თარიღი: 10 ნოემბერი, 2020
ფართოდ გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიის, ენდომეტრიოზის შესახებ გვესაუბრება ალადაშვილის კლინიკის ექიმი-გინეკოლოგი, ქალბატონი ირმა მანასაშვილი.
- რა არის ენდომეტრიოზი?
დავიწყოთ იმით, რომ ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი, რომელიც ყოველთვიურად მენსტრუაციის დროს ჩამოიფრცქვნება. ენდომეტრიოზი კი არის დაავადებაა, რომლის დროსაც საშვილოსნოს სწორედ ლორწოვანი შრის, ენდომეტრიუმის, უჯრედები ხვდება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, სხვადასხვა ორგანოზე. ენდომეტრიუმის უჯრედები შეიძლება გამრავლდეს საშვილოსნოს მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს კედელში, პერიტონეუმზე, შარდის ბუშტში, ნაწლავებში, ფილტვებში და ა.შ.
ენდომეტრიოზის დროს ნებისმიერი ორგანოსა და სისტემის დაზიანებაა მოსალოდნელი, ამიტომ მას პოლისისტემურ დაავადებათა ჯგუფში აერთიანებენ. ენდომეტრიოზი შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს (20-დან 45 წლამდე).
- როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტირება?
ენდომეტრიოზი დგინდება ენდომეტრიული ჯირკვლებისა და სტრომის არსებობით ენდომეტრიული ღრუს და საშვილოსნოს კუნთების გარეთ. ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია პაციენტის ანამნეზური მონაცემები, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ლაპაროსკოპია, რენტგენოლოგიური და ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა, კოლპოსკოპია, პელვიოგრაფია (მენჯის ღრუს დათვალიერება).
- რა იწვევს ენდომეტრიოზის განვითარებას?
ენდომეტრიოზი, როგორც წესი, გენეტიკური დაავადებაა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება ასევე იყოს:
- ჰორმონული დარღვევები - ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები.
- საშვილოსნოს დაზიანებები - სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა, კერძოდ: აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანის გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, ტრავმული მშობიარობა, საშვილოსნოს ყელის დიათერმო-კოაგულაცია, საკეისრო კვეთა.
- გინეკოლოგიური ინფექციები.
მუცლის ღრუს გარეთ (ფილტვებში, შარდის ბუშტში, ჭიპის არეში და სხვა ორგანოებში) ენდომეტრიოზის გავრცელება შესაძლებელია ნაწილაკების ლიმფოგენური და ჰემატოგენური გზით.
- ენდომეტრიოზის რა სახეები არსებობს?
განასხვავებენ გენიტალურ (95%) და ექსტრაგენიტალურ (5%) ენდომეტრიოზს.
გენიტალური ენდომეტრიოზი შეიძლება იყოს: შინაგანი და გარენი.
შიდა გენიტალური ენდომეტრიოზი (ადენომიოზი) - ამ დროს ენდომეტრიუმი შეიზრდება მიომეტრიუმში (საშვილოსნოს კუნთოვანი შრე) და საშვილოსნო იღებს ბურთისებურ ფორმას, იზრდება 5-6 კვირის ორსულობის ვადამდე.
გარეგანი ენდომეტრიოზი - საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის, საშოს ნაწილის, საშვილოსნოს მრგვალი იოგების, გარეთა სასქესო ორგანოების, საშვილოსნოს ყელის უკან განვითარებული რეტროცერვიკალური ენდომეტრიოზი. ხშირ შემთხვევაში შინაგანი ენდომეტრიოზი გარეგანის რომელიმე ფორმასთანაა შერწყმული.
რაც შეეხება ექსტრაგენიტალურ ენდომეტრიოზს, ის ლოკალიზდება მსხვილ ნაწლავში, ოპერაციის შემდგომ ნაწიბურში და სხვ.
ენდომეტრიოზი გავრცელებისა და ქსოვილის დაზიანების სიღრმის მიხედვით იყოფა 4 სტადიად.
- რა სიმპტომებით ვლინდება ენდომეტრიოზი?
დაავადების ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც ვითარდება მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე და მწვავდება ციკლის დროს. ტკივილი ლოკალიზდება მუცლის ქვემოთ, გავის არეში, მუდმივი, ინტენსიური ხასიათისაა, ზოგჯერ მწვავე მუცლის სურათსაც გვაძლევს.
ენდომეტრიოზის კიდევ ერთი ნიშანია დისმენორეა - მტკივნეული, არარეგულარული, გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია, რომელსაც წინ უძღვის ყავისფერი გამონადენი.
ხშირია ასევე:
- დისპარეუნია - ძლიერი ტკივილი სქესობრივი კოტაქტის დროს,
- ანოვულაციური მენსტრუალური ციკლი,
- საშვილოსნოს მილის დახშობა,
- ენდომეტრიუმის ფუნქციური უკმარისობა.
დაავადება ხშირად იწვევს ქალის მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
- როგორ მკურნალობთ ამ დაავადებას და რას მოიცავს პრევენციული ზომები?
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ფორმის ენდომეტრიოზის მკურნალობის კარგი ვარიანტია ორსულობა. არსებობს მკურნალობის 2 მეთოდი: ჰორმონული და ქირურგიული.
ენდომეტრიოზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
- უარი აბორტს,
- საშვილოსნოს ანომალიების დროული მკურნალბა,
- საშვილოსნოსშიდა ჩარევის მხოლოდ მკაცრი ჩვენების დროს ჩატარება.
გახსოვდეთ, განხილული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში რეკომენდებულია, მიმართოთ გინეკოლოგს. დროულ რეაგირებას დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატებული შედეგის მისაღწევად. ასევე, საჭიროა, ზედმიწევნით დავიცვათ მკურნალი ექიმის მითითებები და დანიშნულება.