Plasmon
როგორ მოვიქცეთ, როცა გული გვიფრიალებს

თარიღი: 06 ნოემბერი, 2023

როდის ისმება არითმიის დიაგნოზი, რამდენად ხშირია აღნიშნული პრობლემა და როდის საჭიროებს ის ჩარევას, რა პირველადი კვლევების ჩატარებაა საჭირო აღნიშნული პრობლემის მქონე პაციენტებთან და როდის ინიშნება ჰოლტერი, არითმიის შემთხვევაში რა დროს არის საჭირო მედიკამენტური მკურნალობა – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ჯეო ჰოსპიტალსის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის“ რითმოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელმა – ხათუნა ჯალაბაძემ ისაუბრა.

 

ქალბატონო ხათუნა, როდის ისმება არითმიის დიაგნოზი?
არითმია გულის ნორმალური მუშაობის დარღვევაა და ამას პირველ რიგში, თვითონ ადამიანი გრძნობს, რადგან ჩვეულებრივ პირობებში ჩვენ ვერ ვგრძნობთ, თუ როგორ მუშაობს გული, ის თავისთვის მუშაობს, ისე ასრულებს თავის ფუნქციას, რომ ჩვენ არ გვაწუხებს, მაგრამ როგორც კი გული თავისი ჩვეული მუშაობის ტემპიდან ამოვარდნას დაიწყებს, ჩვენს ამას ვგრძნობთ. როგორც წესი, ამ დროს ადამიანები ამბობენ ხოლმე, რომ გული უჩქარდებათ, გული ეპარებათ, გული უვარდებათ, უფართხალებთ… აღნიშნული ძალიან ბევრნაირად შეიძლება გადმოსცეს პაციენტმა, მაგრამ იმისთვის, რომ დიაგნოზი დაისვას ეს აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ერთ-ერთ ძალიან ძველ და ტრადიციულ გამოკვლევაზე, ძალიან მარტივ საშუალებაზე – ელექტროკარდიოგრამაზე. ელექტროკარდიოგრამა ზუსტად აჩვენებს გულის ელექტრული მუშაობის სურათს და გვეუბნება, თუ როგორი ტიპის არითმია აქვს პაციენტს, თუმცა ზოგჯერ ბევრი სხვა საშუალებით გამოკვლევაც გვჭირდება, რადგან წარმოიდგინეთ, არითმია შეიძლება იყოს კვირაში მხოლოდ ერთი წუთი, იყოს დღეში მხოლოდ და მხოლოდ ერთი პატარა ეპიზოდი და ჩვენ რაღაცნაირად უნდა დავიჭიროთ ეს ეპიზოდი. ასე რომ, პირველივე შეხვედრაზე დიაგნოზის წარმატებით დასმა ზოგჯერ შეუძლებელიცაა.

 

არითმიისგან რამდენად განსხვავებული მდგომარეობაა ტაქიკარდია და არის თუ არა ის არითმიის შემადგენელი ნაწილი?
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემს სამედიცინო გამოსვლებს ყოველთვის ტერმინით „მოუსმინეთ გულს“ ვიწყებ. მოუსმინეთ გულს და თქვენ თვითონვე ძალიან კარგად შეაფასებთ, თუ რა არის ის არანორმალური მდგომარეობა, რა დროსაც ექიმთან უნდა მიხვიდეთ.

 

გულს თავისი მუშაობის რაღაც ნორმული ინტერვალი აქვს, მაგალითად, 60-75. როგორც წესი, ცნობილია, რომ 100-მდე რაღაც განსაკუთრებულ პათოლოგიას არ წარმოადგენს. მეორეს მხრივ, გული მგრძნობიარე ორგანოა და ის ყოველთვის რეაგირებს გარემო პირობებზე, თქვენს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ცვლილებებზე, ხასიათზე და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს რაღაც ნორმები და ტაქიკარდია 100-ის ფარგლებში, ითვლება, რომ ყოველდღიური რუტინის გამოხატულებაა გულისთვის, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ განგაშს და პაციენტს ვეუბნებით, რომ აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ აღნიშნული პრობლემა, თუ ის ხშირად მიდის 100-ს ზემოთ ან აქვს რაღაც უფრო პაროქსიზმული დასაწყისი, ანუ იწყება მკაცრად, მაგალითად, პულსი მაქვს 60 და უცებ გახდა 150, 200, რაც ხშირი არის ხოლმე ადამიანებში და რაც უკვე სხვანაირ გამოკვლევას მოითხოვს.

 

ხშირად, გულის აჩქარებას სტრესს, ნერვიულობას მიაწერენ ხოლმე, რამდენად შესაძლებელია, რომ მსგავსი სიმპტომატიკა სტრესით იყოს გამოწვეული?
რა თქმა უნდა, სტრესი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რისკფაქტორია, ის ჩვენი ჯანმრთელობის შემდგომ პროფილს განსაზღვრავს. სტრესი არის მაპროვოცირებელი ფაქტორი იმის, თუ რა მიდრეკილება, რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს გულს. სტრესი არის გამშვები მექანიზმი იმ პოტენციური რითმის დარღვევის, რომელიც ადამიანის გულს შეუძლია, რომ განავითაროს. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, სტრესმა შეიძლება მე თავი მატკინოს, მაგრამ ვიღაც ჩემს მეგობარს გული აუჩქაროს. შესაბამისად, ეს გვანიშნებს თუ რისკენ არის მიდრეკილი გული და რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს მას. მნიშვნელოვანია, არა ის, თუ როგორ ხვდება ჩემი გული სტრესს, არამედ ის, თუ როგორი გული მაქვს მე სამედიცინო თვალსაზრისით, ანუ მაქვს თუ არა ჯანმრთელი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ექოსკოპიური შესწავლა, ელექტროკარდიოგრამა, რომ დავაფიქსიროთ აქვს თუ არა გულს მიდრეკილება ისეთი არითმიისკენ, რომელიც ექიმის ჩარევას მოითხოვს.

 

როდის ინიშნება ჰოლტერი, კვლევა, რომელიც გულის რითმის მუშაობის 24 საათიან მონიტორინგს გულისხმობს?
როგორც მოგახსენეთ, შესაძლებელია, რომ ადამიანს არითმია ეპიზოდურად ჰქონდეს, შესაბამისად, როდესაც პაციენტი ექიმთან მოდის, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ ეს არითმია კარდიოგრამაზე დავაფიქსიროთ, ასეთ შემთხვევაში დიდ დახმარებას გვიწევს გახანგრძლივებული ეკგ ჩანაწერი. ეს ხდება არა მარტო 24 საათის განმავლობაში, არამედ უკვე ძალიან პოპულარულია 48 საათის, ერთი კვირის განმავლობაში კარდიოგრამის ჩაწერა, რადგან ჩვენ გვაინტერესებს, გულის მუშაობის ასახვა იმ გარემოებებში, რომელსაც კლინიკაში, ხელოვნურ პირობებში ვერ შევქმნით, ანუ როდესაც ადამიანი მუშაობს, იცინის, ტირის, იღებს ალკოჰოლს და ა.შ. , ანუ  გვაინტერესებს, თუ როგორ იქცევა გული ჩვეულებრივ. ეს გამოკვლევები გვაძლევს საშუალებას დავაფიქსიროთ, გულის ის არა ნორმული მუშაობა, რომელზეც პაციენტი მიგვანიშნებდა, რომ გადავწყვიტოთ, მოითხოვს თუ არა ის კიდევ რაიმე სხვა, სპეციალურ გამოკვლევას ან ჩარევას. არსებობს არა მარტო 24 საათიანი, 48 საათიანი ან ერთკვირიანი მონიტორინგი, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ უკვე იმპლანტირებად მონიტორებსაც კი ვიყენებთ, რომლებიც 1-2 წელი იწერს ამ ყველაფერს, რადგან პაციენტებთან არითმიის ეპიზოდები ძალიან იშვიათი შეიძლება იყოს. ასეთ დიაგნოსტიკურ საშუალებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

ასეთი ტიპის არითმიაც კი, რომელიც ასე იშვიათად შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ითხოვს ხანდახან ჩარევას?
რა თქმა უნდა. მაგალითისთვის, მოციმციმე არითმია, ერთ-ერთი ისეთი არითმიაა, რომელთან ერთადაც გრძელდება ცხოვრება, ანუ ადამიანმა იცის, რომ მოციმციმე არითმია აქვს და მას ეს პერიოდულად ემართება, თუმცა ის მკურნალობს და მისი ცხოვრება გრძელდება წამლებთან, ექიმის კონსულტაციასთან ერთად, მაგრამ ეს მაშინ თუ პაციენტმა იცის, რომ მას მოციმციმე არითმია აქვს. ხშირ შემთხვევაში, მოციმციმე არითმია სუბკლინიკურად ვითარდება, ანუ ის არის, მაგრამ პაციენტი ამას ვერ გრძნობს და ასეთი სუბკლინიკური წინაგულთა ფიბრილაციის, არითმიის ხშირი გართულება ინსულტია. ნევროლოგებთან ჩვენი კომუნიკაციის ხშირი მიზეზია იშემიური ინსულტი. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ინსულტის უკან უნდა იდგეს წინაგულთა ფიბრილაცია, მაგრამ ეს წინაგულთა ფიბრილაცია არ არის 24 საათიან კარდიოგრამაზე და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მათ უფრო გახანგრძლივებულ მონიტორინგს ვთავაზობთ, რადგან ასეთ პაციენტებში მკურნალობის ტაქტიკა ზუსტად იმაზე გადის, გვაქვს თუ არა წინაგულთა ფიბრილაცია.

 

როდესაც ადამიანებს გული უჩქარდებათ, გული უვარდებათ და ა.შ. პირველ რიგში, რასაც ისინი სახლის პირობებში აკეთებენ, არის სპეციალური წვეთების მიღება, რომელიც ყველა აფთიაქში ხელმისაწვდომია. მართლა ეფექტურია ეს წვეთები თუ აქ უბრალოდ პლაცებო ეფექტი მუშაობს?
დავიწყებ ისევ იმ ტერმინით, რომელიც უკვე გავაჟღერე, „მოუსმინეთ გულს“. სანამ წვეთებს, სანამ რაიმე დახმარებას, სასწრაფოს, ოჯახის წევრს და ა.შ. მიმართავთ, ძალიან მარტივად, მაჯაზე ხელის მოკიდებით შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რატომ გაქვთ გული ცუდად. მაჯის სახსართან ორი თითის დადებით ყოველთვის მოიძებნება პულსი და თქვენ უნდა შეაფასოთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი გული, ანუ უნდა მოუსმინოთ მას. ამისთვის თქვენ, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, თუ როგორია თქვენი ნორმალური გულისცემა. ამის შემდეგ უნდა შეაფასოთ, თქვენი ცუდად ყოფნის მიზეზი ნამდვილად გულის ცუდად მუშაობაა თუ არა. თუ არანორმალური მუშაობაა, უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ ცემს გული, ეს არის უბრალოდ გამოვარდნები პერიოდულ რითმულ მუშაობაში თუ არის აჩქარება ან შენელება, არის თუ არა პულსი 90-ზე, 100-ზე ზემოთ ან 60-ზე ქვემოთ. ეს არის ასევე, ის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც თქვენ ექიმს უნდა მიუტანოთ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ. ამ ყველაფრის შემდეგ უკვე შესაძლებელია საყვარელი გულის წვეთების მონახვა. რა თქმა უნდა, გულის წვეთები არ არის არითმიის სამკურნალო საშუალება, ის გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გული ცუდად გვაქვს, მაგრამ მაჯაზე გული კარგად მუშაობს და არაფერი პრობლემა არ გააჩნია. ეს წვეთები უფრო ემოციებით გამოწვეულ აჩქარებას და დისკომფორტს ხსნის.

 

არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტული რითმის შემთხვევაში კიდევ უფრო მკვეთრად გრძნობენ გულის ცემას, ვიდრე სხვები და არიან ადამიანები, რომლებიც პულსაციის სერიოზულ ცვლილებასაც ვერ გრძნობენ, რომელი მდგომარეობა უფრო საშიშად შეიძლება ჩავთვალოთ სამედიცინო კუთხით?
ზოგადად, პროფილაქტიკური მედიცინა გულისხმობს იმას, რომ თუ ჩვენ ამა თუ იმ დაავადების რაღაც რისკები გვაქვს, წინასწარ გავაკეთოთ ანალიზები და გამოკვლევები, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ვარ 60 წელს გადაცილებული, მაქვს კარდიოვასკულური რისკფაქტორები, არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება, მწეველობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სერიოზული რისკფაქტორები გვაქვს იმისთვის, რომ გული ჯანმრთელი არ იყოს. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, როგორი გული გვაქვს ექოსკოპიურად, რომ შევაფასოთ კარდიოგრამა, ჩავაბაროთ ანალიზები. არითმია შემაწუხებს თუ არ შემაწუხებს, მისი გამოსავალი სწორედ იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კარგი გული მაქვს სტრუქტურულად, ანატომიურად.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფრისთვის ყურადღების არ მიქცევას, გეტყვით, რომ ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ გვაწუხებს თუ არ გვაწუხებს, თუ ვხვდებით, რომ არითმია გვაქვს, აუცილებლად უნდა შეგვაფასოს ექიმმა.

 

არ შევაშინებ საზოგადოებას და გეტყვით, რომ ყველა არითმია ცუდ გამოსავალს და რაღაც დაავადებას, რა თქმა უნდა,  არ უკავშირდება, მაგრამ თუ ადამიანმა არ იცის, რამდენად პრობლემური გული აქვს ან რა ჰქვია მის არითმიას, რომელიც მას პერიოდულად აწუხებს თუ არ აწუხებს, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად შეიძლება, რომ არასასურველი შედეგი დადგეს.

 

რა პირველადი კვლევების ჩატარებაა საჭირო პაციენტთან და თქვენს მიერ ნახსენები ელექტროკარდიოგრამა თუ გვაძლევს სრულყოფილ პასუხს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სახეზე არითმია, თუ სხვა დამატებითი კვლევებიც არის საჭირო?
კი, რა თქმა უნდა, ელექტროკარდიოგრამა დღემდე რჩება პირველ და ბაზისურ კვლევად, სადაც უზარმაზარი ინფორმაცია შეგვიძლია წავიკითხოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს გული და თუ რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს მას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს კვლევა არ არის საკმარისი და პირველ რიგში, მეორე ნაბიჯად ექოსკოპიას დავასახელებდი. ექოსკოპია აფასებს, თუ როგორია გულის სტრუქტურა და შენება, რამდენად კარგად მუშაობს ის. გული, მოგეხსენებათ, ეს არის ტუმბო, თითქოს, სათქმელად მარტივი ორგანო, რომელიც სისხლს მიიღებს და გადაისვრის ორგანიზმში, მაგრამ იმისთვის, რომ მან ეს ფუნქცია შეასრულოს, მას საკმაოდ რთული აგებულება, საკმაოდ რთულად მოწყობილი ელექტრული სისტემა აქვს. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ისეთი გამოკვლევების ჩატარება, როგორიცაა 24 საათიანი, გახანგრძლივებული ჰოლტერი, ანალიზები და ა.შ. , თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არითმიის დადგენის ერთადერთი საშუალება ელექტრული კარდიოგრამაა. შემდეგ არსებობს კიდევ უფრო რთული და მაღალტექნოლოგიური ინვაზიური ელექტროფიზიოლოგია, რომელიც ზუსტად გულის ელექტრული სისტემის შიგნიდან შესწავლაზეა მიმართული. ის არითმია, რომელიც პაციენტს ჰქონდა, რომელიც მას აწუხებს და დაფიქსირებულია ელექტრო კარდიოგრამაზე, ჩვენ ლაბორატორიაში უნდა გამოვიძიოთ, უფრო სხვანაირად უნდა შევაფასოთ და ამის შესაბამისად დავგეგმოთ მკურნალობა.

 

არითმიის შემთხვევაში რა დროს ინიშნება მედიკამენტი?
თუ ექიმმა შეაფასა, რომ ეს არის არითმია და არის სამკურნალო არითმია, რა თქმა უნდა, ექიმი დანიშნავს შესაბამის მედიკამენტს. ანტიარითმიული მედიკამენტების დეფიციტი ნამდვილად არ გვაქვს, დღესდღეობით საკმაოდ კარგად მოქმედი საშუალებებია.

 

არის გარემოებები, როცა ექიმი არ თვლის, რომ არითმიას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ მიუხედავად ექიმის ახსნისა, პაციენტი მოითხოვს ხოლმე, რომ დაინიშნოს მკურნალობა. მაგალითად, გამოვარდნები, როცა ნორმალური გულის მუშაობა დამატებითი, ძლიერი ბიძგით წყდება და მას შემდეგ რაღაც კომპენსატორული პაუზა მოჰყვება, ეს ძალიან ცუდი შეგრძნებაა და განსაკუთრებით რთულად აღიქმება ხოლმე ახალგაზრდა ქალბატონებში, თუმცა ექიმი შეიძლება არ თვლიდეს, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ საშუალებას საჭიროებდეს, მაგრამ ეს იმდენად რთულად მისაღებია ხოლმე პაციენტისთვის, რომ ჩვენ ვპოულობთ ისეთ საშუალებებს, რომლებიც არ ავნებს პაციენტის ჯანმრთელობას, მაგრამ შეასუსტებს ამ არითმიის შეგრძნებას. ასეთ შემთხვევაში ნევროლოგებსაც ვესესხებით ხოლმე და რიგ დამამშვიდებლებს ან ანტიდეპრესანტებს ვნიშნავთ.

 

ადამიანთა მოულოდნელი გარდაცვალება, რომელიც, სამწუხაროდ, ნებისმიერ ასაკში შეიძლება დადგეს, გულით არის გამოწვეული?
უეცარი სიკვდილი სიმპტომების განვითარებიდან ძალიან მოკლე დროში ვითარდება და ის ყველასათვის მოულოდნელად დგება, ამიტომაც არის ის ყველაზე დიდი კატასტროფა. როდესაც ადამიანი ცუდად არის, თვეობით ჩავარდნილია, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება აქვს, თითქოს, მისი გარშემომყოფები რაღაცნაირად ეგუებიან ასეთ გამოსავალს, მაგრამ უეცარი სიკვდილი ყველასათვის მოულოდნელად დგება. შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს უკვე დადგენილი დაავადებები, მაგრამ იყოს აქტიური, მუშაობდეს, იმ დღესაც კი აქტიური იყოს, იყოს კარგ ხასიათზე, მაგრამ უეცრად, მოულოდნელად დადგეს სიკვდილი. ეს არის ის მდგომარეობა, რომლის უკანაც ნამდვილად დგას სიცოცხლესთან შეუთავსებელი არითმია, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ, ადამიანებს თუ გვეცოდინება, როგორ დავეხმაროთ ადამიანს ამ სიტუაციაში, შესაძლებელია, ადამიანი მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. ვგულისხმობ, პირველად კარდიო-პულმონურ რეანიმაციას, რომლის პროპაგანდასაც აქტიურად ვეწევით. ჩვენ ვიწყებთ კამპანიას, იმის შესახებ, თუ როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, როცა ისინი გონებას კარგავენ და ეცემიან. თუ გვერდით მდგომი ადამიანი, არ დაიბნევა და უახლოეს წუთებში სწორად დაეხმარება, შესაძლებელია, სიცოცხლე გაგრძელდეს, ჩვენ, ექიმებს ამის უამრავი მაგალითი გვაქვს.

 

ჩვენ ამის ძალიან ნათელი მაგალითი ერთ-ერთი საფეხბურთო ჩემპიონატის დროსაც ვნახეთ, როცა ერთ-ერთი ფეხბურთელი დაეცა და წამებში მოხდა დეფიბრილატორით ჩარევა…

 

არა მარტო დეფიბრილატორით. სანამ დეფიბრილატორს მოიტანდნენ, იქ იყო სწორი პოზის შერჩევა, მასაჟი, კარდიო-პულმონური რეანიმაცია.

 

დეფი, ანუ ავტომატური დეფიბრილატორი, სხვათა შორის, იმ საზოგადოებისთვისაა შექმნილი, რომელთაც სამედიცინო განათლება არ აქვთ. საზღვარგარეთ თქვენ მას ნახავთ აეროპორტებში, თავშეყრის ადგილებში, მეტროებში, ავტობუსებში, ქუჩაში ნიშნებზე არის მითითება, თუ სად და რამდენ მეტრში არის ავტომატური დეფიბრილატორი. იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან ასეთი აბრები ჩვენთანაც გამოჩნდება.

 

მინდა იცოდეთ, რომ უეცარი სიკვდილი ეს არის მდგომარეობა, რომლის უკანაც არ დგას თრომბის გასროლა, ეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი არითმიის გამო დგება, მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ადამიანს დავეხმაროთ, ის შეიძლება გადარჩეს.

წყარო: https://fortuna.ge