თარიღი: 08 ნოემბერი, 2017
მოწესრიგებული მენსტრუალური ციკლი რომ ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის საწინდარია, ყველამ ვიცით. ვიცით ისიც, რომ ციკლი საათივით უნდა იყოს აწყობილი და ნებისმიერი გადახრა ექიმთან ვიზიტს მოითხოვს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, იშვიათად თუ ვიქცევით ასე, მერე კი თავს ვიმშვიდებთ: ერთხელ თუ გადამიცდა ან დროზე ადრე დამეწყო, რა უშავს, მთავარია, ამან რეგულარული ხასიათი არ მიიღოსო. საქმე ის არის, რომ როცა ციკლის დარღვევა რეგულარულ ხასიათს მიიღებს, პრობლემის მოსაგვარებლად მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება.
იცოდით, რომ განსაკუთრებით საყურადღებო არამენსტრუალური სისხლდენა და მენსტრუაციის გახანგრძლივებაა?! ეს სიმპტომები თურმე საშვილოსნოს პოლიპის არსებობაზე მიანიშნებს. საშვილოსნოს პოლიპის, მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისადმი თანამედროვე მიდგომების შესახებ დაწვრილებით ექიმი რეპროდუქტოლოგი თათია ტუღუში გვესაუბრება:
– საშვილოსნოს პოლიპი არის უცხო სხეული, ერთგვარი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც საშვილოსნოს ამომფენი ქსოვილისგან – ენდომეტრიუმისგან წარმოიქმნება. თანამედროვე მედიცინაში პოლიპი კიბოსწინარე მდგომარეობად არის მიჩნეული და თუ ამგვარი დიაგნოზი დაისვა, მის მოცილებას გვირჩევენ. პოლიპი შეიძლება გაჩნდეს როგორც საშვილოსნოს ღრუში, ისე ცერვიკალურ არხში და საშვილოსნოს ყელზეც, იყოს ერთეული ან მრავლობითი. მრავლობით პოლიპს საშვილოსნოს პოლიპოზს უწოდებენ. პოლიპების უმრავლესობა ფართო ფეხით არის დაკავშირებული ლორწოვან გარსთან, თუმცა არსებობს პოლიპები გრძელ ფეხზეც. ეს წარმონაქმნები გვხვდება როგორც რეპროდუქციული ასაკში, ისე მენოპაუზის პერიოდშიც.
– რა აჩენს საშვილოსნოს პოლიპს და ვის ემუქრება ეს პათოლოგია?
– ამჟამად უკვე ცნობილია, რომ საშვილოსნოს პოლიპების წარმოქმნას ჰორმონული დისბალანსი იწვევს. რისკის ჯგუფს მიაკუთვნებენ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე გოგონებს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ამ მდგომარეობას ჰორმონული დისბალანსი ახლავს თან. ასეთ გოგონებს პოლიპოზთან ერთად მაღალი აქვთ ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკიც. ძალიან იშვიათად საშვილოსნოს პოლიპი შესაძლოა არასათანადოდ ნამკურნალევმა ენდომეტრიტმაც (ენდომეტრიუმის ანთებამ) გამოიწვიოს. თუ ქალმა ენდომეტრიტის გამო მკურნალობა დროულად და სრულყოფილად არ ჩაიტარა, შესაძლოა, განუვითარდეს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია (გასქელება), გარკვეული ხნის შემდეგ კი პოლიპი გაუჩნდეს.
პოლიპის ერთ-ერთი სახეობაა პლაცენტური პოლიპი. ეს უკანასკნელი ხელოვნური აბორტის, მუცლის თვითნებური მოშლის, შეწყვეტილი ორსულობის ან მშობიარობის შემდეგ პლაცენტის არასრული გამოძევების შედეგად წარმოიშობა. მას პრაქტიკულად იგივე კლინიკური სიმპტომები ახასიათებს, რაც სხვა ტიპის პოლიპებს.
რისკის ჯგუფში არიან ჭარბწონიანი ქალებიც. ცნობილია, რომ ცხიმოვან ქსოვილში დიდი ოდენობით ესტროგენი გამომუშავდება. ჰორმონულად განსაკუთრებით აქტიურია მუცლის მიდამოს ცხიმოვანი ქსოვილი. ესტროგენები მოქმედებენ ენდომეტრიუმზე, იწვევენ მის ჰიპერპლაზიას, რაც, როგორც უკვე მოგახსენეთ, შესაძლოა პოლიპების წარმოშობას დაედოს საფუძვლად. იმავე მიზეზით ჭარბწონიან ქალებს ემუქრებათ ენდომეტრიუმის კიბოც.
– რომელი კლინიკური სიმპტომების საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ საშვილოსნოს პოლიპის არსებობა?
– პირველი ასეთი სიმპტომია სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა. პოლიპის არსებობა სავარაუდოა, როდესაც რეპროდუქციული ასაკის ქალს მენსტრუალური ციკლის მეორე დღეს აქვს უხვი სისხლიანი გამონადენი, რომელსაც მოჰყვება კოლტები, ხოლო მენსტრუაცია 8-10 დღემდე გრძელდება. კიდევ ერთი საყურადღებო ნიშანია სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის. მენოპაუზაში მყოფ ქალებთან კი ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი პოლიპის არსებობაზე ბადებს ეჭვს.
პოლიპი ხშირად უშვილობის მიზეზიც არის. ზოგჯერ ის საშვილოსნოს ღრუში ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ კვერცხსავალი მილების შესასვლელს ფარავს, ზოგჯერ კი, როცა მოზრდილია ან მრავლობითი, ხელს უშლის ემბრიონის ენდომეტრიუმში ჩანერგვას. სქესობრივი აქტის დროს ტკივილს პოლიპი იშვიათად იწვევს. თუ მეტისმეტად დიდია (2-3 სმ), შესაძლოა გამოიწვიოს ერთგვარი დისკომფორტი, თუმცა ესეც ძალზე ინდივიდუალურია. ასეა თუ ისე, გეგმური გინეკოლოგიური ექოსკოპია აუცილებელია, ვინაიდან მცირე ზომის პოლიპებს აშკარა კლინიკური ნიშნები შესაძლოა არ ახლდეს თან.
– ექოსკოპია ახსენეთ – სახელდობრ, როგორ ხდება საშვილოსნოს პოლიპის დიაგნოსტირება?
– თანამედროვე მედიცინის პირობებში ეს ძნელი არ გახლავთ. როდესაც ქალი ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილებით მოგვმართავს, მას აუცილებლად ვურჩევთ გინეკოლოგიური ექოსკოპიის ჩატარებას. პოლიპის აღმოჩენა შეიძლება როგორც ტრანსვაგინალური, ისე ტრანსაბდომინალური ექოსკოპიით. თუ პაციენტი ქალიშვილი არ არის, უმჯობესია, გამოკვლევა ტრანსვაგინალურად ჩატარდეს _ ამ გზით საშვილოსნოს ღრუსა და ენდომეტრიუმის დათვალიერება უკეთ ხერხდება, რაც მცირე ზომის პოლიპების დანახვას აადვილებს. გამოკვლევის ჩატარება უმჯობესია მენსტრუალური ციკლის პირველ ფაზაში, მე-13-14 დღემდე, ვიდრე ოვულაცია მოხდება, ვინაიდან ოვულაციის შემდეგ ქალის ორგანიზმში ხდება ჰორმონული გადაწყობა, საკვერცხეები იწყებენ პროგესტერონის გამომუშავებას, მათი გავლენით ენდომეტრიუმი განიცდის ტრანსფორმაციას, სქელდება და შესაძლოა, პოლიპის იმიტაცია მოგვცეს – ეკრანზე პოლიპისმაგვარი სურათი გამოჩნდეს, სინამდვილეში კი საშვილოსნოს ღრუში არავითარი წარმონაქმნი არ იყოს, მხოლოდ ენდომეტრიუმის ლოკალურ შესქელებას ჰქონდეს ადგილი. პოლიპის ექოლოგიურად აღმოჩენის შემდეგ აუცილებლად ტარდება ჰისტეროსკოპია. თუ წარმონაქმნს დაბალი მდებარეობა აქვს, მაგალითად, საშვილოსნოს ყელშია ლოკალიზებული, ის შეიძლება სარკეებით დათვალიერების დროსაც დაინახოს გინეკოლოგმა, მაგრამ ჰისტეროსკოპია ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, ვინაიდან გინეკოლოგმა შესაძლოა ყელის არეში დაინახოს პოლიპი, რომლის ფეხიც საშვილოსნოს ღრუში მდებარეობს.
– როგორია საშვილოსნოს პოლიპის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?
– ზოგიერთი გინეკოლოგი მიიჩნევს, რომ დიაგნოსტირებიდან 3-4 თვის განმავლობაში საშვილოსნოს პოლიპს შეიძლება დავაკვირდეთ. მე ამ აზრს არ ვემხრობი – მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიპი, რომლის ზომაც 10 მმ-ს აღემატება, უნდა მოშორდეს. ეს იმიტომ, რომ პოლიპი კიბოსწინარე დაავადებაა – არსებობს მისი მალიგნიზაციის (ავთვისებიანი გადაგვარების) შანსი. მენოპაუზის პერიოდში (48-50 წლის შემდეგ) ასეთი გადაგვარების ალბათობა მეტია, თანაც შეუძლებელია, ექოლოგიურად ან ჰისტეროსკოპით მიღებული გამოსახულების საფუძველზე უჯრედულ დონეზე ვიმსჯელოთ, რა ტიპის წარმონაქმნთან გვაქვს საქმე – კეთილთვისებიანთან თუ ავთვისებიანთან.
საშვილოსნოს პოლიპების მკურნალობისადმი კიდევ ერთი თანამედროვე მიდგომა ის არის, რომ აღარ ვიყენებთ საშვილოსნოს ბრმა გამოფხეკას. XXI საუკუნეში სამედიცინო ტექნოლოგიები მეტისმეტად დაიხვეწა საიმისოდ, რომ მსგავსი პროცედურა დაგვჭირდეს. დღეს კლინიკები აღჭურვილია თანამედროვე ჰისტეროსკოპებით, რომლებიც პოლიპების მოშორების პროცედურას ძალზე ამარტივებს და ნაკლებად ტრავმულს ხდის. ჰისტეროსკოპია ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პროცედურაა. იგი ინტრავენური ნარკოზის თანხლებით ტარდება, პაციენტს რამდენიმე წუთით აძინებენ და გინეკოლოგი სპეციალური ხელსაწყოს – ჰისტეროსკოპის საშულებით იღებს პოლიპს. უკვე ისეთი წვრილი ჰისტეროსკოპებიც არსებობს, რომელთა გამოყენების დროს პაციენტს დაძინებაც აღარ სჭირდება – პოლიპს ადგილობრივი ანესთეზიით იღებენ.
საქმე ოდნავ რთულდება, თუ პაციენტი ქალიშვილია. მართალია, ასეთ პაციენტებთან პოლიპი შედარებით იშვიათად დიაგნოსტირდება, მაგრამ მაინც გვხვდება. მედიკამენტური თერაპიით პოლიპის გაქრობა გამორიცხულია, როგორც მოგახსენეთ, არც ლოდინის ტაქტიკაა მართებული არარეგულარული სისხლდენისა და გადაგვარების საფრთხის გამო, ამიტომ საქმე მაინც ჰისტეროსკოპიამდე მიდის. მე მიმაჩნია, რომ თუ საჭირო გახდება, საქალწულე აპკი უნდა დაირღვეს, XXI საუკუნეში ეს მკურნალობის ხელის შემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს.
– რას გულისხმობს საშვილოსნოს პოლიპის პროფილაქტიკა?
– უწინარესად – ჰორმონული დისბალანსის აღმოფხვრას. მენსტრუალური ციკლი ქალს ნებისმიერ ასაკში მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. თუ დაერღვა, ესე იგი ორგანიზმში რაღაც არ არის რიგზე და ამ პრობლემის მოგვარების გზას პაციენტს მხოლოდ გინეკოლოგი თუ შესთავაზებს. აუცილებელია წონის კორექცია და გინეკოლოგთან რეგულარულად (6 თვეში ერთხელ) სიარული, ასევე – ექიმთან ვიზიტი ციკლის დარღვევისა თუ მენსტრუალური სისხლდენის გახანგრძლივების პირველსავე შემთხვევაში. ლოდინი ან თვითმკურნალობა საშიშია – ამან შესაძლოა მძიმე გართულებამდე მიგვიყვანოს. თუ აბორტის აუცილებელია, პლაცენტური პოლიპის პრევენციისთვის ის უნდა გაკეთდეს სპეციალიზებულ გინეკოლოგიურ კლინიკაში მაღალკვალიფიციური მეან-გინეკოლოგის მიერ, აბორტის შემდგომ პერიოდში კი ქალს სათანადო მეთვალყურეობა გაეწიოს.
სხვათა შორის, პოლიპის პრევენციის ძალიან კარგი საშუალებაა ორალური კონტრაცეფცია. ქალებს, რომლებიც ორალურ კონტრაცეპტივებს იღებენ, ჰორმონული ფონი მოწესრიგებული აქვთ, ამიტომ მათთან პოლიპისა და ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკიც ნაკლებია.
წყარო: www.aversi.ge