თარიღი: 02 თებერვალი, 2021
სინუსიტი
სინუსიტი სინუსების – ცხვირის დანამატი წიაღების – ანთებაა. ადამიანს ოთხი ასეთი წიაღი აქვს. სინუსები ჰაერით სავსე ღრუებია, სადაც ლორწო გამომუშავდება და ჩასუნთქული ჰაერი იფილტრება: ჰაერში მოტივტივე მავნე ნაწილაკები და მიკრობები ლორწოს ერევა და მასთან ერთად გამოიდევნება ცხვირიდან.
წიაღების ანთება შესაძლოა გაციების, ალერგიის, ცხვირის ძგიდის გამრუდების, პოლიპების, ჰაერის წნევისა თუ ტემპერატურის ცვლილების შედეგი იყოს.
ყველაზე ხშირად, განსაკუთრებით – წლის ამ დროს, ინფექციური სინუსიტი გვხვდება. სცენარი ასე ვითარდება: ვირუსი სინუსების ლორწოვან გარსს ესხმის თავს, მის შეშუპებასა და დავიწროებას იწვევს; პასუხად ორგანიზმი მეტ ლორწოს გამოიმუშავებს, მაგრამ ის გარეთ ვეღარ გამოიდევნება, სინუსებში რჩება და ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
სინუსიტის განვითარებას ხელს უწყობს ხშირი გაციება, ალერგია, ნაზალური სპრეის ჭარბი გამოყენება, თამბაქოს წევა, ცურვა, დაივინგი.
სიმპტომები მოიცავს:
- ტკივილისა და ზეწოლის შეგრძნებას შუბლზე, ცხვირზე, ლოყებზე, თვალებს შორის;
- თავის ტკივილს;
- ცხვირის გაჭედვას;
- ცხელებას;
- ხველას, რომელიც ხშირად მძიმდება ღამით;
- ჩამონადენს ყელში;
- ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითებას;
- უსიამოვნო სუნს პირიდან;
- დაღლილობას, სისუსტეს;
- კბილის ტკივილს.
წიაღების ანთება უნდა იეჭვოთ, თუ სურდომ, ცხვირის გაჭედილობამ უჩვეულოდ დიდხანს გასტანა, მდგომარეობაც გამოკეთების ნაცვლად უარესდება, ძირითად სიმპტომებს ერთვის თავის ტკივილი და შუბლის მიდამოში ზეწოლის შეგრძნება.
მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირია მკურნალობაც. ცხვირის გაჭედვის დროს ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთებაა რეკომენდებული. ექიმი ასევე შემოგთავაზებთ სპეციალურ ნაზალურ სპრეის, თუმცა მისი გამოყენება სამ დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული – თუ მიეჩვიეთ, მისი შეწყვეტისთანავე ლორწოვანი გარსი უფრო მეტად შეშუპდება.
შესაძლოა, შევბა მოგგვაროთ ცხვირის გამორეცხვამ – ის ბლანტი ლორწოსგან გათავისუფლებას უწყობს ხელს. ამ პროცედურისთვის აუცილებელია გამოხდილი ან სტერილური წყალი. თუ ონკანის წყლით ირეცხავთ, 3-5 წუთი ადუღეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და ისე გამოიყენეთ.
მძიმე შემთხვევაში ანტიბიოტიკის გამოყენება მოგიწევთ. მართალია, შვებას მალევე იგრძნობთ, მაგრამ მკურნალობის კურსი აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.
როგორ მოვიქცეთ
- ზურგზე წოლამ შესაძლოა სიმპტომები დაამძიმოს. ჯობს, გვერდზე წოლა სცადოთ – ეს სუნთქვას გაგიადვილებთ.
- სვით ბევრი სითხე.
- სახეზე, მტკივან ადგილას, თბილი პირსახოცი ან კომპრესი დაიდეთ ან ორთქლის აბაზანა გაიკეთეთ – დაბლოკილი სასუნთქი გზების გახსნას ესეც შეუწყობს ხელს.
- ერიდეთ ალკოჰოლს – ის სინუსების ანთებას ამძიმებს.
ბრონქიტი
ხველა ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, მეტად საჭირო რეფლექსი, რომლის წყალობითაც სასუნთქი სისტემა მავნე ნაწილაკებისა თუ მიკრობებისგან თავისუფლდება. სასუნთქ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებიც უმეტესად ხველით ვლინდება.
პირველი დაავადება, რომელიც ხველასთან ასოცირდება, ბრონქიტია. ხველა ნახველით მისი ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია.
ბრონქიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ბრონქიტი, წესისამებრ, რამდენიმე დღეში უკუვითარდება, თუმცა ხველამ შესაძლოა რამდენიმე კვირაც გასტანოს, ქრონიკული ბრონქიტი კი ხშირად მთელი სიცოცხლე აწუხებს ადამიანს.
მწვავე ანთება
მწვავე ბრონქიტს უმეტესად გრიპისა და გაციების გამომწვევი მიკრობებით ინფიცირება უდევს საფუძვლად. ეს მიკროორგანიზმები ხველის, ცემინებისა და ფიზიკური კონტაქტის საშუალებით ვრცელდება. მწვავე ბრონქიტი შესაძლოა განვითარდეს თამბაქოს კვამლის რეგულარული ზემოქმედების და ჰაერის დაბინძურების ფონზე. იშვიათად მას ბაქტერიებიც იწვევს.
მწვავე ბრონქიტის დროს ინფექცია, როგორც წესი, ცხვირიდან ან ყელიდან იწყება და თანდათანაობით მიიწევს წინ, უფრო სწორად, ქვემოთ. ინფექციასთან ჭიდილის შედეგად სქელდება და შუპდება ბრონქების ლორწოვანი გარსი. სწორედ ეს იწვევს ხველას. ზოგჯერ ხველა მშრალია, თუმცა უფრო ხშირია სველი ხველა. მას თან ახლავს ხიხინი, სტრიდორი, ქოშინი, გულმკერდში მოჭერის შეგრძნება.
მწვავე ბრონქიტი დროებითი უსიამოვნებაა და სუნთქვის ხანგრძლივ დარღვევას თითქმის არ იწვევს, თუმცა ბავშვებთან, მოხუცებთან, ქრონიკული დაავადების მქონე პირებთან განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს – იმუნური სისტემის სისუსტის შემთხვევაში ბრონქიტი შესაძლოა ფილტვების ანთებასა თუ სუნთქვის უკმარისობაში გადაიზარდოს.
ქრონიკული უსიამოვნება
გახანგრძლივებული ხველა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება და წელიწადში ორჯერ მაინც გახსენებთ თავს, ქრონიკული ბრონქიტის შედეგია. ამ დროს მუდმივი ანთებითი პროცესი ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებას, გასქელებას და ლორწოს მეტისმეტად ჭარბ გამომუშავებას იწვევს, რასაც საბოლოოდ სუნთქვის გაძნელებამდე მივყავართ. ქრონიკული ბრონქიტი ხშირად მძიმე პათოლოგიის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ნაწილია.
ნებისმიერი ტიპის ბრონქიტის განვითარების რისკი უფრო მაღალია, როცა ეწევით ან ალერგიული ხართ. ქრონიკული ბრონქიტი უმეტესად სწორედ მწეველებთან გვხვდება. ბავშვებთან მისი განვითარების ალბათობას გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება და რესპირატორული ინფექციებით ხშირი ავადობაც ზრდის.
ვავლენთ და ვმკურნალობთ
ბრონქიტის დიაგნოსტიკა ძნელი არ არის, მთავარია, არ გამოგვეპაროს პნევმონია, რომელსაც მსგავსი ნიშნები ახასიათებს, ამიტომ მწვავე ბრონქიტის დიაგნოსტიკა პნევმონიის გამორიცხვასაც ითვალისწინებს, ამისთვის კი რენტგენოლოგიური კვლევა ტარდება.
მწვავე ბრონქიტი უმეტესად თავისთავად გაივლის. დაავადებასთან გამკლავებაში დასვენება, სითხეები და სიმპტომური საშუალებები დაგეხმარებათ. ანტიბიოტიკები იშვიათად ინიშნება – მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმი დარწმუნებულია დაავადების ბაქტერიულ წარმოშობაში.
მწვავე ბრონქიტის შემთხვევაში ორი-სამი კვირა ხველასთან შეგუება მოგიწევთ. თუ ხველამ უფრო მეტხანს გასტანა ან მდგომარეობას გამოკეთებისა არაფერი დაეტყო, ექიმს უნდა მიმართოთ – შესაძლოა, ამ სიმპტომის უკან მძიმე დაავადება იდგეს.
ბრონქიტის პრევენცია კი ინფექციის პრევენციას გულისხმობს – ხელების ხშირი ბანა, პირადი ჰიგიენის დაცვა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება საგრძნობლად შეამცირებს სასუნთქი გზების ინფიცირების რისკს, გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია კი ავადმყოფობას ფრთების გაშლის საშუალებას არ მისცემს. არ დაივიწყოთ სასუნთქი სისტემის მთავარი მტერი – თამბაქო! მასზე უარის თქმა ქრონიკული ბრონქიტის პრევენციის საუკეთესო გზაა.
ფილტვების ანთება
ფილტვების ანთება მედიცინის ენაზე პნევმონიაა. ამ დროს ფილტვების სტრუქტურული ერთეულები, ალვეოლები, სითხით ან ჩირქით ივსება.
ალვეოლებში სითხეს არაფერი ესაქმება – ნორმაში ისინი ჰაერით უნდა იყოს სავსე. პნევმონიის სიმპტომები სწორედ ჰაერის სითხით ჩანაცვლების შედეგია. სიმპტომების სიმძაფრე არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული და მსუბუქიდან მძიმემდე მერყეობს.
პნევმონიის ძირითადი ნიშნებია ხველა ნახველით, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი, ცხელება. შესაძლოა, მათ ერთვოდეს ძლიერი სისუსტე, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება და დიარეაც კი.
რა იწვევს
პნევმონიას, როგორც ითქვა, უმეტესად ბაქტერიებს უნდა ვუმადლოდეთ. მათ შეუძლიათ, დამოუკიდებლადაც გამოიწვიონ დაავადება ან გრიპისა თუ გაციების შემდეგ დასუსტებულ ფილტვებს შეუტიონ. ბაქტერიული პნევმონია, წესისამებრ, ცალ ფილტვს აზიანებს.
პნევმონია შესაძლოა იქცეს ნებისმიერი ვირუსი, რომელიც სასუნთქ სისტემას ესხმის თავს, მათ შორის – გრიპისა და გაციების გამომწვევიც, თუმცა ვირუსულ პნევმონიას მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და ხშირად თავისთავადაც გაივლის.
პნევმონიას სოკოც იწვევს. სოკოვანი ფორმა უმეტესად ისეთ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული.
არსებობს ასპირაციული პნევმონიაც, რომელიც საკვების, ნერწყვის, სითხისა თუ პირნაღები მასის სასუნთქ გზებში გადაცდენის შედეგად ვითარდება.
პნევმონიის რისკფაქტორებია:
- 65 წელზე უფროსი და 2 წლამდე ასაკი – ორივე შემთხვევაში იმუნური სისტემა შედარებით სუსტია და ადვილად ნებდება ინფექციებს;
- დაბინძურებული გარემო – მტვერთან, ქიმიკატებთან, ტოქსიკურ კვამლთან რეგულარული კონტაქტი ფილტვებს ინფექციებისადმი უფრო მგრძნობიარეს ხდის;
- მავნე ჩვევები, განსაკუთრებით – თამბაქოს წევა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება, რაც ასევე ხელ-ფეხს უხსნის ინფექციებს;
- დასუსტებული იმუნური სისტემა – აივ ინფექცია`შიდსი, ორგანოს გადანერგვა, ქიმიოთერაპია, სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება და სხვა ფაქტორები, რომლებიც იმუნიტეტს აქვეითებს, პნევმონიის განვითარების ალბათობასაც ზრდის.
მკურნალობა ანთების მიზეზზეა დამოკიდებული. ბაქტერიული ანთების დროს ანტიბიოტიკებს გამოწერენ. საჭიროებისამებრ, ტარდება სიმპტომური მკურნალობაც.
გახსოვდეთ, პნევმონიისა და ბრონქიტის კლინიკური სურათი ერთმანეთს ჰგავს, თუმცა მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულია. არც ბრონქიტის ანტიბიოტიკით მკურნალობა შეიძლება და არც პნევმონიის უანტიბიოტიკოდ დატოვება. დიფერენცირებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ, დიაგნოზის დასმა და მკურნალობა ექიმს მიანდეთ.