თარიღი: 10 მარტი, 2021
რა დროს უნდა მივიყვანოთ ბავშვი სკოლაში?! არის საკმარისი მხოლოდ ბიოლოგიური ასაკის გათვალისწინება, თუ არის სხვა კრიტერიუმები, რომელთა ცოდნაც მშობლებისთვის აუცილებელია?!
მნიშვნელოვანია რომელი ასაკია სკოლის მზაობისთვის ოპტიმალური. ეს საკამათო თემაა, რადგან არსებობს სხვადასხვა ვერსიები, როგორც ოფიციალური ინსტანციებიდან, ასევე თავად მშობლების მხრიდან. ბოლო პერიოდში დომინირებს აზრი, რომ ხუთი წლის ბავშვი უკვე მზადაა სასკოლო პროგრამის დაძლევისთვის. ამ მოსაზრებას ბევრი მშობელი პოზიტიურად შეხვდა და შვილები შეიყვანეს სკოლაში. ამ მშობლების გარკვეული ნაწილი, მოგვიანებით ჩემთან მიღებაზე მოსულები, აღიარებენ, რომ ეს იყო სწრაფი გადაწყვეტილება და რომ ადრეულ ასაკში ინტელექტუალური დატვირთვა მათი შვილისთვის სწორი არ იყო. კერძოდ, ისინი ადვილად იღლებოდნენ, უჭირდათ კონცენტრირება გაკვეთილზე, დაეწყოთ აგზნებადობა, ადვილად გაღიზიანობადობა, უძილობა, ნერვული ტიკები.
შვიდ წლამდე ბავშვის ორგანიზმი მომართულია იმაზე რომ მისი სხეული გაიზარდოს და ფიზიოლოგიურად გამართული ჩამოყალიბდეს. ამისთვის, მისი სასიცოცხლო ძალები აქტიურად მუშაობენ, ეს მისი ძირითადი საქმიანობა დაახლოებით 6,5-7 წლამდე გრძელდება. კბილების ცვლის დაწყება არის პირველი ნიშანი, იმისა რომ სასიცოცხლო სხეულმა დაასრულა პირველი შვიდწლეულის დავალება და ის გამოთავისუფლდა ინტელექტუალური დატვირთვისთვის. მართალია, კბილების ცვლის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ ბავშვი სწავლისთვის მზადაა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი. გასათვალისწინებელია ასევე მრავალი სხვა სიმპტომი, რომლებსაც სპეციალური სწავლება არ ჭირდება. ჩვეულებრივ, ნორმალური მიკროსოციალური გარემოს პირობებში, ბავშვმა თავად უნდა შეძლოს მიცემულ დავალებებზე ადექვატური და სწორი პასუხების გაცემა. წინასწარ ამისთვის მზადება და გავარჯიშება სასურველი არ არის. მექანიკურად დაზეპირებული დავალებები ვერ ასახავს ბავშვის რეალურ და ობიექტურ მდგომარეობას სწავლის მზაობასთან დაკავშირებით. ხშირად, როდესაც ბავშვი გარკვეულ დავალებებს ისე ვერ ასრულებს, როგორც სასურველი იქნებოდა, ეს ფაქტი მშობლებისთვის ტრაგედიაა, თუმცა ეს ტრაგედია არ არის სპეციალისტებისათვის, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ რაიმეს შეუსრულებლობა ბავშის განვითარების შეფერხებას კი არ ნიშნავს, არამედ ყველა ბავშვს აქვს თავისი განვითარების რიტმი და ამ ეტაპზე მისთვის ეს დავალებები უცხო და რთულია, თუმცა სულ რაღაც ერთ-ორ თვეში ამ ბავშვმა თავისუფლად შეიძლება შეასრულოს ყველა დავალება.
ზოგადად რას ექცევა ყურადღება ბავშვთან შეხვედრისას (ტესტირებისას), ამის გაცნობა შესაძლებელია, მაგრამ თითოეული დავალების აღწერა არასასურველი, რადგან მშობლებმა ამ ტექსტის გაცნობის შემდეგ შეიძლება ინტენსიურად ავარჯიშონ თავიანთი შვილები და მისი ობიექტური შეფასება სასკოლო მზაობაზე შეუძლებელი იქნება. ზოგადად მშობლებს ეჩქარებათ ბავშვის გაზრდა, მათ სურთ რაც შეიძლება მალე შეიყვანონ სკოლაში, ჩააბარებინონ ექსტერნად გამოცდები და მალე დაამთავრებინონ სკოლა, ასევე უმაღლესი სასწავლებელი და ა.შ. მინდა ვურჩიო ძვირფასს მშობლებს: ნუ გეჩქარებათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნუ დააჩქარებთ ბავშვის განვითარებას და სწავლის პროცესს, ეს მხოლოდ მის ფიზიკურ-ემოციურ-ინტელექტუალურ სფეროზე ნეგატიურად მოქმედებს და შესაძლებელია მთელი რიგი დაავადებების ჩამოყალიბებას ხელი შევუწყოთ. ყველა ბავშვს განვითარების თავისი ტემპი აქვს.
ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ პედაგოგებმა და პედიატრებმა.
პირველი ძალიან საინტერესო დაკვირვებაა თუ ბავშვი შეხვედრისას როგორ გართმევს ხელს და თან რომელ ხელს! გარკვეულწილად ეს მიუთითებს მის გარემოსთნ კონტაქტის სურვილს და ასევე საკუთარი სხეულის აღქმის უნარზე.
მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური ანამნეზი, კერძოდ, ორსულობის მერამდენე კვირაზე დაიბადა, რა ფიზიკური მონაცემებით, დაიყვირა თუ არა დაბადებისთანავე, როდის მიიყვანეს ძუძუზე, როგორ მოწოვა, როგორ ტირის, როგორ ვითარდებოდა ბავშვი პირველი ერთი წლის განმავლობაში, როდის თქვა პირველი სიტყვა და პირველი წინადადება, როდის გადადგა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი და ა.შ. ასეთი სახით შეკრებილი ანამნეზი ინფორმაციას გვაწვდის ბავშვის განვითარების ტემპისა და რიტმის შესახებ,მის ჯანმრთელობასა და ავადმყოფობებისკენ მიდრეკილებაზე.
როგორ აქვს ბავშვს ნატიფი და უხეში მოძრაობები განვითარებული? უხეში მოძრაობებია: ასკინკილა ხტუნვა, სწორ ხაზზე გავლა, ცალ ფეხზე წონასწორობის შენარჩუნება, ბურთის დაჭერა და სწორად გადაგდება პარტნიორის მიმართულებით, ბურთის ზევით აგდება და ტაშის შემოკვრა. უხეში მოტორიკის კარგი გამოვლენა მიუთითებს წონოსწორობის დაცვისა და კოორდინაციის უნარებზე.
რაც შეეხება ნატიფი მოძრაობის განვითარებას, ის გვიჩვენებს რამდენად აქვს განვითარებული ბავშვს შეხების გრძნობის ორგანო, აღქმა და რამდენად აკავშირებს ყველაფერს ამას აზროვნებასთან, მაგალითად, რამდენად შეუძლია აღიქვას სხვადასხვა საგნების ფორმები ხელის თითების შეხებით, ისე რომ მას არ უყურებდეს, შეუძლია თუ არა ფეხსაცმელზე თასმის შეკვრა - ეს ფაქტი მიუთითებს თუ რამდენად ასწავლიან და აძლევენ მშობლები ბავშვს დამოუკიდებელი ქმედების საშუალებას.
რამდენად არის განვითარებული და გამოხატული მარჯვენა-მარცხენა მხარეების დომინანტობა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს წერის უნარის ჩამოყალიბებისათვის, ასევე ტექნიკური და ხელოვნებითი საქმიანობების შესრულების უნარის გამოვლენით.
ბავშვს სასურველია შეეძლოს მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებები 10-ის ფარგლებში, მორიდებით თუ თამამად მარტივი ლექსის თქმა ან სიმღერის შესრულება, მარტივი ფორმების ხატვა და ა.შ.
სასკოლო ასაკის ბავშვმა კარგად უნდა იცოდეს საკუთარი სახელი, გვარი, დაბადების დღე. შესაძლებელია, რომ ბავშვმა ზუსტი რიცხვი ვერ დაასახელოს, მაგრამ საკუთარი დაბადების დღის წელიწადის დროს უნდა მიხვდეს ჩვენი აღწერილობისა და შეკითხვების საფუძველზე, ეს ფაქტი მისი აზროვნების შესაძლებლობებზე მიგვითითებს. არასწორი პასუხი არ უნდა იქნას გეგებული და აღქმული ისე, რომ ბავშვი ჩამორჩება განვითარებაში, არამედ ყველა ბავშვს აზროვნების განვითარების საკუთარი ტემპი აქვს, ზოგს შეუძლია სწრაფად აუღოს ალღო დასმულ შეკითხვას და გაგვცეს პასუხი, ზოგს კი პასუხისთვის დრო ჭირდება და ამაში საგანგაშო არაფერი არ არის. ბავშვების სხვადასხვა ტემპი აიხსნება კონსტიტუციური თავისებურებებით, კერძოდ, დიდთავაა ბავშვი თუ პატარათავა, ამ სისტემით ბავშვთა კონსტიტუციური ტიპების დაყოფა დაკავშირებულია ნერვულ-მგრძნობელობითი და ნივთიერებათა ცვლის სისტემების უპირატეს განვითარებასთან. ეს არის სხვადასხვა უნარების განვითარებისა და გამომჟღავნების შესაძლობლებები. (,,დიდთავა და პატარათავა ბავშვები” - სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ,,ადამიანი და ბუნება”-ს ვებ-გვერდზე - www.manandnature.ge). დიდთავაა ბავშვი თუ პატარათავა ამის განსაზღვრავს მასწავლებელი და პედიატრი.
გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბავშვის მომწიფებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების განათლებას, რაც უფრო განათლებულია დედა, მათი შვილები მით უკეთ ასრულებენ დავალებას და ასევე, გოგონები ჯობნიან ვაჟებს.
ამრიგად, ძვირფასო მშობლებო, თუ თქვენ კარგად ,,მოუსმენთ” ბავშვს, ის თავად ,,გიკარნახებთ” განვითარებისთვის მოცემულ მომენტში რა ჭირდება. ზოგადად კი ბავშვებს ჭირდებათ თქვენი გაწონასწორებული ყურადღება, კარგი მაგალითის მიცემა და არა ჰიპერმზრუნველობა, რომელიც დამოუკიდებელი ქმედების შესაძლებლობებს ზღუდავს.