Plasmon
რამდენიმე შეკითხვა კარდიოლოგ შალვა პეტრიაშვილს

თარიღი: 29 მაისი, 2020

- ბატონო შალვა, გულ-სისხლძარღვთა რომელი დაავადებებით მოგმართავენ ყველაზე ხშირად პაციენტები?

გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა სტრუქტურაში ყველაზე ხშირია:  

არტერიული ჰიპერტენზია, 

გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი)

- რა მეთოდებით ხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკა?

ამ დაავადებების სადიაგნოსტიკოდ ჩვენს კლინიკაში დანერგილია მსოფლიო სტანდარტებით დადგენილი თანამედროვე მეთოდები, როგორიცაა:  კორონარული არტერიების დაავადებათა დიაგნოსტიკა,  ექოკარდიოგრაფიული კვლევა,  გულის რიტმის დარღვევის დიაგნოსტიკა, და სხვა...

 

- მითია თუ მეცნიერულად გამართლებული ის მოსაზრება, რომ ამინდი და სხვა გარემო პირობები მოქმედებს არტერიული წნევის ცვლილებებზე?

ცნობილი ფაქტია, რომ ამინდი გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და ორგანიზმი შესაბამისად რეაგირებს მეტეოცვლილებაზე. ამ დროს გავლენას ძირითადად ახდენს ატმოსფერული წნევის მერყეობა, რომლის დროსაც უჯრედის მემბრანის ცვლილება ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს, განსაკუთრებით ჰომოტოქსინებს. ეს კი იწვევს სერიოზულ ძვრებს ორგანიზმში. სამყარო ერთიანი სისტემაა, რომლის ნაწილები დაკავშირებულია ერთმანეთთან. ერთი მათგანის ცვლილება მსგავს მოვლენებს იწვევს მეორის განვითარებაში. ადამიანი ამ სისტემის ნაწილია და ამიტომ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები კავშირშია გარე სამყაროს ცვლილებებთან. 

 

მეტეოდამოკიდებული ადამიანები რთულად განიცდიან გარემოს ცვლილებებს, თუნდაც არ იყვნენ დაავადებული. მათზე მოქმედებს პირველ რიგში ტემპერეტურის ცვლილება, ჟანგბადის ცვალებადობა, მაგნიტური ველები, გარემოს დაბინძურების ხარისხი. ამ ფაქტორებზე განსაკუთრებით რეაგირებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის პათოლოგიების დროს, ნევროზების დროს.

 

- რა პრევენციული ზომები არსებობს იმისათვის, რომ დავიცვათ გულ-სისხლძარღვთა სისტემა?

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და მათი გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. თუმცა არსებობს კონკრეტული ფაქტორები, რომელთა თავიდან აცილებაც მკვეთრად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. მაგალითად: 

გადაჭარბებული ემოციური სტრესი, 

ალკოჰოლი, 

თამბაქო 

დიდი რაოდენობით მარილი, 

უძრავი ცხოვრების წესი, 

მოუწესრიგებელი კვება 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა ფაქტორები ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებას. მხოლოდ ერთმა ამ აღნიშნულთაგან შეიძლება ყოველთვის არ გამოიწვიოს დაავადება, მაგრამ თუ არსებობს მრავალი ფაქტორის თანხვედრა, მაშინ ავადობის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

 

უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მიზეზების აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას. პირველ რიგში, აუცილებელია შეიზღუდოს მოხმარებული საკვების რაოდენობა, დაცული იქნას კვების რეჟიმი, უარი ითქვას ცუდ ჩვევებზე. საჭიროა სუფთა ჰაერი, ვარჯიში, და საერთოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი.