Nuk
სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები

თარიღი: 27 სექტემბერი, 2018

სასუნთქი გზების ინფექციები

წლის ცივი სეზონის დროს ბავშვების თავშეყრა დახურულ სივრცეებში ხდება, სადღაც ჩასაფრებული ვირუსებიც აქტიურდებიან, ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით ადვილად ვრცელდებიან და ხველისა და ცხვირცემინების სეზონიც იხსნება.

სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს უხშირესად ვირუსები იწვევენ. მათი რიცხვი 300-მდეა და წლის მანძილზე სხვადასხვა გამომწვევით დასნებოვნების შანსი საკმაოდ მაღალია. 

300 ვირუსს 300 სხვადასხვა სახელი კი აქვს, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული დაავადებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და გართულებებიც მსგავსი აქვთ - ზედა სასუნთქი გზებიდან ინფექციამ ხორხს ქვევით თუ ჩაინაცვლა, ბრონქიტისა და ფილტვის ანთებამდე აღარაა შორი.

 

როგორ ვლინდება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები?

პატარებში ის უხშირესად ცხელებით იწყება, თუმცა შესაძლოა, ტემპერატურის მომატების გარეშეც ჩაიაროს. უმადობა, ჭირვეულობა, ყლაპვის გაძნელება ყელის ტკივილის გამო, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა - აი, სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების მთავარი ნიშნები.

 

როგორ ვუმკურნალოთ

პირველ რიგში, პატარა შინ უნდა დატოვოთ. მისი საბავშო ბღსა და სკოლაში გაშვება არ შეიძლება, ამით მასაც დაიცავთ გართულებისაგან და მის პატარა მეგობრებსაც - დასნებოვნებისაგან.

გახსოვდეთ, მკურნალობის მთავარი პრინციპი თბილი სითხეების მიწოდებაა. შესთავაზეთ ყველაფერი, რაც მას მოსწონს - რძე, ჩაი, თბილი კომპოტი, სუფი. თუ პატარა ძუძუზე გყავთ, ძუძუ უფრო ხშირად უნდა მისცეთ.

 

გაზომეთ ტემპერატურა

თუ ის 38,5 გრადუსი და მეტია, იზრუნეთ სიცხის დაწევაზე. ამისათვის პირველ რიგში პარაცეტამოლი აირჩიეთ. სწორედ ამ პრეპარატს მიიჩნევენ ექიმები ყველაზე უსაფრთხო მედიკამენტად ცხელების მართვისათვის. არჩევის მეორე რიგის პრეპარატი იბუპროფენი გახლავთ.

გახსოვდეთ, რომ პარაცეტამოლის ორ დოზას შორის მინიმალური შუალედი 4 საათია, იბუპროფენის დოზებს შორის კი 6 სთ.

არ დაივიწყოთ სხეულის გაგრილების ფიზიკური მეთოდები - გახადეთ ბავშვს სამოსი, დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, შეამშრალეთ და გრილად ჩააცვით. მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ - სხეულის გაგრილება იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როცა პატარას მაღალი ცხელება აქვს, მაშინ კი, როცა მას ამცივნებს, სიცხე უწევს, დაზელვა არ შეიძლება. ამ დროს პირიქით, აუცილებლად ჩაათბუნეთ.

 

უნდა მივცეთ თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ხველის წამლები?

არა! ეს უსაფრთხო არ არის. არც ისაა სწორი, ექიმს დისტანციურად სთხოვოთ ხველის წამლის დანიშვნა. ხველას მიზეზი და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი აქვს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ პატარას ბრონქოსპაზმი აქვს, ნახველის გამათხევადებელი წამლის დანიშვნამ შესაძლებელია მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. კრუპის სინდრომისათვის დამახასიათებელი ხველის დროს კი წამლის დალევა უშედეგო იქნება, რადგან ის ხორხის შეშუპებაზე არ იმოქმედებს.

 

ინიშნება თუ არა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების დროს ანტიბიოტიკები?

დიახ, თუ საქმე ფილტვის ანთებასთან გვაქვს. 

ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა აბსოლუტურად უშედეგოა - ისინი ვირუსებს ვერა, მაგრამ ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას ანადგურებენ, აქვეითებენ იმუნიტეტს, რასაც ხშირი ავადობა, კუჭ-ნაწლავის მხრივ პრობლემები მოჰყვება. 

მრავალი კვლევა ადასტურებს - ანტიბიოტიკის გამოყენება გართულებებს თავიდან ვერ აგვაცილებს, ამიტომ მათი დანიშვნა მაშინ უნდა მოხდეს, როცა ვირუსით გამოწყვეული დაავადება ბაქტერიული ინფექციით გართულდება.

 

წყარო: მშობელთა ინფო