეს ეხმარება კანს, შეინარჩუნოს ელასტიურობა და სიმშრალისგან გამოწვეულ დისკომფორტსაც აგარიდებთ. ამისთვის შეარჩიეთ ნაზი დამატენიანებელი. ეცადეთ, კრემი არ შეიცავდეს პარფიუმს ან მძიმე ქიმიურ ნივთიერებებს. თავი აარიდეთ ზედმეტად ცხიმიან პროდუქციასაც, რამაც შეიძლება ფორების დახურვა გამოიწვიოს - იპოვეთ არაკომედოგენური დამატენიანებელი. დაბანის შემდეგ არ დაგავიწყდეთ კანზე დამატენიანებლის დატანა.

გაღიზიანების შემთხვევაში ეცადეთ, არ მოიქავოთ ან უხეშად არ დაიმასაჟოთ ჰემანგიომა და მისი მიმდებარე კანი. კარგად დააკვირდით და თუკი წარმონაქმნი ფერს შეიცვლის, დაუკავშირდით ექიმს. თუკი თქვენს პატარას აქვს ჰემანგიომა, ეცადეთ, ფრჩხილები მოკლედ ატაროთ და ხშირად დააჭრათ ბავშცსაც, რათა თავი აარიდოთ შემთხვევით გაკაწვრას.

როგორ ვუმკურნალოთ ჰემანგიომას?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ზოგადად ჰემანგიომა უწყინარ წარმონაქმნად ითვლება და თუკი პრობლემებს არ წარმომქნის სხვა ფუნქციებზე, მისი მკურნალობა საჭირო არც არის.

თუმცა,  შესაძლოა, მისი მოკვეთა უბრალოდ ვიზუალის შეცვლის გამოც უნდოდეს ადამიანს. როგორც წესი, ამ დროს მისი მოკვეთა ხდება ქირურგიული ჩარევით.

ხოლო, როცა ჰემანგიომა პრობლემებს წარმოშობს და სხვა ორგანოებს უშლის ხელს ფუნქციონირებაში, მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს:
• ადგილობრივი მედიკამენტი (კრემი ან ლოსიონი, რომელიც შეიზილება ჰემანგიომაზე): ადგილობრივმა ბეტა-ბლოკერებმა შეიძლება ხელი შეუწყოს მდგომარეობის შემსუბუქებას და შეანელოს ჰემანგიომის ზრდა. ეს საუკეთესოდ მოქმედებს მცირე, ზედაპირულ ჰემანგიომებზე. ადგილობრივი ანტიბიოტიკები გამოიყენება ღია წყლულების დროსაც, როცა ინფექციის საფრთხე არსებობს.
• პერორალური მკურნალობა - როცა მედიკამენტები პაციენტს დასალევად ეძლევა. ამ დროს მნიშვნელოვანია გვერდით ეფექტებზე დაკვირვება. როგორც წესი, მკურნალობის დაწყებამდე ექიმი სწორედ იმას იკვლევს, რომელი მედიკამენტი იქნება საუკეთესო ინდივიდუალურად შესარჩევად.
• ქირურგია - ჰემანგიომის ფიზიკური მოშორება. ამ ხერხს საკმაოდ იშვიათად მიმართავენ. როოგრც წესი, ქირურგები საქმეში მაშინ ერევიან, როცა ჰემანგიომას ზრდა შეწყვეტილი აქვს და, თანაც, სხვა ზემოხსენებულმა სამედიცინო ჩარევებმაც არ იმუშავა.
• ლაზერული ჩარევა - ამ გზას მიმართავენ, რათა ჰემანგიომისგან დარჩენილი სისხლძარღვების კვალი გააფერმკრთალონ.

შეგვიძლია თუ არა წარმონაქმნის პრევენცია 

მეცნიერებისთვის უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით წარმოიქმნება ჰემანგიომა. სწორედ ამიტომ, რთულია საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება პრევენცია. 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მისი გაჩენა არ უნდა დავუკავშიროთ ჩვენს რომელიმე უწყინარ ქმედებას. მაგალითად, მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ ჩვილებში ჰემანგიომა ორსულობის დროს რაიმე აქტივობის გამოწვეულია, მაგრამ ამის დამადასტურებელი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. 

ამიტომაც, უნდა გვახსოვდეს - ჰემანგიომა ჩვილებში არ ჩნდება იმის გამო, რომ დედამ არ მიიღო ხილი, რომელიც ძალიან უნდოდა, ან საკვები. უცნობია რაიმე კავშირი მედიკამენტებსა და ჰემანგიომას გაჩენას შორისაც კი.