Plasmon
როგორ მკურნალობენ გლაუკომას, თვალის ვერაგ დაავადებას

თარიღი: 29 იანვარი, 2023

გლაუკომა თვალის ქრონიკულ დაავადებაა, რომელიც სრული და განუკურნებელი სიბრმავის მიზეზი ხდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგი ონისე ნამჩევაძე ამბობს, რომ გლაუკომა საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, რადგან მის ბევრ ფორმას ხშირად არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ აქვს, ეფექტი კი იმდენად ეტაპობრივია, რომ პაციენტმა შეიძლება ვერც შეამჩნიოს მხედველობის ცვლილება, სანამ მდგომარეობა არ გართულდება. მაგალითად, გლაუკომის კვლევის ფონდის შეფასებით აშშ-ში გლაუკომა სამ მილიონ ადამიანს აქვს, აქედან მხოლოდ მათმა ნახევარმა იცის საკუთარი დიაგნოზის შესახებ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გლაუკომა მსოფლიოში 7.7 მილიონ ადამიანს აწუხებს.

 

ბატონო ონისე, რა ხდება გლაუკომას დროს თვალში?

გლაუკომა არის მხედველობის ნერვის შეუქცევადი დაზიანება, რის შემდეგადაც აღარ ხდება ნერვული უჯრედების აღდგენა. თვალის შიდა წნევის მომატების გზით, ზიანდება მხედველობის ნერვი და უარესდება თვალის სისხლით მომარაგება. თუმცა არსებობს გლაუკომა, როცა თვალის შიდა წნევა ნორმალურია, მაგრამ ნერვის დაზიანება მაინც მიმდინარეობს.

 

რაც შეეხება თვალის შიდა წნევის მომატებას, ამას განაპირობებს ე.წ. წყალწყალა ნამი, რომელიც გამომუშავდება თვალში და გამომუშავდება იმაზე მეტი, ვიდრე გაედინება თვალიდან. უფრო ზუსტად, თვალშიგა წნევა ვითარდება იმ გზების დახშობით, რომლიდანაც წყალწყალა ნამი გაედინება თვალიდან, ანუ სადრენაჟო სისტემის არასწორი მუშაობით. გაზრდილი თვალშიგა წნევა ახდენს ზეწოლას მხედველობის ნერვის მკვებავ სისხლძარღვებზე, რაც საბოლოოდ იწვევს ნერვული ბოჭკოების სიკვდილს.

 

სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის ნახევარმა, ვისაც გლაუკომა აქვს, არ იცის თავისი დიაგნოზის შესახებ. სიბრმავის გამომწვევის რიგით მეორე დაავადებაა მსოფლიოში, კატარაქტის შემდეგ, მაგრამ გლაუკომის შემთხვევაში მხედველობის დაკარგვა შეუქცევადი პროცესია. 

 

რა მიიჩნევა გლაუკომის რისკ-ფაქტორებად?

ასაკი და გენეტიკური ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ. არსებობს თანდაყოლილი გლაუკომაც, ახალგაზრდა ასაკში შეძენილიც, მაგრამ ძირითადად ვითარდება 50 წლის ზემოთ ადამიანებში, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ფონზე. ასევე გლაუკომის რისკი მაღალია გენეტიკურ ჭრილში, თუ მშობლებს ან ბებია-ბაბუას ჰქონდა გლაუკომა, ადამიანმა ხშირად უნდა იკონტროლოს თვალი.

 

გლაუკომას რისკ-ფაქტორებს ასევე წარმოადგენს ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობა, როგორიცაა დიაბეტი, შაკიკი, მაღალი წნევა; უკიდურესი ახლომხედველობა ან შორსმხედველობა; თვალის დაზიანება; კორტიკოსტეროიდული მედიკამენტების, განსაკუთრებით თვალის წვეთების ხანგრძლივი მიღება.

 

რამ შეიძლება მიგვანიშნოს გლაუკომაზე?

გლაუკომის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სტადიაზე. სამწუხაროდ, ძირითადად გლაუკომა ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, როცა ადამიანი ხვდება რომ რაღაც აწუხებს, უკვე გლაუკომას გვიანი სტადიაა.

 

არის სიმპტომები, მაგალითად, სინათლის ირგვლივ რკალები, რომლებსაც ადამიანი ხედავს გლაუკომის უკვე გვიან სტადიაში. ადამიანი ვერ ამჩნევს, ისე მიმდინარეობს გლაუკომის ძირითადი ფაზა.

 

სამწუხაროდ, ხშირად მქონია პრაქტიკაში, როცა პაციენტებმა პირველად ჩემთან გაიგეს გლაუკომას შესახებ და მათ უკვე დაკარგული ჰქონდათ ძირითადი მხედველობის ფუნქციები. მეორე თვალის ფონზე ვერ გაიგეს, რომ ერთ-ერთი თვალი ვერ ხედავდა კარგად.

 

ერთადერთი დაცვა გლაუკომისგან არის კონტროლი და დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა.

 

ამიტომ რეკომენდებულია ასაკოვანი ადამიანებისთვის წელიწადში ერთჯერ თვალის წნევის, მხედველობის ნერვის და მხედველობის ველის კონტროლი.

 

როგორია დიაგნოსტირების, გამოკვლევების ეტაპი?

დავიწყოთ იმით, რომ ძირითადად გლაუკომის განვითარება თვალის შიდა წნევის მომატებით ხდება, ამიტომ საჭიროა თვალის შიდა წნევის კონტროლი. თუმცა მხოლოდ თვალის შიდა წნევის კონტროლი ინფორმაციული არ არის, იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნეთ, დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს თვალის შიდა ნორმალური წნევის ფონზეც.

 

ამისთვის არის მხედველობის ნერვის ტომოგრაფია, რომელიც იკვლევს მხედველობის ნერვის ბოჭკოების სისქეს.

 

როდესაც გლაუკომა მიმდინარეობს, ეს ბოჭკოები თხელდება, რაზე დაკვირვებაც საშუალებას გვაძლევს გლაუკომის დიაგნოსტირება მოვახდინოთ.

 

ადრეულ ეტაპზე გლაუკომის აღმოჩენის კარგი საშუალებაა ადამიანის მხედველობის ველის გამოკვლევა. გლაუკომას ახასიათებს პერიფერიიდან მხედველობის დაკარგვა, რასაც ადამიანები დიდად ვერ ამჩნევენ და ამიტომაც არის კარგი ეს საშუალება.

 

რას მოიცავს გლაუკომას მკურნალობა და რამდენად ეფექტურია ის?

მკურნალობის ერთი გზაა ძირითადად – თვალის წნევის ნორმალიზება. ნორმალურ შემთხვევაში ადამიანს თვალის წნევა აქვს 10-დან 21 მმ ვწყ.სვ, თუმცა როდესაც ადამიანს დაუდასტურდება გლაუკომა, ჯობს წნევა იყოს მიახლოებული 10-თან. 10-12 არის იდეალური წნევა გლაუკომის შემთხვევაში.

 

ამის მიღწევა ხდება რამდენიმე გზით: მედიკამენტური – როდესაც პაციენტი მუდმივად, ყოველდღიურად იწვეთებს წვეთებს; ლაზერით მკურნალობა – ეს არაინვაზიური მეთოდია, როდესაც ხდება თვალის ნორმალიზება და თუ ამ ორი მეთოდით ვერ მოხერხდა წნევის დაწევა, საბოლოოდ ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ქირურგიული ჩარევის ბევრი მეთოდი არსებობს და ინდივიდუალურად ხდება შერჩევა პაციენტთან.

 

ქირურგიული ჩარევის შემდეგ წნევის ნორმალიზება ხდება, მაგრამ ესეც არ არის მუდმივი ხასიათის. დაახლოებით 5 წლის შემდეგ უკვე არის რისკი წნევამ კვლავ დაიწყოს მომატება თვალში. არიან პაციენტები, რომლებსაც წნევის მომატების გამო რამდენიმე ოპერაცია აქვთ ჩატარებული და რამდენიმე დრენაჟიც კი უდგათ ერთდროულად თვალში.

 

მკურნალობის პარალელურად, აუცილებელია პაციენტმა გარკვეული პერიოდულობით ექიმთან აკონტროლოს თვალის წნევა, რადგან მისი მომატების რისკი ყოველთვის არის.

 

მკურნალობით ვახდენთ მხედველობის დიდი დროით შენარჩუნებას, ანუ დროში ვწელავთ პროცესს. ამიტომ არის მთავარი ამოცანა დაავადების დროულად აღმოჩენა. 

 

როგორ ხდება თვალშიგა წნევის განსაზღვრა?

მისი განსაზღვრის რამდენიმე გზა არსებობს. ყველაზე გავრცელებულია უკონტაქტო გზა, როდესაც ჰაერის ნაკადით აპარატი ახდენს თვალშიგა წნევის გაზომვას, თვალს არაფერი ეხება ამ დროს. არის კონტაქტური გზებიც, მაგრამ ისინი უფრო არაკომფორტულია პაციენტისთვის.

 

რა სიჩქარით პროგრესირებს დაავადება?

ეს დამოკიდებულია თვალის წნევაზე. რაც უფრო მაღალია თვალის წნევა, მით უფრო სწრაფად ვითარდება დაავადება. არიან პაციენტები, რომელთაც რაღაც დონეზე აეწევათ თვალის წნევა და იმ დონეზე სტაბილურად რჩებათ – იქ უფრო ნელა პროგრესირებს, წლები სჭირდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც თვალის წნევა მაღალ ნიშნულამდე აღწევს თავიდანვე და აქ უკვე რამდენიმე თვეც საკმარისია მხედველობის მნიშვნელოვან დანაკარგამდე.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge