Plasmon
როგორ მიდის ორსულობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ, რა ცვლილებები იკვეთება ვირუსული ინფექციების გადატანისას

თარიღი: 22 დეკემბერი, 2020

როგორ მიდის ორსულობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ, რა ცვლილებები იკვეთება ვირუსული ინფექციების გადატანისას და ორსულობის რომელ ვადაზე შეიძლება დადგინდეს პათოლოგიები –  ამ თემაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, „გაგუას კლინიკის“ ექიმმა რადიოლოგმა გენრიეტა გაგოშიძემ ისაუბრა.

ქალბატონო გენრიეტა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დავიწყოთ საუბარი ორსულობის და ამავდორულად, კორონავირუსის შესახებ. ძალიან საინტერესოა, თუ ხედავთ ხოლმე რაიმე ცვლილებას იმ ორსულ პაციენტებში, რომლებიც თქვენთან კორონავირუსის გადატანის შემდეგ მოდიან? თუ არის რაიმე გართულება ან რაიმე ხელშესახები ცვლილება, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს?
მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან კორონავირუსი ცოტა მოგვიანებით შემოვიდა, უკვე საკმაო ინფორმაცია დაგროვდა კორონაგადატანილი ორსულების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ რამე განსაკუთრებული ცვლილებები ამ ვირუსის გადატანის შემდეგ არ ფიქსირდება. რასაკვირველია მის გადატანას მოსდევს ისეთი ცვლილებები, როგორიც ზოგადად ნებისმიერი ვირუსისას, თუმცა რაიმე სპეციფიური სურათი არ ისახება. საბედნიეროდ, არცერთ ორსულს მდგომარეობა არ გართულებია.

ექიმები ხშირად ამბობენ, რომ ეს ვირუსი ერთისმხრივ ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ვირუსებს და მეორესმხრივ განსხვავდება მათგან. იმის ფონზე, რომ კორონავირუსი ძალიან ჰგავს სიმპტომატიკით სხვა ვირუსებს, რა ტიპის ცვლილება აისახება ორსულზე რომელიც ვირუსს გადაიტანს? ამ შემთხვევასი საუბარი მაქვს არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ ნებისმიერი ვირუსის შესახებ…
ნებისმიერი ვირუსის გადატანის შემდეგ ეს ყველაფერი აისახება პლაცენტაზე და სანაყოფე წყლებზე. სწორედ ასეთი სახით აისახება გადატანილი ინფექცია ნაყოფზე.  სანაყოფე წყლები ერთ-ერთი პირველი რეაგირებს ნებისმიერ ინფექციაზე და შემდეგ ამას მოსდევს მრავალწყლიანობა ან მცირეწყლიანობა. პლაცენტა და სანაყოფე წყლები პროვიზორული ორგანოებია და ვირუსის გადატანა მათზე თითქმის ყოველთვის, ამა თუ იმ ხარისხით მოქმედებს. მე არც მინახავს, რომ ვირუსს უკვალოდ ჩაევლო. რაღაც კვალი ყოველთვის რჩება.

თქვენ ახსენეთ მცირეწყლიანობა და მრავალწყლიანობა. შეიძლება თუ არა ამ მდგომარეობათა გამოსწორება? თუ ორსული უკვე საყურადღებოთა სიაში შედის და განსაკუთრებულ მონიტორინგს საჭიროებს?
ეს მოგვარებადი ფაქტორია, უბრალოდ ამას დროული რეაგირება უნდა როგორც პაციენტის, ასევე ექიმის მხრიდან. პაციენტმა უნდა შეასრულოს ექიმის დანიშნულება და უნდა იყოს მონიტორინგის ქვეშ. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულება, რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს არის ნაყოფის ზრდის შეფერხება. შესაძლოა უყურადღებობა აქ ლეტალურად დასრულდეს ან მუცლადყოფნის დროს, ან დაბადების შემდეგ.

რა არის ყველაზე საშიში სიმპტომი რაც წინ მოდის უფრო? არის ეს ცხვირის გაჭედვა, ხველა თუ ცხელება? რომელია ყველაზე საგანგაშო თქვენი დაკვირვებით რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ან ორსულის მდგომაროების სეცვლა ?
ერთ სიმპტომს ვერ გამოვყოფ, უფრო სიმპტომთა პაკეტს. რასაკვირველია ყველამ ვიცით, რომ სუნთქვის გაძნელება, მისით გამოწვეული ჟანგბადის უკმარისობა და ნაყოფის ჰიპოქსიაში ყოფნა ყველაზე დიდი პრობლემაა როგორც მეან-გინელკოლოგიის, ასევე რადიოლოგიისთვის. როცა სახეზეა ჰიპოქსია, მასთან ბრძოლა რთულია.

 

არსებობს მოსაზრება, რომ თუ ნაყოფი ბევრს მოძრაობს, მას ჟანგბადის ნაკლებობა აწუხებს. რამდენად შეესაბამება რეალობას ეს მოსაზრება.
ეს რეალობაა, მაგრამ არა ყოველთვის. ამ დროს აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რათა მან შეამოწმოს სახეზეა ჰიპოქსია თუ არა. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ხშირი ან შენელებული მოძრაობა ორივე საყურადღებოა და ორივე შემთხვევაში კონსულტაციას საჭიროებს.

ისევ ვირუსულ ინფექციებს დავუბრუნდეთ. ყოველთვის, როცა ორსულს ვირუსი უფიქსირდება, ექიმები ცდილობენ მარტივად გამოძვრნენ მედიკამენტის გარეშე, თუმცა ხანდახან საჭირო ხდება მედიკამენტების, ანტიბიოტიკების გამოყენება. იცვლება თუ არა ნაყოფის მდგომარეობა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ?
პირველ რიგში ექიმმა ამ დროს უნდა შეაფასოს რისკი და სარგებელი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით ჩვენს ხელში არის უზარმაზარი არსენალი ისეთი მედიკამენტებისა, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ორსულ პაციენტებთან და ისინი ნაყოფს არავითარ ზიანს არ აყენებენ. ზოგ შემთხვევაში ასეთი მედიკამენტების მიღებას უფრო დიდი სარგებელი მოაქვს ვიდრე მისი მიღებისაგან თავის შეკავებას. ასე რომ, თუ მედიკამენტის მიღება ორსულობისას ნებადართულია და ის ექიმის მიერ გონივრული დოზითაა დანიშნული, ის უნდა იქნეს გამოყენებული.

ნიშნავს ტერმინი „მღვრიე წყალი“? მართალია თუ არა, რომ ყოველი ვირუსის გადატანის შემდეგ დგება ეს შედეგი ორსულებში?
მადლობა ამ შეკითხვისთვის, რადგან ამ შეკითხვაზე პასუხი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ორსულებს, არამედ ექიმებსაც. როგორც მოგეხსენებათ, მე გაგუას კლინიკაში ვმუშაობ, რაც საშუალებას მაძლევს ორსულთან კონტაქტი მქონდეს ორსულობის დროსაც და მშობიარობის მერეც. შესაბამისად მე შემიძლია დავაკვირდე, მართლა მღვრიე წყალი დაღვარა თუ არა მან. წლების წინ მომხდარმა ერთმა შემთხვევამ კიდევ უფრო მეტად დამაინტერესა ამ საკითხით. ექოსკოპიაზე ჩანდა ძალიან მღვრიე წყალი, დიდი რაოდენობის შენაწონით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბავშვი დაიბადა ძალიან სუფთა სანაყოფე წყლებში. ამის შემდეგ მე დავიწყე მიზეზის ძებნა და მინდა, რომ ინფორმაცია, რომელიც მე მოვიპოვე ჩემს კოლეგებამდეც მივიდეს. ამ შემთხვევის შემდეგ პაციენტების ისტორიებში დავიწყე სხვა მარკერების ძიება და აღმოჩნდა, რომ სანაყოფე წყალში დისპერსული შენაწონის არსებობა, რაზეც ჩვენი ექოსკოპისტების უმეტესობა ამბობს, რომ ეს არის ამღვრეული წყალი, არ ნიშნავს ყოველთვის ამღვრეული წყლის არსებობას. საჭიროა სხვა მარკერის მოძიება, რომელიც ჯერ ნაპოვნი არ არის ზოგადად მსოფლიოში. მხოლოდ ის, რომ სახეზეა წვილდისპერსული შენაწონი, არ ნიშნავს მღვრიე წყალს.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება ხოლმე მას შემდეგ, რაც ორსული რადიოლოგთან აღმოჩნდება კაბინეტში, უკავშირდება პლაცენტის სიმწიფეს. ვიცით, რომ არსებობს პლაცენტის სიმწიფის სამი ხარისხი. ეს არის მდგომარეობა რომელიც მიუთითებს იმაზე, რამდენად შეესაბამება ნაყოფის მდგომარეობა ამა თუ იმ ვადას, თუმცა ხანდახან სიმწიფის ხარისხი ვადასთან შეუსაბამოა. ასევე საინტერესოა, რამ შეიძლება მოახდინოს ამ მდგომარეობის პროვოცირება და შესაძლებელია თუ არა მასთან ბრძოლა?
პლაცენტის ნაადრევი მომწიფება ხელს უშლის ნაყოფის ზრდას, იწვევს ზრდის შეფერხების სინდრომს და ამას აუცილებლად უნდა მეთვალყურეობა. დღეს ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია, თუმცა კარგად შესწავლილიც, ამიტომ დღესდღეობით მედიცინა ამ პრობლემას საკმაოდ კარგად უმკლავდება. დოპლერის კვლევის შემდეგ კიდევ უფრო მარტივი გახდა მისი დიაგნოსტირება და ზუსტად ხდება განსაზღვრა, თუ რა სახის პრობლემას აქვს ადგილი.

პლაცენტის ნაადრევი მომწიფება შესაძლოა გამოიწვიოს გადატანილმა ინფექციებმა. დიდი მნიშვნელობა აქვს კოაგულოგრამის ცვლილებებს, თუ შედედების მაჩვენებლები მომატებულია, ეს ჟანგბადის ნაკლებობას გამოიწვევს.

ძალიან ხშირად გაქვთ შეხება ანომალიებთან, რომლებიც ნაყოფის მუცლად ყოფნის დროს ვლინდება. რა ტიპის ანომალიები შეიძლება დავინახოთ მუცლადყოფნის პერიოდში და თქვენი დაკვირვებით რამ გამოიწვია ის, რომ ამ ბოლო დროს ასე ძალიან გახშირდა ანომალიების გამოვლენა?
ამ ეტაპზე თანდაყოლილ ანომალიათა შორის ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები ლიდერობს, თუმცა ეს ზოგადად მსოფლიოშია ასე და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. ძირითადი მანკების დიაგნოსტირება ხდება 12 კვირამდე ვადაზე, ამ დროს განვითარების თანდაყოლილი მანკების უმეტესობა უკვე ვლინდება და მათი დიაგნოსტირება შესაძლებელია.ზოგი მანკი 16 კვირაზე და ცოტა მოგვიანებითაც ვლინდება, თუმცა ძირითადად დიაგნოსტიკა ხდება 12 კვირამდე და არაუგვიანეს 22 კვირამდე. ზოგი დარღვევა სეზონურია, მაგალითად ახლა ძალიან გახშირებულია გიგრომები, კისრის ნაწილში გაჩენილი ლიმფური გროვები. ხან სეზონურად იზრდება სხვა მანკების მაჩვენებელი. ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების მანკების უმეტესობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია. რაც შეეგება გიგრომებს, თუ ის მდედრობითი სქესისაა, მაშინ შესაძლოა ის შეჭიდული იყოს ტერნერის ჰორმონთან. ამ დროს ნაყოფი სიცოცხლისუნარიანია, თუმცა მას რეპროდუქციული შესაძლებლობა არ აქვს.

არის თუ არა რადიოლოგიური კვლევა იმდენად ინფორმაციული, რომ მან მოგვცეს ინფორმაცია რაიმე დარღვევის შესახებ განვითარებაში და ეს იყოს ისეთ ხარისხში რომ ვიცოდეთ – ბავშვი ჩნდება პრობლემით თუ მის გარეშე?
თუ ეს არის ექსპერტ-რადიოლოგთან გაკეთებული კვლევა, ის ამაზე ზუსტ პასუხს გაგცემთ, ხოლო თუ ეს რუტინული კვლევაა არაექსპერტთან, შესაძლოა მნიშვნელოვანი პათოლოგია გამორჩეთ.

მოდით ვისაუბროთ მრავალნაყოფიან ორსულობაზე, როდესაც არსებობს 3 ან 4 ნაყოფი. რამდენად განსხვავდება ასეთი ორსულობა და მისი მართვა ჩვეულებრივი ორსულობისგან?
რასაკვირველია ასეთი ორსულობა სპეციალურ კვლევებს საჭიროებს, ასეთი ორსულობა უნდა იყოს მართული მხოლოდ ექსპერტების მიერ და რიგითმა სპეციალისტებმა ეს კვლევები თავის თავზე არ უნდა აიღონ. ხშირია შემთხვევა, როდესაც მანკები გვიან ვადაზე ვლინდება, რადგან ექიმი ნახულობს ყოველთვის ერთსა და იმავე ნაყოფს და სხვები მისი თვალთახედვის მიღმა რჩებიან. კვლევები, მით უმეტეს მნიშვნელოვან ვადებზე, მაგალითად 12, 16, 20 და 22 კვირაზე თუნდაც რადიოლოგიური კვლევა, მხოლოდ მაღალი დონის სპეციალისტთან უნდა გაკეთდეს.

ძალიან ხშირად ორსულები მიუთითებენ დისკომფორტზე მუცლის არეში. ორსულობის დროს ეს როგორც წესი ბუნებრივია, თუმცა ზოგჯერ ისეთი შემაწუხებელია, რომ ორსული ნერვიულობას იწყებს ნაყოფზე. რას უნდა მივაქციოთ ამ დროს ყურადღება და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს?
ამ დროს მიყურადება მართლაც არ შეიძლება, მის უკან შესაძლოა არანაირი პრობლემა არ იყოს, ან იყოს სერიოზული პრობლემა, შესაძლოა იყოს ნაადრევი მშობიარობის რისკები. აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული საშვილოსნოს ყელის სიგრძე, რომელიც დიდ როლს ასრულებს ვადაზე მშობიარობაში. უნდა იქნას დადგენილი ყელის სიგრძე და თუ ის ზომიერია, ამ დროს ტონუსის მოხსნა ადვილადაა შესაძლებელი. თუ ყელის სიგრძეში არაა პრობლემა, დანარჩენის გადალახვა ადვილია.

თუ ყელი დამოკლდა ან სახეზეა გახსნა, პაციენტი უკვე სტაციონარში უნდა იქნას გადაყვანილი და მისი მკურნალობაც იქ უნდა მოხდეს.

გკითხავთ თქვენი რჩევების და რეკომენდაციების შესახებ. რას ურჩევთ ორსულებს, როგორი უნდა იყოს მათი ყოველდღიურობა დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, პანდემიის პირობებში?
მინდა ყველა ორსული გავამხნევო და ვუთხრა მათ, რომ სანამ ძალა და ენერგია გვექნება, ექიმები მათ გვერდით ვიქნებით. ჩემთან უამრავი ორსული მოდის და ყველა ორსული ჩემიანად მიმაჩნია, მე მათ ვერ დავაღალატებ ვერასდროს. სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ყველაფერს გადავლახავთ, თუმცა ყველაზე მეტად ორსულებს დადებითი ემოციები და სულიერი სიმშვიდე სჭირდებათ, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე.


წყარო: https://fortuna.ge/