Plasmon
თავიდან აიცილეთ ძუძუს კიბო

თარიღი: 16 ნოემბერი, 2020

ფაქტია, რომ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები იმდენად სწრაფად იხვეწება, ექიმებმა ლამის ყველა დაავადება ერთბაშად განკურნონ. მაშ, რა ხდება, რატომ იზრდება წლიდან წლამდე ავთვისებიან სიმსივნეთა რიცხვი? რატომ იტანჯება მილიონობით ადამიანი უკურნებელი სენისგან? ამ ავადსახსენებელ სენს მედიცინა ჯერ კიდევ ვერაფერს უხერხებს, თუმცა ექსპერტებმა გამოსავალი იპოვეს: მათი თქმით, კიბოსგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა პროფილაქტიკაა.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს პრევენციას ქალებში ყველაზე მეტად გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნის – ძუძუს კიბოს – თავიდან ასაცილებლად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სკრინინგში მონაწილეთაგან სარძევე ჯირკვლის კიბოთი 35%-ით ნაკლები ქალი გარდაიცვალა.

ძუძუს კიბოს პროფილაქტიკის მნიშვნელობაზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ცენტრალური ფილიალის გინეკოლოგი ლელა თანდაშვილი

 

• ქალბატონო ლელა, რამდენად გახშირდა კიბოთი ავადობა? 

– მსოფლიოში სიკვდილის ათ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს შორის კიბოს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2004 წელს  ავთვისებიანი სიმსივნით 7.4 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ასე თუ გაგრძელდა, 2015 წლისთვის კიბო 83 მილიონზე მეტ ადამიანს შეიწირავს.

• კონკრეტულად ძუძუს კიბოზე რას გვეტყოდით? იმატა თუ არა ამ დაავადების შემთხვევებმა? 

– ქალის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის გავრცელების მიხედვით პირველი ადგილი ძუძუს კიბოს უჭირავს. ახალგაზრდა ქალების სიკვდილიანობის შემთხვევათა 16% სწორედ მის წილად მოდის.

2005 წლის მონაცემებით, წლის მიწურულს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით აღრიცხვაზე  29241 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 54,1% ქალი. აქედან ლოკალიზაციის მიხედვით ავთვისებიან სიმსივნეთა ახალი შემთხვევების სტრუქტურაში 34,9%-ს – სარძევე ჯირკვლის, ხოლო  26,2%-ს სასქესო ორგანოთა სიმსივნეები შეადგენს. სამწუხაროდ, დიდია დაავადების უკვე დაგვიანებულ, IV სტადიაში გამოვლენილ შემთხვევათა რიცხვი.

განვითარებულ ქვეყნებში ამ პრობლემას საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა. ამის წყალობით ძუძუს კიბოს შემთხვევები წლიდან წლამდე მცირდება. საქართველოში კი ეს პრობლემა ჯერჯერობით საკმაოდ აქტუალურია. სასიხარულოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით 2008 წელს ამოქმედდა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა, რომლის ფარგლებში განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფის ქალებს უფასოდ ჩაუტარდებათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. საზღვარგარეთ ანალოგიური პროგრამის წყალობით ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოთი ავადობის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა. ვიმედოვნებთ, ჩვენშიც ასე მოხდება. 

• ცნობილია, რომ ძუძუს კიბოთი ავადობის შესამცირებლად ყველაზე მარტივი გზა თვითგასინჯვაა. რას გვეტყოდით ამის შესახებ? 

– გეთანხმებით. ძუძუს სიმსივნური პათოლოგია დროულად რომ აღმოაჩინოთ, ასე მოიქეცით: 

. ყოველთვიურად აწარმოეთ ძუძუს თვითგასინჯვა მენსტრუაციული ციკლის დამთავრებიდან მე-7-10 დღეს, მენოპაუზის შემთხვევაში – ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში 

. პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით რეგულარულად ეწვიეთ მამოლოგს: 18-35 წლის ასაკში – სამ წელიწადში ერთხელ,  35 წლის შემდეგ კი ყოველწლიურად.

. რეგულარულად ჩაიტარეთ ინსტრუმენტული გამოკვლევები. 35 წლამდე  ექოსკოპიური კვლევაა რეკომენდებული, 35 წლის შემდეგ – მამოგრაფიული.

. თუ თვითგასინჯვით ძუძუში პათოლოგიური ცვლილება აღმოაჩინეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ მამოლოგს.

. ერიდეთ რისკის ფაქტორებს, რომლებიც ძუძუს კიბოს განვითარებას უწყობს ხელს

. ყურადღებით მოეკიდეთ ძუძუში პათოლოგიური პროცესების განვითარების სასიგნალო ნიშნებს: ძუძუს ტკივილსა და გაზრდას მენსტრუაციის წინა პერიოდში, გამონადენს (განსაკუთრებით –  სისხლიანს) დვრილიდან, ძუძუს დეფორმაციას და სხვა.

თვითგასინჯვა კი ამგვარად აწარმოეთ:

სარკის წინ

. ხელები ჩამოუშვით.

. შემოირტყით დოინჯი, დაჭიმეთ ხელისა და  მკერდის კუნთები.

. ხელები გაშალეთ.

. ორივე ხელი კეფაზე შემოიჭდეთ.

თითოეულ პოზაში ყურადღებით დაითვალიერეთ მკერდი, დააკვირდით, ხომ არ აღინიშნება სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია, ძუძუს ფორმის,  ზომის, კანის სტრუქტურის ან დვრილის ცვლილება (მაგალითად, ჩაბრუნება). ბოლოს 90-ით დაიხარეთ და კიდევ ერთხელ გულდასმით დაითვალიერეთ ორივე ძუძუ.

შხაპის მიღების დროს:

. დაიდეთ მარცხენა ხელი კეფაზე. მარჯვენა ხელის გასაპნული სამი თითით (საჩვენებელი თითის, შუა თითის და არათითის) წრიული მოძრაობებით გაისინჯეთ მარცხენა ძუძუ პერიფერიიდან დვრილისკენ. თანდათან უფრო ძლიერად დააჭირეთ თითები, რათა ღრმად მდებარე წარმონაქმნები შეუმჩნეველი არ დაგრჩეთ.

იგივე გაიმეორეთ მეორე ძუძუზე.

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში:

დაწექით ზურგზე, ბეჭების ქვეშ მჭიდროდ დახვეული პირსახოცი ამოიდეთ. მარცხენა ხელი თავქვეშ დაიდეთ, ხოლო მარჯვენა ხელის თითების წრიული მოძრაობით მარცხენა ძუძუ გაისინჯეთ პერიფერიიდან დვრილისკენ. თითების მსუბუქი ზეწოლით გაისინჯეთ ზერელე ქსოვილები, ძლიერი ზეწოლით კი – ღრმად მდებარე.

გულდასმით დაითვალიერეთ ძუძუსა და იღლიას შორის არსებული მიდამო და იღლიის ფოსო. 

• კიდევ ერთი პრობლემა, რომელთან გამკლავებასაც თქვენ მიერ ნახსენები უფასო პროგრამა ისახავს მიზნად, საშვილოსნოს ყელის კიბოა. რამდენად არის გავრცელებული ეს პათოლოგია?

– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს ქალის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის გავრცელებით მეორე ადგილი უჭირავს. ამერიკის კიბოს ასოციაციის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოთი ყოველწლიურად 500 000-მდე ქალი იღუპება, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი რიცხვია.

როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოში ქალის სასქესო ორგანოთა ავთვისებიან სიმსივნეებს მეორე ადგილი უჭირავს და კიბოთი საერთო ავადობის 26,2%-ს შეადგენს. აქედან 14.5% საშვილოსნოს ყელის კიბოზე მოდის.

• რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტაროს ქალმა გამოკვლევა, რათა პათოლოგიური პროცესი არ გამოეპაროს?

– პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გასინჯვა წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული, ვინაიდან საშვილოსნოს ყელის ფონური და კიბოსწინარე დაავადებების მქონე პაციენტები ძირითადად არაფერს უჩივიან. დისკომფორტს ქალი მაშინ შეიგრძნობს, თუ ამ დაავადებებს სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესი დაერთო. სწორედ ამ უკანასკნელის გამო მოგვმართავენ ყველაზე ხშირად.

პროფილაქტიკური გასინჯვები განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც რისკის ჯგუფში შედიან. რისკის ფაქტორებს წარმოადგენს: 

. ნაადრევი (12 წლამდე) მენარქე;

. ნაადრევი სქესობრივი მომწიფება;

. სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი (18 წლამდე) დაწყება;

. მშობიარობა 20 წლამდე ასაკში და 40 წლის შემდეგ;

. ნაადრევი (45 წლამდე) მენოპაუზა;

. ანამნეზში რამდენიმე აბორტი;

. სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა;

. პაპილომავირუსი;

. თამბაქოს წევა;

. დამძიმებული გენეტიკა (საშვილოსნოს ყელის კიბო სისხლით ნათესავებში);

. იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.

 

• საჭიროა თუ არა მოსახლეობის განათლება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით?

–  საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილი ტრაგედიაა, რადგანაც ის იმ იშვიათ კიბოთაგანია, რომელთა განვითარებაც შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ. ყოველმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ თუ დროულად მიმართა ექიმს, საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აიცილებს. კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს.