Plasmon
საშიშია თუ არა გულის თანდაყოლილი მანკი?

თარიღი: 31 ივლისი, 2022

რამდენად საშიშია გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზი, რამდენი სახის მანკი არსებობს, როგორ ხდება მკურნალობა და ოპერაციული ჩარევა? ამ და სხვა საკითხებზე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა კარდიოქირურგი ომარ გოგია საუბრობს.

საშიშია თუ არა გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოზი?
მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა საშიშია თუ არა გულის თანდაყოლილი მანკი, აუცილებელია თუ არა ქირურგიული ჩარევა, თუ კი მაშინ როდის, შეიძლება თუ არა მანკის მკურნალობა წამლებით და უამრავი სხვა კითხვა.

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინის დონე და მიღწევები გვაძლევს ექიმებს შესაძლებლობას, ვთქვათ, რომ ეს დიაგნოზი არ არის საშიში და ეს არ არის განაჩენი ბავშვისთვის.

არსებობს უამრავი სახის მანკი, ზოგიერთი მათგანი მარტივია, ზოგი კი კომპლექსური. უმრავლესობას სჭირდება ქირურგიული ჩარევა ანუ ოპერაცია, თუმცა არსებობს მანკები რომელთა მკურნალობა შეიძლება ოპერაციის გარეშე ე.წ. ინვაზიური მეთოდით (კათეტერიზაციით). ძალიან იშვიათად, რომ შეიძლებოდეს მხოლოდ დაკვირვება და წამლების გამოყენება, ე.წ. მედიკამენტოზური თერაპია.

როგორ ხდება გულის მანკის დიაგნოზის დასმა?
დიაგნოზის დასმის უპირველესი მეთოდია გულის ექოსკოპიური კვლევა ე.წ. ექოკარდიოსკოპია. სასურველია, რომ ეს მოხდეს იმ დროს, როცა ბავშვი არის ჯერ კიდევ ნაყოფის სტადიაში. ეს ხდება ორსულობის მე-18 კვირიდან. ამ დროს უკვე მოხდა გულის ჩამოყალიბება და შესაძლებელია თითქმის ყველა მანკის დადგენა.

რისთვის არის საჭირო ასეთი ადრეული დიაგნოსტიკა?
ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დაიგეგმოს ახალშობილის მკურნალობის ტაქტიკა. არსებობს მანკები, რომლებზეც ქირურგიული ჩარევა უნდა მოხდეს, როცა ახალშობილი არის 5-7 ან 7-10 დღის ასაკის. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა დროული ჩარევა შესაბამისად იზრდება რისკი და გართულებების შესაძლებლობა. ამ დროს გადამწყვეტი ფაქტორებია ახალშობილის წონა, ორსულობის ვადა და სხვა ორგანოების მდგომარეობა . თანამედროვე კარდიოქირურგიაში არ არსებობს შეზღუდვები, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არიან მხოლოდ რისკ ფაქტორები. ჩვენს პრაქტიკაში ყოფილან ახალშობილები რომლებიც იწონიან 500 და 850 გრამსაც კი, ამ შემთხვევებში რათქმა უნდა საუბარია დღენაკლ ახალშობილებზე.

მეორე ეტაპია უკვე, როდესაც ხდება უშუალაოდ ახალშობილის ექოკარდიოსკოპიური კვლევა, ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გადავწყვიტოთ თუ როდის და რა სახის ჩარევა არის საჭირო. ამ დროს ხდება ერთობლივი განხილვა ქირურგებს და კარდიოლოგებს შორის.

ყოველთვის და ყველა შემთხვევაში ვირჩევთ იმ მეთოდს, რომელიც იქნება ნაკლები რისკის მომტანი ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩარევას, ეს იქნება ქირურგიული თუ ინვაზიური, აქვს თავისი გართულებების რისკი. როდესაც დაისმება ზუსტი დიაგნოზი, ძირითადად ეს არის უკვე ნაყოფის დიაგნოზის დადასტურება, წყდება თუ როდის და რა სახის ჩარევა უნდა მოხდეს. ეს შესაძლოა, იყოს დღეების, თვეების ან წლების ასაკში. როგორც აღვნიშნე არსებობს მანკები, რომლებიც მოითხოვენ, რომ ჩარევა მოხდეს დღეების ასაკში, უხშირესად ეს არიან ე.წ. ციანოზით ანუ სილურჯით მიმდინარე მანკები. რა თქმა უნდა, არსებობენ მანკები, რომელთა დროს არ არის სილურჯე, მაგრამ ამ დროს შეიძლება გამოხატული იყოს გულის უკმარისობა ანუ მდგომარეობა, როდესაც გული ვერ უმკლავდება დატვირთვას და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, რომ მიაწოდოს სისხლი მთელ ორგანიზმს. ამ შემთხვევებში ზოგიერთ ასეთ მანკს სჭირდებათ ჩარევა დღეების ასაკში, ზოგიერთი ითმენს რამდენიმე კვირას ან თვეს.

თუ კი ოპერაცია დაგემილია რამდენიმე თვეში ხშირად პაციენტი გადის ე.წ. მედიკამენტოზურ ანუ წამლებით თერაპიას, რომ მომზადდეს ოპერაციისთვის. ამ დროს რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ მუდმივად იყოს ურთიერთობა მშობლებს და კარდიოლოგებს შორის. მშობელი უნდა იყოს დაკვირვებით, რომ არ გამორჩეს არცერთი დეტალი და დროულად აცნობოს კარდიოლოგს
ნებისმიერი ცვლილება ბავშვის მდგომარეობაში.

გარდა იმისა რომ ჩვენ ვაწვდით მშობლებს სრულ ინფორმაციას მანკის და ბავშვის მდგომარეობის შესახებ ჩვენ ყოველთვის მოუწოდებთ მათ მაქსიმალურად გაეცნონ მათი შვილების მდგომარეობას, კონკრეტულად ინტერნეტის მეშვეობით. დღესდღეობით შესაძლებელია უამრავი საჭირო და სწორი ინფორმაციის მიღება. სამწუხაროდ, არსებობს ბევრი არასწორი ინფორმაციის მქონე წყარო, ამიტომ აუცილებელია, რომ მათ მიერ მოხდეს მიღებული ინფორმაციის ანალიზი.

მშობლები ხშირად კითხულობენ რამდენი ოპერაცია დასჭირდება ბავშვს, ოპერაციის მერე როგორი ცხოვრება ექნება მას...
მანკის სირთულე წყვეტს იმას თუ რამდენი ოპერაცია უნდა ჩატარდეს. არსებობს მანკები, რომელზეც საკმარისია ერთი ჩარევა, თუმცა ზოგს სჭირდება ერთზე მეტი ოპერაცია, მაგრამ რამდენი ოპერაციაც არ უნდა ჭატარდეს ბავშვი არის აბსოლუტურად შეუზღუდავი თავის ცხოვრებაში. ეს იქნება ზრდა, განვითარება, ბაღში ან სკოლაში სიარული, სწავლა, მეგობრებთან ურთიერთობა, სპორტიც კი არის შესაძებელი. მთელი ჩვენი შრომა არის მიმართული იმისკენ, რომ მათი ცხროვერბის ხარისხი იყოს გაუმჯობესებული. აუცილებელია, რომ თითოეულ ეტაპზე იყოს ურთიერთობა ექიმებს და მშობლებს შორის, რამდენი ოპერაციაც არ უნდა დასჭირდეს ბავშვს, ეს იქნება ერთი თუ მეტი, ეს არის გზა, რომელიც უნდა გავიაროთ ერთად.