Plasmon
სტრესი განსაკუთრებით ცუდია გულისთვის

თარიღი: 26 დეკემბერი, 2023

ბატონო ზაზა, რა ტიპის და რა სირთულის კარდიოქირურგიული ოპერაცია იძლევა ხოლმე ყველაზე დიდ რისკს, პოსტოპერაციული გართულებების კუთხით?
რაც უფრო რთულია ოპერაცია, რაც უფრო კომბინირებულია ოპერაცია, მით მეტი პოსტოპერაციული გართულებების მიღება შეიძლება. ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველ ოპერაციად ითვლება სარქვლოვანი, შუნტირება, აღმავალი აორტის დისექცია, სწორედ ამიტომ, ვთხოვთ ხოლმე პაციენტებს წნევის კონტროლს, რომ ეს არ მოხდეს. გართულებები შეიძლება მოხდეს ინტრაოპერაციულ, პოსტოპერაციულ ან შემდგომ პერიოდებში. პაციენტისთვის უფრო მნიშვნელოვანია შემდგომი პერიოდი, რადგან უფრო ხედავს გართულებას, უფრო ამახვილებს მასზე ყურადღებას, გართულება ამ პერიოდში უფრო ურტყამს პაციენტს ფიზიკურადაც და ემოციურადაც, რაც პაციენტის შემდგომი ცხოვრების ხარისხის შეზღუდვაშიც შეიძლება გამოიხატოს.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, რაც უფრო რთულია ოპერაცია, მით მეტი გართულება ახასიათებს მას, ამიტომ, როცა ოპერაციულ ჩარევას ვგეგმავთ, ვცდილობთ, მინიმალური აგრესიულობით ჩავერიოთ და ვცდილობთ, რომ არ მოხდეს ოპერაციის მოცულობის გაზრდა თუ არ არის ამის აუცილებლობა. რაც უფრო სწრაფად და მოკლედ ხდება ოპერაცია, მით ნაკლებია გართულება. ნაკლებია გართულებების სიხშირე, როცა მაღალი ხარისხის, პროფესიონალური გუნდი მუშაობს.

ხშირად პაციენტებს არ აქვთ გათავისებული, რამდენად მნიშვნელოვანია პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი. რამდენი ტიპის ეტაპს მოიცავს რეაბილიტაციის პერიოდი და დამოკიდებულია თუ არა ის ჩატარებული ოპერაციის სირთულეზე?
საკმაოდ კარგი კითხვაა, პაციენტებს ზოგჯერ არ აქვთ გათავისებული ამ ეტაპის მნიშვნელობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კითხულობენ, რატომ უნდა მიიღონ მედიკამენტები, მაშინ როცა ოპერაცია უკვე გაიკეთეს. ამის გათავისება კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ოპერაციით ვასწორებთ შედეგს და არა მიზეზს, მიზეზი მედიკამენტური მკურნალობით სწორდება. რეაბილიტაცია რამდენიმე ნაირია. არსებობს ადრეული რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს პალატაში პაციენტის ფეხზე სწრაფად წამოყენებას, პაციენტს მესამე დღეს უკვე ვაყენებთ ფეხზე. პაციენტი დადის, უკეთდება მასაჟი, ხდება სუნთქვითი ვარჯიშები, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს კლინიკაში არის ფსიქოლოგიური მონიტორინგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარდიოქირურგიულ ოპერაციებს ახასიათებს დეპრესიული მომენტები. დეპრესია შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პაციენტი ხედავს საკმაოდ დიდი ზომის ჭრილობას, აქვს ტკივილები და აქვს სხვადასხვა შეზღუდვები, რადგან ვაფრთხილებთ, რომ არ გაინძრეს, არ გადაბრუნდეს, გულაღმა არ დაიძინოს, თუმცა იმასაც ვეუბნებით, რომ ეს დაახლოებით 4-6 კვირაში გაივლის. პაციენტს ტკივილი უფრო უმცირდება წამოჯდომისას, მაგრამ აქვს გარკვეული დისკომფორტი და ეს ძალიან მოქმედებს ფსიქოლოგიურად.

 

ჩვენ გვყავს ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც ოპერაციამდე აკვირდებიან პაციენტებს, ხდება მათი მონიტორინგი და შეფასება. ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ ოპერაცია, იმიტომ კი არ კეთდება, რომ ის „ნახევარ ადამიანია“ არამედ იმიტომ, რომ ის სრულფასოვნად დაუბრუნდეს ცხოვრების რიტმს და არა რაღაც შეზღუდვებით. ფსიქოემოციური რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი გახლავთ ის, რომ პაციენტი უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ჩაერთოს ჩვეულებრივ ცხოვრებაში. სტანდარტული კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ, დაახლოებით, 6-8 კვირის მერე, ჩვენი მხრიდან ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვები, გვერდზე წოლა, გადაბრუნება, სიმძიმის აწევა და ა.შ. უკვე მოხსნილია. რაც უფრო მეტს დადის პაციენტი, მით ნაკლები გართულებები აქვს მას. აღნიშნულ ოპერაციას ახასიათებს პლევრაში სითხის ჩადგომა, რაც თითქმის პაციენტების 90 %-ს აქვს, მაგრამ რაც უფრო მეტს ვარჯიშობს პაციენტი, რაც უფრო მეტს დადის და რაც უფრო მეტ სუნთქვით ვარჯიშს აკეთებს, გართულება ნაკლებია და უფრო სწრაფად ხდება რეაბილიტაცია. კუჭში შეკრულობა, რომელიც ითვლება, რომ ვითომ არაფერია და დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, 3-4 ჯერ ზრდის ინფექციური გართულებების რისკს პოსტოპერაციულ პერიოდში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასაკი და ფსიქოემოციური სტატუსიც, ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.

 

მნიშვნელოვანია, პაციენტს აგრძნობინო, რომ ის მარტო არ არის ამ ბრძოლაში, უნდა წაიყვანო ისეთი გზით, რომ ნაკლები გართულება და ნაკლები ფსიქოემოციური სტრესი მიიღოს მან.

 

გართულებებზე რომ ვისაუბროთ, აღნიშნეთ, რომ პლევრის ღრუში სითხე ერთ–ერთი მთავარი, ხშირი გართულებაა. აღნიშნული პრობლემა მიეკუთვნება სიცოცხლისთვის საშიშ გართულებას?
არსებობს გართულება, რომლებიც საშიშია სიცოცხლისთვის, არსებობს გართულება, რომელიც მოქმედებს სიცოცხლის ხარისხზე და ასევე არსებობს გართულება, რომელსაც ნაკლები მოქმედება აქვს. აღნიშნული პრობლემა ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც არ მოქმედებს. თანმხლები პროცესია და ამიტომ აღიქმება გართულებად.

 

ჰოსპიტალიზაციას თუ ახანგრძლივებს ეს პრობლემა?
არ ახანგრძლივებს, უბრალოდ იქ ხდება გარკვეული მანიპულაციები, პლევრიდან სითხის ამოღება და ამ პროცესმა შეიძლება მოგვცეს უფრო მეტი გართულება, რადგან რაც უფრო აგრესიულად ერევი, მით მეტი გართულება შეიძლება მიიღო.

 

გართულებების მხრივ ვინ მიეკუთვნება რისკ–ჯგუფს?
რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან დიაბეტიკები, ჭარბი წონის მქონე ადამიანები, ადამიანები, რომელთაც აქვთ სხვა თანმხვედრი დაავადებები (ინსულტი, თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის დაავადება და ა.შ.). ჩამოთვლილი პრობლემები გარკვეულწილად ზრდის გართულებების პროცენტულობას და რა თქმა უნდა, ახანგრძლივებს რეაბილიტაციას. საქართველოში ყველაზე პრობლემატურია ჭარბი წონა. ჭარბმა წონამ შეიძლება მოგვცეს ისეთი ცუდი გართულება, როგორიცაა არასტაბილური გულმკერდი, ამ დროს, ოპერაციისას გახსნილი გულ-მკერდის ძვალი, გაკერვის შემდეგ შეიძლება არ შეხორცდეს ან დაიშალოს. დამტვრევა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ გართულებად აღიქმება კარდიოქირურგიაში და ის მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს როგორც რეაბილიტაციას, ისე პაციენტის კლინიკაში ყოფნას და თუ მას თან დაერთო ინფექცია, შეიძლება ამან პაციენტის დაკარგვამდეც მიგვიყვანოს, ამიტომ ჭარბწონიან და დიაბეტიან პაციენტებთან განსაკუთრებული, კიდევ უფრო მეტი ყურადღებით ვართ.

 

თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან ხშირად წარმატებულად ჩატარებული რთული კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ, პაციენტი რჩება მედიკამენტურ მკურნალობაზე, რადგან მას აქვს იმ ტიპის პათოლოგია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკვირვებას და მკურნალობას მოითხოვს. ყველა პაციენტის შემთხვევაში ასეთი თანმიმდევრული განვითარება გვაქვს თუ არიან პაციენტები, რომლებიც ოპერაციის შემდეგ აღარ საჭიროებენ მედიკამენტურ მკურნალობას?
იშვიათად ასეთი შემთხვევებიც არის, მაგალითად, კეთილთვისებიანი სიმსივნეების და  გარკვეული წარმონაქმნების შემთხვევაში, თუ პაციენტს სხვა დაავადებაც არ აქვს, როგორც წესი, დამატებითი მკურნალობა საჭირო არ არის. 99%-ში კორონარული არტერიების დაავადების, იგივე სარქვლოვანი პათოლოგიის გამომწვევი მიზეზებია: რევმატიზმი, ჭარბი გლუკოზის შემცველობა სისხლში, ქოლესტერინის ცვლის დარღვევა, სიგარეტის მოწევა, მაღალი წნევა და ეს ყველაფერი მოითხოვს მედიკამენტურ მკურნალობას, რადგან ოპერაციით მხოლოდ შედეგი სწორდება და არა დაავადების გამომწვევი მიზეზი. მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრების წესი, მეტი ფიზიკური დატვირთვა, ნაკლები ცხიმიანი საკვები და ა.შ. პაციენტმა აუცილებლად უნდა ნახოს ექიმი გარკვეული პერიოდის ინტერვალებით. ოპერაციის მერე, პაციენტს ვთხოვთ, რომ იყოს მუდმივ კონტაქტში თავის მკურნალ კარდიოლოგთან. აღსანიშნავია, რომ განმეორებითი ოპერაცია გაცილებით უფრო მაღალი რისკია, ვიდრე პირველადი.

 

პოსტოპერაციულ პერიოდში ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა იმ ტიპის რეკომენდაციაა, რომელიც ყველა კარდიოქირურგიულ პაციენტს ეხება და ყველასთვის გასათვალისწინებელია?
90%-ში ჩვენ არ ვკრძალავთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, ეს დამოკიდებულია უკვე გულის ფუნქციის ხარისხზე. თუ ადამიანს, რომელსაც გაუკეთდა შუნტირება, კარგი ჯანმრთელობა აქვს და სხვა მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს, პირიქით ვეუბნებით, რომ იცუროს, რადგან ცურვა საკმაოდ უწყობს ხელს პროცესის კარგად განვითარებას და საკმაოდ კარგად მიჰყავს ის. ფიზიკური აქტივობა, სიარული, ზოგადად აქტიური ცხოვრების წესი ერთ-ერთი პირველია, რასაც ვურჩევთ ხოლმე პაციენტებს, რადგან ეს ხელს უშლის ჭარბი მასის დაგროვებას და გარდა ამისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა გარკვეული ასაკის მერე. 45 წლის ზევით პაციენტებს ვეუბნებით, რომ არ ირბინონ, რადგან სირბილი მათთვის რეკომენდებული არ არის, ასევე არ უნდა გააკეთონ კარდიოვარჯიშები და არ უნდა ასწიონ მძიმე წონა, საკმარისია უბრალოდ ფეხით სიარული და ნორმალური ფიზიკური აქტივობა, მისასალმებელია ცურვაც.

 

ჩვენს მსმენელს აინტერესებს, რატომ შეიძლება აღმოაჩნდეს გულის რომელიმე დაავადება ადამიანს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, მაშინ, როცა მავნე ჩვევების მქონე ადამიანს შეიძლება არანაირი პრობლემა არ შეექმნას ამ მხრივ?
ეს რამდენიმე ფაქტორისგან შედგება და ნამდვილად შეიძლება ადამიანს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, არ მოიხმარს თამბაქოს, არ მოიხმარს ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს, არ ეტანება ცხიმიან საკვებს, ვარჯიშობს და ა.შ. აღმოაჩნდეს გულის დაავადება. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული გენეტიკურ ფაქტორებზე, თუმცა ადამიანს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს ეს შეიძლება გამოუვლინდეს 50-60 წლის ასაკში, მაშინ, როცა ცხოვრების საპირისპირო სტილის შემთხვევაში შეიძლებოდა 20-25 წლის ასაკში გამომჟღავნებულიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანებთან, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვებიან დაავადება გაცილებით მარტივად მიმდინარეობს და ნაკლებ ჩარევას საჭიროებს, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საერთოდაც არ გახდეს კარდიოქირურგიული ჩარევა საჭირო და შემოვიფარგლოთ ენდოვასკულარულით. შესაბამისად, უმჯობესია ჯანსაღი ცხოვრების წესს მივყვეთ.

 

არის თუ არა ისეთი რამ, რასაც ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდში, კარდინალურად უნდა მოერიდოს პაციენტი და რაც მას შეიძლება საერთოდ აეკრძალოს?
რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ თამბაქოს და იმ მავნე ჩვევებს, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ.
ფიზიკური აქტივობის მხრივ არაფერი, ერთადერთი ვუკრძალავთ სიმძიმეების აწევას პირველი 6 კვირის განმავლობაში. პაციენტს 4 კვირა უნდა ეძინოს გულაღმა და ვთხოვთ, რომ 8 კვირა არ დაჯდეს საჭესთან. ერთადერთი მექანიკურ სარქვლიან პაციენტებს, რომლებიც მთელი ცხოვრება იღებენ სისხლის გამათხელებელს, ეკრძალებათ ტრავმული საქმიანობა და ისეთი აქტივობები, სადაც მჭიდრო კონტაქტია, მაგალითად, რაგბის თამაში, ანუ მათ ეკრძალებათ ის აქტივობები სადაც შეიძლება მიიღონ ტრავმა და სადაც შეიძლება იყოს პოტენციური სისხლდენა. პაციენტებს სხვა მხრივ არანაირი აკრძალვა არ აქვთ, პირიქით, ვთხოვთ, რომ იყვნენ აქტიურები.

 

ანუ თქვენი მაქსიმალური ამოცანაა, რომ პაციენტი ისე ცხოვრობდეს, როგორც ცხოვრობს ნებისმიერი გულის პრობლემების არმქონე ადამიანი?
დიახ, რა თქმა უნდა. ოპერაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი პაციენტი დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რიტმს და აკეთოს ის, რასაც  ოპერაციამდე აკეთებდა.

 

თუმცა არის ისეთი ოპერაციებიც, რომელიც პაციენტის გადარჩენას ემსახურება ..
რა თქმა უნდა, არის ისეთი ოპერაციებიც, რომელიც სასიცოცხლოა და პაციენტის გადარჩენას ემსახურება. ოპერაციის წუთებში ექიმის მთავარი ამოცანაა, პაციენტს სიცოცხლე შეუნარჩუნოს, თუმცა მაშინაც კი იმაზე ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანს სამომავლოდ ნორმალური ცხოვრების რიტმი უნდა ჰქონდეს.

 

სტრესმა თუ შეიძლება ძალიან რადიკალურად შეგიცვალოთ სურათი, ოპერაციამდეც და ოპერაციის შემდგომაც?
რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შეიძლება, რადგან სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმს „ცვეთაზე“ამუშავებს, ორგანიზმი გარკვეულ პიკურ მაჩვენებლებამდე მიჰყავს, ამიტომ სტრესი არ არის კარგი. სტრესი ოპერაციამდე მნიშვნელოვნად სწრაფად ახდენს დაავადების პროგრესირებას, ოპერაციის შემდეგ კი ძალიან გვიგრძელებს და გვიძნელებს რეაბილიტაციის ისედაც არა ხანმოკლე პერიოდს. ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტის ახლობლებისთვის მისი შვილის ან შვილიშვილის მოყვანა გვითხოვია, რადგან ისინი მათ სტიმულს აძლევენ. სტრესი ცუდია ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით გულისთვის.

 

რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე მიდგომები, კარდიოქირურგიულ ოპერაციებთან და პოსტოპერაციულ პერიოდთან მიმართებაში. რა ტიპის შვებას აძლევს ეს პაციენტს და რა ტიპის კომფორტს უქმნის?
თანამედროვე მინი ინვაზიური მიდგომები კარდიოქირურგიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ტექნიკურ პროგრესთან ერთად დაიწყო იმ გზების შემუშავებაც, რომლის მეშვეობითაც ნაკლები აგრესიული ჩარევა მოხდებოდა. მინი ინვაზიური მეთოდი კარდინალურად ატრიალებს რეაბილიტაციის სურათს, რეაბილიტაციის პრობლემა ფაქტობრივად აღარ გვაქვს. მინი ინვაზიური მეთოდის გამოყენებისას, გულმკერდის ნეკნთაშუა არეში მარჯვენა ან მარცხენა მხარეს არის დაახლოებით 5 სმ ზომის განაკვეთი, რომლითაც იზოლირებულად ხდება სარქვლის გამოცვლა ან შუნტირება. განაკვეთის მდებარეობა განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რა ოპერაცია ტარდება. პაციენტის სახლში გაწერა 4-5 დღეში უკვე შესაძლებელია. პაციენტი ოპერაციის მეორე დღესვე გადადის რეანიმაციიდან პალატაში და იწყებს სიარულს. მოხსნილია ისეთი შეზღუდვებიც, როგორიცაა: გადაბრუნება, სიმძიმის აწევა, საჭესთან დაჯდომა. ჭარბი წონა და დიაბეტიც ფაქტობრივად აღარ არის ხელის შემშლელი. პაციენტს თითქმის არ სჭირდება ფსიქო-ემოციური რეაბილიტაცია. არ არის ჭრილობით გამოწვეული დეპრესიაც, რადგან ეს პროცესი კოსმეტიკური მეთოდით ხდება და ჭრილობა თითქმის არ ჩანს, განსაკუთრებით ქალბატონებში, რადგან მკერდს ქვევით არის ეს ჭრილობა. როგორც წესი, რამდენიმე წლის მერე საერთოდ ქრება ნაწიბური. ეს მეთოდი ძალიან დიდი შეღავათია როგორც კლინიკისთვის, ისე პაციენტებისთვის. ამ დროს პაციენტის უსაფრთხოებაც მეტია, უსაფრთხოა მკურნალობა, უფრო სწრაფად ხდება რეაბილიტაცია და გაცილებით ნაკლებია გართულებების რისკი. პაციენტი უფრო სწრაფად მიდის სახლში და უფრო ადვილად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ყველაფერი ორიენტირებულია პაციენტის უსაფრთხოებაზე, რადგან პაციენტი მოდის შენთან, რომ იყოს უსაფრთხოდ, რომ კარგად უმკურნალო და ჯანმრთელი გაუშვა.

 

რა სიხშირით არის საჭირო სხვადასხვა ტიპის კვლევების ჩატარება იმ პაციენტებისთვის, ვინც უკვე გაიკეთა ოპერაცია და გადალახა პოსტოპერაციული პერიოდი?
მათ დიდი კვლევები არ სჭირდებათ. კარდიოქირურგი და პაციენტის მკურნალი კარდიოლოგი მუდმივ კომუნიკაციაში არიან. ჩვენ ვეკონტაქტებით კარდიოლოგს ოპერაციის მერე, გაწერის წინ, ვატყობინებთ ყველაფერს, აბსოლუტურად საქმის კურსშია. გაწერის დროს პაციენტს ეძლევა დეტალური ამონაწერი იმის, თუ რა ოპერაცია გაკეთდა, რა გართულებები იყო, რით ვუმკურნალეთ და ა.შ. როგორც წესი, დასაწყისში მედიკამენტების დიდი ჩამონათვალია, რომელიც დრამატულად მცირდება უახლოესი 1-2 თვის განმავლობაში, შეიძლება 10 წამლიდან მხოლოდ 1-2 დარჩეს. ზუსტად ეს კარდიოლოგთან კომუნიკაცია გვეხმარება იმაში, რომ გაციელებით ნაკლები გამოკვლევები გაიკეთოს პაციენტმა. პაციენტი გაწერიდან სადღაც ერთ კვირაში მოდის ჩვენთან, ჩვენ მას ვნახულობთ, ვაფასებთ და ვეუბნებით, რომ ერთ თვეში მიმართოს თავის კარდიოლოგს. შემდეგ უკვე კარდიოლოგის და ჩვენი კომუნიკაციით წყდება შემდგომი მკურნალობა.

 

აღნიშნეთ, რომ ჭარბი წონა და დიაბეტი და ა.შ. ერთ–ერთი მთავარი რისკფაქტორია. პაციენტის ასაკი და სქესი რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია?
გაგეცინებათ, მაგრამ როცა კლინიკური რისკის შეფასებას ვაკეთებთ, ქალბატონებს 1%-ით მეტი რისკი ეწერებათ, თუმცა რეაბილიტაცია ქალბატონებში უფრო სწრაფია. ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ პაციენტი 80 წელს არის გადაშორებული, არის ლოგინად ჩავარდნილი, ვერ ორიენტირებს დროსა და სივრცეში, მაშინ ასეთ ადამიანთან ოპერაციის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან ამ დროს შეიძლება სხვა რამე გართულდეს, ასევე ვერ მოხდება მისი სწრაფი რეაბილიტაცია. ოპერაცია უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ პაციენტს დავეხმაროთ და არა იმიტომ, რომ ექიმმა გარკვეული ფინანსური სარგებელი ნახოს. რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, მით უფრო სწრაფად გადის რეაბილიტაციას.

 

სამწუხაროა, რომ ახალგაზრდობიდანვე იჩენს ხოლმე თავს გულის პრობლემები.
ზუსტად არასწორი ცხოვრების რიტმი აჩენს ახალგაზრდებში გულთან დაკავშირებულ დაავადებებს.

წყარო: ttps://fortuna.ge