Plasmon
თუ ბავშვი პირით სუნთქავს – რა უნდა ვიცოდეთ ადენოიდებზე

თარიღი: 23 დეკემბერი, 2022

ადენოიდები, ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილი, გლანდებთან ერთად ლიმფური სისტემის ნაწილია, რომელსაც ბარიერული ფუნქცია აკისრია, ანუ სუნთქვისა და ყლაპვის დროს ორგანიზმში შეჭრილი ბაქტერიებისა და ვირუსების ერთგვარ ხაფანგს წარმოადგენს. თუმცა ადენოიდები შესაძლოა თავად გახდნენ ინფექციის წყარო და იმდენად მოიმატონ ზომაში, რომ შეაფერხონ სუნთქვის პროცესი, რაც თავის მხრივ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა გართულებებს იწვევს.

 

ბავშვის ორგანიზმი ზრდასთან ერთად მიკრობებთან ბრძოლის სხვა მექანიზმებს გამოიმუშავებს, ადენოიდები კი, დაახლოებით 13 წლის ასაკიდან, ნელ-ნელა მოცულობაში შემცირებას იწყებს და თანდათანობით შემაერთებელი ქსოვილით ნაცვლდება.

 

როდის არის ადენოიდები საშიში და რატომ – ამ თემაზე ოტორინოლარინგოლოგი ბეხრი დიასამიძე საუბრობს.

 

ბატონო ბეხრი, რა დროს არის ადენოიდები საშიში?
ადენოიდები 13 წლიდან ნელ-ნელა პატარავდება ზომაში და ზრდასრულობისას საერთოდ ქრება, თუმცა ის ყველა ბავშვს არ აწუხებს.

 

ადენოიდები ისეთ ადგილასაა ცხვირ-ხახაში, რომ შესაძლოა გადიდებისას ბავშვს სუნთქვაში ხელი შეუშალოს. ის აწვება ევსტაქის მილს, რომლის გამოც შუა ყურსა და ცხვირს შორის აერაცია აღარ არის, ხდება სითხის დაგროვება შუა ყურში და აქედან იწყება სმენის პრობლემები. ეს ასევე აფუჭებს ბავშვის თანკბილვას. შესაძლოა, მუდმივად პირით სუნთქვის გამო ფორმა შეიცვალოს პირის ღრუმ და ზედა ყბა გამოიწიოს წინ, რის გამოც ბავშვს უკვე სჭირდება ორთოდონტთან მკურნალობაც.

 

სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა ეს იწვევს ისეთ დაავადებებს როგორიცაა: ყურის ანთება, ექსუდატიური ოტიტები და სხვა დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია სმენის დაქვეითებასთან. შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები, ბრონქიტები, რაც ჩვენს რეგიონში ძალიან ხშირია.

 

ხანდახან ასთმურ მოვლენებთანაც შესაძლოა ჰქონდეს კავშირი, როცა ადენოიდები დიდი ხნის განმავლობაში უშლიან ბავშვს სუნთქვაში ხელს.

 

როგორ ამოვიცნოთ?
პირველი და მთავარი ნიშანი არის პირით სუნთქვა, დააკვირდით ბავშვს, თუ იგი უმეტესად სუნთქავს პირით, დღისითაც და ღამითაც, საჭიროა დროულად მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.

 

სუნთქვის გაძნელების მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმის შედეგად გამრუდებული ძგიდე, ალერგიული სურდოები, რაც ჩვენს რეგიონში ასევე ძალიან ხშირია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაკვირვება და დროულად კონსულტაცია ექიმთან.

 

გადიდებული ადენოიდების სხვა სიმპტომები Mayoclinic-ის მიხედვით:

• ხვრინვა და ობსტრუქციული ძილის აპნოე (ძილის დროს სუნთქვის შეჩერება 10 წამზე მეტი ხნით);

• ხმაურიანი სუნთქვა;

• ხშირი ან ქრონიკული ყურის ინფექციები;

• ხშირი ან ქრონიკული სინუსური ინფექციები;

• ცუდი სუნი პირის ღრუდან. 

მკურნალობა როგორია?
ექიმთან გამოკვლევისას ხდება ადენოიდების ხარისხის დადგენა. თუ მათი ზომა ისეთია, რომ მთლიანად ფარავს ცხვირ-ხახას და საქმე გვაქვს მძიმე გართულებებთან, ასეთ შემთხვევაში ლოდინს აზრი არ აქვს, გასაკეთებელია ადენოიდექტომია, ადენოიდების ქირურგიული ამოკვეთა, თან რაც უფრო მალე – მით უკეთესი, რადგან ეს ბავშვისთვის დიდი შვებაა.

 

თუმცა ოპერაციული ჩარევა ყოველთვის არ არის საჭირო და მაგალითად, პირველი ხარისხის გადიდების დროს საკმარისია კონსერვატიული მკურნალობა.

 

ბავშვი რომ დღისითაც და ღამითაც პირით სუნთქავს, იზრდება რისკი გაციების, შუა ყურის ანთებების და ზედა სასუნთქი გზების ინფექციების, ამიტომაც ასეთი ბავშვებინ ხშირად ავადობენ.

 

ოპერაციები დღეს უკვე ნარკოზით კეთდება, უწინ არ იყო ამის საშუალება. ბავშვი ვერაფერს გრძნობს პროცედურისას, იღვიძებს და ორ საათში მშობელს მიჰყავს სახლში.

 

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ეს ეხება მხოლოდ ადენოიდებს და არ ეხება გლანდების ოპერაციას, რადგან გლანდებისგან განსხვავებით ადენოიდები ერთგვარად რუდიმენტია ანუ ორგანო, რომელსაც ორგანიზმის ისტორიული განვითარების პროცესში დაკარგული აქვს პირვანდელი მნიშვნელობა.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge