თარიღი: 28 ნოემბერი, 2022
რა არის საშვილოსნოს ყელის დაავადებების გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები?
დაავადებების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის პაპილომა ვირუსი, მაღალი ონკო ტიპის ვირუსი HPV-ია. რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს:
- ბევრი სექსუალური პარტნიორი
- ნაადრევ ასაკში დაწყებული სქესობრივი ცხოვრება,
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. როგორებიცააა: ქლამიდია , გონორეა, ტრიქომინა, მიკოპლაზმა, გენიტალიუმ, სიფილისი და აივ ვირუსი. აღნიშნული ინფექციები ზრდის და ააქტიურებს პაპილომა ვირუსის პერსისტენციას უჯრედში
- დასუსტებული იმუნური სისტემა
- მწეველობა, რაც დაკავშირებულია ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარების რისკთან.
საშვილოსნოს ყელის რომელი პათოლოგიებია გავრცეელებული?
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიებში გავრცელებულად გვხვდება საშვილოსნოს ყელის დისპლაზია (პრეკანცერული მდგომარეობა) და საშვილოსნოს ყელის კიბო. საშვილოსნოს ყელის დისპლაზია საშვილოსნოს ყელის ზედაპირზე ნაპოვნ, არატიპიური უჯრედების არსებობას ნიშნავს. დისპლაზიას სხვადასხვა ხარისხი გააჩნია, მსუბუქი, საშუალო და მაღალი. ხარისხის მიხედვით დისპლაზია, შესაძლოა თავისითაც ალაგდეს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მაღალი დაზიანების ხარისხის დროს, შესაძლოა გაღრმავდეს, გაიზარდოს და კიბოდ ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ მიიჩნევა ის კიბოსწინარე დაავადებად. მსურს, ხაზი გავუსვა, რომ დისპლაზიის სიმსივნედ გარდაქმნა ყოველთვის არ ხდება და დამოკიდებულია დროულ დიაგნოსტირებასა და სწორად წარმართულ მკურნალობაზე. აგრეთვე მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნური რეაქციები და მისი პასუხის ადეკვატურობა.
რა თანამედროვე მეთოდების გამოყენება შეუძლიათ დღეს ქალბატონებს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების პრევენციისათვის ან მათი დროული დიაგნოსტირებისათვის?
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების პრევენციისა და რისკების შესამცირებლად, ქალბატონებმა საჭიროა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩაიტარონ, რაც მათ არამარტო საშვილოსნოს ყელის დაავადებების, არამედ პაპილომა ვირუსთან ასოცირებული სხვა სიმსივნეების განვითარებისგან დაიცავს. სკრინიგული ტესტების ჩატარება , რომლის დროსაც ბრაშის საშუალებით უჯრედების შეგროვება და მათში ცვლილებების გამოკვლევა ხდება, HPV დნმ ტესტირება PCR მეთოდით. აღნიშნული მეთოდით, საშვილოსნოს ყელის უჯრედების გამოკვლევა ხდება, რათა აღმოვაჩინოთ არის თუ არა მათში პაპილომა ვირუსი, რომელიც სიმსივნის განვითარებისთვის ყველაზე დიდ რისკ ფაქტორს წარმოადგენს. საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების აღმოჩენაში დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგი სახის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს: პაპილომა ვირუსის დნმ ტესტირება, კოლპოსკოპია და კოლპოსკოპიური მაჩვენებლიდან გამომდინარე, ბიოფსიური მასალის აღება. კოლპოსკოპია საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის კვლევის გამადიდებელ ხელსაწყოს წარმოადგენს. კვლევა სპეციალისტს შესაძლებლობას აძლევს დაადგინოს სად არის ლოკალიზებული ატიპიური უჯრედები და როგორია მათი ატიპიურობის ხარისხი. ბიოფსია კი გვეხმარება, მორფოლოგიურ მასალაში ვნახოთ, რომელი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზიაა (სხვა ტერმინით დისპლაზია). მათი გრადაციით CIN I, II და III მაღალი ხარისხის დისპლაზიის დროს ( CIN II და III) საჭიროა ქირურგიული ჩარევა ან ლაზერული CO2 კონიზაციის ჩატარება.
აღნიშნული მეთოდი მკურნალობის საუკეთესო არჩევანია, რომელიც გამოცდილი გინეკოლოგის მიერ, შესაბამისად აღჭურვილი აპარატურით უნდა ჩატარდეს. სიამაყით შემიძლია ვთქვა რომ, 2006 წლიდან მკურნალობის აღნიშნული მეთოდით გამოვირჩევით და ეს აპარატი ჩვენთან პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია. კვლევების, დიაგნოსტირების და პრევენციის არსებული მეთოდების გარდა, ქალბატონებს ვურჩევდი, დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი, შეიქმნან ჯანსაღი გარემო, იზრუნონ საკუთარ სულიერ და გონებრივ სიმშვიდეზე.