Plasmon
როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი?

თარიღი: 21 ნოემბერი, 2019

სხვადასხვა ვირუსი ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს და აუცილებელია მის ასამაღლებლად სათანადოდ ვიზრუნოთ.
როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი? გვესაუბრება ფარმაცევტი ნინო თომაშვილი

 

„იმუნიტეტის ამაღლება შეგვიძლია ე.წ. ცოცხალი ვიტამინებით – საკვებით, ხილით, ბოსტნეულით. როდესაც ადამიანი მარხვას ინახავს და ვერ იღებს ცხოველურ საკვებსა და რძის პროდუქტებს, აუცილებელია განსაკუთრებულად ვიკვებოთ სწორად. იგულისხმება დღეში 4-ჯერ კვება.

 

კვების დროს მიირთვით საკვები ნელი ტემპით. ღეჭეთ დიდ ხანს ისე, რომ შეიგრძნოთ საკვების გემო. არ დალიოთ წყალი ზუსტად ჭამის წინ, ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე. მოერიდეთ ტანისა და ფეხის გადაციებას, ის ზედმეტ პრობლემებს შეგიქმნით. მიიღეთ სითხეები, დღის განმავლობაში სულ მცირე 1 ლიტრა წყლისა და კომპოტების სახით. მიირთვით C ვიტამინით გაჯერებული ხილი: კივი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, ვაშლი, კომში, მანდარინი, ასკილის კომპოტი. ეს ვიტამინი აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, ებრძვის ვირუსებს. ბოსტნეულიდან C ვიტამინი შედის შემდეგ პროდუქტებში: მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი, პირშუშხა, სალათის ფურცლები, ოხრახუში, კამა, ისპანახი, მჟაუნა, პომიდორი.

 

B ჯგუფის ვიტამინებია: B1, B2, B3, B6. მათი ნაკლებობა იწვევს თავბრუსხვევას, სისუსტეს, გულსისხლძარღვთა პრობლემებს, კუჭის პერისტალტიკის მოშლას, ნერვული სისტემის მოშლას, იწყება კანისა და ლორწოვანი გარსის ანთებები, ჩნდება თვალის ქუთუთოზე ე. წ. ,,ჯიბლიბო’’, იწყება ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ნაღვლისა და კუჭის პრობლემა, ანემია, ათეროსკლეროზი, ღვიძლის, თირკმლის პრობლემა. ამ ვიტამინებს შეიცავს: ხორბალი, ქატო, შვრია, წიწიბურა, მიწის თხილი, მწვანე ბარდა, ოსპი, მზესუმზირა, სიმინდი, კაკალი, კარტოფილი, ფეტვი, ლობიო, სოკო, ყველანაირი ხილი და მწვანილები.

 

D ვიტამინი – შედის სოკოსა და მწვანილებში. მისი ნაკლებობა იწვევს კბილებისა და ფრჩხილების დაზიანებას, კუნთების მოდუნებას. D ვიტამინი ეხმარება კალცის შეთვისებას ორგანიზმში.

 

E ვიტამინი – აუმჯობესებს ვიტამინების შეწოვას ორგანიზმში, ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, თრომბოფლებიტის, კანის, ღვიძლის ფუნქციას. E ვიტამინს შეიცავს მწვანე ცერცვი, ბარდა, სალათა, შვრია და სიმინდი.

 

P ვიტამინი – შედის ბოსტნეულში, კენკრაში, ციტრუსში, ჩაიში. საუკეთესოა დიათეზის, რევმატიზმის, ჰიპერტონიის, კუჭის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებისთვის.

 

A ვიტამინი – საჭიროა კანის, თვალის, ღვიძლის, ინფექციების, ჩიყვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების დროს. A ვიტამინს შეიცავს სტაფილო, წიწაკა, პომიდორი, მწვანილი, ჭინჭარი, ღოლო, სალათი, ისპანახი, მწანე ხახვი, ქაცვი, ბანანი, ვაშლი.

 

რაც შეეხება მინერალებსა და ფერმენტებს, აუცილებელია დღიური ნორმის დაცვა. მათი ნაკლებობა იწვევს ენდოკრინოლოგიურ, გულსისხლძარღვთა, ნივთიერებათა ცვლის მოშლას და სხვადასხვა დაავადებას. მათ, ვისაც აწუხებს ქრონიკული ნაღვლის ბუშტის ანთება, კუჭის გასტრიტი ან წყლული, ჩიყვი და ენდოკრინული სისტემა, მარხვაში, სასულიერო პირის ლოცვა-კურთხევით იღებენ რძის პროდუქტს.“

წყარო: http://www.ambioni.ge