Plasmon
რა უნდა ვიცოდეთ ფილტვის კიბოს შესახებ

თარიღი: 03 იანვარი, 2017

რა უნდა ვიცოდეთ ფილტვის კიბოს შესახებ

 

თორაქალური ქირურგი პროფ. სინა ერჯანი

YEDİTEPE-ს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი

ფილტვის კიბო სიმსივნურ დაავადებათა შორის თავისი სიხშირითა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებით პირველ ადგილზე დგას. თუმცა ადამიანთა მცირე ჯგუფი  თუ აცნობიერებს აღნიშნული რისკის ალბათობას. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში იხვეწება მკურნალობის ხერხები და მეთოდები, აღნიშნული სიმსივნის შემთხვევაში ცოცხლად დარჩენის შანსი მხოლოდ ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაშია შესაძლებელი. დაავადებისაგან თავის დასაცავად აუცილებელია ვიცნობდეთ სიმპტომებს, რათა მათი გამოვლინების შემთხვევაში,  დროულად მივმართოთ ექიმს.

 

იმყოფებით თუ არა რისკის ქვეშ?

ფილტვის კიბოს  რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

· სიგარეტი:  ფილტვის სიმსივნის 90% სწორედ მწეველებთან გვხვდება.

· პასიური მოწევა:  თქვენს მიერ მოხმარებული სიგარეტი შესაძლოა თქვენი საყვარელი ადამიანის ფილტვის სიმსივნის გამომწვევი მიზეზი გახდეს.  ქალი პაციენტების 65% სწორედ ამ მიზეზით ავადდება.

· გარემოს დაბინძურება: ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზთაგან ერთ-ერთია.

· გენეტიკური ფაქტორი:  მნიშვნელოვნად ზრდის რისკს.

· სხვა დაავადებები: ქრონიკული ბრონქიტი, გადატანილი ტუბერკულოზი ან სხვა ფილტვების დაავადებებიც რისკის ფაქტორს წარმოადგენს.

 

ზრდის თუ არა ფილტვის კიბოთი დაავადების რისკს გენეტიკური მიდრეკილება?

დიახ. ოჯახში არსებული ფილტვის კიბოთი დაავადების შემთხვევა მნიშვნელოვანწილად ზრდის რისკს.

 

ადრეული დიაგნოსტიკისათვის შესაძლებელია თუ არა გამოკვლევების ჩატარება?

მსგავსი დიაგნოსტიკის საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს, მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ სიმპტომებს, რათა დროულად მივმართოთ ექიმს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფილტვის კიბოს არ ახასიათებს ადრეულ სტადიაზე სიმპტომების გამომჟღავნება, ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რისკ-ფაქტორები და მოვერიდოთ მათ 

 

რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვის კიბოს?

ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

· გახანგრძლივებული ხველა

· სისხლიანი ნახველი

· სუნთქვის უკმარისობა

· ხმის დაკარგვა

· ხიხინი

· ყლაპვის გაძნელება

· წონაში კლება, უმადობა და სისუსტე

· უმიზეზო ცხელება

· ხშირი ბრონქიტი და ფილტვების ინფექცია

· მკერდის, ზურგის, ბეჭების ან მკლავის ტკივილი.

· სახეზე და კისრის მიდამოებში შეშუპება

 

რამდენი ტიპის ფილტვის კიბო არსებობს?

ფილტვის კიბოს 2 სახეობას განასხვავებენ:

· წვრილუჯრედოვანი ფილტვის სიმსივნე

· არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის სიმსივნე

 

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა მივმართოთ პულმონოლოგს და ჩავიტაროთ ფილტვების რენტგენოგრაფია. რენტგენის სურათზე საეჭვო გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში თავდაპირველად ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ დიაგნოზის დასასმელად გამოკვლევის რა მეთოდებს უნდა მივმართოთ. როგორც წესი, ყველაზე უფრო მოსახერხებელია ბრონქოსკოპიის გზით აღებული ბიოფსიის მასალაზე კვლევის ჩატარება. სიმსივნის დიაგნოზის დასმა ხდება აღნიშნული მასალის პათოლოგიურ ლაბორატორიაში დამუშავების საფუძველზე. თუმცა არის შემთხვევები, როცა ბრონქოსკოპიის გზით აღებული ბიოფსიის მასალა არასაკმარისია. ასეთ შემთხვევაში ექიმები მიმართავენ ქირურგიულ მეთოდებს. ისეთებს, როგორიცაა მედიასტინოსკოპია.

 

ახდენს თუ არა ბიოფსიის ჩატარება ავადმყოფობის განვითარებაზე უარყოფით გავლენას?

სიმსივნის საბოლოო დიაგნოსტირება ხდება ბიოფსიის საფუძველზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად. ბიოფსიის გარეშე, მხოლოდ გადაღებული ტომოგრაფიული კვლევისა თუ სხვა გამოსახულების მიხედვით, დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დაწყება შეუძლებელია.

პაციენტის ახლობლებს ხშირად სჯერათ ხალხში გავრცელებულ მოარული ხმებისა „ბიოფსია გაუკეთეს და იმის შემდეგ ვეღარც გამოჯანმრთელდა“.  ასეთი მიდგომა მცდარია და ზოგჯერ სწორი დიაგნოსტიკის ჩატარებას აფერხებს და განკურნების შანსებს ამცირებს.  ბიოფსია უზრუნველყოფს სწორ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, რაც საგრძნობლად ზრდის სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას.

 

რამდენი სტადია აქვს ამ დაავადებას?

დიაგნოზის დასმის შემდეგ აუცილებელია დადგინდეს თუ რა გავრცელების არეალი აქვს დაავადებას, რომლის მიხედვითაც დგინდება სტადია, სტადიის დადგენა მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის დაგეგმვისათვის. 

ფილტვის სიმსივნე გავრცელების არეალის მიხედვით 4 სტადიად იყოფა. სტადიის განსაზღვრისათვის ტარდება მუცლის ღრუსა და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტორეზონანსული კვლევა, ძვლის სცინტიგრაფია, პოზიტრონემისიური ტომოგრაფია (PET-CT).

I სტადია - სიმსივნე ლოკალიზებულია ფილტვის პატარა სეგმეტში.

II სტადია - სიმსივნე ფიქსირდება ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში.

III სტადია - სიმსივნეს მოცული აქვს ფილტვი, ფილტვის გარსი და ორ ფილტვს შორის მდებარე შუასაყარის ქსოვილები.

IV სტადია - მეტასტაზები ფიქსირდება ღვიძლში, ძვალზე, თირკმელზედა ქსოვილზე.

 

როგორ მიმდინარეობს მკურნალობა?

წვრილუჯრედოვანი და არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მკურნალობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომაა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიოფსიასა და ჰისტომორფოლოგიურ კვლევას. ფილტვის კიბოს ტიპისა და სტადიის მიხედვით მკურნალობისას შესაძლებელია ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა, რადიოთერაპია (სხივური თერაპია), ქიმიოთერაპია. აღნიშნული პროცედურების რიგითობას განსაზღვრავს პაციენტის მდგომარეობა და დაავადების გავრცელების არეალი.

კიბოს მკურნალობისას ექიმთა ძალისხმევა მიმართულია დაავადების შეძლებისდაგვარად აღმოფხვრისაკენ, ან თუნდაც მისი არეალის შემოსაზღვრისაკენ, რაც უზრუნველყოფს პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ფილტვის კიბოს მკურნალობის საუკეთესო მეთოდია მულტიდისციპლინური მიდგომა.

 

რა არის მულტიდისციპლინური მიდგომა?

ფილტვის კიბოს შემთხვევაში ყველა პაციენტის მდგომარეობა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება. მულტიდისციპლინური მიდგომა არის პაციენტის მდგომარეობისა და ავადმყოფობის გავრცელების არეალის მიხედვით შეირჩეს მკურნალობის მეთოდებიდან ერთი ან რამოდენიმე მიმართულება ერთად. მულტიდისციპლინური მიდგომა გულისხმობს ონკოლოგის, ფილტვის ქირურგის, რადიაციული ონკოლოგის, პათოლოგიის სპეციალისტის, რადიოლოგის, ბირთვული მედიცინის სპეციალისტების შეთანხმებულ მუშაობას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთონ დიეტოლოგი, ფსიქიატრი და ტკივილის თერაპიის სპეციალისტი.

 

გამოიყენებენ თუ არა იედითეფეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ფილტვის კიბოს მკურნალობისას განსაკუთრებულ ქირურგიულ ტექნიკას?

ჩვენს საავადმყოფოში კლასიკური თორაკოტომიის ოპერაციის გარდა, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე ტარდება უფრო პატარა ჭრილის გახსნით კუნთების დაზიანების გარეშე ისეთი ოპერაციები, რომელიც ნაკლებად იწვევს პაციენტში ოპერაციის შემდგომ გართულებებს. ასევე ადრეულ სტადიაზე ავადმყოფობის აღმოჩენის შემთხვევაში ხორციელდება მთელი რიგი ოპერაციებისა ლაპარასკოპიული კამერის სისტემების გამოყენებით.

 

 

რა უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილებას მივიღებთ?

დიაგნოზის დასმის შემდეგ, თუკი პაციენტის მდგომარეობა ხელსაყრელია ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად, ხდება მისი შეფასება. კერძოდ, ამ დროს განმსაზღვრელია პაციენტის ასაკი, საერთო მდგომარეობა, არსებული სხვა ქრონიკული დაავადებები (გულის, თირკმლის, ტვინის ფუნქციების გამართული მუშაობა). ხდება ყველა პაციენტის შეფასება ფილტვების ფუნქციური ტესტებით და გულის ფუნქციათა შემოწმება.

 

რა არის ქიმიოთერაპია?

ქიმიოთერაპია სიმსივნის მედიკამენტური მკურნალობის მეთოდია.  მისი მოქმედება სისტემურია, ანუ ქიმიოთერაპია ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს როგორც ადგილობრივად, ასევე მთელი ორგანიზმის მასშტაბით. ქიმიოთერაპია კიბოს მკურნალობისას გამოიყენება როგორც ცალკე მკურნალობის მეთოდი, ისე რადიოთერაპიასთან ერთად.

ქიმიოთერაპიული მკურნალობა ტარდება ერთი ან რამდენიმე მედიკამენტის გამოყენებით. მკურნალობის სრული ციკლი მოიცავს ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსს, რომლებიც მეორდება გარკვეული ინტერვალით. მკურნალობის თითოეული კურსი თავის მხრივ შედგება ერთი ან რამდენიმე პროცედურისგან. მკურნალობის რეჟიმს და ქიმიოთერაპიული მედიკამენტის დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი, ყოველი პაციენტისთვის ინდივიდუალურად - მისი დიაგნოზის, თანმხლები დაავადებების, ზოგადი მდგომარეობისა და ფიზიკური მაჩვენებლების (სიმაღლე, წონა) გათვალისწინებით.

ყველაზე ხშირად ქიმიომედიკამენტი მიეწოდება ორგანიზმს ინტრავენური ინფუზიის გზით. მისი შეყვანა ასევე შესაძლებელია პერორალურად (ტაბლეტირებული ფორმები), კუნთში და კანქვეშ ინექციების სახით. როგორიც არ უნდა იყოს შეყვანის გზა, მიზანი ერთია - ციტოტოქსიური წამალი უნდა მოხვდეს სისხლის მიმოქცევაში და ამ გზით მიტანილ იქნას თითოეულ სიმსივნურ უჯრედამდე.

 

როგორ მიმდინარეობს იედითეფეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ფილტვის კიბოს მკურნალობა?

იედითეფეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში არსებული მოწინავე ტექნოლოგიები და გამოცდილი სამედიცინო პერსონალი საშუალებას იძლევა დროის მცირე მონაკვეთში დაისვას დიაგნოზი და დაინიშნოს ეფექტური მკურნალობის კურსი.

იმ პაციენტთა გამოკვლევები, რომლების მომართავენ ჩვენს საავადმყოფოს სრულდება რამოდენიმე დღეში. ბიოფსიური

მასალის ჰისტოპათოლოგიური კვლევის პასუხს ვიღებთ 4-5 დღეში და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება პაციენტის მდგომარეობის განხილვა ფილტვის კიბოს კონსილიუმზე. ამ კონსილიუმს ესწრებიან ონკოლოგი, ფილტვის ქირურგი, პულმონოლოგი, პათოლოგიის სპეციალისტი, რადიოლოგი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტები.

 

პაციენტებს საშუალება აქვთ ექიმებს დაუკავშირდნენ 24 საათის განმავლობაში, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.