Plasmon
შფოთვა - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა ბავშვებსა და მოზარდებში

თარიღი: 06 დეკემბერი, 2020

შფოთვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა ბავშვებსა და მოზარდებში.
გაერთიანებული სამეფოს ბავშვთა და მოზარდთა ეროვნიული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით (Green et al. 2005);
· 5-დან 10-წლამდე ასაკის ბავშვების 2.2%-ს აქვს შფოთვითი აშლილობა;
· 11-დან 16-წლამდე ასაკში ეს რიცხვი 4.4%-ს უტოლდება;

ბავშვები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით შფოთავენ, ეს შეიძლება იყოს:
· გამოცდები
· მეგობართან დაშორება
· ბევრი საშინაო დავალება
· ოჯახის წევრების ჯანმრთელობა
· ქუჩაში თავდასხმის შიში
· თავიანთი ჯანმრთელობა
· თუ როგორ გამოიყურებიან
· მშობლებთან უთანხმოება
· სასურველი ნივთების საყიდლად საკმარისი თანხის არქონა
· სხვა ადამიანების მოლოდინები მათ მიმართ
· სიკვდილის შიში

რა ძირითადი სიმპტომებით ვლინდება შფოთვა ბავშვებში?
· გახშირებული სუნთვა
· ოფლიანობა
· დაჭიმული კუნთები
· გულისრევა
· სისუსტე

ძირითადად რა ტიპის შფოთვა გვხვდება ბავშვებში?
- განშორების შფოთვა
- ძლიერი მწუხარება მშობელთან და მზრუნველთან განშორების დროს. ამ დროს ბავშვი უარს ამბობს ბანაკში ან სხვა გასართობ ღონისძიებებზე წასვლაზე, რადგან წუხს, რომ ახლობლებს შესაძლოა რაიმე დაემართოთ მისი არყოფნის დროს;
- სოციალური შფოთვა - ძლიერი შიში სოციალურ სიტუაციებში. ამ დროს ბავშვი გადამეტებულ შფოთვას განიცდის და მთლიანად საკუთარ განცდებზეა კონცენტრირებული. წუხს, რომ განსჯიან ან დაამცირებენ;
- სპეციფიკური ფობია - ძლიერი, ირაციონალური შიშია ისეთი მოვლენებისა და საგნების წინაშე ყოფნის, როგორიცაა ჭექა-ქუხილი, მწერები და ა.შ.

რატომ ხასიათდება ზოგიერთი ბავშვი შფოთვისადმი მაღალი მოწვლადობით?
შფოთვის ფესვები სხვადასხვა ფაქტორებში უნდა ვეძებოთ:
· ბიოლოგიური ფაქტორები, როგორიცაა გენები და ტვინის ბიო-ქიმიური კავშირები;
· ფსიქოლოგიური ფაქტორები, როგორიცაა ტემპერამენტი და გამკლავების სტრატეგიები;
· გარემო ფაქტორები, როგორიცაა შფოთვიანი მშობლობის სტილი, სახიფათო გარემო და ადრეული გამოცდილება;
ზოგიერთ შემთხვევაში შფოთვა შესაძლოა მედიკამენტის გვერდითი ეფექტითაც იყოს გამოწვეული.


შფოთვის მკურნალობა ბავშვებში
უნდა გვახსოვდეს, რომ შფოთვა ბუნებრივი მდგომარეობაა, როცა ის იშვიათად და დაბალი ინტენსივობით ვლინდება. თუ შფოთვის გამო ბავშვი ზღუდავს გარკვეულ აქტივობებს, ხშირად წუხს, თავიდან ირიდებს კონკრეტულ სიტუაციებს, ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეთ მისი პედიატრი. უნდა გვახსოვდეს, რომ შფოთვითმა აშილობამ შესაძლოა შეაფერხოს ბავშვის განვითარება. ბავშვის განვითარების ეტაპისა და შფოთვის ტიპის შესაბამისად, მკურნალობა შესაძლოა შემოფარგლოს მშობლის მიერ ბავშვის მიმართ მიდგომის ცვლილებით, ან მოითხოვდეს მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალების ჩართულობას. ექსპერტები შესაძლოა დაეხმარონ მშობელსა და ბავშვს კოგნიტურ-ბიჰევიორალური მიდგომების სწავლაში. ეს არის მაღალი ეფექტურობის მქონე თერაპიული მიდგომა, რომელიც საკუთარი შფოთვითი ფიქრებისა და ქცევის ამოცნობაში გვეხმარება. თერაპიის ფარგლებში ხდება ბავშვისთვის სწავლება, როგორ ამოიცნოს, „დაიჭიროს“ და შეცვალოს შფოთვასთან დაკავშირებული ფიქრები.


როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ ბავშვს შფოთვასთან გამკლავებაში?
- პერსონიფიცირება და გადმოტანა: სთხოვეთ ბავშვს დაარქვას სახელი შფოთვას. შეუძლია დახატოს ფურცელზე ისე, როგორც წარმოუდგენია. დაეხმარეთ ბავშვს აღწეროს როგორია შფოთვა. დაუსვით კითხვები: „ეს მწვანე, დიდკბილება გნომია, რომელიც გეუბნება, რომ არავის უნდა შენთან თამაში?“ - დაეხმარეთ ბავშვს შეურჩიოს სახელი და გახდეს მისი მმართველი.
- წარუდგინეთ შფოთვის გამომწვევი სიტუაციები წინასწარ: თუ ბანაკში წასვლასთან დაკავშირებული შფოთვა აწუხებს, შეახვედრეთ ხელმძღვანელს და გააცანით ის ან წინასწარ ესტუმრეთ ბავშვთან ერთად იმ ადგილს, სადაც მოუწევს წასვლა.
- აჩვენეთ თავდაჯერებულობის მაგალითი: ბავშვები ჩვენი ემოციების კარგი ამრეკლავები არიან. ისინი უსწრაფესად ამოიცნობენ მშობლისგან წამოსულ შფოთვას. ეცადეთ კარგად გაიაზროთ, თუ რის მაგალითს აძლევთ მას თქვენი სიტყვებისა და სხეულის ენის საშუალებით. იმუშავეთ თქვენს თავზე, რომ არ ავლენდეთ გადამეტებულ რეაგირებას შესაბამის მომენტებში. - მივიღოთ და შევეგუოთ დისტრესს: სტრესული სიტუაციებისგან გაქცევას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს. ასე დროს შფოთვის დონე იკლებს, მაგრამ შემდგომში უფრო ძლიერდება და თავს გვახსენებს. შფოთვის მომენტში რთულდება სიტუაციის რაციონალური ახსნის უნარიც, რადგან ლიმბური სისტემა, ემოციების მაკონტოლებელი ცენტრი, გააქტიურებულია და სჭირდება დრო დასაწყნარებლად. ლიმბური სისტემის მდგომარეობა მოქმედებს კოგნიტურ ცენტრზეც და ზღუდავს აზროვნებით პროცესებს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გადაიაროს შფოთვამ. მეთოდები, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს სხვადასხვაა - ზოგიერთი ბავშვისთვის ეს შეიძლება იყოს ის, რომ სახეზე ცივი წყალი შეისხას, ზოგიერთისთვის კიბეზე ასვლა და ჩამოსვლა, კუნთების დაჭიმვა და მოდუნება ან გარე სივრცეზე ყურადღების გადატანა (მაგ. ცისარტყელის ფერებზე ან ფოთლების შრიალზე დაკვირვება და ა.შ). - ექსპოზიცია: თანდათანობითი ექპოზიცია გულისხმობს, რომ იმ სიტუაციებში, რომელსაც ბავშვი საშიშად მიიჩნევს, ნელ-ნელა და უმტკივნეულოდ ვაყენებთ მას. მაგ., თუ ბავშვს აქვს შოფთვა საჯარო საუბრის დროს - ვირჩევთ წყნარ კაფეს. პირველ ეტაპზე, მან შესაძლოა ჩუმად გვითხრას რა სურს მიირთვას და ჩვენ გადავცემთ მიმტანს მის შეკვეთას. მეორე ეტაპზე, შესაძლოა მხოლოდ სასმელი ან დესერტი შეუკვეთოს და ბოლოს, მთლიანი სადილი, როცა დისტრესისადმი ტოლერანტობა და თავდაჯერებულობა გაიზრდება.

მასალა მომზადებულია ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სამსახურის ფსიქოლოგის ეკა ნადირაძის მიერ