Plasmon
რატომ არის მთელმარცვლოვანი ფაფები სასარგებლო და შეიძლება თუ არა გავასინჯოთ ის პატარას

თარიღი: 03 დეკემბერი, 2020

ბურღულის ფაფის გარეშე პატარების რაციონი წარმოუდგენელია. მარცვლოვნები ჩვილის რაციონში 4-6 თვიდან შეიძლება ჩაერთოს. იქნება თუ არა ის პირველი დამატებითი საკვები, ამას ბავშვის განვითარების მიხედვით პედიატრი წყვეტს.

მარცვლეული კულტურები, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი, ბრინჯი, ფეტვი, ქერი, შვრია ბოტანიკურად ჭეშმარიტი ბურღულეულია და მიეკუთვნება Gramineae-ს ოჯახს.

იცით, რომ წიწიბურა რეალურად ფსევდობურღულეულია? ბოტანიკურად ის Gramineae-ს ოჯახს არ მიეკუთვნება, თუმცა კი მსგავსი  საკვები ღირებულება და გამოყენება აქვთ.

‼️რატომ უნდა მივიღოთ მარცვლოვნები?
იმიტომ, რომ ისინი ენერგიის, მცენარეული ცხიმების, ნახშირწყლების და ცილების მდიდარი წყაროა, შეიცავს B, C, E, A ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს, მინერალებს. მარცვლოვნების გარსი მდიდარია უჯრედისით, რომელიც აუცილებელია ნაწლავთა მოქმედების ნორმალიზებისათვის, აუცილებელია ნაწლავური ბაქტერიების განვითარებისათვის. 

დადგენილია, რომ სწორედ ამ უჯრედისის წყალობით ვითარდება ნაწლავებში მოზრდილისათვის დამხასიათებელი მიკროფლორა, რაც ბაქტეროიდების პოპულაციის გაზრდით მიიღწევა.  

ჩვენს დედებს და ბებიებს კარგად ახსოვთ - მანამ, სანამ ჩვილი ბავშვისათვის განკუთვნილი კომერციული ფაფები ხელმისაწვდომი გახდებოდა, მარცვლისაგან თავად ვამზადებდით ფაფებს, ამისათვის გარეცხილი, ზოგჯერ მოხალული ბურღული ჯერ წყალში იხარშებოდა, შემდეგ კი რძე ემატებოდა, ჰომოგენიზირდებოდა და სულ ბოლოს ცხიმი  ემატებოდა.  ასე მომზადებული ფაფა მთლიან მარცვალს შეიცავდა.

რას ნიშნავს მთლიანი მარცვალი?
ყველა მარცვლის შემადგენლობა მსგავსია - ის გარედან  დაფარული გარსით, რომელიც უჯრედისის მთავარი წყაროა, ჩანასახი, რომელიც სავსეა ვიტამინებით, განსაკუთრებით მდიდარია ბ ჯგუფის ვიტამინებით,  ლიპიდებით, ცილებით, მინერალებით. ჩანასახი შეიცავს ასევე ფენოლებს, კაროტინოიდებს, ინულინს, ბეტაგლუკანებს და სხვა ფიტოქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს პატარას ნივთიერებათა ცვლაზე, ზრდა-განვითარების და იმუნურ პროცესებზე. 

მარცვლის მესამე ნაწილი არის ნახშირწყლებისშემცველი ენდოსპერმა.
გამწმენდილი, რაფინირებული ბურღულეულის მთავარი შემადგენელი ნაწილი  სწორედ ენდოსპერმაა.

კვლევები ადასტურებს, რომ მარცვლის რაფინირებისას მისი ძვირფასი შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება. მაგალითად, ხორბლის ფქვილის რაფინირების  შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასში რჩება მხოლოდ 42% უჯრედისი, 21% Е ვიტამინი, 21% თუთია, 8% სელენი, 17% მაგნიუმი. 

სწორედ ამიტომ მარცვლის რაფინირების შემდეგ საჭირო ხდება ბურღულის შემადგენლობაში საკვები დანამატების ხელოვნური დამატება.

‼️ამავდროულად, მარცვლეულის გადამუშავების დროს მიმდინარეობს ფერმენტული ჰიდროლიზის პროცესები, რის შედეგადაც წარმოიქმნება შაქრები, რაც პატარების ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სულაც არ არის.

კვლევები ადასტურებს, რომ მთლიანი მარცვლის განსაკუთრებული შემადგენლობის წყალობით, წონის მატების, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, რესპირაციული ინფექციების, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი უფრო დაბალია.

ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ მთლიანი მარცვლისაგან მომზადებული საკვების გემოვნური თავისებურებებიც უფრო მოსწონთ ბავშვებსაც და მოზრდილებსაც, რაც ამცირებს ბურღულზე უარისთქმის შემთხვევებს.

მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ არის მიღწეული ერთიანი კონსენსუსი, რა ფორმით სჯობს მივაწოდოთ პატარას მარცვალი - მთლიანი თუ რაფინირებული სახით. ჯანმო მოგვიწოდებს, გავაზრდოთ მთლიანი მარცვლის გამოყენება, თუმცა იქვე ამატებს - ნაციონალური კვებითი რეკომენდაციების შესაბამისად.

არსებობს ცალკეული რეკომენდაციები ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, ესპანეთში 24 თვემდე ასაკის პატარებისათვის რეკომენდაციას უწევენ მოხმარებული  მარცვეულის ½ იყოს მთლიანი მარცვლის წილად.

ავსტრალიელი პედიატრები გვირჩევენ, 13-23 თვემდე  მთლიანი მარცვლეულისაგან მომზადებული საკვების 16 პორციის მიღებას კვირაში, ხოლო 24-36 თვემდე  ეს დოზა 19 პორციამდე გაიზარდოს.  

Healthy Eating Research აშში-ში რეკომენდაციას უწევს სრული მარცვლის გამოყენებას 6 თვიდან ზემოთ ასაკის ბავშვებში. დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სამსახური (NHS) რეკომენდაციას უწევს მთლიან მარცვალს, „სადაც ეს შესაძლებელია“ პრინციპით.


მაგრამ რაფინირებული მარცვლეულსაც აქვს თავისი პლუსები - ის უფრო ნაკლებ ტოქსინს შეიცავს, რადგან მძიმე მეტალების, მათ შორის არაორგანული დარიშხანის, პესტიციდების, მიტოტოქსინების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მარცვლეულის გარსშია თავმოყრილი, მისი მოცილება კი გადამუშავების დროს ხდება. აშშ წამლისა და საკვების სააგენტოს, ასევე ევროკომისიის რეგულაციების თანახმად, ბავშვებისათვის განკუთვნილ ბრინჯში  არაორგანული დარიშხანი არ უნდა აღემატებოდეს 100 µგ/კგ-ს.  

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე