Nuk
როდის უნდა მივმართოთ კოსმეტოლოგს და როდის დერმატოლოგს

თარიღი: 10 დეკემბერი, 2023

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ფიქრი კანის მოვლაზე, როდის დგება დერმატოლოგის და კოსმეტოლოგის ჩარევის აუცილებლობა, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად თავის მოვლის საშუალებები, ეფექტურია თუ არა სახლის პირობებში დამზადებული ნიღბები, როგორ ვებრძოლოთ თვალებქვეშ არსებულ სიშავეებს, დღესდღეობით თავის მოვლის რა პროცედურებია ყველაზე აქტუალური – ამ და სხვა საინტერესო თემებზე დერმატო-ვენეროლოგმა, დერმატო-კოსმეტოლოგმა – ია დარსაველიძემ ისაუბრა.

 

ქალბატონო ია, როდის დგება დერმატოლოგის და კოსმეტოლოგის ადამიანის ცხოვრებაში ჩარევის აუცილებლობა?
რა საკვირველია, მაშინ, როცა ადამიანს შეაწუხებს დერმატოლოგიური პრობლემა, კანის მთლიანობის დარღვევა, გამონაყარი, სიმშრალე და სხვა. დერმატო-ვენეროლოგთან ვიზიტის უამრავი მიზეზი არსებობს. რაც შეეხება კოსმეტოლოგს, მასთან მოვლის და ესთეტიკური თვალსაზრისით ვიზიტს, მას მაშინ უნდა მიმართოთ, როცა შეატყობთ, რომ კანს დახმარება ესაჭიროება.

 

რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ფიქრი კანის მოვლაზე და რა არის ის პირველი პროცედურა, რომელიც ყველას სჭირდება?
მოგეხსენებათ, კანი ყველაზე დიდი ორგანოა, შესაბამისად, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, თუნდაც ჩვილობის ასაკიდან. დედებმა კარგად იციან, რომ პატარა ბავშვების შემთხვევაში განსაკუთრებით უნდა მივხედოთ კანს, რომ არ დაირღვეს მისი მთლიანობა, რომ კანი იყოს დატენიანებული და ა.შ.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა ასაკიდან უნდა მივხედოთ კანს, გეტყვით, რომ გარდატეხის ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც გოგონებს და ვაჟებს ეწყებათ პირველი გამონაყარი, სიმშრალე, თმიანობა და ამ დროს უკვე იწყებს მშობელი იმაზე ფიქრს, თუ როგორ და რანაირად დაეხმაროს ბავშვს. ზოგს გარდატეხის ასაკში იმდენი პრობლემა აქვს, რომ აუცილებლად სჭირდება დერმატოლოგის ჩარევაც და არა მხოლოდ კოსმეტოლოგის. მხოლოდ კოსმეტოლოგიური ჩარევით პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან იქ უნდა მოხდეს პრობლემის გამოკვლევა, უნდა დადგინდეს კანის ტიპი და ა.შ.

 

როგორც უკვე გითხარით, კანის მოვლა სულ პატარა ასაკიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ ზრდასრულ ასაკში უკვე განსაკუთრებული მოვლაა საჭირო. კანის მოვლა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში აუცილებელია.

 

კანის მოვლას ესთეტიკური თვალსაზრისით ძირითადად 18-20 წლის ასაკში იწყებენ. ამ დროს, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, თუ როგორ ტიპის კანი აქვს ადამიანს, რომ იცოდეს, როგორ მოუაროს მას, რომ სწორად შეარჩიოს მისთვის საჭირო და აუცილებელი თავის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკა.

 

როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად თავის მოვლის საშუალებები და პირველ რიგში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, თუ რა ტიპის კანი გვაქვს. საბედნიეროდ, სააფთიაქო ქსელებში ყველა პროდუქტი სერტიფიცირებული და დერმატოლოგიურად ტესტირებულია. თავის მოვლის საშუალებების შერჩევა ძალიან ინდივიდუალურია და პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანის შესაძლებლობებზე. სააფთიაქო ქსელებში და თუნდაც მაღაზიებში სხვადასხვა ფასის და ხარისხის პროდუქტია. რა თქმა უნდა, პროდუქტის ხარისხს ხაზი უნდა გაესვას, მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ბუნებრივ ინგრედიენტებზე იყოს, რომ არ იყოს ისეთი დანამატები, რომლებიც მავნე ზემოქმედებას ახდენს კანზე. დღესდღეობით, ძალიან ბევრ ბრენდს აქვს პატარა ტესტერები  და შესაბამისად, შეგიძლიათ, რომ 4-5 დღის განმავლობაში გამოიყენოთ ისინი, დააკვირდეთ და თუ მოგეწონებათ, შემდეგ უკვე შეგიძლიათ, რომ არჩევანი აღნიშნულ პროდუქტზე შეაჩეროთ. ვიღაცის რჩევის მიხედვით არ უნდა შევიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი, სასურველია, რომ თავის მოვლის საშუალებები დერმატოლოგმა შეგვირჩიოს.

 

ხაზი მინდა გავუსვა დეკორატიულ კოსმეტიკასაც. დეკორატიულმა კოსმეტიკამ, რომელიც ერთი შეხედვით, შეიძლება ძალიან კარგ ფონს აძლევდეს კანს, შეიძლება, რომ ძალიან ცუდი ზემოქმედება მოახდინოს მასზე. დეკორატიული კოსმეტიკაც აუცილებლად მაღალი ხარისხის, ლაბორატორიულად ტესტირება გავლილი უნდა იყოს. დღესდღეობით, იმდენად დიდია ბაზარი, რომ ძალიან ხელმისაწვდომ და კარგ ფასად შეგვიძლია, კარგი პროდუქციის შეძენა.

 

ყოველდღიურობაში ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს ბუნებრივი პროდუქტებისგან, მაგალითად, თაფლი, კიტრი და ა.შ. სახლის პირობებში დამზადებულ ნიღბებს. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?
სახლის პირობებში ხილით და ბოსტნეულით ნიღბების გაკეთებას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ადრე, როდესაც არ იყო ლაბორატორიები, სადაც ხდებოდა კოსმეტიკის ტესტირება და ა.შ. , მაშინაც უვლიდნენ ქალბატონები თავს, ასე რომ,  ეს ბუნებრივი და ხალხური მედიცინა, რა თქმა უნდა, აქტუალობას არასდროს კარგავს. განსაკუთრებით ჩვენი მშობლების თაობა ცდილობს, რომ სახლის პირობებში მსგავსი პროცედურები ჩაიტაროს, თუმცა მაგალითად, თაფლი კი ძალიან კარგია, მაგრამ შეიძლება ალერგიული იყოს. ზოგს შეიძლება ლიმონზე ჰქონდეს ალერგია. არის პროდუქტები, რომლებიც ნაკლებ ალერგიულია. ასეთი ნიღბები მავნე ნამდვილად არ არის. პირადად მე, არ მყოლია ისეთი პაციენტი, რომელსაც სახლში მსგავსი ნიღაბი გამოეყენებინოს და ისეთი ალერგია გამოეწვიოს, რომ გამოუსწორებელი შედეგი მიგვეღო.  მე, როგორც ექიმი, ასეთი ნიღბების წინააღმდეგი არ ვარ, კარგს თუ არაფერს იზამს, მგონი, რომ ცუდი ნამდვილად არ იქნება, თუ პაციენტმა იცის, რაზე აქვს ალერგია და რაზე არა.

 

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრი ინფორმაციაა ინტერნეტში თავის მოვლასთან დაკავშირებით, თუმცა მხოლოდ ინტერნეტზე დაყრდნობით არ შეიძლება პროდუქტების შერჩევა და საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, ექიმის კონსულტაცია და მეთვალყურეობა აუცილებელია.

 

რა ვუშველოთ შავ რგოლებს თვალებქვეშ?
ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. თვალის გარშემო არსებული შავი რგოლები, სიმუქე დაკავშირებულია ცხოვრების წესთან, გენეტიკასთან… ამ ყველაფრის გამომწვევი უამრავი ფაქტორი შეიძლება ჩამოითვალოს. დღესდღეობით, როგორც ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი თავის მოვლის საშუალება არსებობს, ისეთიც, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს, თუმცა როდესაც პაციენტი ექიმთან მსგავსი პრობლემით მიდის, მისი სამუდამოდ მოგვარება უნდა და არ უნდა დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება. პაციენტს უნდა, რომ ჰქონდეს ჯანსაღი გამომეტყველება და არ ჰქონდეს მუქი რგოლები თვალების გარშემო. მსგავსი პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა პროცედურები არსებობს, მაგალითად, ბიორევიტალიზაცია თვალების ირგვლივ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა. ის ატენიანებს თვალის გარშემო კანს და ხდის მას უფრო ელასტიკურს და იცვლება კანის ფერიც. ასევე შესაძლებელია, ჩავრთოთ კოლაგენის ინიექციებიც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. კოლაგენს შეიცავს ჰიალურონის მჟავა და ეს არის ის პროდუქტი, რომელიც ძალიან აუცილებელია ჩვენი კანისთვის და დღესდღეობით, ეს არის სილამაზის ელექსირი. ეს არის ის უპირველესი ინგრედიენტი, რომელიც ჩვენი კანის სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. აღნიშნული პროცედურები გამოიმუშავებს ელასტინს და კოლაგენს, რაც ჩვენი კანის სიჯანსაღეს, სილამაზეს და ესთეტიკურად დადებით შედეგს იძლევა. თვალის რგოლები დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს თუ დროულად მივმართავთ დერმატო-კოსმეტოლოგს.

 

დღესდღეობით, თითქმის ყველა პროდუქტს აწერია, რომ შეიცავს კოლაგენს და თქვენც აღნიშნეთ მისი მნიშვნელობა, რატომ არის ის ასეთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი?
კოლაგენი ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია. ასაკის მატებასთან ერთად კი, კოლაგენის სინთეზი იკლებს. რა თქმა უნდა, ეს მეცნიერებმა ბოლო დროს აღმოაჩინეს, სადღაც 50 წლის წინ ეს ასეთი აქტუალური არ იყო. კოლაგენი უმნიშვნელოვანესია, ის უზრუნველყოფს არა მხოლოდ კანის სიჯანსაღეს, არამედ თმის, ფრჩხილების და ზოგადად, მთლიანად ჩვენი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. დღესდღეობით არის საკვები დანამატებიც, რომელიც შეგვიძლია, რომ აფთიაქში შევიძინოთ და მივიღოთ. რა საკვირველია, აქაც მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული პროდუქცია და სწორად შერჩეული დოზა.

 

რომელი ინიექციური  და თავის მოვლის პროცედურები არის დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი?
დღესდღეობით, არჩევანი ძალიან ფართო და თავბრუდამხვევია. მე უკვე 18 წელია ამ სფეროში ვმოღვაწეობ და თავიდან, როდესაც მუშაობა დავიწყე, ბაზარზე ასეთი რაოდენობა არ იყო, სულ რაღაც 2-3 პროდუქტი არსებობდა და მათ ვჯერდებოდით და მათზე ვმუშაობდით. დღეს ზღვა პროდუქციაა, იქნება ეს გამაახალგაზრდავებელი საშუალებები თუ მისაღები აბები, რომლებზეც ზევით ვისაუბრეთ. არჩევანი დიდია, თუმცა სწორი არჩევანის გაკეთებაში მნიშვნელოვანია, რომ ექიმი დაგეხმაროთ. დღესდღეობით, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია ბოტოქსის ინიექციები, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, ფილერებით კორექცია, პილინგი და ძალიან მიხარია, რომ მათ ასე აქტიურად მიმართავენ ქალბატონებიც და მამაკაცებიც. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შერჩეული და დაგეგმილი პროცედურები, რომ არ მოხდეს პაციენტის შეცდომაში შეყვანა, რომ მას საჭირო პროცედურები ჩაუტარდეს და არ მოვახდინოთ ზედმეტი ჩარევა.

 

რაზე გავაკეთოთ აქცენტი ესთეტიკური ცენტრის არჩევისას, რას მივაქციოთ ყურადღება?
აქ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება პროფესიონალიზმს და ხარისხს მიექცეს. სამთვიანი კურსის გავლის შემდეგ მიღებული სერტიფიკატის მქონე კოსმეტოლოგს არ უნდა ჰქონდეს დიდ კლინიკაში მუშაობის უფლება, თუ კლინიკას ვარქმევთ, აუცილებელია, რომ იქ პროფესიონალები, თავისი საქმის უბადლო შემსრულებლები მუშაობდნენ. კლინიკაში ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტის ჯანმრთელობას, ესთეტიკურ მიდგომას, ინდივიდუალიზმს და პირველ რიგში, რა საკვირველია, ხარისხს.

 

რა არის ექიმის პაციენტთან ურთიერთობის ოქროს სტანდარტი?
პირველ რიგში, ჩემთვის ოქროს სტანდარტად პაციენტთან გულწრფელობა ითვლება. როდესაც პაციენტი მოდის და ესთეტიკური კუთხით სურს დახმარება, გულწრფელი უნდა იყო და პაციენტს მხოლოდ ის პროცედურები უნდა ჩაუტარო, რაც სჭირდება, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა ან პაციენტი აჭარბებს ან ექიმი, რაც გავლენას ახდენს ვიზუალურ მხარეზე. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ პაციენტისთვის სასურველი პროცედურა არ გამიკეთებია, რადგან მას ეს არ ესაჭიროებოდა და დამირწმუნებია, რომ სხვა პროცედურა ჩაეტარებინა. ჩემი სლოგანია – „შეინარჩუნეთ ინდივიდუალიზმი“, ყველა ერთმანეთს არ უნდა ვგავდეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი, რომელიც ჩემთან მოდის, მენდობოდეს.

 

შესაძლებელია, სილამაზის შენარჩუნება თავის სახლის პირობებში მოვლით?
გეტყვით, რომ ბევრი ისეთი პაციენტი მყოლია, რომელიც 60 წლის ასაკში პირველად იყო კოსმეტოლოგთან და გადასარევად და მშვენივრად გამოიყურებოდა. აქ ოქროს სტანდარტი არ არსებობს. არსებობენ გოგონები, რომელთაც 25 წლის ასაკშიც კი სჭირდებათ დერმატო-კოსმეტოლოგის ჩარევა, ზოგს კი გენეტიკა, კანი უწყობს ხელს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად უვლიან სახის კანს, თუნდაც სახლის პირობებში, როგორც ვისაუბრეთ, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებულ ნიღბებს იკეთებენ, რაც ცუდად არ მოქმედებს, ეს დადებითად აისახება.  ამ შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივ დაბერებას ვიღებთ, თუმცა ჩარევის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს პროცესი გავახანგრძლივოთ. თუნდაც 75 წლის ასაკში ადამიანი კარგად უნდა გამოიყურებოდეს, ასაკი მხოლოდ ციფრებია, მით უმეტეს, რომ დღეს თავის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს.

წყარო: https://fortuna.ge