თარიღი: 01 აპრილი, 2020
ახალი კორონავირუსი სახელად SARS-CoV- 2 მსოფლიო თავსატეხია. რატომ ვრცელდება ის ასე სწრაფად, განსახვავებით წინამორბედი Sars-cov-1-ისგან, რომელიც გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარე ინფექცია იყო და პანდემიიად გარდაქმნის შემთხვევაში გაცილებით მეტ სიკვდილს გამოიწვევდა?! საბედნიეროდ, Sars-cov-1ით გამოწვეული ინფექციის ლოკალიზაცია სწრაფად მოხერხდა, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ის სეზონურ გრიპთან შედარებით 3-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება და მსოფლიომ 21-ე საუკუნის ახალი პანდემია მიიღო.
მაშ, რა აქვს ახალ კორონავირუსს ასეთი განსაკუთრებული, რის გამოც ის სწრაფად ვრცელდება?!
მეცნიერები განიხილავენ ორ ძირითად მიზეზს.
პირველი თავად ვირუსის სპეციფიური აგებულებაა. ადამიანის უჯრედში შესაღწევად ის იყენებს სპეციალურ ცილას, რომელიც წანაზარდების სახითაა განლაგებული ვირუსის ზედაპირზე და გვირგვინის შესახედაობას ქმნის ელექტრონული მიკროსკოპით დათვალიერებისას. კორონავირუსის სახელწოდებაც ვირუსის ამ განსაკუთრებული აგებულებიდან მოდის.
სწორედ ამ ცილოვანი წანაზარდებით უკავშირდება ვირუსი ადამიანის უჯრედის მემბრანას, რისთვისაც მასპინძლის უჯრედის ცილას - ფურინს იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ ფურინი სხვადასხვა ქსოვილშია, მათ შორის, ფილტვებში, ნაწლავებში, ღვიძლში, ამიტომ ვირუსს არამხოლოდ ფილტვის, არამედ სხვადასხვა ორგანოს სერიოზული დაზიანება შეუძლია. SARS-cov-1- ფურინის აქტივაციის უნარი არ ჰქონდა.
მეორე მიზეზად განიხილება ადამიანის უჯრედზე არსებული ცილა, რომელსაც უკავშირდება კორონავირუსის ცილა-წანაზარდი - ეს ანგიოტენზინის-გარდამქმნელი ფერმენტი ACE2 -ია. ეს კავშირი ძალიან ჰგავს გასაღებისა და საკეტის ღიობის მორგებას. აღმოჩნდა, რომ ახალი კორონავირუსი ამ ფერმენტთან გაცილებით უფრო მტკიცე კავშირს ამყარებს, ვიდრე მისი წინამორბედი.
უკვე იცით, ინფექცია წვეთებით ვრცელდება. იცით, რომ 1 დახველებისას დაახლოებით 3000-მდე წვეთი გადმოიფრქვევა, რომელშიც ვირუსია შეწონილი?! ზედაპირზე გრავიტაციის ძალით მოხვედრილი ვირუსი სხვადასხვა ზედაპირზე სხვადასხვა ხანგძრლივობით ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს. მუყაოზე ის სულ მცირე 4 საათს ძლებს, 3-დან 9 დღემდე - პლასტმასასა და მეტალზე. ყველაზე მცირე დროს 4 საათს - სპილენძის ზედაპირებზე.
ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ დისტანცირებას, ხელების ხშირად დაბანას და ზედაპირების წმენდას.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე