Plasmon
რატომ არის სასარგებლო ფეიხოა და რა ასაკიდან მივცეთ ბავშვს

თარიღი: 11 ნოემბერი, 2020

რატომ არის სასარგებლო ფეიხოა და რა ასაკიდან მივცეთ ბავშვს
Acca sellowiana -ამ სახელით იცნობენ ბოტანიკოსები ფეიხოას. მომცრო ხე, რომელსაც ძალიან არომატული ნაყოფი აქვს, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში - ბრაზილიაში, ურუგვაიში, პარგვაიში, არგენტინასა და კოლუმბიაში იზრდება სახელით ანანას-გუავა.
საქართველოში ის 1900 წელს შემოუტანიათ და სოხუმსა და ბათუმში უცდიათ მისი მოყვანა. და მას შემდეგ დასავლეთ საქართველოს რეგიონების ბინადარიც გახდა.

თქვენი აზრით, რის გემოს ჰგავს ამ უგემრიელესი ნაყოფის გემო?
სამხრეთ ამერიკაში ამბობენ, რომ ეს ანანასის, ვაშლის და პიტნის გემოს ნაზავია.
შესანიშნავი არომატის გარდა დასაფასებელია ამ მწვანე ხილის ქიმიაც. აი, ისიც:
ფეიხოაში ბევრი C ვიტამინია. თუ თქვენ 200 გრამ ამ არომატულ ხილს მიირთმევთ, ჩათვალეთ რომ C ვიტამინის დღიური დოზის თითქმის 80% უკვე მიღებული გაქვთ.
ფეიხოას კიდევ ერთი სიმდიდრე B6 ვიტამინია. ის აქტიურად მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებასა და სისხლწარმოქმნაში. ცნობილია, რომ ამ ვიტამინის დეფიციტი დეპრესიისადმი მიდრეკილებას, ყურადღების დეფიციტს, დასწავლის გაძნელებას განაპირობებს. ასე, რომ ფეიხოა კარგი განწყობისა და მეხსიერების გაუმჯობესებისათვის შესანიშნავი პროდუქტია.
დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს, რაც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისათვის.
თუ თქვენს პატარას ყაბზობა აქვს, ფეიხოა აუცილებლად უნდა შეიტანოთ დღიურ რაციონში. ის საკვები ბოჭკოების წყაროა. ეს ნივთიერები ხელს უწყობს ნაწლავთა მოქმედების ნორმალიზებას და თან ნაწლავური მიკროფლორისა საყვარელი საკვებია.
ნახშირწყლების მაღალი შემცველობის მიუხედავად არომატულ ანანას-გუავას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.
შეიცავს მანგანუმს, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფერმენტის შემადგენლობაში შედის და ნივთიერებათა ცვლას არეგეულრებს.
ფეიხოას შემადგენლობაში არსებული ფოლის მჟავა სისხლწარმოქმნის პროცესებში მონაწილეობს და ანემიის პროფილაქტკისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერებაა.
ეს ხილი ანტიოქსიდანტების წყაროცაა, რომლებიც უჯრედების მემბრანებს დამაზიანებელი რადიკალებისაგან იცავს.
იოდის მაღალი შემცველობის გამო ფარისებრი ჯირკვლისათვის ფეიხოა მეგობრული პროდუქტია.

მოკლედ, თუ ჯერ არ მიგიციათ ბავშვისათის სამხრეთ ამერიკიდან დასავალეთ საქართველოში ჩამოსახლებული ეს გემრიელი და სასარგებლო ხილი, სწორედ ახლაა კარგი დრო - ფეიხოა უკვე შემოვიდა.
ოღონდ გაითვალისწინეთ, 1 წლამდე მის მიღებას არ გირჩევთ - ფეიხოა ალერგიული ხილია.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე