თარიღი: 11 აგვისტო, 2021
რატომ აგვიანებენ ბავშვები ლაპარაკს, რამდენ სიტყვას უნდა ამბობდეს ბავშვი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, რა საგანგაშო სიმპტომები მიუთითებს განვითარების ეტაპების დაყოვნებაზე და რას ნიშნავს მეტყველება, რეცეპტული და ექსპრესიული ენა, ამ და სხვა საინტერესო თემებზე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ბავშვთა ნევროლოგმა და ფსიქიატრმა, მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა.
როცა ბავშვი ლაპარაკს აგვიანებს – მედეა ზირაქაშვილი ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს:
მედეა, დავიწყოთ ყველაზე აქტუალური კითხვით: როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი?
მედეა ზირაქაშვილი: მოგესალმებით. რეალურად ბავშვი „მეტყველებს“ დაბადებისთანავე, ის განსხვავებულად ტირის სხვადასხვა საჭიროების დროს. მიმართავს გარშემომყოფებს საკუთარი ემოციების გასაზიარებლად და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.ყურადღებიან დედას არ ეპარება ტირილის მრავალფეროვნება და ძალიან კარგად იცის თავისი შვილის საჭიროებების შესახებ. ისინი იწყებენ ხმოვნების და გარკვეული ადრეული თანხმოვნების წარმოთქმას მალევე დაბადებიდან, უსმენენ სხვების ხმებს, აკვირდებიან გარშემომყოფებს სახეზე, იხედებიან ხმის წყაროსკენ, განსხვავებულად რეაგირებენ დედის ხმაზე, მალევე იწყებენ აღუს თქმას, ღუღუნებენ, ტიტინებენ და სადღაც უკვე 10 დან 15 თვემდე მშობელი მოელის სანატრელი და მათთვის ძალიან სენსიტიური, პირველი სიტყვების გაგონებას შვილების მხრიდან.ერთი წინადადებით რომ შევაჯამოთ, ბავშვი უხშირესად ამბობს პირველ სიტყვებს 12 თვის ასაკში. ამ დროს მას „დედა“ და „მამას“ გარდა უნდა ჰქონდეს ერთი ან ორი სიტყვა მაინც, რომელსაც საკომუნიკაციოდ იყენებს.
მინდა გკითხოთ საერთაშორისო გაიდლაინებთან დაკავშირებით. გაიდლაინებით მოწოდებულია სიტყვების ის ოდენობა, რასაც ბავშვი წლის ან წლინახევრის ასაკში უნდა ამბობდეს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს ასე არ არის?
მედეა ზირაქაშვილი: ძალიან კარგი და აქტუალური შეკითხვაა. მოდით, ასე ვთქვათ : თუ ბავშვი კონკრეტულ ასაკში უნდა ამბობდეს გარკვეული რაოდენობის სიტყვებს და არ ამბობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაშინვე უნდა შემოვკრათ განგაშის ზარი. აქ მნიშვნელოვანია შემოვიტანოთ რამდენიმე ტერმინის განმარტება: ძალიან ხშირად ჩვენ ვახსენებთ მეტყველებას ისე, რომ მეტყველებას არ ვგულისხმობთ. უნდა გავმიჯნოთ ენა და მეტყველება ერთმანეთისგან და შევახსენოთ მსმენელებს, რომ მეტყველება არის ბგერების, მარცვლების, სიტყვების წარმოთქმის კოორდინირებული პროცესი,რაშიც აქტიურად მონაწილეობს: ხმოვანი იოგები, ენის კუნთები, ტუჩები, ყბები… რაც შეეხება ენას, ის გაცილებით რთული სისტემაა, რომელიც მოიცავს სიტყვების და ჟესტების გამოყენებას,მიმართულს სხვისგან გაგონილი და საკუთარი აზრების და ემოციების გამოსახატად. ენა თავის მხრივ შედგება რეცეპტული და ექსპრესიული ნაწილებისგან. შემიძლია გითხრათ, რომ იმაზე საგანგაშო, რომ ბავშვი გარკვეულ რაოდენობის სიტყვებს ვერ ამბობს არის ის, რომ ბავშვს უჭირს სხვისი ნაუბარის გაგება,ანუ არ ესმის სხვისი ნათქვამის შინაარსი,( მიცემული დირექტივის ადეკვატურად აღქმა და გააზრება – რეცეფტული ენის დარღვევა). განვითარების ადრეულ ეტაპზე წინა პლანზე მოდის რეცეპტული ენის განვითარება, რომელიც გარემოდან ვერბალურად მიღებული ინფორმაციის გააზრება-გადამუშავებაზეა ორიენტირებული. როცა მშობელი ბავშვს მარტივ დირექტივებს აძლევს, მაგალითად: “მომიტანე ბურთი, მაჩვენე ცხვირი” და ბავშვი გაოცებული უყურებს, რადგან არ ესმის მისგან რას ითხოვენ, ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის ეს გაცილებით საგანგაშოა. შემდეგ შემოდის უკვე ექსპრესიული ენის ნაწილი, რაც საკუთარი ემოციების, ფიქრების და გრძნობების გამოხატვას გულისხმობს სხვებთან მიმართებაში. ასეთ შემთხვევაში ბავშვს სჭირდება გარკვეული სიტყვების ცოდნა გარემოსთან საკონტაქტოდ. როგორ შევაფასოთ არის თუ არა ბავშვის უნარები ადეკვატური და ასაკობრივი განვითარების შესაბამისობაში კონკრეტულ ბავშვთან? ჩვენ ვიცით, რომ წლის ასაკში ბავშვი 3 სიტყვას მაინც ამბობს, 18 თვის ასაკში უკვე ათ სიტყვამდე, ორი წლის ასაკისთვის უკვე ნელ-ნელა ორმაგდება, სამმაგდება და 3 წლისთვის სრულფასოვანი ხდება ბავშვის ენობრივი უნარები.
შესაძლოა ბავშვი ვერ ამბობდეს სიტყვებს, მაგრამ მას განვითარებული ჰქონდეს რეცეპტული ენა, ანუ ესმოდეს ყველაფერი?, აქაც ხომ არსებობს რაღაც ზღვარი რა და რამდენი უნდა ესმოდეს ბავშვს?
მედეა ზირაქაშვილი: წლის ასაკისთვის ბავშვს უნდა ესმოდეს ყველა იმ საგნის მნიშვნელობა, რომლებიც მისი თვალთახედვის არეშია. ასევე უნდა ცნობდეს სხეულის ნაწილებს. ორი წლის ასაკში ბავშვს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის ნახევარი ესმის და უნდა ასრულებდეს ერთი-2 ეტაპიან დავალებებს. სამი წლის ასაკიდან ბავშვს ესმის მისკენ მიმართული ვერბალური ინფორმაციის ¾, ამიტომ ამ ასაკიდან შემოდის უკვე სამეტაპიანი დავალების შესრულების მოთხოვნა. ოთხი წლის ასაკიდან ბავშვმა მიცემული დავალებიდან პრაქტიკულად 100% უნდა შეასრულოს და ასევე ვერბალურად, შეფერხების გარეშე გადმოსცემდეს თავის სათქმელს. ხშირად ვამბობთ ხოლმე,რომ 3 წლის ბავშვის ენის განვითარება არ განსხვავდება ზრდასრულის ენის შესაძლებლობებისგან. დიაგნოსტიკის და ბავშვისთვის საჭიროებების შეთავაზების პროცესში, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ: ცუდად ესმის ბავშვს რასაც ვეუბნებით?, არ აქვს საკმარისი მარაგი სიტყვების სხვასთან საკომუნიკაციოდ?, ბავშვის ნათქვამის გაგების პრობლემა გვაქვს, თუ რამდენიმე კომპონენტია ერთად ჩართული, ან სულაც მხოლოდ საუბრის ტემპი და დინება გვიქმნის სირთულეს? შესაბამისად განვასხვავებთ ხოლმე სხვადასხვა დიაგნოსტიკურ კატეგორიას და ჩარევაც აბსოლუტურად ინდივიდუალურია სხვადასხვა დარღვევების, ან თუნდაც შეფერხების დროს.
ხანდახან, როდესაც ბავშვი ალაპარაკებას აგვიანებს, მშობლები ხშირად თავს იმშვიდებენ, მაგალითად ამბობენ, რომ ბავშვთან საკმარისი კომუნიკაცია არა აქვთ და ეს ამის ბრალია. რეალურად ახდენს თუ არა ეს გავლენას იმაზე, თუ როდის ამეტყველდება ბავშვი?
მედეა ზირაქაშვილი: თუ მშობელს უჩნდება ეჭვი, რომ ბავშვს აქვს გარკვეული შეფერხება ენის და მეტყველების კუთხით, ამ დროს რამდენიმე კომპონენტს უნდა მიექცეს ყურადღება. აქ უნდა დაისვას კითხვა – კონკრეტულად ენისა და მეტყველების განვითარების შეფერხებაა ერთადერთი ჩივილი, თუ პარალელურად არსებობს სხვა სფეროების განვითარების დარღვევები, რომელთა შემთხვევაში ენის და მეტყველების განვითარების შეფერხება არის ერთ-ერთი სიმპტომი მრავალთა შორის. შესაბამისად, აქ ისმის კითხვა – სახეზეა მხოლოდ ენის და მეტყველების განვითარების შეფერხება თუ ეს ნაწილია სხვა რაიმე უფრო მასშტაბური პრობლემის. მნიშვნელოვანია მშობელი იყოს ყურადღებით და აუცილებლად მიაქციოს ყურადღება რამდენიმე საკითხს. თუ ბავშვს აქვს ენის შეფერხება, რამდენად ახერხებს ის ენის შეფერხების კომპენსირებას მიმიკა-ჟესტების გამოყენებით- გარემოსთან საურთიერთობოდ, მაგალითად თითით ჩვენებით, თავის დაქნევით, თხოვნის ჟესტით, დიდი და პატარა აღწერილობითი ჟესტების გამოყენებით და ა.შ. რადგან თუ გვაქვს ენის განვითარების პრობლემა და ბავშვს უჭირს გარემოსთან კომუნიკაცია, რადგან არა აქვს ალტერნატიული მეთოდები, უნდა ვიფიქროთ ხომ არ არის დამატებითი პრობლემები, ხომ არ უჭირს პარალელურად ყურადღების კონცენტრირება, ხომ არ აგვიანებს სახელით დაძახებაზე რეაგირებას, ან საერთოდ აიგნორებს. ხომ არ აქვს მზერითი კონტაქტის დეფიციტი, ან ავლენს ჰიპერაქტიურობას.ისეთ დარღვევებში, როგორიცაა აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ინტელექტუალური განვითარების პრობლემები, ერთ-ერთი პირველი სიმპტომი, რასაც მშობელი ამჩნევს არის სწორედ ენის და მეტყველების შეფერხება. ამიტომ მშობელი უნდა დააკვირდეს ენისა და მეტყველების შეფერხება წარმოადგენს მისი შფოთვის ერთადერთ სიმპტომს, თუ ამის პარალელურად არის სხვა კომუნიკაციის პრობლემებიც, მაგალითად მიმიკა-ჟესტების გამოყენების, მზერითი კონტაქტის, სიხარულის და ყურადღების გაზიარების დეფიციტი და ა.შ. დედას არ ეყოფა კვალიფიკაცია, რომ დიაგნოზი დასვას და არც მოეთხოვება, უბრალოდ არ უნდა გადავავადოთ სპეციალისტთან მიმართვა.
თუ 18-20 თვის ასაკში არის მხოლოდ 10-მდე სიტყვა. თუ 21-30 თვემდე ასაკში მხოლოდ 50 მდე სიტყვას იყენებს ბავშვი მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, რომ შეფერხებულია ენისა და მეტყველების განვითარება, ან რაიმე უფრო სერიოზული განვითარების დარღვევის სიმპტომია ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები.
კიდევ ერთი აქტუალური თემა–ბიჭების დაგვიანებული მეტყველება. რატომ არსებობს ეს მოსაზრება, რომ ბიჭები ზოგადად უფრო გვიან იწყებენ ლაპარაკს?
მედეა ზირაქაშვილი:მნიშვნელოვანია, რომ თითოეული გაბატონებული ფრაზის შინაარსი კარგად გვესმოდეს. რეალურად ეს მოსაზრება გარკვეულწილად შესაძლოა შეესაბამებოდეს რეალობას, აქ ერთი ფართომასშტაბიანი ავსტრალიური კვლევა მახსენდება, სადაც ახალშობილების ჭიპლარის სისხლში იკვლევდნენ ტესტოსტერონის დონეს და მოგვიანებით ადარებდნენ ტესტოსტერონის კონცენტრაციის და მეტყველების დროულად დაწყების ვადებს.აღმოჩნდა,რომ ბიჭებს, ტესტოსტერონის მაღალი კონცენტრაციით, გადავადებული ჰქონდათ მეტყველების დაწყების ასაკი, თუმცა გოგონებში ტესტოსტერონის მაღალი კონცენტრაცია, პირიქით პროტექტორული ფაქტორის როლს თამაშობდა. მაინც უნდა ხაზი გავუსვათ ენისა და მეტყველების დაწყების ასაკობრივი ნიშანსვეტების მნიშვნელობას, თუ ისინი ძალიან შეუსაბამოა კონკრეტული ბავშვისთვის სქესს მაინც ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ და შეფერხებაზე და დარღვევებზე ისევე ვსაუბრობთ ბიჭებში, როგორც გოგონებში.
როცა ბავშვები ლაპარაკს აგვიანებენ და მათი ინტერესების სფერო ყოველდღიურად იზრდება, ისინი ამ დროს ვერ გვაგებინებენ რა სურთ და ხდებიან აგრესიულები. რა ტიპის პრობლემაა ეს და რა შეიძლება გავაკეთოთ?
მედეა ზირაქაშვილი: მშობელს შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია, რომ თუ ბავშვი აგვიანებს მეტყველების დაწყებას, ხშირ შემთხვევაში ,აგრესიის ფონი შეიძლება იყოს მსუბუქად მომატებული და ამ დროს მშობელს შეუძლია არ ეძებოს ემოციური დისრეგულაციის უფრო სერიოზული მიზეზები. ზრდასრული ადამიანებიც კი, როდესაც კონფლიქტურ სიტუაციაში ვერ აგვარებენ ვითარებას სიტყვებით, გადადიან ვერბალურ და ფიზიკურ აგრესიაზე, ქვეყნები ომს იწყებენ დიპლომატიური მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში. როდესაც ბავშვი აგვიანებს ენის განვითარებას და ყველა სხვა განვითარების კომპონენტი ნორმაშია, თუმცა მომატებულია აგრესიული ფონი, შეგვიძლია მშვიდად დავასკვნათ, რომ აგრესიის მიზეზი სწორედ ენის განვითარების შეფერხებაა და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრით – მოგვარდება.
თუ ბავშვს ყველაფერი ესმის და ის ამეტყველებას აგვიანებს, სადამდე შეიძლება დაველოდოთ?
მედეა ზირაქაშვილი: როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვს აქვს კარგი რეცეპტული ენის მონაცემები,ანუ ადეკვატურად ესმის და აღიქვამს სხვების ნათქვამს, ასრულებს დავალებებს, შედარებით ნაკლებ უნდა იშფოთოს მშობელმა, თუმცა, არასოდეს ვანიჭებ უპირატესობას დაცდის ტაქტიკას, თუ მშობელი ფიქრობს,რომ არის გარკვეული შეფერხება ენისა და მეტყველების განვითარებაში, მნიშვნელოვანია მიმართოს სპეციალისტს და შემდეგ უკვე ბევრად მშვიდად იყოს, რომ არ აქვს სერიოზულ პრობლემასთან საქმე, ან ჩაერიოს დროულად საჭიროების შემთხვევაში.
რას გვეტყვით გაჯეტებზე? ზოგადად ისინი რეკომენდებული არ არის, თუმცა ჩვენ თანამედროვე სამყაროში ფაქტობრივად არ შეგვიძლია მათ გარეშე. სად დავიჭიროთ ოქროს შუალედი, სად ვთქვათ არა და სად ვთქვათ კი?
მედეა ზირაქაშვილი: მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება. ბავშვს აქვს უნიკალური უნარი, შევიდეს კომუნიკაციაში ცოცხალ არსებებთან. მას კომუნიკაციის საშუალებით ცოცხალი არსებებისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია. არც ისმის კითხვა როდის უფრო ვითარდება ბავშვი, ცოცხალი კომუნიკაციის პერიოდში თუ გაჯეტებზე დამოკიდებულების პერიოდში, იმდენად ცალსახაა პასუხი. თუმცა ჩვენ უნდა გავუგოთ მშობლებსაც, რომლებიც ძალიან დაკავებულები არიან დღევანდელობაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გაცემულ რეკომენდაციებს მეტი სიღრმე მივცეთ. თუ ჩვენ ლიტერატურას ჩავხედავთ ყოველთვის ვნახავთ, რომ მთავარი პრობლემაა არა ტელევიზორის ყურება, არამედ ის დრო, რომელიც ანაცვლებს აქტიურ კომუნიკაციას. თუ მშობელი მოახერხებს, რომ ტელევიზორის ყურების პარალელურად ბავშვთან ჰქონდეს კონტაქტი და მასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ელექტრონული მოწყობილობებით მიღებული პასიური ინფორმაციის აქტიურად მიღებასა და გადამუშავებაში, ეს სრულად ცვლის საქმის ვითარებას. როცა ბავშვი მულტფილმს უყურებს, ის ნაკლებად იგებს შინაარსს. ნაკლებად უსმენს და მეტადაა ორიენტირებული მოქმედებებზე,ფერებს, კადრების ცვლილებებზე.თუ უფროსი ადამიანი ჩაერთვება ამ ყურების პროცესში, გაუხმოვანებს ყველა ქმედებას თუ რა ხდება და რატომ, თუ მისცემს ინფორმაციას იმაზე, რატომ მოხდა ესა თუ ის მოქმედება, ასეთი კომუნიკაცია, თუნდაც გაჯეტის ჩართულობით ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე თუნდაც ბავშვისთვის კუბების მიცემა და ვერტიკალური სვეტების დაშლა- აწყობა განმეორებითად. როდესაც ჩვენ აკრძალვებზე ვსაუბრობთ დიდი მნიშვნელობა აქვს მივაქციოთ ყურადღება ეკრანთან გატარებულ დროს, ასევე იმას, თუ რას უყურებს ბავშვი, როგორია საყურებელი მასალის ვიზუალური და შემეცნებითი ხარისხი და ამ დროს ბავშვთან გარშემომყოფების კომუნიკაციის დონეს.
მინდა გკითხოთ რეკომენდაციებზე, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის მეტყველების განვითარებას. არის თუ არა ეს მაგალითად ბაღი ადრეული ასაკიდან?
მედეა ზირაქაშვილი: პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ბავშვის განვითარებაში დიდ როლს შეასრულებს, ეს არის მზრუნველი და ყურადღებიან მშობელი/აღმზრდელი, რომელიც აქტიურ კომუნიკაციაშია ბავშვთან.ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქტიურ ვერბალურ კომუნიკაციას და ბავშვთან ერთად თამაშს. რატომ ვერ ანაცვლებს გაჯეტი კომუნიკაციით და თამაშით მიღებულ გამოცდილებას? მხოლოდ საგანი ბავშვისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ კომუნიკაცია და თამაშში გამოყენებული სათამაშო ბავშვის გონებაში აუცილებლად აღიბეჭდება და მეორე-მესამე ჯერზე ბავშვი საგნის სახელს ყოველთვის დაუკავშირებს მის ფუნქციას. აუცილებელია ადრეული ასაკიდან გავაცნოთ ბავშვებს წიგნები, ხშირად მშობლები ამბობენ: ვუკითხავ, მაგრამ არ მისმენს.ამ დროს არაჩვეულებრივი მეთოდი ბავშვთან კომუნიკაციისთვის არის- თხრობა, აქტიური მიმიკა- ჟესტების გამოყენება, ხმის ინტონაციის ცვლილება, რაც ძალიან აქტუალურია ბავშვთან კონტაქტისთვის, მისი ინტერესის გამოსაწვევად. თუ მშობელი მონოტონურად კითხულობს, ბავშვს გაუჭირდება მოსმენა. მაგრამ თუ ეს არის საინტერესო თხრობა, ჟესტიკულაციით და მიმიკებით, ბავშვს ეს აუცილებლად დააინტერესებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თხრობისთვის გამოყენებული ენა შესაბამისი იყოს ბავშვის ასაკობრივი განვითარების.
ასევე აუცილებელია აღმზრდელი ყურადღებით აკვირდებოდეს საკუთარი შვილის განვითარებას, რათა მას არ გამორჩეს არანაირი შეფერხება.
ძალიან მნიშვნელოვანია გამბედაობა და რეალობის ადეკვატური მიმღებლობა ოჯახის მხრიდან, რომ მშობელმა დროულად მიმართოს სპეციალისტს.
თუ ჩვენ არ მივაქცევთ ჯეროვან ყურადღებას ენის და მეტყველების განვითარების პრობლემას, ეს პირდაპირ კავშირშია მომავალში დასწავლის სირთულეებთან. ის მოქმედებს კითხვის უნარებზე, მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე, ასევე სოციალურ- კომუნიკაციურ უნარებზე, ემოციურ რეგულაციაზე, თვითშეფასებაზე. როგორც ვხედავთ, რეცეპტული და ექსპრესიული ენის გადავადება უყურადღებობის შემთხვევაში მომავალში შეიძლება ბევრი პრობლემის მიზეზი გახდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად მივმართოთ სპეციალისტებს და მათ ჩარევის საშუალება მივცეთ.
წყარო: https://fortuna.ge